ლოთობის თეორიის ეკონომიკური ასპექტები და ახალი გზა კრიზისის დასაძლევად

თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია

ძალიან მიყვარს სექტემბერი. პირველ რიგში, ალბათ იმიტომ, რომ ბევრი ჩემთვის საყვარელი ადამიანი, საკუთარი თავის ჩათვლით, ამ დროს დაიბადა, მერე იმიტომაც, რომ საოცრად ლამაზი დროა საქართველოში, ფერადი, უხვი, დახუნძლული და ბარაქიანი.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის – სექტემბერი თარსია. შარშან, სერიოზული ეკონომიკური კატასტროფა ისევ სექტემბერში მოხდა – 15 სექტემბერს ამერიკის უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი, Lehman Brothers -ი, რომელიც გლობალური ფასიანი ქაღალდების ინჟინერინგის ბატონობას ასახიერებდა, გაკოტრდა. ეს სრულიად ლოგიკური იყო – კრიზისში მთავარი დამნაშავე სცენიდან გავიდა. მაგრამ ერთი წლის წინ დაწყებული ისტერია არ გამართლდა – კაპიტალიზმი არ გარდაიცვალა! დიახ, მშპ-ის კლებამ აშშ-ში 4% შეადგინა, ინგლისში – 5%, გერმანიასა და იაპონიაში 6% და 8%, რუსეთში – 10.1 (მხოლოდ საქართველო გადაურჩა ასეთ ვარდნას. ჩვენთან ოფიციალური ინფორმაციით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეკონომიკის ზრდა 6%-ია, ასეთია სამამულო სტატისტიკის დაუჯერებელი რელობა)2, მაგრამ, ძირითადად, მსოფლიო საფინანსო და ბიზნეს-რუკაზე თამაშის წესები ჯერ დიდად არ შეცვლილა – ამერიკა ისევ ბატონობს, დოლარი კი, ისევ შემოსავლისა და მუდმივი კამათის ობიექტია. მაგრამ არც თუ ისე მარტივადაა საქმე – განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური თეორიები და ცნებები შეიცვალა და ეკონომიკურ თეორიაში ყველაფერი აირია – ყველას დაავიწყდა License Fire-ის პრინციპი და ადამ სმიტის “უხილავი ხელი” ძირში გადატეხეს. ყველა რეგულირებასა და სახელმწიფო ჩარევაზე ალაპარაკდა, მიდგომაც შეცვალეს, კატეგორიებიც და ეკონომიკური ცნებებიც. ასე მაგალითად, ადრე თავისუფალი ეკონომიკური ზონა ერქვა უზარმაზარ ტერიტორიას, რომელიც გამიჯნული იყო ამა თუ იმ ქვეყნის დანარჩენი ეკონომიკური სივრციდან, როგორც დუბაისა თუ ჩინეთის სამ უმსხვილეს ზონაში, სადაც დუღდა ბიზნესი და ბიუროკრატია და გადასახადები მინიმუმამდე იყო დაყვანილი. ამჟამად, ქუთაისის მკვიდრებმა ახალი განმარტება შემოიღეს – თავისუფალი ეკონომიკური ზონა ეწოდება შემოფარგლულ, გადახურულ, მოასფალტებულ და სრულიად თავისუფალ ტერტორიას, სადაც არც აწარმოებ და არც ჰყიდი, ის, უბრალოდ თავისუფალია. აი, ახალი და ამომწურავი განმარტება და კაცმა რომ მკითხოს, საკმაოდ სწორიც! აბა რა! თუ ტერიტორიას თავისუფალს დაარქმევ, ის მართლა თავისფუალი უნდა იყოს!!! 21-ე საუკუნეში გამოსული ეკონომიკის ლექსიკონი ძალზე განსხვავებული იქნება და რაც საინტერესოა, მასში, ანუ დიამეტრალურად განსხვავებულ ცნებების განმარტებებში, ჩვენც, ქართველებიც მივიღებთ მონაწილებას. ყოველ შემთხვევაში, თავისუფალი ეკონომიკური ზონის განმარტების ახლებური ვარიანტი ჩვენია.
აი, მაგალითად, ამ ლექსიკონში რუსებს საოცარი სფერო ერგოთ – სახელმწიფო რეგულირება – სექტემბერში, მედვედევმა სპეციალური დოკუმენტით, მთავრობას დაავალა წლის ბოლომდე მოსახლეობის მიერ ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შეამციროს! რა ბატონო? ეს როგორ? როგორ და ჭრელად – უნდა შეამციროს და მორჩა! ეს არის სახელმწიფო რეგულირება. თან, გრაფიკიც გაწერილია – 15 დეკემბერი, რომ მოსახლება სრულიად ფხიზლად შეხვდეს ახალ წელს. 1 დეკემბრამდე უნდა მოსპონ არალეგალური ალკოჰოლური სასმელების ბრუნვა, რომელიც ექსპერტების გათვლით, მთელი ბრუნვის 35%-ს შეადგენს და დააწესონ მინიმალური ფასები! (ოო… მერე ნახე შენ რევოლუცია რუსეთში). კაცურად მესმის მედვედევის – პუტინი მას არაფერში ახედებს და რაღაცით ხომ უნდა გაერთოს. ხოდა, მიადგა ლოთობას (ალბათ, ალკოჰოლს დიდი რვიანის სამიტის შემდეგ გადაემტერა). ან მეორეა, თვითონ ვერაფერს უშვება ამ პუტინს და იფიქრა, იქნებ არაყს რომ გავაძვირებ, ლოთების ბუნტმა მაინც გადააგდოსო. ასეა თუ ისე, დოკუმენტი გამოსცა და მთავრობას დაავალა, არც მეტი, არც ნაკლები, ხალხმა, რუსმა ხალხმა, რომლისათვისაც არაყი ცხოვრების წესია, ნაკლები დალიოს. კი დაავალა და მთავრობამ, ანუ პუტინმა იკითხოს, როგორ გააკეთებს ამას, პირს ამოუკერავს თუ დედას დააფიცებს?!
არადა, მტრისას გამოფხიზლებული რუსეთი!!! იქ ხომ არაყი ეკონომიკური კატეგორია და მენეჯმენტის განუყოფელი ნაწილია. ხოდა, თუ ასეა, რეგულირებას ექვმდებარება… ალბათ. ამ თეორიის მიხედვით, უნდა ველოდოთ, რომ ხვალ სხვა სახელმწიფოები სხვადასხვა სამომხმარებლო ელემენტების შემცირებას დაიწყებენ. ასე მაგალითად, გერმანიის მთავრობა ჩეხებთან ერთად იზრუნებს ლუდის მოხმარების შემცირებაზე, იტალიისა კი, მაკარონის, ყაზახეთში ამდენ ფლავს აღარ შეჭამენ და ჩინეთში ჩაის არ დალევენ. პრინციპში, მისაღებია! რატომაც არა, საქმეს და სამშობლოს თუ სჭირდება და შეიძლება კრიზისიდან გამოსვლის გარკვეული გზაც იყოს. წარმოიდგინეთ, რომ ქართველებმა შეამცირონ იმპორტის კალათის პირველი ათი საქონლის მოხმარება და ეს დაგროვებული თანხა შიდა ინვესტიციაზე გაუშვან, ეგრევე ავღორძინდებით. რა არის საიმპორტო კალათის პირველი ათეული? ბენზინი, გაზი, პური, შაქარი, მედიკამენტები, სიგარეტი, ხორცი, მანქანები… მოკლედ, ყველა პრობლემა გადაწყდებოდა – პურს არ შევჭამდით და დიეტის გარეშე გავხდებოდით (ხო, ხო, რას გაიხარებდა სიჭინავა და რას ჩაწვებოდა ქსენიკალი?!). ასევე, შაქარს არ გამოვიყენებდით და ჯანმრთელობას არ დავიზანებდით, ბენზინის მოხმარებას შევამცირებდით და გარემოს აღარ დავაბინძურებდით, სიგარეტს არ მოვწევდით და ფილტვებს გავუფრთხილდებოდით და ნაკლებ წამალს მივიღებდით და უფრო თავისუფალი ვიქნებოდით ქიმიისგან! მაგარია, ამ მილიარდობით თანხას შიდა ინვესტიციაში მივმართავდით.Aარა, მაინც რა არის ეკონომიკური თეორია?! დაიწერება ახალი დისერტაციები და სამეცნიერო ნაშრომები – “დიეტის როლი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში”, ან “ალკოჰოლი და ტრანზიტული ეკონომიკის პრობლემები”. ააა, რავარია? (მერე წავიკითხავდით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმებზე სამეცნიერო მოხსენებებს და ბევრი თუ არაფერი, ცნობას მაინც მოგვცემდნენ, რომ ჩვენი მოხსენება მსოფლიოში ყველაზე კარგი მოხსენებაა. რა, არ არსებობს ასეთი ცნობა? ვისთვის არა და ვისთვის ძალიან კარგადაც არსებობს, უნივერსიტეტში ამაზე ცალკე პროგრამას შევქმნიდით, სერიოზული საგანი იქნებოდა და კოკნკურსში მაინც გავიმარჯვებდით, რადგან ასეთი ინოვაციური კვლევა არავის ექნებოდა, აბა?!), ან “ნაკლები სიგარეტი და მეტი ინვესტიცია”, ჭიათურლები და ზესტაფონლები იტყვიან – “ნაკლები შავი ბოლი და მეტი შავი ქვა სამშობლოსო”. შეძლება პოპულარული გახდეს მონოგრაფიები თემაზე “ძირს წამალი, გაუმარჯოს ბალახს!” – ანუ, რეალური გზა ეკონომიკის ასაღორძინებლად.
თურმე, პირველი პრობლემები კვლევისათვის უკვე სახეზეა. აი, მაგალითად, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარების შესაზღუდად დაწერეს, რომ ის კლავს ადამიანს. ხოდა, ამ ცხოვრებისა და პრობლემების შემხედვარე აღარ უნდათ სიცოცხლე და უფრო გამეტებით მიეძალნენ სიგარეტსაც და ალკოჰოლსაც. მაგარი შემოქმედი ყოფილა ეს მედვედევი – რუსეთი უჰაეროდ უფრო ადვილი წარმოსადეგენია, ვიდრე არყის გარეშე! უძიროა ეკონომიკური თეორიის ძალა, იდიდოს შენმა გამჩენმა! ყველაფერს გაიგებ ქვეყნად კაცი, ყველაფერს მოესწრები. არა! უნდა შევიცვალო პროფესია, აღარ მინდა ეკონომისტობა. არაყი თუ ეკონომიკური კატეგორია გახდებოდა, ხოლო ლოთობა – ეკონომიკური თეორია, არ მეგონა. ხოდა, გავხდები იურისტი – იქ ადვილია ყველაფერი, არსებობს კარგი ფრაზა – “გააჩნია რა შემთხვევაში”.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial