თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ლიდერია

ნინო არველაძე

უნივერსიტეტს, საუკეთესოდ მომზადებული პირველკურსელების რაოდენობის მხრივ, ლიდერის პოზიცია უჭირავს. 23 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ ეკონომიკის ფაკულტეტზე მიმდინარე რეფორმებზე პრესკონფერენცია გამართა.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლების ხარისხის ამღლების მიზნით, მრავალი რეფორმა გატარდა. უმაღლესი განათლების ყველა დონეზე ახალი პროგრამები შემუშავდა, შეიქმნა ინგლისურენოვანი ე.წ ელიტური ჯგუფები, რომლის საშუალებითაც სტუდენტები სხვადასხვა უცხოენოვან პროგრამებს დაეუფლებიან. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მომავალში სწავლა საზღვარგარეთ, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ; განახლდა ინფრასტრუქტურა და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა აუდიტორიები. რეფორმები მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის შერჩევასაც ითვალისწინებს. ამ მიზნით, სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულია ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი, იოჰენ ციმერმანი. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კონკურსის შედეგად შერჩეული პროფესურა სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის ამაღლების გარანტია იქნება.
ეკონომიკური აქტივობის ზრდა საქართველოში და ახალი ინვესტიციების მოზიდვა, წარმატებული სახელმწიფოს გარანტიაა. ეკონომიკის სფეროსადმი სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი წელს უპრეცედენტოა. მაღალი დაინტერესების გამო, უნივერსიტეტებს დიდი მისია დაეკისრათ. მომავალი თაობის განათლებისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ითვალისწინებს სტუდენტების პრიორიტეტებს და მათ პერსპექტიულ მომავლზე ზრუნავს.
ეროვნული გამოცდების შედეგად, სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2009-2010 სასწავლო წელს უპრეცენდენტო რაოდენობის სრული დაფინანსების მქონე სტუდენტი ჩაირიცხა. 885 სტუდენტიდან აღნიშნულ ფაკულტეტზე სახელმწიფოს გრანტი 880-მა მოიპოვა, აქედან 100%-იანი დაფინანსება კი – 308 სტუდენტმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, თეიმურაზ ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ მოხარულია უნივერსიტეტის წარმატებით, “იგი კვლავ ცოდნის თეთრ ტაძრად რჩება, რაც წარმატებული რეფორმების დამსახურებაა”, გვიცხადებს საუბარში ბატონი თეიმურაზი.
უნივერსიტეტის ეკონომიკის ფა-კულტეტის სტუდენტობა გამოირჩევა სასკოლო მომზადების მაღალი ხარისხით.
უნივერსიტეტებში ჩარიცხული აბიტურიენტების მიხედვით, 2009 წლის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი;
2. ტექნიკური უნივერსიტეტი;
3. ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი;
4. სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი;
5. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი;
6. შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი;
7. სოხუმის უნივერსიტეტი;
8. სამედიცინო უნივერსიტეტი;
9. გორის უნივერსიტეტი;
10. იაკობ გოგებაშვილის უნივერსიტეტი.
პროფესორი თეიმურაზ ბაბუნაშვილი ათეულის შესახებ კომენტარის გაკეთებისას გვიხსნის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმატება, ძირითადად, ორი ფაქტორითაა განპირობებული – “კერძო უმაღლესმა სასწავლებლებმა ძალიან გააძვირეს სწავლის საფასური, იგივე უნდა ითქვას მათი სამაგისტრო პროგრამების გადასახადებზეც, რომელიც თითქმის კოლოსალურ თანხებს აღწევს, საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონე მათ ამ თანხების გაღების საშუალებას არ აძლევს, ხოლო სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური ნორმის ფარგლებს არ გასცდენია და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ შესაბამისი რეფორმების გატარების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს მიაღწიეს. ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ლიდერის პოზიციაზეა”. ბატონი თეიმურაზი კიდევ ერთ, მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას – საქართველოს ახალმა თაობებმა ფეხი შეუწყვეს თანამედროვე ტენდენციებს და გაითავისეს, რომ შესაბამისი ცოდნის მიღების გარეშე შეუძლებელია მათი დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა. “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ, ძალიან მიხარია, რომ მოდის ახალი, მონდომებული და ენერგიული თაობა, ისინი სრულად ესწრებიან ლექციებს და სერიოზულად მონდომებულნი არიან, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial