მსოფლიო ეკონომიკური რეცესიის “მონაპოვარს”” ითვლის

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

15 სექტემბერს ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც გლობალური კრიზისის დაწყება მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა ოფიციალურად აღიარეს. ამის მიზეზი 158-წლიანი ისტორიის მქონე ამერიკული საინვესტიციო ბანკ Lehman Brothers-ის გაკოტრება გახდა. რა სტატისტიკური მონაცემებით ხვდება მსოფლიო და საქართველო გლობალური ფინანსური კრიზისის წლისთავს?

4 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ნიუ იოკრში, უოლ სტრიტის საფინანსო ცენტრში სიტყვითგამოვიდა და გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ ისაუბრა. ობამამ თავის გამოსვლაში დაიცვა აშშ-ის ადმინისტრაციის ხარჯვითი პოლიტიკა და განაცხადა, რომ ბანკების გადარჩენისა და აშშ-ის ეკონომიკის სტიმულაციისთვის გადადგმულმა ნაბიჯებმა აშშ-ის ეკონომიკა ყველაზე უარეს ვარდნას გადაარჩინა. ობამას გამოსვლაში მთავარი თემა ფინანსური სფეროს რეგულირება იყო. მისი თქმით, აუცილებელია, ფინანსური რეგულირების ნორმების გაზრდა, რომ მომავალში მსგავსი კრიზისი აღარ განმეორდეს. საფინანსო ცენტრში ობამას გამოსვლა საინვესტიციო ბანკის Lehman Brothers-ის გაკოტრების დღეს დაემთხვა. ეს იყო ყველაზე დიდი კორპორატიული გაკოტრება აშშ-ის ისტორიაში, რასაც ბევრი პატარა, თუ მსხვილი კომპანიის, ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური სირთულეები და გაკოტრება მოჰყვა. აშშ-ის მთავრობამ კერძო სექტორისათვის ყველაზე მსხვილი სუბსიდიების განხორციელება დაიწყო. ბუშის ადმინისტრაციამ პირველი ნაბიჯი მაშინ გადადგა, როცა ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების დასახმარებლად 700 მილიარდი დოლარი გამოყო. აშშ-ის საავტომობილო ინდუსტრიაშიც დიდი მოცულობის სუბსიდიები გადაირიცხა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წინადადებები და ინიციატივები ფინანსური სფეროს რეგულირების გამკაცრების შესახებ, ბევრ წინააღმდეგობას აწყდება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ წრეებში.
ექსპერტებმა და ბიზენს-სკოლებმა მოვლენათა შეფასება და გადაფასება უკვე დაიწყეს. რა გაკვეთილები მიიღო მსოფლიომ და რა დასკვნების გაკეთება შეიძლება კრიზისის დაწყებიდან ერთი წლის თავზე?
კრიზისის დაწყებამდე აქტივების ფასი კატასტროფულად იზრდებოდა, ბანკის აღმასრულებლები და ტოპ-მენეჯერები მეტი მოგების მიღების მიზნით, სულ უფრო მეტ რისკზე მიდიოდნენ. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, მარეგულირებელმა ორგანოებმა ფინანსურ ბაზრებზე კონტროლი დაკარგეს, რის შემდეგაც ბაზარზე უამრავი საეჭვო ღირებულების ფასიანი ქაღალდი გაჩნდა. ფინანსური ინსტიტუტები კი, ფართოდ ჩაებნენ სხვადასხვა სარისკო ოპერაციებში. მართალია, არსებობდნენ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტები და ორგანოები, რომელთაც ბაზრის ზედამხედველობა ევალებოდათ, მაგრამ მათ რომ მოვალეობას თავი ვერ გაართვეს, ნათელია. მაგალითად, აშშ-ის “ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ”” (Securities and Exchange Commission (SEC)), რომელსაც Wall Street-ის ე.წ. “დარაჯი ძაღლის”” ფუნქცია უნდა შეესრულებინა, ხელი ვერ შეუშალა ბერნანდ მედოფს, როცა ამ უკანასკნელმა 50 მილიარდი დოლარი ცხვირწინ ააცალა ინვესტორებს. ამის შემდეგ ობამას ადმინისტრაციამ მიიღო კანონი, რომელიც აძლიერებს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის, ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციისა (Federal Deposit Insurance Corporation) და საბინაო საკითხების ფედერალური ასოციაციის ფუნქციებს (Federal Housing Association).
კრიზისიდან ერთი წლის თავზე, სამომავლოდ ფინანსური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, ობამამ გლობალური კოორდინაციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. საუბარია G20-ის ლონდონის სამიტზე მიღებულ კომუნიკეზე, რომელშიც საუბარია მიმდინარე გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და მისი შედეგების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე. G20-ის მთავრობებმა მოქმედების 5 პრინციპი ჩამოაყალიბეს: კრიზისის დროს დაკარგული ხალხის ნდობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის აღდგენა; ფინანსური ზედამხედველობისა და რეგულაციის გაზრდა; საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეფორმა და ხელშეწყობა; საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობა, ინვესტიციებისა და კერძო საკუთრების უფლებების დაცვა და პროტექციონიზმთან ბრძოლა და ბოლო პრინციპი – ანტიკრიზისული მოქმედების ერთიანი გეგმა უნდა მიწვდეს ყველას, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს.
მიმდინარე კრიზსით გამოწვეული ზარალი კი, მართლაც კოლოსალურია. 2008 წლის მეოთხე კვარტალში აშშ-ის მასშტაბით ეკონომიკის ზრდა 5%-ით დაეცა, 2009 წლის პირველ კვარტალში კი, 6%-ზე მეტით. უმუშევრობა 10%-ით გაიზარდა და ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი აშშ-ში 2010 წლის ბოლოსთვის გაორმაგდება. კატასტროფულად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. ეს მაჩვენებელი 2008 წელს აშშ-ში 13.2% იყო, 2007 წელს კი – 12.5%. 2008 წელს სიღარიბეში 39.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ეს კი, წინა წელთან შედარებით, 2.5 მილიონი ადამიანით მეტია (http://www. დაილყფინანცე.ცომ). უმუშევრობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ აშშ-ს არ აწუხებს.
“ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების” საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მის წევრ 30 ქვეყანაში რეცესიამ, შესაძლოა, 25 მილიონი სამუშაო ადგილი შეიწიროს. ორგანიზაციის გათვლებით, 15 მილიონი სამუშაო ადგილი უკვე გაუქმდა, კიდევ 10 მილიონი კი, შესაძლოა, 2010 წლის ბოლომდე გაქრეს. მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ 30 ქვეყანაში უმუშევრობის დონე, ივლისის მონაცემებით, 8,5%-ს აღწევს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2007 წლის ბოლოსთვის დაუსაქმებელთა წილი მხოლოდ 5,6% იყო. ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ახალგაზრდობა, ემიგრანტები და დროებითი, ან არასრული სამსახურის მქონე ადამიანები დააზარალა.
მსოფლიოს უმსხვილესმა ეკონომიკებმა გლობალურ კრიზისთან საბრძოლველად 10 ტრილიონი (ერთ მოქალაქეზე, საშუალოდ, 10 ათასი) დოლარი დახარჯეს. ეს ციფრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების დაანგარიშებით იქნა მიღებული. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი თანხა კრიზისთან ბრძოლაში დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს აქვს გაღებული. ბრიტანეთმა ერთ მოქალაქეზე საშუალოდ, 50 ათასი დოლარი, ამერიკამ კი, 10 ათასი დოლარი დახარჯა. დიდი ბრიტანეთის ანტიკრიზისულმა ხარჯებმა მშპ-ის 94%, ხოლო აშშ-ში 25% შეადგინა (BBჩ Nეწს).
ეკონომიკის ფინანსური სტიმულირების პაკეტი საქართველოში
ეკონომიკის სტიმულირების 2.2 მილიარდიანი პაკეტი საქართველოს მთავრობამაც შესთავაზა საზოგადოებას. საქართველოს 2009 წლის ნაერთ ბიუჯეტში აღნიშნული პაკეტიდან 1 450.0 მლნ ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად იქნა გათვალისწინებული, 500.0 მლნ ლარი – დონორების მიერ კერძო ბიზნესის დასახმარებლად, ხოლო 250.0 მლნ ლარი – წლის განმავლობაში ეკონომიკაში დარჩება საშემოსავლო გადასახადისა და დივიდენდზე გადასახადის შემცირების გზით. (წყარო: საქართველოს მთავრობის ნახევარწლიური ანგარიში, 2009 წლის სექტემბერი).
მალე საზოგადოება ეკონომიკის სტიმულირების ახალ პაკეტს მიიღებს. ახალ პროგრამაში ძირითადი აქცენტი ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე გაკეთდება. გეგმის მთავარი შემადგენელი ნაწილი გადასახადების ლიბერალიზაცია იქნება. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა რადიო “კომერსანტისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, შესაძლებელია ცვლილებები მოხდეს გადასახადების ნაწილში, საუბარია გარკვეული გარანტიების შესახებ გადასახადებთან დაკავშირებით.
საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია, როგორც საერთაშორისო ფინანსურმა კრიზისმა, ასევე შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობამ. ეს მალე აისახა საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სტატისტიკურ მაჩვენებლებზე.
2009 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 996,0 მლნ აშშ დოლარი შეადგენა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37,4%-ით ნაკლებია; ექსპორტის მოცულობა შეადგენდა 617,3 მლნ აშშ დოლარს (35,5%-ით ნაკლებს 2008 წელთან შედარებით); იმპორტი კი – 2378,7 მლნ. აშშ დოლარს (37,8%-ით ნაკლები).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 2009 წლის იანვარ-ივლისში 833,6 მლნ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 36,6%-ით ნაკლებია; აქედან, ექსპორტზე მოდის 127 მლნ აშშ დოლარი (42,9% ნაკლები); ხოლო იმპორტზე – 706,7 მლნ აშშ დოლარი (35,4%-ით ნაკლები). დსთ-ის ქვეყნებთან კი სავაჭრო ბრუნვამ 898,4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 42%-ით ნაკლებია 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებთან შეადგენდა 222,2 მლნ აშშ დოლარს (28%-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით); ხოლო იმპორტი – 676,2 მლნ აშშ დოლარს (45,5% ნაკლები) (წყარო: www. economy.ge).
საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელების საფრთხეებზეა საუბარი ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”” ექსპერტთა კვლევაში: “უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს მიაღწია. ბოლო ხუთ წელიწადში საშუალო ნომინალური მშპ-ის ზრდა 20%-ს აღემატებოდა, რაც უმეტესწილად სამომხმარებლო ბუმით იყო განპირობებული. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე უახლოეს მომავალში შემცირდება პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების, ასევე ერთჯერადი ტრანსფერების შემოდინება, რომლებიც ქართულ ბაზარს ჭარბი ლიკვიდურობით უზრუნველყოფდა. თუ არ შეიზღუდა მოხმარების ტემპები, ქვეყანას მოუწევს, ან კერძო ვალების უფრო მკაცრი საპროცენტო განაკვეთით აღება, ან სახელმწიფო კრედიტების აღება, რაც არსებითად დაამძიმებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას.
ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურის მუდმივად იმპორტის სასარგებლოდ ცვლილება ცხადყოფს, რომ საქართველოს ვაჭრობის პირობებიც პერმანენტულად უარესდება: საქართველოს ძირითად საექსპორტო საქონელზე ფასები დაცემულია, მათი მწარმოებელი საწარმოების უმეტესობა კი, გაჩერებულია, ან შეფერხებით მუშაობს.
ბოლო წლებში ქართული ექსპორტის სტრუქტურაში იზრდება არა ექსპორტირებული პროდუქციის სახეობების რაოდენობა, არამედ ცალკეული სასაქონლო კატეგორიის ხვედრითი წილი, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს მხოლოდ რამდენიმე პროდუქტზე (ფეროშენადნობები, ჯართი, სპილენძის მადნები, სასუქები, თხილი) ძლიერ დამოკიდებულს ხდის.
როგორც საგარეო, ასევე საშინაო კონიუნქტურის შესაძლო არაპროგნოზირებადმა განვითარებამ, ან დონორთა დახმარებების ჰიპოთეტურმა დაგვიანებამ, შესაძლოა, უმწვავესი პრობლემები შეუქმნას საქართველოს ეკონომიკურ სისტემას, რომლის მთელი რიგი სექტორების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იაფი ლიკვიდური სახსრების არსებობასა და მომხმარებელთა შემოსავლების პოზიტიურ დინამიკაზე (ვაჭრობა, მომსახურება, მშენებლობა)””. (წყარო: საქართველოს ეკონომიკური საფრთხეებისა და მთავრობის კრიზისისაგან დაცვის სტრატეგიის ანალიზი და რეკომენდაციები, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო””, 2009 წელი, გვ., 3).
შემცირებული ინვესტიციები
ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მსოფლიო მასშტაბით შემცირდა. ინვესტიციების განხორციელების მხრივ, პიკი – 2007 წლის მეოთხე კვარტალი იყო, როცა მდიდარმა ეკონომიკებმა სხვადასხვა აქტივებში 600 მილიარდ დოლარზე მეტი დააბანდეს. მას შემდეგ ინვესტიციების მოცულობა განუხრელად იკლებს. წელს მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 500 მილიარდი დოლარით, 1,2 ტრილიონამდე შემცირდება. ამგვარი პროგნოზით, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია გამოდის. აღმოჩნდა, რომ კრიზისმა საინვესტიციო ლანდშტაფიც შეცვალა: დაბანდებული კაპიტალის მოცულობაში განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების წილი 2008 წელს 17-დან 43%-მდე გაიზარდა, განვითარებულ ქვეყნებში კი, ეს მაჩვენებელი 29%-ით შემცირდა. მიღებული ინვესტიციების მიხედვით, მსოფლიო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც საფრანგეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი მოსდევს. გასული წლის მონაცემებით, რუსეთში ინვესტიციების მოცულობა 2,7%-ით შემცირდა. თუმცა, ექსპერტების თქმით, უცხოური კომპანიები ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ, რადგან 1998 წლის კრიზისმა ინვესტორებს აჩვენა, რომ წასვლის შემთხვევაში ისინი თავიანთ ნიშას დაკარგავენ, რომლის ხელახლა მოპოვება გაუჭირდებათ (წყარო: BFM.ru).
გამონაკლისი არც საქართველოა. 2009 წლის პირველ და მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, (www.statistics.ge) 2009 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 226.1 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში განხორციელებულმა უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე უარეს მაჩვენებელს მიაღწია. მეორე კვარტალში საქართველოში 92.172 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის ნახევარი მილიარდით ნაკლებია. მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი, 73 მილიონი დოლარით, არაბეთის გაერთიანებული საემიროებია. ყველაზე მეტი ინვესტიცია – 57 მილიონი დოლარი კი – უძრავ ქონებაში ჩაიდო.
რაც შეეხება წინა წლებს: 2008 წელს საქართველოში 1 მილიარდ 564 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2007 წელთან შედარებით 22%-ით ნაკლები. 2007 წელს ინვესტიციების მოცულობა 2 მილიარდ 014 მლნ 842 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, 2006 წელს კი – 1 190 375 000 აშშ დოლარს.
საქართველოს საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”” იმავე კვლევაში, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ნათქვამია: “მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებში წარმოებულმა “იაფი ფულის” პოლიტიკამ გლობალურ ინვესტორებს შეუქმნა საშუალება, კაპიტალი მაღალრისკიან ქვეყნებში განეთავსებინათ, რაც განვითარებულ ქვეყნებში უფრო მკაცრი ფულადი პოლიტიკის შემთხვევაში ბევრად უფრო რთული იქნებოდა. გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნების მაღალ რისკიან აქტივებში დაბანდებებით წამყვანი ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტები ჭარბი ლიკვიდობის მომგებიანად განთავსების საშუალებას თვითონ იქმნიდნენ.
ამ ორ ფაქტორთან ერთიანობაშია გასააზრებელი ის ფაქტიც, რომ საქართველოში უკანასკნელ წლებში გაიზარდა უცხოური, განსაკუთრებით კი – პირდაპირი ინვესტიციები. მართალია, ინვესტიციების ნაწილის შემოსვლა განაპირობა ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და მკაცრი საბიუჯეტო პოლიტიკის გატარების მიმართულებით გადადგმულმა წარმატებულმა ნაბიჯებმა, მაგრამ უცხოური ინვესტიციების სწრაფი მოზღვავება მაინც უფრო მეტად ზემოაღნიშნული ფაქტორებით იყო განპირობებული. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ საქართველოზე უფრო მაღალი უცხოური ინვესტიციების ზრდის ტემპი აზიისა და აფრიკის შედარებით უფრო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებშიც ფიქსირდებოდა.
გლობალურმა საფინანსო კრიზისმა უკვე გამოიწვია საერთაშორისო კაპიტალის ნაკადების შეზღუდვა. ადგილი აქვს ფასიანი ქაღალდებიდან და აქტივებიდან სახსრების მასობრივ გადატანას ნაღდ ფულში და კაპიტალი, ხშირ შემთხვევაში, სარისკო ბაზრებს ტოვებს. ინვესტორთათვის განვითარებადი ქვეყნები, ზოგადად და მათ შორის, საქართველო, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს მაღალი კლასის კაპიტალდაბანდების პორტფელს, რის გამოც უახლოეს მომავალში კაპიტალის გაძვირებისა და რეგულაციების გამკაცრების ფონზე, ჩვენს ქვეყანაში უცხოური რესურსების შემოდინების დღემდე არსებული დონის შენარჩუნებას, უახლოეს რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ უნდა ველოდოთ. ამგვარად, მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად საქართველომ, შესაძლოა, დაკარგოს კაპიტალის ფორმირებისა და საგადამხდელო ბალანსის წონასწორობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო. ეს მით უფრო საგანგაშოა იმ ფონზე, რომ ქვეყნის მთლიანი კაპიტალის ფორმირებაში უცხოური დანაზოგები გადამწყვეტ როლს ასრულებს. მათი შემცირების გამო საქართველო ბევრად უფრო მყიფე გახდება საგარეო შოკების მიმართ და გაურთულდება ისედაც არასახარბიელო მდგომარეობა საერთაშორისო საფინანსო პოზიციის თვალსაზრისით”” (წყარო: საქართველოს ეკონომიკური საფრთხეებისა და მთავრობის კრიზისისაგან დაცვის სტრატეგიის ანალიზი და რეკომენდაციები, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო””, 2009 წელი, გვ.3).
ფაქტია, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას ობიექტური მიზეზები აქვს. მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის შედეგად პრობლემები არა მხოლოდ მცირე, არამედ მსოფლიოს უდიდეს კომპანიებსაც შეექმნა. შედეგად, სანამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკებში მდგომარეობა არ შეიცვლება, საქართველოში ინვესტიციების ზრდას არ უნდა ველოდოთ. მსოფლიოში კი, უკვე აქტიურად მიდის მუშაობა ანტიკრიზისული გეგმის ერთობლივ შემუშავებაზე და გლობალური ეკონომიკური რეცესიით გამოწვეული შედეგების წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლაზე. კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობა ეჭვგარეშეა. ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მსოფლიო ლიდერები, ალბათ, 24-25 სექტემბრის G20-ის სამიტის შემდეგ უფრო აქტიურად დაიწყებენ, რომელიც პიტსბურგში გაიმართა.