G20-ის სამიტზე ჩრდილოვან ფინანსებსა და საკვებ პროდუქტებზე ისაუბრეს

რედაქციისგან 

18 თებერვალს, დიდი ოცეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები პარიზში შეიკრიბნენ. განხილვის მთავარი თემა სურსათის, საწვავისა და ნედლეულის გაძვირება იყო. როგორც წამყვანი საერთაშორის ორგანიზაციები და ქვეყნების მეთაურები აღნიშნავენ, ფასებმა უკვე მიაღწია კრიტიკულ დონეს. რაც ყველაზე ყურადსაღებია, ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონელზე, როგორიც არის საკვები და საწვავი. დიდი ოცეულის ქვეყნების მეთაურები ასევე განიხილავდნენ სავალუტო კურსების თემას და რეგულირების საკითხებს. 

      საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ ინფლაცია მსოფლიო ეკონომიკურ დისბალანსს ზრდის, მსოფლიო ბანკის განცხადებით კი, საკვები პროდუქტების ფასებმა “სახიფათო ზღვარს” მიაღწია. მსოფლიო ბანკის სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც აერთიანებს მარცვლეულის, შაქრის, ზეთისა და სხვა ძირითადი პროდუქტების ღირებულებას, მხოლოდ 3%-ით ჩამორჩება ისტორიულ მაქსიმუმს, რომელიც მსოფლიოში 2008 წელს დაფიქსირდა. ბანკის მონაცემებით, მზარდმა ფასებმა კიდევ 44 მილიონი ადამიანი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოაჩინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი დღეში 1,25 დოლარით ცხოვრობენ. ექსპერტთა შეფასებით, საკვებ პროდუქტებზე ფასების კატასტროფული ზრდა იყო ის ნეგატიური ეფექტი, რომელმაც ხელი შეუწყო არაბულ სამყაროში განვითარებული მოვლენების დაჩქარებას. საუბარია იმ არეულობებზე, რომელიც თავდაპირველად ტუნისში დაიწყო და ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში გავრცელდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ალბათ, გასაკვირი აღარ არის ის, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეთაურების განსჯის მთავარი თემა საკვებ პროდუქტებზე ინფლაციის სულ უფრო მზარდი დონე იყო. 
      “დიდი ოცეულის” ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ “დიდი ოცეულის” ქვეყნებს ფასებზე კონტროლის დაწესებისაკენ მოუწოდა. სარკოზი მიიჩნევს, რომ საკვები პროდუქტების ფასებს სპეკულანტები ხელოვნურად ზრდიან, ამიტომ საფრანგეთის პრეზიდენტი კოლეგებს მოუწოდებს, ამის საწინააღმდეგო ზომები მიიღონ. 100-ზე მეტმა საერთაშორისო და ევროპულმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა განცხადებას დიდი ოციანის” მიმართ, რომელშიც საუბარია იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ფასებით საბირჟო მანიპულაციები შეიცავს. სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, ჯონ ლიპსკის განცხადებით, დიდი ოცეულისთვის” აუცილებელია საფასო სტაბილურობის გასაღების მოძებნა. მისი თქმით, ჩინეთი და ზოგიერთი სხვა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნები ზრდის იმედებს ექსპორტზე ამყარებენ იმ დროს, როდესაც დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა ქვეყნები, რომლებიც იმაზე ბევრს ყიდულობენ, ვიდრე ჰყიდიან, ეკონომიკურ ზრდას შიდა მოხმარების დაკმაყოფილებით იმედოვნებენ. 
      საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, კრისტინ ლაგარდი შეხვედრის წინ აღნიშნავდა, რომ შეხვედრის მონაწილეები მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი დისპროპორციის მიზეზებსა და აღმოფხვრის გზებზე იმსჯელებდნენ. პარიზის შეხვედრის მონაწილეებმა ის კრიტერიუმები განიხილეს, რომელთა საშუალებითაც მსოფლიო ეკონომიკის განვითარების დისპროპორციის დადგენაა შესაძლებელი. მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების წარმომადგენელთა მიზანი იყო ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციის ეფექტური მეთოდების შემუშავება. 
      სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამის მისაღწევად უმნიშვნელოვანესი საკითხები დღეს საერთაშორისო ვაჭრობისა და ვალუტების თემებია. “დიდი ოცეულის” ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებმა ეკონომიკის განვითარების დისპროპორციის ინდიკატორები ორ ჯგუფად დაყვეს: ეკონომიკური დისპროპორციის გამომწვევი შიდა მიზეზები – მათ შორის, საბიუჯეტო დეფიციტი, ვალები და კერძო დანაზოგების მოცულობები და ქვეყნის ეკონომიკის დისპროპორციის გამომწვევი გარე ფაქტორები, როგორიცაა, ანგარიშების მიმდინარე ტენდენციები და სავაჭრო ბალანსი, უცხოური ვალუტის რეზერვები და გაცვლითი კურსი. როგორც სამიტის კომუნიკეში აღინიშნა, ამა თუ იმ ქვეყნის სავაჭრო ბალანსისა და ინვესტიციების ნაკადი გაკონტროლებული იქნება მიმდინარე გაცვლითი კურსისა და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ტენდენციების გათვალისწინებით. 
      განსაკუთრებით მგრძნობიარე თემა ვალუტებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ჩინეთი და იუანია. მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს სურს ჩინეთი “დიდი ოცეულის” ქვეყნების მიერ შემუშავებულ ერთიან სავალუტო პოლიტიკაში მოაქციოს და საერთაშორისო ნორმებს დაუქვემდებაროს, მაგრამ პეკინი ამ პირობებს არ თანხმდება. ჩინეთი ასევე წინააღმდეგია იმ მოთხოვნის შემოღებისა, რომელიც სავალდებულოს გახდიდა საერთაშორისო სავაჭრო ან სხვა ოპერაციების განხორციელების დროს ქვეყანაში შესული ან გასული ფულის მასის აღრიცხვას. ჩინეთი ასევე გამოვიდა გაცვლითი კურსის “რეალური ეფექტის” შემოღების წინააღმდეგ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული ქვეყნის ვალუტის რეალურ და ხელოვნურ (სპეკულაციურ) გაცვლით კურსს შორის სხვაობის დადგენა. 
      სავალუტო თემა უკვე დიდი ხანია პეკინსა და მისი სავაჭრო პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ვაშინგტონს შორის დავის მიზეზია. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან ჩინეთი აშშ დოლარების დიდი მარაგის შექმნით ცდილობს საკუთარი ვალუტის გაუფასურებასა და, შესაბამისად, საექსპორტო საქონლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ერთ-ერთ თავის ტკივილად აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის ჩინეთის 2,5 ტრილიონი დოლარის რეზერვები რჩება. მაშინ, როცა ბევრი ექსპერტი დღეს მიიჩნევს, რომ უცხოური ვალუტის გნსაკუთრებით კი აშშ დოლარის დიდი რაოდენობით დარეზერვება ხელს უწყობს 2008 წელს დაწყებული კრიზისის აკუმულირებას. დიდი შედეგი ამ პრობლემის მოგვარების მხრივ არც “დიდი ოცეულის” პარიზულ შეკრებას მოუტანია. 

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial