სუუამი ბიზნესმენებს აკავშირებს

რედაქციისაგან
ა.წ. 3-5 მაისს აზერბაიჯანში, ბაქოში გაიმართა სიმპოზიუმი, თემაზე: “სუუამის წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების როლი სუუამის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში”.
არსებობის ხუთი წლის მანძილზე, გაერთიანება სუუამი (საქართველო,
უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) გადაიქცა მნიშვნელოვან სტრუქტურად, რომელიც ესწრაფვის ევრო-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორის განვითარების საშუალებით, გააფართოოს ეკონომიკური თანამშრომლობა. ამის გარდა, იგი გადაიქცა სხვადასხვა დონეზე უსაფრთხოების პრობლემების განხილვის ფორუმად, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს კონფლიქტების მოწესრიგებაში და სხვა რისკისა თუ საშიშროების თავიდან აცილებაში.

თანამშრომლობა აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დელეგაციებს შორის დაიწყო 1996 წელს ქ. ვენაში (ავსტრია), სადაც ოთხმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას და წარმოადგინა საერთო ინიციატივები.

1997 წლის 10 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს სამიტის ჩარჩოებში, შეიკრიბნენ აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტები, რომლებმაც გამოამჟღავნეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საერთო ინტერესი ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური კონტაქტების მიმართ.

ხელმოწერილ საერთო კომუნიკეში ქვეყნის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს ოთხი ერის თანამეგობრობის მნიშვნელობას ევრო-აზიური, ტრანსკავკასიური სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) დამკვიდრებაში და აღნიშნეს ოთხმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა “სტაბილური და უსაფრთხო ევროპისათვის, რომელიც ხელმძღვანელობს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ურთიერთ პატივისცემის პრინციპებით, თანამეგობრობის ქვეყნებს შორის დემოკრატიის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვით”.

1999 წლის 24 აპრილს ნატოს ჩარჩოებით მიმდინარე სამიტზე, ქ. ვაშინგტონში, სუუამის გაერთიანება შეივსო კიდევ ერთი წევრით – უზბეკეთით.

ქ. ბაქოში გამართულ სუუამის წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების სიმპოზიუმზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:
გ. ახვლედიანი – საქ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი (დელეგაციის ხელმძღვანელი);
რ. ბაქიროვი – საქ. პარლამენტის დეპუტატი, აგრარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
რ. დოლიძე – საქ. პარლამენტის დეპუტატი, განსაკუთრებული სიტუაციების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე;
ვ. პაპავა – საქ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე;
ო. კიზივაძე – საქართველოს გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტის მოადგილე;
ი. ზაქარიაძე – საქ. ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მოადგილე;
თ. ჩხიკვიშვილი – ფირმა “დოკ-თბილისის” პრეზიდენტი;
ვ. ბალანჩივაძე – ქუთაისის სააქციო საზოგადოების “ელექტრომექანიკის” გენერალური დირექტორი;
დ. აბესაძე – საქ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი;
ზ. თადუმაძე – ქ. ქუთაისის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე;
რ. გორგილაძე – აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე;
ა. ბაბილუა – ქ. ფოთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ბ-ნმა გურამ ახვლედიანმა სიმპოზიუმზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა:

“სუუამის ქვეყნების თანამეგობრობა წარმოადგენს უნიკალურ ევრო-აზიურ წარმონაქმნს. საერთო ეკონომიკური ინტერესები და გეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებენ სუუამის, როგორც აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი რგოლის, განვითარებას. ჩვენი ქვეყნების პალატები, მეწარმეთა ინტერესებიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ საქმიანი ურთიერთობების დამყარებასა და განმტკიცებაში. ეს შეეხება, როგორც მსხვილ სახელმწიფოთაშორისო სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სამრეწველო პროექტებს, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის საერთაშორისო კოოპერაციებს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული საქმიანი კავშირები ვითარდება საკმაოდ წარმატებულად. თუ ვიმსჯელებთ საქონელბრუნვის მიხედვით, 2000 წლისათვის საქონელბრუნვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაიზარდა 28 პროცენტით და შეადგინა 78 მლნ. USD, უკრაინასთან გაიზარდა 50 პროცენტით და შეადგინა 57 მლნ. UშD, უზბეკეთთან 36 პროცენტი – 7.5 მლნ. USD, მოლდოვასთან – 20 პროცენტი – 0,34 მლნ. USD. თუმცა, შეიძლება ითქვას, პოტენციალი განუსაზღვრელია. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვიშლის ხელს იმაში, რომ გავზარდოთ თანამეგობრობის განვითარების ტემპი. ეს შეეხება, როგორც საკანონმდებლო ბაზას და კანონებისა და შეთანხმებების ამოქმედების მექანიზმს, ასევე ჩრდილოვან ფაქტორებს, რომლებიც ეკონომიკაზე მოქმედებენ. ჩვენი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე უარყოფით ფაქტორად, რომელიც დისკრედიტაციას უწევს დიდი აბრეშუმის გზის იდეას, უნდა მივიჩნიოთ ის ნაკლოვანებები, რომლებსაც ადგილი აქვს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ხაზებზე. დღეს ტვირთის გადატანის ღირებულება ბაქოდან ბათუმამდე – კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე – განუსაზღვრელად დიდია. განა ეს აძლევს სტიმულს მეზობელ და სხვა ქვეყნებს, გამოიყენონ ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი?!

რა თქმა უნდა, ბევრია გაკეთებული აღნიშნული მიმართულებით. თითქოსდა ახლახან შევიდა ექსპლუატაციაში ნავთობსადენი ბაქო-სუფსა და აი, ამ წელს იგი უკვე გადის საპროექტო სიმძლავრეზე – 5 მლნ. ტონა. მაგრამ ყველაზე მოკლე გზა აზიიდან ევროპაში უნდა იყოს ყველაზე იაფიც, უსაფრთხოც და კომფორტულიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ტვირთნაკადი გვერდს აგვივლის.

ჩვენ გთავაზობთ, მივმართოთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებს, შეიმუშაონ ერთობლივი სატრანსპორტო კომუნიკაციების მოდერნიზაციის პროგრამა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე და, რაც მთავარია, მოვუწოდოთ მიიღონ გადამწყვეტი ღონისძიებები გადაზიდვების უსაფრთხოებისათვის”.

სიმპოზიუმს, გარდა სუუამის წევრი ქვეყნებისა, ესწრებოდნენ: ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკიის, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ყაზახეთის დელეგაციები სავაჭრო-სამრეწველო პალატებიდან, აგრეთვე აშშ-ის, უნგრეთისა და შვეიცარიის საქმიანი წრეების წარმომადგენლები.

სიმპოზიუმის მსვლელობისას დაიდო რიგი საქმიანი შეთანხმება ცალკეულ სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენს შორის. ბოლოს ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სუუამის წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატები, შემდგომში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, გამოთქვამენ თანხმობას:

– საქმიანი თანამშრომლობის მიზნით, თითოეულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეიქმნას უნიფიცირებული საინფორმაციო ბაზა ელექტრონული ქსელით, ინფორმაციის ოპერატიული გაცვლისათვის;
– მომზადდეს მიმართვა სუუამის ქვეყნების ხელისუფლებისადმი, გაძლიერდეს კერძო მეწარმეობის მხარდაჭერა;
– გამოიცეს სუუამის ქვეყნების საქმიანი თანამშრომლობის ამსახველი ბიულეტენი, თითოეულ ქვეყანაში რიგ-რიგობით;
– სუუამის წევრმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებზე, მესამე სამყაროს ქვეყნებში, საერთო ექსპოზიციით;
– მოახდინონ სავაჭრო, სატრანსპორტო, საექსპორტო და საიმპორტო ოპერაციების სხვ. იურიდიული დოკუმენტების უნიფიკაცია;
– ურთიერთშეთანხმებული მოქმედება მიმართონ სავაჭრო ბარიერების მოსახსნელად, თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაქმნელად;
– გააფართოოს პალატის წევრთა მომსახურების ნომენკლატურა;
– პერსპექტივაში შექმნან სუუამის ქვეყნების ერთობლივი, მუდმივმოქმედი, მაკოორდინირებელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატა;
– სუუამის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა გამოხატეს მზადყოფნა – განიხილონ შესაძლებლობები, რეგულარულად ჩაატარონ მსგავსი სიმპოზიუმები, მონაწილე ქვეყნების დედაქალაქებში.

სიმპოზიუმის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სუუამის ქვეყნების მიერ მოწყობილმა სამრეწველო ნაწარმის გამოფენამ, რომელზეც ფართოდ იყო წარმოდგენილი საქართველოს სამრეწველო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული პროდუქცია. საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ისეთმა ცნობილმა ფირმებმა, როგორიცაა:

G.G.&M.W.co. (ბორჯომი), GWS (ღვინო), “დავით სარაჯიშვილი” (კონიაკი), “ბაგრატიონი 1882”, “თელავის ღვინის მარანი”, “საქართველოს თამბაქოს წარმოება”, “ნატურფარმი” (სამკურნალო მცენარეები), “სანტე” (წვენები და რძის პროდუქტები), “ფარმიმპექსი” (წამლები), “გორკომი” (ჯემები და წვენები), “თეთრონი +” (სარეცხი საშუალებები) და “მარტინ ბაუერი” (ჩაი).

სუუამის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების და სხვა სახელმწიფოთა საქმიანი წრეების ხელმძღვანელები მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ბატონმა ჰეიდარ ალიევმა.