იტალიელები ქართულ ბაზარს სწავლობენ

რედაქციისაგან

8 ივლისს საქართველოს სავაჭრო სამეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი იტალიის სავაჭრო პალატის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის უფრო მჭირდო ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები. 2004 წლის მონაცემებით, იტალიიდან იმპორტმა შეადგინა 56,9 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო საქართველოდან ექსპორტმა 10,6 მლნ. ამჟამად არსებული ეკონომიკური ურთიერთობების დონე არ შეესაბამება რეალურ შესაძლებლობებს. საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იტალიიდან ინვესტიციების მოზიდვას ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა დარგში. კარგი პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ერთობლივ საწარმოებს აგრობიზნესში, სამშენებლო მასალების წარმოებაში, მანქანათმშენებლობაში, ტელეკომუნიკაციებში, საფინანსო ლიზინგში და ა.შ.

საქართველოს სიახლოვე უმსხვილეს საქსპორტო ბაზრებთან (რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) კარგ საექსპორტო პოტენციალს უქმნის აქ ჩამოყალიბებულ ერთობლივ საწარმოებს.

საინტერესო იქნებოდა იტალიის მაგალითის შესწავლა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და იტალიის სავაჭრო პალატების კავშირს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველო-იტალიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

იტალიის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ავგუსტო სტრიანესე (იტალიის ვაჭრობის, მრეწველობის, ხელოსნობის და სოფლის მეურნეობის პალატების კავშირის პრეზიდენტი), პიეტრო ბაკარინი (იტალიის ერთობლივი სავაჭრო პალატების პრეზიდენტი, რეგიონ რომანიის ბანკის ვიცე-პრეზიდენტი), მარკო პოცოლი (იტალიის ერთობლივი პალატების წარმომადგენელი), კარლო სპანიოლი (იტალიის ერთობლივი სავაჭრო პალატების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი), ფაბრიციო მარენო (იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში), სოსო დანელია (საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი იტალიაში).

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიიღო იტალიის დელეგაცია. მათ ასევე შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხო სვიმონიშვილი.

დელეგაციამ კახეთში “თელავის ღვინის მარნის” ქარხანა მოინახულა. ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ტექნოლოგიური ხაზი და გამოთქვეს ტექნოლოგიური რენოვაციის სურვილი, ასევე ლიზინგით თუ პირდაპირი ინვესტიციით, როგოც პირველადი ტექნოლოგიური პროცესების, ისე შემდგომი კუპაჟირების და გაკეთილშობილების კუთხით, სერიოზული ტექნიკური პროგრამების განხორციელების სურვილი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial