ევროკომისია საქართველოს 46 მლნ ევროს მოცულობის მაკროფინანსურ დახმარებას სთავაზობს

რედაქციისგან

ევროკომისია საქართველოს 46 მლნ ევროს მოცულობის მაკროფინანსურ დახმარებას სთავაზობს. საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკომისია საქართველოსთვის 46 მლნ ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გრანტების სახით უნდა გაიცეს.

აღნიშნული დახმარება ევროპული თანამეგობრობის მხრიდან საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და ეკონომიკური აღორძინებისათვის გათვალისწინებული 500 მილიონ ევროს მოცულობის მრავალმხრივი დახმარების პაკეტის ნაწილია.
დახმარება საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, ქვეყნის მიერ გლობალური კრიზისის შედეგებზე მიმართული ფინანსური დარეგულირების პროგრამას შეუწყობს ხელს.
ევროპული თანამეგობრობის მაკროფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო ფინანსური საჭიროებების დარეგულირებას 2009-2010 წლებში. გრანტი გაიცემა ორი ტრანშის სახით, რომელიც წინასწარი გეგმის მიხედვით, 2009 წლის მეოთხე კვარტალში და 2010 წლის პირველ ნახევარში უნდა გადმოირიცხოს. ამ საკითხზე უკვე ჩატარდა კონსულტაციები ევროპარლამენტთან””, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.
აქვე ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოში განვითარებულმა სამხედრო კონფლიქტმა რუსეთთან, შეაფერხა წინა წლების მნიშვნელოვანი ფინანსური ზრდა. გლობალურმა ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ასევე ძლიერად იმოქმედა საქართველოზე და გაამწვავა სამხედრო კონფლიქტით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა. 2009 წელს მოსალოდნელია რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კოეფიციენტის დაცემა 4 პროცენტით. ჯერჯერობით, საგადამხდელო ბალანსის დარეგულირების მიუხედავად, საქართველოს საგარეო მდგომარეობა ჯერ კიდევ მყიფეა.
მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის მიერ კრიზისზე რეაგირების განსაკუთრებული ინსტრუმენტია, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოებისათვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უნარი, დახმარება აღმოუჩინოს ფინანსური სირთულეების მქონე ქვეყნებს, მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის სხვა წევრების წყალობით. ევროკავშირმა ახლახან ვალდებულება აიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გამოყოს 125 მლრდ ევრო, რაც ამ უკანასკნელის მიერ თანხების გაცემის შესაძლებლობას 35 პროცენტით, 250 მლრდ ევროდან 750 მლრდ
ევრომდე გაზრდის.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial