თურქმენეთი რუსეთს ევროპაში გაზის რეექსპორტს აუკრძალავს

რედაქციისგან

თურქმენეთი რუსეთისთვის ევროპაში გაზის რეექსპორტის აკრძალვას აპირებს. ახალი პირობა, შესაძლოა, “თურქმენგაზისა” და “გაზპრომის” ახალ კონტრაქტში ჩაიწეროს, რომელსაც მხარეები უახლოეს დღეებში განიხილავენ.

“გაზპრომი”” თურქმენეთისგან ევროპაში რეექსპორტის მიზნით, ყოველწლიურად 50 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ყიდულობდა. თუმცა, ამ წლის აპრილში გაზის რუსეთისთვის მიწოდება შეწყდა. ამის მიზეზი კი, გაზსადენზე მომხდარი აფეთქება იყო. გაზსადენზე მომხდარ ავარიაზე პასუხისმებლობა თურქმენეთმა “გაზპრომს” დააკისრა. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი თურქმენეთს სტუმრობდა, თუმცა, მხარეებმა საწვავის მიწოდების აღდგენის შესახებ ვერ მოილაპარაკეს.
შეთანხმების მიღწევა უფრო რთული იქნება, მას შემდეგ, რაც აშხაბადმა ახალი პირობა წამოაყენა. რეექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში, “გაზპრომისთვის” თურქმენული გაზის შესყიდვის გაგრძელება აზრს დაკარგავს. მართალია, ტექნიკურად “გაზპრომი” არაფერს კარგავს, რადგან კონტრაქტში აღნიშნული პუნქტის შეტანის შემთხვევაში, მას შეუძლია საკუთარი გაზი, რომელსაც აქამდე რუს მომხმარებელს აწვდიდა, გაიტანოს ევროპულ ბაზარზე, ყაზახური გაზი კი, რომელიც ევროპაში გაჰქონდა, რუსეთში გაყიდოს. მაგრამ, ეს მხოლოდ ტექნიკურად. ფინანსურად კი, მოვლენათა ამგვარი განვითარება “გაზპრომისათვის” არასახარბიელოა. ჯერ ერთი, მას მოუწევს საექსპორტო ბაჟის გადასახადი, რაც გაზის ღირებულების 30%-ია და რასაც “გაზპრომი” თურქმენული გაზის რეექსპორტის შემთხვევაში არ იხდიდა. ის, ასევე, დაკარგავს დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს, რომელსაც გაზის “გადაყიდვისას” სავალუტო კურსის ცვალებადობა აძლევდა რუსულ კომპანიას.
პარალელურად, თურქმენეთი გაზის საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაზე ზრუნავს. პრეზიდენტი, გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ განზრახული აქვს გაზის საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია მოახდინოს.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მსოფლიოში ნავთობისა და გაზის რესურსებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახლმწიფოა და თურქმენეთი ცისფერი საწვავის საკმაო მარაგებს ფლობს იმისთვის, რომ მიუერთდეს ისეთ უმსხვილეს პროექტს, როგორიც “ნაბუქოა”.
თურქმენეთის მეთაურმა, ასევე, განაცხადა, რომ თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენის პროექტის განხორციელება, რომელსაც “საუკუნის მშენებლობას” უწოდებენ, მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, წლის ბოლოს იგი ექსპლოატაციაშიც შევა და თურქმენეთი ჩინეთისთვის გაზის მიწოდებას დაიწყებს. 2007 წელს, თურქმენეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ჩინეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ კორპორაციასთან, ჩინეთისკენ გაზსადენის ორი შტოს მშენებლობის შესახებ. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 40 მილიონი კუბური მეტრი, პროექტის ღირებულება კი, 7 მლიარდი დოლარი იქნება. 2009 წელს ჩინეთმა თურქმენეთს 3 მილიარდი დოლარის კრედიტი მისცა, რომლითაც აშხაბადმა ქვეყნის უმსხვილესი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაზის საბადოს დამუშავება დაიწყო.
ბერდიმუჰამედოვი, ასევე, არ გამორიცხავს თურქმენული გაზის ტრანსპორტირებას ავღანეთში და ტრანზიტის საშუალებით – პაკისტანსა და ინდოეთში.
ეს პროექტები აშხაბადს გაზის ექსპორტის დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს, რომელსაც ადრე თითქმის მთლიანად “გაზპრომი” ყიდულობდა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial