ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოში

მაკა ღანიაშვილი

2050 წლისათვის, გაეროს ექსპერტთა პროგნოზით, მსოფლიოს გლობალური შიმშილი ელის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, მსოფლიოს მზარდი მოსახლეობა და გლობალური დათბობის ტენდენციაა, რაც საკვების შემცირებას გამოიწვევს. მართალია, გლობალური რეცესიის გამო, მთავრობების მუშაობა ამ მიმართულებით ცოტა შენელდა, მაგრამ ფაქტია, რომ ალტერნატიული ენერგოწყაროების მოხმარების გაზრდას და ენერგომატარებლების მოხმარების შემცირებას, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან ერთად, ალტერნატიული ენერგოწყაროებისა და ენერგიის ნაკლებდანახარჯიანი პროექტების ძიებამ, XXI საუკუნეში გეოპოლიტიკური უსაფრთხოების მნიშვნელობაც შეიძინა.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დასავლეთისათვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი. რუსეთის იმპერიულმა ზრახვებმა და მისწრაფებებმა, დაეკავებინა ენერგეტიკული დომინანტის პოზიცია, რაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ უფრო თვალშისაცემი გახდა, ევროპა აიძულა -ალტერნატიულ ენერგოწყაროებზე ეფიქრა. პრობლემას ართულებს ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებელი და შესაბამისად, ენერგოდეფიციტის ზრდა ევროპაში. 2008 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც ევროკავშირმა საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ევროკავშირს საშუალება მიეცემა რუსეთის გვერდის ავლით, გაზი ევროპაში გაიტანოს. ეს გეგმა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რომლის მიზანიც, რუსულ გაზზე ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულების შემცირებაა. ევროკავშირის ახალი პროექტი მილსადენების ქსელს მოიცავს, რომელიც ევროპის გარშემო არსებული ყველა ქსელის გაერთიანებას გულისხმობს. მათ შორისაა, “ნაბუქოს” პროექტი. გარდა ამისა, ევროკავშირმა უკვე მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ეკოლოგიური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 2020 წლისათვის გაზის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში 20%-ით უნდა შემცირდეს. იქნებ, ეს არის გამოსავალი ევროპისათვის და მათ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების ნაცვლად, რაც თანამედროვე მდგომარეობით რუსეთზე დამოკიდებულებასაც ნიშნავს, მისი მოხმარების შემცირებასა და ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე უნდა იფიქრონ?
იმავე პრობლემის წინაშეა ამერიკის შეერთებული შტატებიც. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ეს არჩევნების შემდეგ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმაც აჩვენა, აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, კონკურენტს თავისი ეკონომიკური პროგრამით აჯობა. ობამას ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უცხოურ ნავთობზე აშშ-ის დამოკიდებულების შემცირებაა, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას დამატებით პრობლემებს უქმნის. ობამა არჩევნების წინ აცხადებდა, რომ უარს არ იტყვის ბირთვული საწვავის გამოყენებაზე და ამასთან, დიდ იმედებს ამყარებს ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებზეც.
მაინც, რას ნიშნავს ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროები და როგორ შეიძლება დასავლეთისათვის ის დილემიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა გახდეს? ცნობილია, რომ ენერგიის მიღების ორი წყარო არსებობს – არაგანახლებადი (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი და ატომური ენერგია) და განახლებადი (მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მცენარეული) ენერგოწყაროები. დღეს მსოფლიოში მთავარი დავის საგანი სწორედ არაგანახლებადი ენერგორესურსებია, ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა ამოწურვადი ენერ-გიის დაზოგვასა და მისი ალტე-რნატივის – განახლებადი ენერ- გიის სულ უფრო ფართოდ გამოყენებას. ჯერ კიდევ 2006 წელს, მსოფლიოში დახარჯული ენერგიის 18% განახლებადი ენერგოწყაროებიდან მიიღებოდა. განვითარებული ქვეყნების მთავრობებისა და ექსპერტების ყურადღება ამ ციფრის კიდევ უფრო გაზრდისაკენაა მიმართული. ევროკავშირის ლიდერებმა, 2007 წლის მარტში, მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლისათვის ევროკავშირში გამოყენებული ენერგიის 20%-ს განახლებადი ენერგორესურსები უნდა შეადგენდეს.
2007 წლის დეკემბერში, ენერგოეფექტურობის პროექტი საქართველოშიც ჩამოყალიბდა. პროექტი მიზნად ისახავს, ენერგოინტენსიურობის შემცირებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების უკეთ მოხმარების საშუალებების განვითარებას. პროექტის დახმარებით, შინამეურნეობებს საშუალება ეძლევათ არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით შეამცირონ ენერგიის დანაკარგები. ასევე, ეხმარება მათ, გააკეთონ მომგებიანი ინვესტიცია და შეცვალონ დაბალხარისხიანი დანადგარები, მაღალი ხარისხის ეფექტური მოწყობილობებით.
საქართველოში ენერგოეფექტურობის განვითარების პროგრამის (GEEP) ჯგუფის ხელმძღვანელის, ჰელენ რაიდინგის განცხადებით: “ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება წარმოადგენს მომგებიან დაბანდებას, რადგან ენერგიის მოხმარებაზე ფასების სტაბილურად ზრდის მიუხედავად, ეს არის ხარჯების შემცირების საუკეთესო საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ნაკლები დანახარჯებით მიიღოთ მაღალი ხარისხი და სითბო თქვენს სახლში””.
ენერგორესურსებზე ფასების ზრდა უშუალო ზემოქმედებას ახდენს ქართული ბიზნესის საწარმოო ხარჯებზე და არახელსაყრელ პირობებში აყენებს მათ კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში. მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი, რომელსაც საქართველო მოიხმარს ენერგიის სახით, სამჯერ აღემატება ევროპის საშუალო ქვეყნის იგივე მაჩვენებელს. განახლებული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართულმა საწარმოებმა შეიძლება შეამცირონ ენერგიის მოხმარება 20%-ზე მეტით და ამით, საქართველოს ბიზნესის საერთო დანაზოგმა 12 მილიონი ევრო შეადგინოს. ენერგიის დანაკარგები შინამეურნეობებისთვისაც აქტუალურია და ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრული ენერგო-მოხმარების 42%-ს შეადგენს.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქვეყანაში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების მიზნით, დაიწყო ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელება. ამ პროგრამის ფარგლებში, EBRD საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად, ჯამურად, 35 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გამოყო, რათა მათ ენერგოეფექტურ მოწყობილობებში ინვესტიციების განხორციელებით მიიღონ მაქსიმალური სარგებელი, დაზოგონ თანხები და ენერგია. ამ ინსტრუმენტის ფარგლებში, კრედიტების მიღება უკვე შესაძლებელია “თიბისი ბანკისაგან””, “ქართუ ბანკისაგან”” და “ბანკი რესპუბლიკასგან”. პროექტის მუშაობის სქემა მარტივია – საკრედიტო ხაზის ფარგლებში, ადგილობრივი ბანკები იღებენ სესხს EBRD-დან, რათა შემდგომ თავიანთ კლიენტებზე გაასესხონ. კლიენტი წარუდგენს ბანკს პროექტს, რომელიც წყვეტს მისი კრედიტუნარიანობის საკითხს.
“ენერგოეფექტურობაში ინვესტიციის განხორციელება წარმოადგენს მთავარ კომპონენტს ბიზნესის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მაგრამ სახლებში ენერგიის დაზოგვით მიღებული მოგება ხშირად რჩება ყურადღების მიღმა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია BP-სა და ნავთობისა და გაზის სფეროში მისი ბიზნეს-პარტნიორების ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ამ პროგრამის განხორციელებას. ოთხი წლის წინ, ჩვენ მსგავსი პროგრამა დავიწყეთ ბულგარეთში, სადაც დღეისთვის უკვე განხორციელებულია თითქმის 28 ათასი მცირე მასშტაბის ენერგოეფექტურობის პროექტი. წელიწადში მოხდა 200 ათასი მეგავატის ექვივალენტის დაზოგვა, რაც პროპორციულია იმ ენერგიისა, რომელიც მსუბუქი ავტომობილის მძღოლს დასჭირდებოდა 300 მილიონი კილომეტრის გასავლელად და დაახლოებით უდრის მანძილს სოფიიდან მზემდე და უკან”” – აცხადებს იან სმიტი EBRD-ის გუნდის წარმომადგენელი ლონდონში.
BP და ნავთობისა და გაზის სფეროში მისი ბიზნეს-პარტნიორები დამატებით 1 მილიონ აშშ დოლარის გრანტს გამოყოფენ ახალი სესხის სუბსიდირებისათვის. სუბსიდირების სქემა გააუმჯობესებს სესხის ხელმისაწვდომობას და საშუალებას მისცემს მოსახლეობას უკან დაიბრუნოს შეძენილი ენერგოეფექტური პროდუქციისა და მოწყობილობის ფასის 15%. BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებული ენერგოეფექტურობის პროგრამა წელს, აპრილის თვეში ამუშავდა. პროგრამა ორი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება. ეს კომპონენტებია, სუბსიდირების სქემა და “ენერგოავტობუსი”, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის ენერგოეფექტურობის შესახებ. პროგრამის მიზანია, აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება ენერგოეფექტურობის სფეროში და ხელი შეუწყოს მას ენერგოეფექტური პროდუქციისა და მოწყობილობების შეძენაში.
BP საქართველოს გენერალური მენეჯერის, ბატონი ნილ დანის განცხადებით: “ეს ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ენერგო ექსპერტების და ბანკების თანამშრომლობის კარგი მაგალითია. პროექტი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ ენერგოეფექტურობის სფეროში გაწეული მუშაობის ნაწილია”.
ენერგოეფექტურობის პროგრამის ფარგლებში, სესხები გაიცემა, როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროების დასაფინანსებლად. 15%-იანი სუბსიდია კი, განკუთვნილია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ენერგოკრედიტის საშუალებით საკუთარი სახლებისთვის შეიძენენ ენერგიის ეფექტური გამოყენებისთვის საჭირო მოწყობილობებს.
საქართველოში პირველად, “თიბისი ბანკის”” მეშვეობით, ენერგოეფექტურობის სესხები ფიზიკური პირებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. მიმდინარე წლის ოქტომბრიდან “თიბისი ბანკი”” მომხმარებელს ახალი ტიპის სასესხო პროდუქტს – ენერგოკრედიტს შესთავაზებს. ენერგოკრედიტი წარმოადგენს სესხს, რომელიც ქართველ მომხმარებელს დაეხმარება შეიძინონ განახლებადი ენერგიის ისეთი ეფექტური მოწყობილობები, როგორიცაა: ფანჯრები ორმაგი შემინვით, თბოიზოლაცია, ბოილერები, ცენტრალური გათბობის სისტემები და ნაკლები დანახარჯებით შექმნან სითბო საკუთარ სახლებში. პროდუქტის ძირითადი უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ შენაძენის გაკეთებისთანავე მსესხებელს უკან უბრუნდება მოწყობილობის ღირებულების 15%.
“თიბისი ბანკი” პირველი კომერციული ბანკია საქართველოში, რომელმაც ენერგოკრედიტის ფიზიკურ პირებზე გაცემა დაიწყო. “ენერგოეფექტურობის პროგრამის ფარგლებში, “თიბისი ბანკი” სესხებს უკვე 2007 წლიდან გასცემს, თუმცა, აქამდე ასეთი სესხები, მხოლოდ კორპორატიული კლიენტებისთვის იყო განკუთვნილი. “ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ “თიბისი ბანკი” კიდევ ერთ ინოვაციას დანერგავს ქართულ საბანკო სექტორში და დღეიდან, ფიზიკურ პირებსაც დააფინანსებს ენერგოკრედიტით. ასეთი ტიპის სესხები, მოსახლეობას დაეხმარება ხარჯების დაზოგვით მიიღონ სასურველი კომფორტი საკუთარ სახლებში” – აცხადებს “თიბისი ბანკის” საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორი, ნინო მასურაშვილი.
ენერგოეფექტურობის სესხის გაცემა შესაძლებელია, როგორც იპოთეკურ, ასევე სამომხმარებლო სესხად. სესხით შესაძლებელია დაფინანსდეს: ფანჯრები ორმაგი შემინვით, შენობების კედლების, სახურავებისა და იატაკების თბოიზოლაცია, ბოილერები და ცენტრალური გათბობის სისტემები, მზის თერმული სისტემები ცხელი წყლისათვის და ცენტრალური გათბობისათვის, მაღალი ეფექტურობის ბიომასის ღუმელები, ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობებისათვის.
შეიძლება ითქვას, რომ ენერგოუსაფრთხოება და კლიმატური ცვლილებები – ორი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც მსოფლიო XXI საუკუნეში დადგა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ საკითხებზე მიდის გამუდმებული დისკუსიები. მაგრამ ახლა რეალური ქმედებების დრო დადგა. მსოფლიო მართლაც რეალურ ქმედებებზე რომ გადადის, მოწმობს თუნდაც, იმ პროგრამათა მცირე ჩამონათვალი, მათ შორის, საქართველოშიც, რომელთა შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი.