ბაქოში მე-15 საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა ჩატარდა

რედაქციისგან

21-24 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სპორტისა და გამოფენების კომპლექსში, მეთხუთმეტე საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა BakuBuild 2009 ჩატარდა.

აღნიშნული გამოფენა, ყოველწლიურია და ბაქოში 1995 წლიდან იმართება. წელს, საგამოფენო სივრცე 6 086 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. ადგილობრივ კომპანიებს საგამოფენო სივრცის 54,3%, ხოლო უცხოურ ფირმებს, 45,7% ეთმობოდა. მიმდინარე წელს, გამოფენაში 248 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აქედან, 97 აზერბაიჯანული, 151 კი, უცხოური კომპანიაა მსოფლიოს 25 სხვადასხვა ქვეყანიდან. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საქართველო, დანია, ეგვიპტე, ირანი, იტალია, ყაზახეთი, კვიპროსი, ჩინეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, აშშ, პოლონეთი, ბელორუსია, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, ფინეთი, საფრანგეთი და ჩეხეთი.
აზერბაიჯანი Doing Business 2009-ის მიხედვით, 2007-08 წლების საუკეთესო რეფორმატორი ქვეყანაა, რაც სამშენებლო ინდუსტრიაზეც სათანადოდ აისახება. 2008 წლის იანვარ-სექტემბერში აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი 15%-ით გაიზარდა და 38 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც ერთ სულ მოსახლეზე 4302.1 აშშ დოლარს ნიშნავს. ქვეყანაში წარმოება 16.3%-ით გაიზარდა. სამშენებლო სფეროს ბრუნვამ ამ პერიოდში 2.52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ქვეყანაში გაიზარდა ინვესტიციების მოცულობაც. მხოლოდ 2008 წლის იანვარ-სექტემბერში, ინვესტიციების მოცულობამ 7.79 მილიარ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა სამშენებლო სფეროშიც. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამშენებლო სამუშაოებში კაპიტალდაბანდებათა მოცულობა 55%-ით გაიზარდა. ამ სფეროში დაბანდებულმა ინვესტიციების მოცულობამ, 604 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. აქედან, 585.8 მილიონი აშშ დოლარი სახლების მშენებლობას მოხმარდა. გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად, შეიძლება ბაქოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარების დადებით ტენდენციებზეც ვისაუბროთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2011 წლამდე ბაქოში დაგეგმილია 30 ტროტუარის, 45 ხიდის და 14 გზატკეცილის მშენებლობა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial