მოსალოდნელი ენერგო-კრიზისი აშშ-ში

ია ბაკურაძე

17 მაისს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ფარდა ახადა ეროვნული პოლიტიკის გეგმას, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ნავთობის, გაზისა და ბირთვული ენერგიის პროდუქციის გაზრდის, ისე ამ ენერგიის აკუმულაციის პროექტები, რათა შეერთებულმა შტატებმა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ენერგოკრიზისი.

“თუ ამის გაკეთებას ვერ მოვახერხებთ, ქვეყანას ბნელი მომავალი ელის”, – განაცხადა ჯორჯ ბუშმა, “თუ არ ვიმოქმედებთ, ამერიკელებს უფრო ხშირად ექნებათ ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები და ჩვენი ქვეყანა მეტად იქნება დამოკიდებული უცხოურ ნედლ ნავთობზე”.

გეგმა, რომელიც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის (Dick Chaney) სამოქმედო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ჯორჯ ბუშის განცხადებით, ყურადღებას მოთხოვნის, მომარაგებისა და მიწოდების სისტემებზე გაამახვილებს. გეგმაში გაკეთებული გაფრთხილების თანახმად, შეერთებული შტატები 1970-იანი წლების ნავთობის ემბარგოს შემდეგ ენერგეტიკის სფეროში ერთგვარ კრიზისს განიცდის.

ბუშის განცხადებით, ეს შემოთავაზება მიზნად ისახავს: ტექნოლოგიის ფართო გამოყენებას, რათა გაზარდოს ენერგიის გამოყენების ეფექტურობა და მასზე მოთხოვნილება გააკონტროლოს; ენერგიის წყაროების განვითარებას და გამრავალფეროვნებას, ბირთვული ენერგიის გაზრდის ჩათვლით; ელექტროენერგიის მიწოდების ქსელების მოდერნიზაციას მისი საჭიროების ადგილზე დროული და შეუფერხებელი მიწოდებისათვის.

“მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია არა მარტო ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის, არამედ სახელმწიფო უშიშროებისთვისაც. ენერგიის რომელიმე წყაროზე ზედმეტად დაყრდნობა, განსაკუთრებით კი უცხოურზე, ფასების მკვეთრი ცვლილების, მომარაგების შეფერხების და, უარეს შემთხვევაში, შანტაჟის მიმართ უძლურს გვხდის”, – განუცხადა ბუშმა მინესოტას შტატში, სენტ-პოლში შეკრებილ ბიზნეს-ლიდერებს.

მოქმედების გეგმაში არ იყო განხილული შეერთებული შტატების სანქციების შემსუბუქება ისეთი ნავთობმწარმოებელი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა: ლიბია და ირანი. სამაგიეროდ, მასში წარდგენილი იყო ქვეყნის კომერციული, სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტების სანქციების სრული განხილვა. “ენერგეტიკის უსაფრთხოება ასეთ განხილვაში ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს უნდა წარმოადგენდეს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მოხსენებაში ნავთობის მოსაპოვებლად და ბირთვული ენერგიის წარმოების გასაზრდელად ხაზი “არქტიკის ეროვნული ბუნებრივი რეზერვების” გამოყენებას გაესვა. არქტიკის ჭაბურღილებში 40 წლის განმავლობაში Dდღეში 600 ათასი ბარელის ოდენობის საწვავის მოპოვებას გეგმავენ, რაც, მოხსენების მიხედვით, ეკოლოგიურად უსაფრთხო იქნება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ეს რიცხვი აშშ-ის მიერ ერაყიდან იმპორტირებული ნავთობის რაოდენობის ტოლია. მის გეგმაში ნავთობის მოპოვების თვალსაზრისით, ასევე გათვალისწინებულია სხვა ფედერალური მიწების გამოკვლევა.

მისი განცხადებით, ენერგეტიკის დეპარტამენტის გაანგარიშების თანახმად, მომავალი ორი დეკადის განმავლობაში შეერთებულ შტატებს დაახლოებით 1,300-1,900 ახალი ელექტროსადგურები დასჭირდება. მოხსენებაში ასევე შემოთავაზებული იყო ორდეკადიანი ვარდნის შემდეგ ბირთვული საწვავების გადამუშავების განახლების (ხელახალი დაწყების) საკითხის განხილვა.

კონსერვაციის ხელშეწყობისათვის, ბუში 10 წლის განმავლობაში 10 მლრდ. დოლარის საგადასახადო შეღავათების შემოღების წინადადებით გამოვიდა. აქედან, 4 მლრდ. დოლარი ენერგიის ეფექტურად ხმარებადი მანქანების განვითარებას, 2 მლრდ. დოლარი “სუფთა” ქვანახშირის და 1 მლრდ. დოლარი ენერგეტიკის ბიომასის განვითარებას მოხმარდება.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial