XX საუკუნე და “ოპიუმი ხალხისთვის”

დავით ჩახვაშვილი
ამერიკელი დემოგრაფების და სოციოლოგების გამოთვლებით, მსოფლიოში 1900 წლისათვის ხუთი მილიონი ათეისტი იყო, 2000 წელს კი მათი რიცხვი 1.208 მილიონი გახდა. ურწმუნოთა სიმრავლით გამოირჩევიან: ახალი ზელანდია, ჩინეთი, ბრიტანეთი, ავსტრალია, გერმანია, კანადა და იაპონია. იდი ხანია, რაც საზოგადოების ახლანდელი მდგომარეობა შეუძლებელია განისაზღვროს
მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ტერმინებით.

მებრძოლი ათეიზმის ხანაში აგრესიული მეთოდებით შეეცადნენ დაემტკიცებინათ, რომ ადამიანი ყოვლისშემძლეა, მას ვერაფერი აღუდგება წინ, თვით ისტორიასაც ადამიანები ქმნიდნენ. ამგვარი იდეოლოგიით უამრავი დისერტაცია და წიგნი იწერებოდა. მაგრამ მათი ავტორები რატომღაც თავის ბავშვებსაც ჩუმ-ჩუმად ნათლავდნენ, ხოლო აღდგომის წინა პარასკევს კვერცხებსაც ღებავდნენ წითლად.

მაშინ ვინმეს მათთვის რომ ეკითხა: რატომ აკეთებთ ამასო – ალბათ, რაიმე დამაჯერებელ პასუხს ვერ მიიღებდა (დღეს კი ყველას სტანდარტული პასუხი აქვს გამზადებული). ნუთუ ეს ქმედება მხოლოდ ტრადიცია იყო? (არადა, ხალხმა სხვა ტრადიციები რატომღაც იოლად დაივიწყა), შეიძლება, ყველაფერი თავისებური დაზღვევაა, (ყოველთვის იყო შიში – “იქნებ მართლაც რაღაც არსებობს?”) ან იქნებ ქვეცნობიერში ჩაკარგული სურვილია, ეზიარონ ეზოტერიკული საიდუმლოების არსს (?!). ძნელია ამ თემაზე საზოგადოდ იმსჯელო. ალბათ, ეს კითხვები თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას და გააანალიზოს იმ დროის ქმედებანი.

საზოგადოდ კი იმის თქმა შეიძლება, რომ XX საუკუნე ურწმუნოების აღზევების ასწლეულია. თუ ადრეულ ქრისტიანებს გნოსტიკოსებთან (ანტიკურ-ფილოსოფიური ცრუმოძღვრება, რომელსაც ყველაფრის შემეცნების პრეტენზია ჰქონდა) და მისგვარ ერეტიკულ მიმდინარეობებთან უწევდა ბრძოლა, მეოცე საუკუნეში ქრისტიანობას, და საერთოდ, რელიგიურობას დაუპირისპირდა გნოსტიციზმის ანტიპოდი – აგნოსტიციზმი*;. “დემონკრატიისთვის” მთავარი მიზანია, საშუალებები ყოველთვის მეათეხარისხოვანი, მიზანი კი რწმენის გაუფასურება და მოსპობაა. ამისთვის ნებისმიერი მეთოდი დასაშვებია, დღეს გნოსტიციზმი, ხვალ აგნოსტიციზმი, ზეგ კი…

უწინ ადამიანები ერთმანეთს ურჯულოებს, გიაურებს, ერეტიკოსებს და ქაფირებს უწოდებდნენ. დღეს ჰუმანისტების და ეგრეთ წოდებული ობსკურანტების ხანაა. მსოფლიო პოლიტიკოსთა, ფინანსისტთა და ხელოვანთა უმრავლესობა თავის თავს აგნოსტიკოსად ან კიდევ თავისუფლად მოაზროვნე ქრისტიანად მიიჩნევს. ამით ხაზს უსვამენ იმას, რომ მათი კარი ღიაა, მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ინტელექტუალური ქიმერისათვის. ხოლო ჭეშმარიტი რწმენა მათთვის რაღაც ეზოტერიკული რიტუალების და მივიწყებული ადათების ნაზავია, რომელიც მშვენიერი მასალაა ჰოლივუდის ფანტასტიკური ტრილერებისათვის.

საინტერესოა, როდის ჩაეყარა საფუძველი აპოკალიფსურ დროს. შეუძლებელია არ არსებობდეს საძირკველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი ათეისტურ-სექტანტური საზოგადოების “საგუშაგო კოშკი”. ალბათ, მისი ფესვები შუასაუკუნეების აღორძინებაში, ჰუმანიზმში, რეფორმაციაში, მტაცებელი სახელმწიფოების ანარქიულ განვითარებაში და, რა თქმა უნდა, ყოველგვარ რევოლუციებსა და ლიბერალიზმში უნდა ვეძიოთ. ყველაფერმა ამან ცალ-ცალკე და ერთად ხელი შეუწყო “დემონკრატიული” საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც მთავარი კერპი “ოქროს ხბოა”, ხოლო მთავარი იდეოლოგია ცრუთავისუფლება, რომელსაც თავგამოდებით იცავენ “ცისფერჩაფხუტიანი” რაინდები.

“არაფერი არ ვნებს ადამიანს ისე, როგორც უვიცობა” (სოფოკლე)
XX საუკუნის მეცნიერებები: დემოგრაფია, სტატისტიკა და სოციოლოგია თვალყურს ადევნებენ ჩვენს ცხოვრებას. ადამიანი შეპყრობილია ყველაფრის დათვლით, აღრიცხვით და ჩარიცხვით. საყოველთაო უმეცრების დროს მკვიდრდება “ყვითელი განათლება”… თუ შუასაუკუნეებში ყველაზე ხშირად ისმოდა კითხვა – რატომ? ახლა ყველაზე პოპულარული კითხვაა – რამდენი? პირად ცხოვრებაში: ვის რამდენი სახლი აქვს? რამდენი მანქანა? რამდენი ცოლი? და ა. შ. ხოლო ეკონომიკასა და პოლიტიკაში: ვის რამდენი ვალი აქვს? რამდენი მომხრე-მიმდევარი? საინტერესოა ისიც, თუ რომელ ფსევდომოძღვარს რამდენი ფანატიკოსი ჰყავს, რადგან მას თავისი ფანატიკოსი ელექტორატით არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეუძლია (ამ გზით ბევრი სექტის ბელადი მდიდრდება). ასეთ პასტორებს და პრეზიდენტებს საზოგადოებაში უფრო სერიოზული ძვრების მოხდენაც შეუძლიათ, უმეტესობა ეგრეთ წოდებულ “მეხუთე კოლონას” ხელმძღვანელობს და თავის დროს ელოდება.

რელიგიის პოლიტიკური და ეკონომიკური დივიდენდებისთვის გამოყენებას საფუძველი ათასწლეულების წინ ჩაეყარა. მაგრამ XX საუკუნემ ამ საკითხში ყველა დაჯაბნა. ამას დიდი იდეის პროფანაცია მოჰყვა. ალბათ, ამიტომ არ უნდა იყოს გასაკვირი საყოველთაო ნიჰილიზმი და ურწმუნოება. ამერიკელ სოციოლოგთა გამოკვლევებით იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც თავის თავს არც ერთი რელიგიის მიმდევრად არ მიიჩნევს, დიდი ხანია მილიარდს გადააჭარბა. ესე იგი, მილიარდზე მეტი ადამიანი ყოველგვარ რელიგიურ გრძნობას სისულელედ და თავის მოტყუებად თვლის, მორწმუნე ერთგვარი ზომბი ჰგონია, ხოლო ყველა სასულიერო პირი მისთვის თაღლითია.

ძველი მეთოდია, გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ჭეშმარიტებაში რომ დააეჭვო, მას უამრავი სატყუარა და ფსევდოჭეშმარიტება უნდა შესთავაზო. მწიგნობართა “ილუზიის ქარხანა” შეუჩერებლად მუშაობს, შედეგიც არ აყოვნებს… ქრისტიანობაში სქიზმა მძვინვარებს, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა ობსკურანტიზმის ბურჯადაა გამოცხადებული, ხოლო “რელიგიური კორპორაციები და ფირმები” მშიერი მტაცებლებივით ნადირობენ ადამიანებზე (და მათ სულებზე).

წინასწარმეტყველური დახასიათება ბოლოჟამინდელი ადამიანისა
“…მაგრამ შემდეგ გაიუკუღმართებენ თავიანთ (კეთილ) განწყობას, მიუბრუნდებიან ბოროტებას დასაღუპავთა ბოროტი დაღუპვით ისე, რომ ვერ მიხვდებიან, რომ არის ძმა და არის და, რომ არის მამა დედასთან და დედა – საკუთარ ძესთან, არ სცნობენ საქორწილო გვირგვინსაც(!). ექნებათ ერთადერთი დაღუპვა, ერთი დაცემა დაღუპვაში, როგორც სოდომს და გომორს, ანუ არ მოიძებნება ხუთი მართალიც კი… და ეყოლება ძმას და, როგორც ცოლი, დედას – ძე, როგორც ქმარი, ვაჟი მამას მოკლავს და იმრუშებს დედასთან და ბოროტების წყვდიადი იქცევა ჩვეულებად. რამდენად ბოროტი საქმენი მიემატებათ ადამიანებს, განმრავლდება მათზე უბედურება… ადამიანები კი, რაც მეტი უბედურება შეემთხვევათ, მეტად ააღორძინებენ ბოროტებას, ანუ სინანულის ნაცვლად გაბოროტდებიან ღმერთზე. ადამიანთა მიერ ჩადენილი ბოროტი საქმენი წარღვნისდროინდელ ბოროტ საქციელზე უმეტესი იქნება. მხოლოდ ბოროტებაზე ილაპარაკებენ, მხოლოდ ბოროტი ზრახვები ექნებათ, ბოროტი სურვილები, მხოლოდ ბოროტის გამო ამხანაგობა. თითოეულს – მხოლოდ ბოროტი საქმე, საყოველთაო ბოროტი მტაცებლობა, საყოველთაო ბოროტი ჩაგვრა, საყოველთაო ბოროტი განკერძოება, საყოველთაო ბოროტი გათიშულობა. თან იფიქრებენ, რომ ბოროტის ჩამდენიც დახსნილი იქნება… რამდენადაც განმრავლდება ანგარება, იმდენად – უბედურება მსოფლიოში” (ღირსი მამა ნილოს მირონმდინარეს წინასწარმეტყველება. ნაწილი I, თავი 28)

“სადაც მომხვეჭელობა იფურჩქნება, იქ სარწმუნოებრივი სიწმინდე იშვიათად შეინახება” (ტაციტი)

“ყვითელი პრესა”, “ცისფერი აზროვნება”, “მწვანე მოძრაობა”, “წითელი ურჩხული”… ასეთ ფერად-ფერად სამყაროში გვიწევს ცხოვრება. ფერები კი ისე აირია ერთმანეთში, შეუძლებელია რამის გარჩევა და დანახვა. ცნობილია, რომ მრავალი ფერის აღრევით შავ ფერს მივიღებთ, საითაც კაცობრიობა ბრმად მიიკვლევს გზას. მას არ აცლიან, გონს მოეგოს და ერთმანეთისგან კეთილი და ბოროტი გაარჩიოს.

ჩვენი სამშობლო ნელ-ნელა სიბნელის ბურუსში ეხვევა და გამოსავალს ეძებს. საყოველთაო ენერგეტიკულ კრიზისს ადამიანთა “ენერგოკრიზისი” დაემატება. საზოგადოებაში სასოწარკვეთილება და ურწმუნოებაა გაბატონებული. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი დღევანდელ საქართველოში თვითმკვლელობათა სიმრავლეა (ალბათ, ამის სტატისტიკაც არსებობს), რაც ერთგვარი გაქცევაა რეალობისგან, სადაც სიცოცხლე აუტანელია….

აქედან გამომდინარე, სურათი საკმაოდ უიმედოდ გამოიყურება. მაგრამ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მთელ კაცობრიობას დაღუპვისაგან იხსნის, რწმენაა. რწმენა იმისა, რომ კეთილი ყოველთვის ძლევს ბოროტს. გზა ნათელია, ხოლო არჩევანი ყველამ ჩვენვე უნდა გავაკეთოთ.ქრისტიანების რიცხვი ბოლო 100 წლის მანძილზე 558 მილიონიდან 1.995 მილიონამდე გაიზარდა, მაგრამ უმეტესი მათგანი წელიწადში ერთხელაც კი არ დადის ეკლესიაში. რაც შეეხება სხვა ტრადიციულ რელიგიურ მიმდინარეობებს, არც მათი საქმეა სახარბიელო.ტრადიციული რელიგიების დაკნინების კვალობაზე, შეიმჩნევა იუდაიზმის, აგრეთვე სხვადასხვა სექტების (მეთოდისტები, ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, ბახაისტები, ადვენტისტები და რასელის მიმდევრები) აღზევება.