ქვეყნის განვითარების ლოგიკით მოტივირებული წიგნი

ნოდარ ჭითანავა

მკითხველმა მიიღო პროფ. რ. ასათიანის ახალი წიგნი – “საქართველოს ეკონომიკა: ახალი ეპოქა”, I ნაწილი. როგორც ავტორი გვპირდება, წიგნის მეორე და მესამე ნაწილი უახლოეს პერიოდში მიეწოდება მკითხველს. ამჯერად შევეცდებით შემოთავაზებული წიგნის მიმართ ზოგიერთი მოსაზრება გამოვთქვათ.

პირველ რიგში, წიგნი გამოირჩევა ორიგინალობით, დასახული მიზნის მასშტაბურობითა და ისტორიული მნიშვნელობით. ავტორი მართალია, როცა წერს, რომ “ნებისმიერი ნაშრომი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის შესწავლას, მისი წარსულისა და აწმყოს შეჯამების ცდაა, ამასთან, ერთგვარი სამომავლო ორიენტირიცაა. მთავარია, დაცული იყოს ოპტიმალური თანაფარდობა მათ შორის.”” ავტორი იცავს თავის პოზიციასა და თანმიმდევრულად მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ძირითად ისტორიულ ეტაპებს, იძლევა მათ დახასიათებას, წარმოაჩენს თავისებურებებსა და ტენდენციებს, ეყრდნობა ისტორიულ წყაროებს, მეცნიერებათა სხვა მიმართულებების წარმომადგენელთა ნაშრომებს, მათ ანალიზს, შეფასებებს და აყალიბებს საკუთარ კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ მიდგომებს. ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილ წიგნში გამოყენებულია 330-ზე მეტი სხვადასხვა სახის წყარო. ეს მხოლოდ თემატიკის მრავალფეროვნებითა და მოცულობთ არ აიხსნება. ჩვენი აზრით, გამოყენებული წყაროების მნიშვნელობა ნათლად გვიჩვენებს ავტორის მიზანს, მის ნიჭიერებას, ფართო ერუდიციას, შრომისმოყვარეობას, მეცნიერულ და მოქალაქეობრივ კეთილსინდისიერებას. იგი საჭიროებისამებრ ეყრდნობა შესაბამის წყაროებს და ამით მეტ დამაჯერებლობას მატებს შემოთავაზებულ ანალიზსა და დასკვნებს.
ავტორმა შეძლო სისტემური მიდგომით, თანაც, ქვეყნის განვითარების ისტორიულ ფონზე (ქვის ხანიდან დღემდე), მოეცა ეკონომიკის განვითარების ერთიანი პროცესის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მხარეების შეფასება. ცალკეული ეტაპების ნიშან-თვისებების დახასიათებით, ავტორი ცდილობს მოამზადოს ისეთი ფონი, რომელიც მკითხველს ხელს შეუწყობს ჰქონდეს საერთო წარმოდგენა იმ გარემო პირობებზე (ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებზე), რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ეკონომიკაში დაცემის თუ აღზევების პერიოდებს, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინტეგრაციული პროცესების ცვალებად ხასიათს. ამ თვალსაზრისით, წიგნში გამოკვეთილია ეკონომიკის განვითარების ისტორიული პერიოდები: მაგალითად, ავტორი XI-XII საუკუნეებში ეროვნული ეკონომიკის წარმატებული განვითარების მთავარ პირობად სწორად მიიჩნევს ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილიზაციას და ამით ხსნის იმ პერიოდში ეკონომიკის ინტენსიფიკაციას (სარწყავი სისტემები, შრომის გაუმჯობესებული იარაღების გამოყენება), შრომის დანაწილების პროცესის გაღრმავებას, ხელოსნობის განვითარებას, საგარეო-სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას და მათ ფონზე ეროვნული კულტურის აღორძინებას. ასევე, ავტორი დამაჯერებლად, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით განიხილავს XIII საუკუნისა და შემდგომი პერიოდების პოლიტიკური სიტუაციების უარყოფით გავლენას ქვეყნის სამეურნეო ცხოვრებაზე და არგუმენტირებულად აფასებს ეკონომიკის დაქვეითების, საერთაშორისო სავაჭრო გზებიდან მოწყვეტის, საერთოდ, სამეურნეო ცხოვრების მოშლის მიზეზებს.
ლოგიკურია ავტორის მოსაზრება, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიაში მოქცევამ შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ისტორიული პროცესი. იგი იძლევა ამ პერიოდის ძირითადი ტენდენციების ობიექტურ სურათს და უჩვენებს კაპიტალიზმის განვითარების თავისებურებებს ქართულ ეკონომიკაში (რკინიგზის მშენებლობის, საბადოების ათვისების, სამრეწველო სიმძლავრეების აშენების, ვაჭრობის განვითარების მაღალი ტემპები).
წიგნში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეროვნული ეკონომიკა XX საუკუნეს შეხვდა ღრმა კრიზისით, რომელიც შემდეგ წლებში უფრო გამძაფრდა და სოციალურად და პოლიტიკურად საშიში ხასიათი შეიძინა.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, როგორც ავტორი მიუთითებს, დაიწყო ახალი, წინააღმდეგობებით სავსე ეპოქა, გაბატონდა სოციალიზმის საბჭოთა მოდელი, რომელმაც საბოლოოდ კრახი განიცადა.
ამრიგად, ავტორმა, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, შეძლო ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპების თავისებურებისა და ტენდენციების ობიექტურად ახსნა, ეკონომიკის, როგორც ერთიანი და მთლიანობითი სისტემის განვითარების შუქ-ჩრდილების ანალიზი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს აღორძინება ორგანულად უკავშირდება ძველიდან შემორჩენილ თუ ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რომ ეკონომიკა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია, ამიტომ, თუ იგი სუსტია, ვერც ერთი სახელმწიფო ვერავითარ პრობლემას ვერ გადაწყვეტს.
მეთოდოლოგიურად სწორი მიდგომით (კომპლექსურად) არის განხილული საქართველოს ცხოვრებაში ახალი ეპოქის – საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალი პერიოდის მიზნები, ამოცანები, კონცეპტუალური, მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული ასპექტები. სხვადასხვა თეორიების (დოქტრინების) ახლებურად გაანალიზებისა და შეჯერების საფუძველზე, წიგნში მოცემულია ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში თეორიული, პოლიტიკურ-სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და მეთოდოლოგიური ხასიათის შეცდომების ანალიზი, ობიექტური შეფასება და დასკვნები. მათი გაცნობა მკითხველს შეუქმნის რეალურ წარმოდგენას რა მოხდა, რა ხდება ეროვნულ ეკონომიკაში, რატომ არის წარუმატაბელი (ზოგიერთი პოზიტიური მოვლენის გამოკლებით) ობიექტურად აუცილებელი რეფორმები, რამ შეუწყო ხელი ადრინდელი და ახალი პრობლემების რთულ კვანძებად ფორმირებას, რომლებმაც ქვეყნის განვითარების ტრაექტორია შეცვალა.
წიგნის ორიგინალობას ადასტურებს ეროვნული ეკონომიკის, როგორც ერთიანი და მთლიანობითი სისტემის (მისი ისტორიული და სხვა ასპექტების გათვალისწინებით) შესწავლის ამოსავალ საწყისად ავტორის მიერ არჩეული მეცნიერებისა და სარწმუნოების ერთიანობის პრინციპი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა (თხზულებათა IV ტომი, გვ. 251-253).
ავტორი იზიარებს რა ამ პრინციპს, გვთავაზობს ანალიზის მისეულ ფორმას. სახელდობრ, წიგნი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან, წიგნის ყველა თავს წინ უძღვის უწმინდესისა და უნეტარესის ეპისტოლეებში ქართული ეკონომიკის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები, რჩევები თუ რეკომენდაციები, რომლებშიც მოცემულია ეკონომიკის როლის, მეურნეობრიობის პრინციპების, ტრადიციების მისეული ანალიზი და ნაჩვენებია ეკონომიკის აღორძინების მიმართულებები. წიგნის ავტორმა შეძლო მათი მეცნიერული შეფასება და არგუმენტირებულად დაასაბუთა ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში გათვალისწინების აუცილებლობა.
ანალიზისა და შეფასების აღნიშნული ფორმა მეტ დამაჯერებლობას მატებს ავტორის მცდელობას ყოველმხრივ დაასაბუთოს, რომ ისტორიულ ქარტეხილებში გამოვლილ ქვეყანას არასდროს დაუკარგავს თვითმყოფადობა, რომ “საქართველომ ყველა გაჭირვება და ავბედითობა დაძლია და ღვთის მადლით, კვლავაც დაძლევს. იგი იარსებებს, სანამ არსებობს დედამიწა” (ილია II).
ამ კონტექსტში უნდა ითქვას, რომ წიგნი სრულად ეხმიანება ენის, მამულის, სარწმუნოების – სამი ღვთაებრივი საუნჯის (ილია) ერთიანობის იდეას. წიგნი დაწერილია კარგი ქართულით, გამსჭვალულია მამულის ეკონომიკური საფუძვლების აღორძინების სულისკვეთებით, რომელსაც ისე, როგორც ქვეყნის (მამულის) ცხოვრებას საფუძვლად უნდა დაედოს სარწმუნოების (მართლმადიდებლობის) იდეოლოგია, ეკონომიკის ჰუმანიზაციისა და სოციალიზაციის პრინციპები.
ავტორის სულისკვეთება, მეცნიერული კვლევის უნარი, დასახული მიზნისადმი (ეროვნული ეკონომიკის აღორძინება) ერთგულება ოპტიმისტურად განაწყობს მკითხველს და იგი, ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესით ელოდება წიგნის დაპირებულ ნაწილებსაც.
ნოდარ ჭითანავა
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი