რეცენზია პროფესორების რევაზ გველესიანისა და ირინე გოგორიშვილის ნაშრომზე “ეკონომიკური პოლიტიკა” (წიგნი I, წიგნი II. თბილისი, “უნივერსალი”, 2008)

ევგენი ბარათაშვილი

თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს თეორიული და გამოყენებითი ნაშრომების შექმნას და გამოცემას, მით უმეტეს, როცა იგი ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემატიკას ეხება.

ნაშრომის შესახებ პირველივე პოზიტიურ წარმოდგენას იძლევა მისი სტრუქტურა, შინაარსი, სამეცნიერო ენა, ცალკეულ თავებში გაშლილი თემატიკა (სულ იგი 11 თავისაგან და ორი წიგნისაგან შედგება) და ავტორთა დიდი მეცნიერული გამოცდილება.
ნაშრომში განხილულია ისეთი თანამედროვე ეკონომიკური საკითხები და პრობლემები, როგორიცაა ეკონომიკური პოლიტიკის თეორია, ასევე პოლიტიკათა ფართო სპექტრი – ეკონომიკური წესრიგის, კონკურენციის, საფინანსო, ფულადი, შემოსავლების განაწილების, სოციალური, შრომის ბაზრისა და დასაქმების, საგარეო-ეკონომიკური, გარემოს დაცვის, აგრარული და განვითარების პოლიტიკა.
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური სუბიექტების საქმიანობის ფართო ასპარეზია. ყოველი ადამიანი მეტად სპეციფიკური და ინდივიდუალური ეკონომიკური სუბიექტია. ამდენად, თითოეულ ჩვენგანს საკუთარი, მიკროეკონომიკური პოლიტიკა გააჩნია. სავსებით სამართლიანად აღნიშნავენ ავტორები, რომ საქართველოში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა თავისი არსით წინააღმდეგობრივია. აღნიშნული წინააღმდეგობის სრულიად მოხსნა გარდამავალ პერიოდში შეუძლებელია, მაგრამ იგი რომ არ გამწვავდეს და არ გადაიზარდოს ანტაგონიზმში, საჭიროა შესაბამისი (რაციონალური) ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ჩვენ საზოგადოებაში ლიბერალიზმი ვლინდება არა საზოგადოებრივი ინტერესების, არამედ კერძო ეკონომიკური ინტერესების ერთადერთ და უმნიშვნელოვანეს ინტერესად გამოცხადებაში. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, უგულვებელყოფილია ხალხის, ადამიანური სოლიდარობისა და ერთობის, ერის ძალა. ეს ის მწარმოებლური ძალაა, რომელიც არ არის გათვალისწინებული (და არც შეიძლება იქნას გათვალისწინებული) ეკონომიკის თეორიაში. სამაგიეროდ, სწორედ ეს უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველი”.
საზოგადოებრივი მეცნიერებების პრაქტიციზმის თვალთახედვიდან თითქმის ყოველთვის იყო სადაო საზოგადოების პროგრესისა და კეთილდღეობისათვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია – ეკონომიკა თუ პოლიტიკა. ავტორები საკითხის სხვა ჭრილში, ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში განხილვას გვთავაზობენ.
ეკონომიკური პოლიტიკა წარმოადგენს პრინციპულად ახალ სამეცნიერო და სასწავლო მიმართულებას, რომელიც ახალი რეალობის ეკონომიკის პოლიტიკოსთა მომზადებას უზრუნველყოფს. მასში ერთმანეთს ერწყმის ეკონომიკური და პოლიტიკური ცოდნა, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოს და მისი ეკონომიკური განვითარების ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებისათვის. ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტმა უნდა შეძლოს ინდივიდუალური და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებისათვის ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ლოგიკური ანალიზი, ემპირიული გამოკვლევა და ნორმატიული დასაბუთება.
ეკონომიკური პოლიტიკის კურსის დაუფლება მრავალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მისი რეკომენდაციების გამოყენებისა და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას იძლევა. ეკონომიკური პოლიტიკის კურსი გულისხმობს ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების სტრატეგიული მართვის უნარ-ჩვევების შეძენას, ისეთი მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებას, რომლებსაც შეეძლებათ საზოგადოებაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების თეორიული ანალიზი და მის საფუძველზე სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების პრაქტიკაში რეალიზება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეკონომიკური პოლიტიკის მცოდნე სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნაა სახელმწიფო და ბიზნეს სტრუქტურებში, საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში, კორპორაციებსა და კონსტალტინგურ ცენტრებში. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური პოლიტიკის შინაარსი მნიშვნელოვნად სცილდება ცალკეული დისციპლინების საზღვრებში შემუშავებული პოლიტიკის მასშტაბებს, მათ შორის, სტაბილიზაციის, საფინანსო, სავაჭრო და სხვა სახის პოლიტიკას. ფაქტიურად, ეკონომიკური პოლიტიკა, სხვადასხვა სახის პოლიტიკათა ინტეგრირებული და სისტემური ხასიათის ფენომენია.
ნაშრომის შინაარსიდან ირკვევა, რომ ავტორთა კვლევა ჩატარებულია მეცნიერების თანამედროვე მიღწევების საფუძველზე. მისი ცალკეული დებულებები საინტერესოა დისკუსიის გამართვის კუთხითაც, რაც ნაშრომის მეცნიერულ ღირებულებას კიდევ უფრო ადიდებს.
სახელმძღვანელო შესრულებულია მაღალ თეორიულ დონეზე, კვლევის თანამედროვე მეთოდების, ქართული და უცხოური მეცნიერული ლიტერატურის, სტატისტიკური და სხვა ფაქტობრივი მასალების გამოყენებით.
ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელოს შინაარსი და სტრუქტურა ორიენტირებულია ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ეს განპირობებულია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირების სურვილით, რომელიც ერთადერთი რეალური გზაა სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნული ინტერესების რეალიზაციისათვის. ამ გზაზე წარმატებული ორიენტაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ტერიტორიულ მოწყობასა და ეკონომიკური პოლიტიკის მოდელის არჩევანს აქვს. აქედან გამომდინარე, ავტორებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს გერმანიის, როგორც ფედერალური მოწყობისა და სოციალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მოდელის განხილვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ნაშრომის თემატიკის აქტუალობა საერთოდ და კერძოდ, საქართველოს სინამდვილის გათვალისწინებით ეჭვგარეშეა. უდავოდ მისასალმებელია ავტორთა მცდელობა შეავსონ ამ პრობლემის გარშემო ქართულ მეცნიერებაში თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხთა გაშუქების არსებული ხარვეზი.
სახელმძღვანელოს სტრუქტურა ეფუძნება სასწავლო პროგრამას, რომელიც დადებითად შეფასდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სახელმწიფო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის, პროფესორ ჟამეს. A. Lეიტზელ-ისა და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ჭოლფგანგ ჭენგ-ის მიერ.
წარმოდგენილი კვლევის უაღრესად დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის მიუხედავად, ნაშრომში არ არის განხილული ისეთი საკითხები, რომლებიც კიდევ უფრო გაადიდებდა მის მეცნიერულ ღირებულებას. კერძოდ, სახელმძღვანელოს არც ერთ ნაწილში არ ჩანს რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა, მიდგომები რეგიონული პოლიტიკის მიმართ და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები, რაც განვითარების დღევანდელ ეტაპზე უაღრესად აქტუალურია. სასურველი იქნებოდა, ასევე, ავტორებს ცალკე თავებად (თემებად) წარმოედგინათ საინვესტიციო და საინოვაციო პოლიტიკა, რომელთა ნაკლებობასაც ნაშრომი უთუოდ განიცდის.
სასურველია ავტორებმა მომავალი გამოცემისათვის მეტად იზრუნონ ტექსტის სტილის დასახვეწად, რომ იგი სტუდენტებისათვის უფრო ნათლად და ადვილად გასაგები იყოს.
აღნიშნულის მიუხედავად, სარეცენზიო სახელმძღვანელო კიდევ ერთი ახალი სიტყვაა ქართულ სამეცნიერო ეკონომიკურ ლიტერატურაში, რომელიც ჯეროვან ყურადღებას და ავტორთა მიერ გაწეული შრომის დაფასებას იმსახურებს.
ევგენი ბარათაშვილი
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკის და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი
გურამ ჯოლია
ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის სრული პროფესორი, “საერთაშორისო ეკონომიკის” მიმართულების ხელმძღვანელი
ანზორ აბრალავა
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი
ნიკო ჩიხლაძე
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი