ესტაკადა გმირთა მოედანზე და კეინსის მულტიპლიკატორი

მაკა ღანიაშვილი

საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტში გზების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვის დაახლოებით 700 მილიონი ლარია გამოყოფილი. რას მოგვიტანს ეს მილიონები? იქნება თუ არა ის იმავე ეფექტის მომტანი სახელმწიფოსათვის, რაც დიდი დეპრესიის შემდეგ აშშ-ის ეკონომიკას რუზველტის გეგმამ მოუტანა, როცა მან აქცენტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გააკეთა. თუ, ისევე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, საქართველო ამჟამადაც გამონაკლისი იქნება, რომელზეც მავანთა პირადი ინტერესების გამო ეკონომიკის გაჯანსაღების სხვა ქვეყნებში აპრობირებული რეცეპტი არ მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ყველა წინაპირობა არსებობს?!

მირთა მოედანი და მდინარე ვერეს ხეობაში მშენებარე ახალი ავტოსაგზაო მაგისტრალი ახლა დიდი დისკუსიის საგანია. საავტომობილო ესტაკადის მშენებლობა დაახლოებით 80 მილიონი ლარი დაჯდება. ახალი გზა გვირაბისა და მიწის ქვეშ მოქცეული მდინარის თავზე აშენდება და ერთმანეთთან დააკავშირებს მზიურსა და ზოოპარკს. პროექტის მთავარი მიზანი ქალაქის საცობებისაგან განტვირთვაა. ხელისუფლების ოპონენტები კი, მიიჩნევენ, რომ მრავალგზის გადაკეთებული მოედნის რეკონსტრუქცია ამჯერადაც უშედეგო იქნება. თუმცა არა მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები, არამედ მოსახლეობისთვისაც ხშირ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რატომ იხარჯება ამ ფინანსური კრიზისის დროს მილიონები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც ერთი შეხედვით არავითარი ფინანსური სარგებელი არ მოაქვს?
მსგავსი განწყობა სულაც არ არის გასაკვირი. “ვარდების რევოლუციიდან”” დღემდე გმირთა მოედანმა რამდენჯერმე შეიცვალა სახე. კულმინაცია უზარმაზარი შადრევნის დამონტაჟება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბევრი სპეციალისტი გაუმართლებლად მიიჩნევდა გმირთა მოედანზე ამხელა შადრევნის დამონტაჟებას, მათი ვარაუდი საბოლოოდ გამართლდა. თუმცა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, უშედეგოდ არ ჩაუვლია. შადრევნის დემონტაჟსაც და დამონტაჟებასაც სჭირდება ბევრი ფული, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ამ ფულის უყაირათოდ ხარჯვა კი, სამართლიან ეჭვს იწვევს საზოგადოებაში, რომ სახელისუფლებო უწყებებში ვიღაც ცდილობს ქალაქის (და არამარტო თბილისის) კეთილმოწყობის სამუშაოებით ხელის მოთბობას. ასეთი სამუშაოების წინასაარჩევნოდ ჩატარება კი, ორმხრივად მომგებიანია ხელისუფლებისათვის – გაკეთებულ საქმესაც დაანახებ ხალს და საარჩევნო კამპანიისათვის ფულის გადაქაჩვაც არ იქნება რთული.
მაგრამ, ეს, საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა, სინამდვილეში კი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დიდი ეკონომოკური სარგებლის მოტანა შეუძლია. გზებისა და ხიდების მშენებლობა-რეკონსტრუქცია ფინანსური კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია.
მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისის ფონზე, განსაკუთრებით იმატა ჯონ მეინარდ კეინსის პოპულარობამ, რომელმაც უმნიშვნელოვანესი გავ- ლენა იქონია, როგორც თანამედროვე ეკონომიკურ თეორიაზე, ასევე მრავალი მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზეც. კეინსიანური თეორია ქადაგებს სამთავრობო პოლიტიკას, რომლითაც მთავრობას ფისკალური და მონეტარული ზომების გამოყენებით, ეკონომიკური ვარდნის, დეპრესიებისა და ბუმის უარყოფითი ეფექტების შემსუბუქება შეუძლია. ამ აზრისაა 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონიმიკის დარგში, პროფესორი პოლ კრუგმანიც. მისი აზრით, ეკონომიკა არა მონეტარულ, არამედ ფისკალურ პოლიტიკას საჭიროებს. ამ მიზნით უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯების გაზრდა, რაც, მაგალითად, სკოლების, გზების, ხიდების მშენებლობა-რეკონსტრუქციას გულისხმობს.
ინფრასტრუქტურული პროექტები რთული ეკონომიკური პირობებიდან ქვეყნის გამოყვანის კლასიკური მეთოდია. დიდი დეპრესიის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა ფსონი გზების მშენებლობაზე გააკეთა და როგორც შემდგომ გამოჩნდა, სამართლიანადაც: უმუშევრობა მკვეთრად შემცირდა, და ფუნდამენტური საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკის შემდგომ აღმავლობას.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ეს რეცეპტი კიდევ ერთხელ გამოსცადეს ესპანეთში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო რთულ ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. ევროკავშირთან შეერთების შემდეგ 1986 წელს ესპანეთმა ბრიუსელისაგან მიიღო სუბსიდია, რომლის საშუალებითაც დედაქალაქი დაუკავშირდა ქვეყნის სამხრეთის ღარიბ ნაწილს. ეს მაგისტრალი კომპანიებს დაეხმარა გადაეტანათ თავისი წარმოება იქ, სადაც მუშა-ხელი უფრო იაფი იყო. ესპანეთმა თავისი სატრანსპორტო მაგისტრალების ინტეგრირება ევროპასთანაც მოახდინა. ყოველივე ამან კი, ის შედეგი გამოიღო, რომ 2000 წლისათვის ქვეყნის მშპ საშუალოდ ყოველწლიურად 3-4%-ით იზრდებოდა.
თუმცა, ყველაფერს თავის დრო და ადგილი აქვს. დიდი დეპრესიიდან დაახლოებით 80 წლის თავზე, აშშ-ის ახლანდელმა პრეზიდენტმა ობამამ კვლავ გაიხსენა ეკონომიკის გაჯანსაღების ეს რეცეპტი. 2009 წელს აშშ-ში გზებისა და ხიდების რეკონსტრუქციისათვის 20 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა. თუმცა, ამას იგივე ეფექტი არ მოუტანია, რაც დიდი დეპრესიის შემდეგ რუზველტის პოლიტიკას. უმუშევრობის დონე, კვლავ ძალიან მაღალია აშშ-ში. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში უმუშევრობა 20%-ს აღწევს. მართალია, ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ოდესღაც გაამართლა, მაგრამ ინდუსტრიული ქვეყნებისათვის მათ იმავე ეფექტის მოტანა აღარ შეუძლიათ, მიიჩნევენ ექსპერტები. ორი მთავარი მიზეზის გამო – პირველი ისაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში მთავარი ინვესტიციები გზების მშენებლობაში უკვე განხორციელებულია, გარდა ამისა, სახელმწიფოებს ახლა ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებაც უწევთ, რაც სამშენებლო თუ სარეკონსტრუქციო პროექტებს ადრინდელთან შედარებით გაცილებით ძვირს ხდის.
თუმცა, ეს რეცეპტი კვლავ მომგებიანი შეიძლება იყოს იმ ქვეყნებისათვის, სადაც გზები ჯერ კიდევ გაუმართავია. მაგალითად, საქართველოსთვის. მსოფლიო ბანკის ექსპერტთა გამოთვლებით, იმისათვის, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა ეკონომიკის ზრდის ექვსი და მეტ პროცენტიანი მაჩვენებელი შეინარჩუნონ, აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ქვეყნის მშპ-ის 5% მაინც დაიხარჯოს.
საქართველოს ბიუჯეტში გზებისა და ხიდების მშენებლობისათვის გამოყოფილი თანხები წლიდან წლამდე იზრდება. 2008 წელს დაიხარჯა დაახლოებით 268 მილიონი ლარი, 2009 წლის გეგმით გათვალისწინებული იყო დაახლოებით 600 მილიონი ლარი, ხოლო 2010 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი 700 326 100 მილიონ ლარამდე გაიზარდა. აქედან ბიუჯეტიდან გამოყოფილია 255,541.1 მილიონი ლარი, ხოლო კრედიტებსა და გრანტებზე მოდის 444,785.0 მილიონი ლარი (წყარო: www.mof.ge).
ზემოთ ესპანეთი და ბრიუსელის მიერ მისთვის გამოყოფილი სუბსიდია ვახსენეთ, რომელიც ესპანეთმა ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მიიღო და შედეგად, ეკონომიკურ წინსვლასაც მიაღწია. ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე დონორებმა საქართველოს გზების რეაბილიტაცია-მშენებლობისათვისაც დიდი მოცულობის თანხები გამოყვეს (საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოქტომბერში გამართულ დონორთა კონფერენციაზე). დონორების მიერ საქართველოსთვის გამოყოფლი თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებას და გზების რეაბილიტაცია-მშენებლობას უნდა მოხმარდეს. მაგალითად, მსოფლიო ბანკმა 250 მილიონი აშშ დოლარი გამოყო აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რეაბილიტაციისათვის (სვენეთი-რიკოთი, მოიცავს გვირაბის რეაბილიტაციას); 60 მილიონი დოლარი – ვაზიანი-გომბორი-თელავის მაგისტარლისათვის და 40 მილიონი დოლარი – რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. 190 აშშ დოლარი გამოყო იაპონიამ სამტრედია-ზესტაფონი-ქუთაისის გზის რეაბილიტაციისათვცის (წყარო: www.mof.ge).
სვენეთი-რიკოთის ავტომაგისტრალზე ამჟამად სვენეთი-რუისის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც, სპეციალისტების თქმით, ყველაზე რთული და მასშტაბურია საქართველოში გზების მშენებლობის ისტორიაში. მონაკვეთზე მოდერნიზაცია-მშენებლობის სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
ავტომაგისტრალზე, რომელიც აზერბაიჯანიდან დაიწყება და საქართველოს გავლით თურქეთს შეუერთდება, მომსახურებისა და დასვენების მინიმუმ 28 ობიექტი მოეწყობა სარკისებურად. ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე თითოეულ კომპლექსში განთავსდება ბენზოგასამართი სადგურები, ტერმინალები სატრანზიტო მანქანებისთვის, მოსასვენებელი ოთახები, სწრაფი კვების ობიექტები, გაკეთდება საინფორმაციო ცენტრები უცხოელებისთვის; რამდენიმე ადგილას იქნება ტურისტულ-გასართობი ცენტრები და ა.შ. დეპარტამენტმა აღნიშნული ობიექტების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
წელსვე იგეგმება ქობულეთი-ბათუმისა და ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლებიც ავტობანს შეუერთდება.
ავტობანის გარდა, ასევე დიდი ინვესტიცია განხორციელდება რიკოთის გვირაბის რეკონსტრუქციისათვის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოიცვლება სავენტილაციო და განათების სისტემები, გზის საფარი, გვირაბი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ამ სამუშაოებისთვის 50 მილიონ ლარამდე გამოიყოფა, რომელიც მსოფლიო ბანკმა გაიღო. როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, მიმდინარე წელს ასევე გაგრძელდება ტაძრებთან და სოფლებთან მისასვლელი გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აშენდება რამდენიმე ახალი ხიდი. გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის რეკონსტრუქცია.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი განვითარებული ქვეყნების მაგალითსა და მსოფლიო ბანკის პროგნოზს ვენდობით, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მართლაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება. მაგრამ ერთია, რამდენად პატიოსნად მიმდინარეობს გაწერილი თანხების ხარჯვა და მეორე, რამდენად სასარგებლო შეიძლება გახდეს ის ეკონომიკის განვითარებისათვის.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial