ოპოზიცია პოზიციის საიმედო პარტნიორის როლში

სოფიკო სიჭინავა

მესამე ათასწლეულის დასაწყისში, ისევე, როგორც ორი ათასი წლის წინათ, კაცობრიობას აწუხებს ფიქრი, როგორი სტილის სახელმწიფო და როგორი მმართველობის ფორმაა ოპტიმალური და ჰუმანური. ჯერჯერობით, არც ერთ არსებულ ფორმას არ აქვს სრული უპირატესობა, ყოველ მათგანს თავისი პლუსი და მინუსი გააჩნია. თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატიული ყველაზე მისაღებია. ამოსავალი წერტილი და ღერძი, ხალხის ნების რეალიზაციაა, ანუ ის, რომ ხალხმა თვითონ აირჩიოს მმართველობა.

იუხედავად ამისა, მსოფლიოს ყვეაზე დემოკრატიულ ქვეყანაში,
აშშ-შიც კი საარჩევნო კანონს სერიოზული შუქ-ჩრდილები გააჩნია და ამის მაგალითია ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები.
ამდენად, ეს პრობლემა მსოფლიოსთვის ისევ ღიად რჩება. ხოლო, რაც შეგვეხება ქართველებს, დემოკრატიული საზოგადოების შექმნას ვცდილობთ, (თუმცა, როგორც აზიელებს, ბუნებით დიქტატურა უფრო გვიყვარს). ჩვენი ყველაზე სერიოზული პრობლემა, საარჩევნო კანონია. კანონი, რომელიც განხილვის საგანი მხოლოდ არჩევნების წინა დღეს ხდება ხოლმე.

საქართველოს პარლამენტს ზამთრის სესიის დასრულებამდე ახალი საარჩევნო კოდექსი უნდა მიეღო. ეს პერიოდი იმდენად იყო დატვირთული საბიუჯეტო პრობლემებით, რომ, როგორც ჩანს, ამ საკითხის მოსამზადებლად და, მით უმეტეს, განსახილველად მან ვერ მოიცალა. დაახლოებით ერთი თვის წინ პარლამენტში შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტს მოამზადებს. ჯგუფს ვიცე-სპიკერი, გიგი წერეთელი ხელმძღვანელობს. იგი ვარაუდობს, რომ პარლამენტის მიერ განსაზღვრული ვადა, ანუ საგაზაფხულო სესია საკმარისი იქნება საკითხის დასრულებისთვის.

პოლიტიკური პარტიები თავიანთი წარუმატებლობის მთავარ მიზეზად საარჩევნო კანონს ასახელებენ. კანონში არაერთი ცვლილება შევიდა, რომლებმაც ეს კანონი ხელისუფლებისთვის უფრო მეტად მისაღები გახადა და, ბუნებრივია, არც ერთი მათგანი ოპოზიციისთვის სახარბიელო არ ყოფილა. კანონმდებლობის, ასე ვთქვათ, სრულყოფაზე მსჯელობა და, შესაბამისად, ცვლილებების შეტანა, ყოველთვის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხდებოდა. საარჩევნო კანონში პარლამენტმა ბოლო გარდამავალ დებულებად ჩაწერა, რომ შემოდგომისთვის ახალ კოდექსს მიიღებდა. როგორც აღვნიშნეთ, ეს შეთანხმება დაირღვა. უკვე ცხადია, რომ პარლამენტს ახლაც ცაიტნოტში მოუწევს მუშაობა.

როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, საარჩევნო კანონი რადიკალურად უნდა შეიცვალოს. პირველ რიგში, ეს ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პრინციპს და მის უფლება-მოვალეობებს. მოქმედი საარჩევნო კანონი ბევრ საკითხს ღიად ტოვებს, არ არეგულირებს და ცსკ-ს თავმჯდომარეს საშუალებას აძლევს, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს, ხშირად, პოლიტიკურიც. ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთდროულად საკანონმდებლო, აღმასრულებელ და, რიგ შემთხვევებში, სადამსჯელო ფუნქციებსაც ითავსებს. თუ ვერწმუნებით პოლიტიკურ პარტიებს, ხდება ისეც, რომ ცსკ-ში საარჩევნო უბნიდან საერთოდ შეცვლილი ოქმები მიდის. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მწარე გამოცდილება “ლეიბორისტულმა” პარტიამ მიიღო. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის მისაღებად მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს.

ავთანდილ ტყებუჩავა (“ლეიბორისტული” პარტიის პოლიტიკური მდივანი):საარჩევნო კანონის პროექტი საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე, ე. წ. პოლიტიკური მიგრანტების დახმარებით უნდა შედგეს, რის შემდეგაც პროექტი საერთო სახალხო განხილვის საგანი უნდა გახდეს. ახალი საარჩევნო კოდექსი ყველას თანაბარ პირობებში უნდა აყენებდეს. დღეს კი რა სიტუაციაა?! ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სმკ-ს ცალკე ქვოტა აქვს, პრეზიდენტს – ცალკე, ამას ემატება ვითომ ოპოზიციური, სმკ-ს სატელიტი პარტიები, საერთო ჯამში, ეს ხელოვნურ უმრავლესობას ქმნის. ყოველივე კი სათავეა იმ უსამართლობისა, რაც ცსკ-ში ხდება.

როგორც ვიცე-სპიკერი, გიგი წერეთელი აღნიშნავს, ოპოზიცია არასოდეს იქნება კმაყოფილი საარჩევნო კანონით, წარმოუდგენელია კანონი თითოეულ ინდივიდზე იყოს გათვლილი, თუმცა, შესაძლებელია, რომ ზოგადი პარამეტრებით, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ოპოზიციისთვისაც მეტ-ნაკლებად მისაღები კანონპროექტი შემუშავდეს. ინტერფრაქციული ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს. კონტაქტები აქვთ ამერიკის განვითარების სააგენტოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციასთან “სარჩევნო სისტემების მხარდამჭერი ფონდი”. იანვარ-თებერვალში ჩატარდება ჯგუფის დასკვნითი სხდომა, რის შემდეგაც ისინი ფოკუსირებულად იმუშავებენ ახალი კოდექსის ჯერ ზოგად ნაწილზე, ხოლო შემდეგ ადგილობრივი არჩევნების შესახებ კანონზე, რადგან ადგილობრივი არჩევნები შემოდგომისთვის არის დაგეგმილი. როგორც ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, კანონპროექტის დამუშავებისას გათვალისწინებული იქნება, არასაპარლამენტო პარტიათა მოსაზრებებიც.

გიგი წერეთელი (პარლამენტის ვიცე-სპიკერი): არჩევითობის ხარისხის გაზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. განსასაზღვრია, რომელი თანამდებობის პირები იქნებიან არჩეულები. თუკი მერები და გამგებლები არჩევითი პირები იქნებიან, სერიოზული საკითხია, როგორი წესით აირჩევენ მათ, პირდაპირით თუ არაპირდაპირით. საუბარია საკრებულოში დეპუტატთა რაოდენობის შემცირებაზეც. ათ და ოცკომლიან სოფლებში არ ამართლებს პოლიტიზირებული საკრებულო, ამიტომ გადასაწყვეტია დეპუტატთა არჩევნები მაჟორიტარული წესით მოხდება, თუ პროპორციულით. ასე რომ, საკითხები უამრავია, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს.

ცხადია მისასალმებელია, თუკი საკრებულო, მასთან ერთად პარლამენტიც უფრო მობილური გახდება. მოსახლეობამ კარგად დაინახა თუ რა სახე მიიღო ზოგადად საკრებულოებმა და, განსაკუთრებით, თბილისის საკრებულომ. იგი ერთგვარი პოლიტიკური გარიგებების პოლიგონად იქცა. გასაგებია, რომ ადგილობრივი მმართველობის არანაირი ტრადიცია ჩვენში არ არსებობდა, მაგრამ ამ პირობებშიც იყო შესაძლებელი, რომ საკრებულოებს უფრო ეფექტურად ემუშავათ. დღეს ოპოზიცია საარჩევნო კანონში სხვა სახის ცვლილებებზე საუბრობს, რომელიც, ძირითადად, ცსკ-ს მოწყობას და მუშაობას შეეხება.

დავით სალარიძე (დეპუტატი, ფრაქცია “მრეწველები”): ხელისუფლება საარჩევნო კანონის რადიკალურ ცვლილებას არ დათანხმდება, რადგან მათ ხელისუფლებაში ყოფნის სხვა ხერხი და მექანიზმი არ გააჩნიათ, რატომ დათმობენ ამ ფუფუნებას? ამიტომ წყლის ნაყვაა ყველანაირი ინტერფრაქციული ჯგუფების შეკრებები. თუმცა, მე არ მინდა, იმ წინასწარმეტყველის როლში გამოვიდე, რომელსაც არაფრის არ სწამს. გარკვეულ საკითხებზე იქნება პრინციპული ბრძოლაც. ეუთოსა და ევროსაბჭოს დასკვნებში საკმაოდ სერიოზული შენიშვნებია საარჩევნო კანონთან დაკავშირებით და კონკრეტული მოთხოვნებიც არსებობს. თუნდაც მარტო ამიტომ შეეცდებიან, რომ ახალი კოდექსი თვისობრივად განსხვავებული იყოს. თუმცა, არა ისეთი, როგორიც ოპოზიციას სურს.

ხელისუფლება, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის გამო, იძულებული გახდება გაზაფხულზე თუ არა, მოგვიანებით მაინც მიიღოს ახალი კანონი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ, სათავისოდ გამოიყენონ ეს შანსი და ხელისუფლებას უფრო დემოკრატიული კანონი მიაღებინონ. მათი განცხადებებით ხომ, მოქმედი საარჩევნო კანონი გზას არ უტოვებს მოსახლეობას, თავისი არჩეული ხელისუფლება იყოლიოს. ამ მოსაზრებას ბევრი ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაცია ეთანხმება. საგაზაფხულო სესია ბევრი პარტიისთვის გამოცდა იქნება, ანუ გამოცდა იმისა, რამდენად არის ესა თუ ის პარტია ოპოზიციური და რამდენად შესწევს ძალა და უნარი რეალური ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე; გამოიყენებენ ერთიან ძალას, თუ შეეცდებიან ცალ-ცალკე არსებული სტატუს-ქვო შეინარჩუნონ, მმართველი ძალისთვის საიმედო პარტნიორის როლში. ერთი რამ ცალსახაა, რომ მთლიანი საარჩევნო კოდექსის მიღება გაზაფხულისთვის შეუძლებელია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ალბათ, კოდექსის ზოგად ნაწილს და ადგილობრივი არჩევნების კანონს დაამტკიცებენ. ასე რომ, გამორიცხული არ არის ეს არჩევნები “სახელგატეხილმა” ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაატაროს იმ სახით და შემადგენლობით, როგორიც დღეს არის. თუმცა, წინასწარ ძნელია განსაზღვრა თუ რა სახის ცვლილებებზე იქნება საუბარი თებერვალ-მარტში.

გიგი წერეთელი: ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე კოდექსის გარკვეულ ნაწილს მივიღებთ. წესით უნდა მოვასწროთ. ხელისუფლებას აქვს ამის სურვილი, თუ ოპოზიციაც იმავეს ფიქრობს, წარმოუდგენელია, რომ ვერ შევთანხმდეთ და დადგენილი ვადები ვერ დავიცვათ.

გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ეცდება ადგილობრივი არჩევნები გადაავადოს, გიგი წერეთელი აბსურდულს უწოდებს. ძნელია არ დაეთანხმო ვიცე-სპიკერს, ვინაიდან წარმოუდგენელია თუნდაც ერთი წლის განმავლობაში (ბუნებრივია, განუსაზღვრელი ვადით არჩევნებს ვერ გადაავადებენ) მმართველი პარტიის რეიტინგმა ისე აიწიოს, რომ ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია დაიკავოს. არჩევნების გადადებას სხვა მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს. ამ რამდენიმე ხნის წინ მმართველ პარტიას, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კონსულტაციები ჰქონდა ოპოზიციურ პარტიებთან. ოპოზიციას საკმაოდ საინტერესო იდეები აქვს საქართველოს ტერიტორიული მოწყობის მოდელთან დაკავშირებით. ამ საკითხზე პრეზიდენტთან იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ძალიან მალე მუშაობას შეუდგება. სავარაუდოა, რომ ტერიტორიული მოწყობის რეფორმა მალე რეალურ სახეს შეიძენს.

გიგი წერეთელი: თუკი ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის რეფორმას მართლა ვიწყებთ, ბუნებრივია, ადგილობრივი არჩევნების სისტემაც მას უნდა მივუსადაგოთ. რეფორმისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო და პრეზიდენტის გადაწყვეტილება. თუ რეფორმა დაიწყო, არჩევნებმა შესაძლოა დაიგვიანოს მხოლოდ იმდენ ხანს, რაც რეფორმის დასრულებას დასჭირდება. არავის ეგონოს, რომ ეს რაიმე ხრიკი ან ფანდია. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ და შევეცდებით, იმ ვადებში, რაც პარლამენტმა დაადგინა, ჩავეტიოთ.

ერთი სიტყვით, ხელისუფლება ახალი საარჩევნო კოდექსის მისაღებად მოწოდებულია, თუმცა, რამდენად არის მოწადინებული, სხვა საკითხია. საბოლოო ჯამში, რა გამოვა ამ ძალისხმევიდან, ძნელი სათქმელია. ერთი რამ ცალსახაა, რომ ეს კოდექსი არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიათა თავის ტკივილი, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემაა. თუ ახლაც ყველამ ინდიფერენტულობა გამოიჩინა, მაშინ სწორედ ჩვენზე იქნება ერთი ფრთიანი ფრაზა ნათქვამი – როგორი საზოგადოებაცაა, ისეთია ხელისუფლებაც.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial