კაპიტალური ინვესტიციები საქართველოში: მოცულობა, სტრუქტურა, წყაროები, დინამიკა, ტენდენციები

მანანა ხარხელი ასისტენტ-პროფესორი

სამშენებლო წარმოება მეტად კაპიტალტევადი დარგია. ამჟამად ქ. თბილისში 1 კვ. მ. საცხოვრებელი ფართის კაპიტალტევადობა საშუალოდ 500-800 დოლარია. ასე რომ, ერთსადარბაზოიან 9 სართულიან, 4500 კვ. მ. საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ქ. თბილისში მინიმუმ 2 250 000 დოლარი ინვესტიცია სჭირდება.

ასეთი ვარაუდული ანგარიშით, საქართველოს მარტო 2 მლნ. კვ.მ. შეჩერებული მშენებლობების დასამთავრებლად მინიმუმ 1 მლრდ დოლარი ესაჭიროება ამ მოცულობის ინვესტიციების ადგილობრივი წყაროები საქართველოს არ აქვს, არც უცხოეთიდან მოზიდვაა ადვილი. თანაც, უცხოურ ინვესტიციებს აქვს ერთი თვისება: “ის ძალიან ფრთხილია და მოუქნელი. თუკი ინვესტორმა გადაწყვიტა, რომ საქართველოში არ არის უსაფრთხო გარემო, თანხის ჩადებას არ გარისკავს”” (1, გვ. 73). ახლანდელი გლობალური კრიზისისა და რეცესიის ფონზე, მართლაც ვერავის გავამტყუნებთ, პირველ რიგში, საკუთარი კაპიტალის უსაფრთხოებაზე ზრუნავდეს. ინვესტირებისათვის გადაწყვეტილების მიღების დროს ჯერ თავდაცვის მექანიზმია გადამწყვეტი და არა მომავალ მოგებაზე ფიქრი.
სწორედ ამიტომ არის, რომ მთელ მსოფლიოში დაიწყო და გრძელდება კაპიტალური ინვესტიციების მოცულობის შემცირება. (აშშ-ში კერძო ინვესტიციები 21%-ით შემცირდა (2, გვ. 31), დიდ ბრიტანეთში ბრიტანელ ექსპერტთა ვარაუდით, 2009 წელს იგი 29%-ით შემცირდება (3, გვ. 46)
ძირითად კაპიტალში ინვესტიციების დინამიკა 2007 წლამდე საქართველოში სისტემატურად იზრდებოდა (ცხრილი 1). 2002-2007 წლებში იგი 2,5-ჯერ და მეტად არის გაზრდილი (263,2%). ამასთან, ზოგიერთ სფეროებში ძირითად კაპიტალში ინვესტიციების დაბანდების ზრდა საშუალოზე მეტია. (მაგალითად, კაპიტალურ მშენებლობაში – 4,5-ჯერ, უძრავი ქონების ოპერაციებში 6,5-ჯერ, კომუნალურ და სოციალურ მომსახურებაში – 5-ჯერ, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში – 3-ჯერ).
საანალიზოდ აღებულ ყველა წელს, გარდა 2002 წლისა, ინვესტიციების 25-30% მიემართებოდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ძირითადი ფონდების შესაქმნელად, 20-22% – პირადი სარგებლობის აქტივების შესაქმნელად, 14-15% საერთო სარგებლობის აქტივების შესაქმნელად, დანარჩენი 33-41% კი – ნაწილდებოდა ეკონომიკის სხვა სფეროებში. საკუთრივ წარმოების (მრეწველობა+სოფლის მეურნეობა +კაპიტალური მშენებლობა) ძირითადი ფონდების შესაქმნელად საქართველოში 2007 წელს დახარჯულია მხოლოდ 684,3 მლნ. ლარი, ანუ ძირითადი ფონდების შესაქმნელად გამოყოფილი ინვესტიციების საერთო თანხის მხოლოდ 14,3%, ანუ 10 პროცენტული პუნქტით ნაკლები, ვიდრე 2002 წელს. ეს ადასტურებს იმ გავრცელებულ აზრს, რომ საქართველო ავითარებს არა წარმოების ეკონომიკას, არამედ მომსახურების ეკონომიკას.
ძირითად კაპიტალში დახარჯულ ინვესტიციებში ლომის წილი უცხოურ ინვესტიციებს უჭირავს (ცხრილი 2). ცხრილი 2 გვიჩვენებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდასთან ერთად, მისი ხვედრითი წილი საქართველოს ძირითად კაპიტალში დაბანდებულ ინვესტიციებში 2002-2007 წლებში 21,1%-დან 73%-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტიცია იქცა საქართველოს ძირითადი ფონდების განახლების უმთავრეს წყაროდ. ვინ არ იცის, რომ ინვესტიცია არის არა მარტო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, არამედ საზოგადოების სოციალური სტაბილურობის საფუძველიც. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უმრავლეს შემთხვევაში ხელს უწყობს ადგილობრივ კომპანიებში მოწინავე ტექნოლოგიების და პროგრესული მენეჯერული უნარ-ჩვევების დანერგვას. თუმცა, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი შედეგებიც, კერძოდ (5, გვ. 53):
გამოდევნოს შიგა ინვესტიციები ბაზრიდან;
გააძლიეროს მოსახლეობის შემოსავლების დიფერენციაცია;
აამაღლოს უცხოური ინვესტიციების მიმღები ქვეყნის (რეციპიენტი ქვეყანა) შიგა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინვესტიციების გამცემი ქვეყნის (დონორი ქვეყნის) ჩარევის მასშტაბი და ა.შ.
ზემოთ ნახსენებიდან გამომდინარე, 2002-2007 წლებში საქართველოს ეკონომიკაში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12-ჯერ ზრდა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად არ უნდა აღვიქვათ და მის ობიექტურად შეფასებისთვის, საჭიროა დავადგინოთ მათ პარალელურად, შესაბამისი მოცულობით, იზრდებოდა თუ არა ქვეყანაში ინვესტიციების საერთო მოცულობა, შემოედინებოდა თუ არა გარედან თანამედროვე ტექნოლოგიები და მენეჯერული უნარ-ჩვევები და რაც მთავარია, წარმოიქმნება თუ არა ამით ახალი შესაძლებლობები ექსპორტის გასაზრდელად, უმჯობესდება თუ არა მოსახლეობის ცხოვრების დონე და ა.შ. თუ ეს მოთხოვნები არ სრულდება, მაშინ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დანიშნულება არის მისი მიმღები ქვეყნის ეკონომიკური დაკაბალება.
ყველა ამ კითხვაზე ჩვენს მიერ პასუხის გაცემა, სამწუხაროდ ძნელია, ვინაიდან საქართველოს სტასტისტიკის დეპარტმენტს არ აქვს შესაბამისი ინფორმაცია (მაგ., პირდაპირ უცხოური ინვესტიციების წარმართვაზე ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მოწინავე ტექნოლოგიების და მენეჯერული უნარ-ჩვევების შემოტანასა და დანერგვაზე). დეპარტამენტში აღმოჩნდა ინფორმაცია მხოლოდ ერთობლივი ინვესტიციებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებაზე. 2002-2007 წლებში ერთობლივი ინვესტიციები ძირითად კაპიტალში გაიზარდა 1825,6 მლნ. ლარიდან 4805,6 მლნ. ლარამდე, (ანუ 263,2%-ით), რაც შეეხება ცხოვრების დონის მაჩვენებლებს, 2002 წლის დასაწყისიდან 2007 წლის ბოლომდე სიღარიბის დონე 21,3%-დან ამაღლებულია 24,6%-მდე, (მედიანური მოხმარების 60%-ის მიმართ), სიღარიბის სიღრმე 6,9%-დან 8,1%-მდე, ხოლო სიღარიბის სიმწვავე 3,2%-დან 4,0%-მდე (6, გვ. 68).
Aამ მაჩვენებლების მიხედვით, მოსახლეობის ცხოვრების დონე აშკარად გაუარესებულია (სიღარიბის დონეც ამაღლებულია, სიღრმეც და სიმწვავეც), რაც შეეხება ადგილობრივი ინვესტიციების მოცულობის და ზრდის ტემპს, იგი მოცულობით აღემატება კიდევაც უცხოურ ინვესტიციებს, თუმცა მატების წლიური ტემპი მხოლოდ 13,7%-ია (შედარებისთვის: უცხოური ინვესტიციების ზრდის ტემპი 220,7%-ია). (იხ. ცხრილი 3).
ცხრილი 3-დან ჩანს, რომ საქართველოში არ ხდება უცხოური ინვესტიციებით ადგილობრივი ინვესტიციების გამოდევნა, თუმცა, მოსახლეობის ცხოვრების დაბალი დონე, უკიდურესი სიღარიბე და გაჭირვება, იმის მაჩვენებელია, რომ არც უცხოური და არც ადგილობრივი ინვესტიციები არ წარიმართება ექსპორტზე ორიენტირებული დარგების (უცხოური ვალუტის გამომუშავების წყარო) განსავითარებლად და შედეგად, ქვეყნის საწარმოო პოტენციალის გასაზრდელად. ეს რომ მართლაც ასეა, ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ პირველი ცხრილის ანალიზისას, საიდანაც გამოჩნდა, რომ საქართველოში ინვესტიციები იხარჯება არა წარმოების განსავითარებლად, არამედ და ძირითადად პირადი და საერთო სარგებლობის აქტივების გასაზრდელად, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განსავითარებლად (2007 წელს ამ სფეროებში დაიხარჯა ძირითად კაპიტალში დაბანდებული ინვესტიციების 63,7%). ახლა უკვე გასაგებია რატომაა მოსახლეობა ასე ღარიბი, რატომ იზრდება სიღარიბის დონე და შემდეგში როგორ და შემდეგში რა მიმართულებით უნდა მოხდეს ინვესტიციების რეალიზება.
არა ერთი და ორი უცხოელი და ქართველი მეცნიერი ირწმუნება (მით უფრო, ახლანდელი კრიზისის პირობებში), რომ საქართველოში უნდა გაძლიერდეს საინვესტიციო პროცესების სახელმწიფო რეგულირება: “თანამედროვე პირობებში საქართველოში აუცილებელია რეალურ სექტორში ინვესტირების კარგად გააზრებული, საერთო სისტემური და, ამავდროულად, სელექციური პოლიტიკის გატარება. სახელმწიფოს მხრიდან საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის გარეშე შეუძლებელია ინვესტიციური ბაზრის სუბიექტების აქტივიზაცია და, შესაბამისად, რეალურ სექტორში კაპიტალის მოდინება”(8, გვ.81). ეკონომიკის ინვესტიციური სფეროს სახელმწიფო რეგულირებამ უნდა უზრუნველყოს ინვესტიციური სფეროს მოწესრიგება, შემადგენელი ელემენტების შესაბამისობა, მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარებაში ოპტიმიზაციის მიღწევა და ა.შ. სამწუხაროდ, საქართველოში ეს არ ხდება.
საქართველოში ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემცირება ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენების შემდეგ დაიწყო. მიმდინარე ეტაპზე გვაქვს მსოფლიო ფინანსური კრიზისით გამოწვეული ინვესტიციების შემცირების ტენდენციაც, რაც საქართველოში მსხვილი საპრივატიზაციო ობიექტების რიცხვის ამოწურვას უკავშირდება. ხელისუფლების პროგნოზით, 2009 წელს მხოლოდ 1,7 მლრდ. აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა იგეგმებოდა. (9).
მაგრამ პროგნოზი ერთია და შესრულება მეორე. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დ. გიორხელიძე წერს: “2009 წელს ჩვენ ვნახავთ, რომ ახალი სამთავრობო ეკონომიკური გუნდის დეკლარირებული ორიენტირი რადიკალურ ცვლილებებს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ ინვესტიციები იმ მასშტაბებით, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის არის აუცილებელი, ქვეყანაში არ შემოვა. თითო ოროლა მეგობარს თუ შემოიყვანს ვინმე, ცუდი არ იქნება, მაგრამ ეს არაფერს გადაწყვეტს. გარე ინვესტიციები უნდა იყოს შემავსებელი იმისა, რასაც შიდა რესურსები ჰქვია. შიდა რესურსების უკმარისობასა და კარგი მეურნეობრიობის პირობებში ჩნდება საშუალებები ინვესტორების მოსაზიდად. როცა ტოტალური უმუშევრობაა, როცა ეკონომიკური ზრდის ტემპები ვარდება, საუბარი უცხოური ინვესტიციების გაზრდაზე აბსურდის სფეროს მიეკუთვნება” (10, გვ. 36).
დაახლოებით იგივე აზრი გამოთქვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა რ. ქრისტიანსენმა 2007 წელს. მან თქვა: “მინდა გადმოგცეთ მესიჯი – ეკონომიკას სჭირდება სტაბილურობა. საუბარია მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. Aამავდროულად გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, რათა ინვესტიციები გაიზრდოს…” (11, გვ. 18).
ასე რომ, თუ ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა დინამიურად ვითარდებოდა (რეალური შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2005-2007 წლებში 10 %-ს გადააჭარბა), რის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო უცხოეთიდან კაპიტალის ნაკადების ინტენსიური შემოდინება, 2008 წლიდან ეს პროცესი დაირღვა – ინვესტიციები დღევანდელ საქართველოში 5-ჯერ არის შემცირებული (12, გვ. 76). Eეს ცხადია გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის შეჩერებას. 2009 წლის სამი კვარტლის მონაცემებით საქართველოს შიდა პროდუქტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 5,9 %-ით შემცირდა (13, გვ. 5).
მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ქართველი სპეციალისტები გვთავაზობენ რეკომენდაციების კომპლექსს, (რომლებსაც ჩვენც ვეთანხმებით), რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ასეთი ღონისძიებები შემდეგია (14):
1. საქართველოს განვითარების საერთო სტრატეგიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობის სწორი გააზრება;
2. იმ დარგების და რეგიონების განსაზღვრა, რომელთა განვითარებაც უნდა მოხდეს უცხოური ინვესტიციებით, მისი მოსალოდნელი ეფექტის ანგარიში;
3. ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს რესტრუქტურიზაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საჭიროებისა და მათი მოზიდვის პოტენციალის შესაბამისად;
4. ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავება. სტრატეგიაში უნდა ჩანდეს საქართველოს როგორც ინვესტიციების მიმღები ქვეყნის ძლიერი და სუსტი მხარეები, ისეთი სექტორების გამოვლენა, რომლებშიც ძლიერი მხარეების წყალობით მაქსიმალური კაპიტალიზაცია მოხერხდება;
5. ინვესტიციების ხელშეწყობის საქართველოს სააგენტომ (ჩეხეთის და უნგრეთის მსგავსად) რეგიონებში უნდა გახსნას ოფისები, სადაც ადგილობრივ ხელისუფალთ ჩაუტარდებათ ტრენინგები ინვესტორებთან ურთიერთობებზე;
6. საქართველოს იმიჯის გაუმჯობესება საერთაშორისო არენაზე. უნდა შემუშავდეს იმიჯის შექმნის სამოქმედო გეგმა;
7. უნდა შეიქმნას ინვესტორების შესახებ მონაცემთა ბაზა და მუდმივად მოხდეს მისი განახლება;
8. უნდა შეიქმნას ბიზნესმომსახურების ცენტრები, რომლებიც ინვესტორის შეკვეთით შეისწავლიან ბაზარს, მოამზადებენ ინვესტორის ვიზიტს და ა.შ.;
9. და ბოლოს, საჭიროა ინტერნეტ-პრეზენტაციის გამოყენება ინვესტორებში საქართველოსადმი ინტერესის გაღვივებაში. ინვესტიციების ეროვნულ სააგენტოს ასეთი ვებ-გვერდი ინტერნეტში გააჩნია, მაგრამ იგი მეტად მწირ და თან მოძველებულ ინფორმაციას შეიცავს. ასეთი ვებ-გვერდი არ გამოდგება ინვესტორების მოსაზიდად.
როგორც ამ რეკომენდაციებიდან ჩანს, საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად მუშაობის მთელი სიმძიმე საქართველოს მთავრობას ეკისრება. ის გარემოება, რომ საქართველო დღემდის ვერ იქცა უცხოური ინვესტიციების პოლიგონად, ამ სტრუქტურების ცუდი მუშაობის შედეგია. ასეთ დროს, იმის მაგივრად რომ უცხოელ ინვესტორებს შეღავათები მივცეთ (როგორც ეს გააკეთეს ე.წ. “აზიის ვეფხვებმა” – სინგაპურმა, კორეამ, ჰონკონგმა და სხვებმა, რომლებიც 10-15 წლის წინ ჩვენს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ), ჩვენ მათ გარკვეულ შეზღუდვებს ვუწესებთ. მაგალითად, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს ცვლილება შეიტანა საქართველოს კანონის – “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” – მე-16 მუხლში (15, გვ. 22), რომელიც ეხება უცხოელ ინვესტორსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დავის გადაწყვეტის წესს. 2009 წლის 17 ივლისამდე უცხოელ ინვესტორს საქართველოს მთავრობა აძლევდა უფლებას, დავა ან საქართველოს სასამართლოში განეხილა, ანდა საინვესტიციო დავის საერთაშორისო ცენტრში, ანდა ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში ეჩივლა. 17 ივლისის ცვლილებით უცხოელ ინვესტორს საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილის უფლება არ აქვს, ის საქართველოს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ასეთი შეზღუდვა, ცხადია, არც ერთ უცხოელ ინვესტორს არ მოეწონება და იგი თავს შეიკავებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისგან, რადგან მათ საერთაშორისო არბიტრაჟში წასვლის შანსი ეზღუდებათ. მეტიც, ამ კანონიდან მთლიანად ამოიღეს მე-15 მუხლი, რომელიც კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევისთვის ინვესტორისთვის გარანტებს აწესებდა – აღნიშნულ მუხლში ცვლილებები, მისი ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში, ადრე განხორციელებულ ინცესტიციებზე არ ვრცელდებოდა. ამავე მუხლის მეორე პუნქტში კი ეწერა, რომ კანონმდებლობის შემდგომ შეცვლას მე-16 მუხლი არ დაქვემდებარებოდა. ახალ კანონში ინვესტორები ვეღარც ამ ჩანაწერს იპოვიან. ასეთი ცვლილების ფონზე სულ ახლახან საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში “ეკონომიკური თავისუფლების აქტის” პრეზენტაცია მოაწყო. “თავისუფლების აქტით”” პრეზიდენტი ინვესტორებს დაპირდა, რომ ქვეყნის საგადასახადო გარემო წლების განმავლობაში არ შეიცვლება და დაბანდებულ ფულს საფრთხე კარგა ხანს არ შეექმნება. Aახლა იბადება კითხვა: უცხოელმა ინვესტორებმა პრეზიდენტის ხმამაღალ დაპირებებს დაუჯერონ, თუ მათი უფლებების იმ უხმაურო შეზღუდვებს, რომელიც 2009 წლის 10 აგვისტოს ამოქმედდა?
არც ინვესტიციების ხელშეწყობის ეროვნული სააგენტოს მუშაობაა ბოლომდე დახვეწილი და ინვესტორებისთვის მართლაც ხელშემწყობი. ამ სააგენტოს მუშაობა ძირითადად სხვადასხვა კონფერენციებზე დასწრებაში და იქ საქართველოს რეკლამირებაში გამოიხატება. ეს კი არ არის საკმარისი. საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა იმისა, თუ სად და როგორ აპირებს მოზიდული ინვესტიციების დახარჯვას, როგორი იქნება უცხოელების სტიმულირება, რომელი დარგები აქვს ზრდადი და პრიორიტეტული და ა.შ. სწორედ ასეთი პროგრამები უნდა აჩვენოს სააგენტომ პოტენციალურ ინვესტორებს და აგრეთვე მიაწოდოს მათ დამატებითი ინფორმაცია საქართველოში კაპიტალის განთავსების მიმზიდველობის შესახებ.
არც თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნა (ფოთი, ქუთაისი, რუსთავი) მიგვაჩნია “ინვესტიციურ ხსნად””. რამდენი ინვესტორის შემოსვლაც დაგვჭირდება, იმდენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ხომ არ გავხსნით? ასე ხომ მთელი საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებად გადაიქცევა?
ასე რომ, ქვეყანაში ინვესტიციური საქმიანობის გასაფართოვებლად და ინვესტიციების მოსაზიდად სამთავრობო ორგანოების მხრიდან ფრაგმენტულად გარკვეული ღონისძიებების გატარება არ არის საკმარისი. ასეთი ღონისძიებები არავითარ შედეგს არ იძლევა. საჭიროა ქვეყანაში არსებობდეს ქვეყნის განვითარების მ.შ. საინვესტიციო საქმიანობის გრძელვადიანი სტრატეგია, მისი განხორციელების ყველა ბერკეტი და ინსტრუმენტი. საბოლოოდ უნდა გამოირიცხოს ქვეყნის განვითარება “ცდისა და შეცდომების” პრინციპით და იგი უნდა დაეფუძნოს ერთიან კონცეპტუალურ და მეთოდოლოგიურ მიდგომას, რომელსაც დაამუშავებენ პროფესიონალები და არა პარტიულობის პრინციპით შერჩეული ადამიანები.