მხცოვანი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ფილიპე გოგიჩაიშვილი

რედაქციისაგან

ქართული ეკონომიკური სკოლის ფუძემდებელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებელს, ფინანსებისა და სტატისტიკის კათედრების პირველ ხელმძღვანელს, სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის შემქმნელს, საერთაშორისო დონის მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, პუბლიცისტსა და ჟურნალისტს – პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილს მიმდინარე წელს დაბადებიდან 130 წელი შეუსრულდა.

დიდი ილიასა და იაკობ გოგებაშვილის, აგრეთვე ცნობილი მეცენატის ნიკო ღოღობერიძის სულიერი ანდერძის აღმსრულებელს, ხალხის ნდობითა და სიყვარულით აღჭურვილ ადამიანს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის ერთ-ერთ პირველ წევრსა და ხაზინადარს – ბატონ ფილიპე გოგიჩაიშვილს სხვადასხვა დროს უმსახურია კერძო კაპიტალისტურ საწარმოში. ყოფილი ჟურნალისტი, დიდი ილიას დავალებით, 1905-1906 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “ივერიას”, იყო სხვადასხვა გაზეთების კორესპონდენტი, უმსახურია ცარიზმისდროინდელ საზოგადოებრივ და მეურნეობრივ ორგანიზაციებში – ერობაში, ქალაქის თვითმმართველობაში, რკინიგზის მშენებლობაში; ჰქონია საკუთარი წიგნის მაღაზია, უმოღვაწევია სახელმწიფოებრივი მმართველობის უმაღლეს თანამდებობებზე და დიპლომატიურ ასპარეზზედაც. 1918-1920 წლებში იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სახელმწიფო კონტროლიორი. შემდგომ წლებში დიდხანს უმუშავია გეგმიანობისა და ფინანსების უწყებებში. 30 წელზე მეტხანს, 1950 წლამდე – გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, სახელოვან ივანე ჯავახიშვილთან ერთად.

ჯერ კიდევ 1917 წელს პეტროგრადიდან ჩამოსული ივანე ჯავახიშვილი ენერგიულად შეუდგა ქართული უნივერსიტეტის დაარსების საქმეს.

ივანე ჯავახიშვილს ღრმად სწამდა, რომ ამ ისტორიული მისიის განხორციელება უნდა დაკისრებოდათ იმდროინდელი საქართველოს ყველაზე სახელმოხვეჭილ, ხალხის ნდობით და სიყვარულით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებიც ამავე დროს თავისი მეცნიერული მოღვაწეობითაც იყვნენ ცნობილნი.

ივანე ჯავახიშვილმა თავისი ყურადღება შეაჩერა ფ. გოგიჩაიშვილზე, როგორც ცნობილ მეცნიერ და პრაქტიკოს ეკონომისტზე, საზოგადო მოღვაწესა და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ადამიანზე.

ფ. გოგიჩაიშვილს დაევალა უნივერსიტეტის უზრუნველყოფა მისი დაარსებისა და მუშაობისათვის საჭირო მატერიალურ-ფინანსური სახსრებით.

დღეს ძნელი წარმოსადგენია, რა გამბედაობა, რა გმირული სული უნდა ჰქონოდათ იმ ადამიანებს, როცა ასეთ პირობებში დიდ ეროვნულ საქმეს – ქართული უნივერსიტეტის დაარსებას მოჰკიდეს ხელი.

თუმცა ისინი მარტო არ იყვნენ. ეკონომიურად ღარიბი, მაგრამ ეროვნული თვითშეგნებით ძლიერი ქართველი ხალხი გვერდში დაუდგა ენთუზიასტებს და ყველამ თავისი წვლილი გაიღო დიდი საქმისათვის.

ფ. გოგიჩაიშვილი იყო პირველი საუნივერსიტეტო ხარჯთაღრიცხვის ავტორი, რომლის რამდენიმე ვარიანტიც შეადგინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ივანე ჯავახიშვილს სწორედ ფილიპე გოგიჩაიშვილმა დაუჭირა აქტიურად მხარი და თბილისის უნივერსიტეტი გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს, რომელიც არის ხსენება წმინდა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებლისა.

ფ. გოგიჩაიშვილი ამ დღიდან გვევლინება არა მარტო როგორც მისი ხაზინადარი, არამედ როგორც ეკონომიკური განათლების ხელმძღვანელი უნივერსიტეტში.

როგორც აღინიშნა, უმაღლესი ეკონომიკური განათლების დაფუძნება საქართველოში ფაქტიურად მას მოუხდა, ვინაიდან წლების მანძილზე თითქმის ყველა ეკონომიკური დისციპლინის წაკითხვა, სემინარული და პრაქტიკული მუშაობის ჩატარება მისი ხელმძღვანელობით წარმოებდა. გაკვირვებას იწვევს, როგორ უძღვებოდა იგი ერთდროულად პოლიტიკური ეკონომიის, ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის, ფინანსებისა და კრედიტის, ზოგადი და სპეციალური სტატისტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ეკონომიკის კურსთა მომზადებასა და ლექციების კითხვას ამ დისციპლინებში, სემინარულ და პრაქტიკულ მეცადინეობათა ხელმძღვანელობას. სოციალურ-ეკონომიკური სპეციალობის მთელი ეკონომიკური განყოფილება ფ. გოგიჩაიშვილის ლექციებსა და სემინარებს ემყარებოდა.

უკვე 1922 წელს ფ. გოგიჩაიშვილის თაოსნობით სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ბაზაზე საფუძველი ეყრება სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტს. მის მიერვე იქნა დამტკიცებული ფაკულტეტის შტატები და მისი სასწავლო გეგმები. ის აგრეთვე იყო პოლიტიკური ეკონომიის კათედრის ორგანიზატორი და გამგე, სტატისტიკის კათედრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

წარუშლელი კვალი დატოვა მისმა მრავალმხრივმა და ინტენსიურმა მეცნიერულმა მუშაობამ ქართულ ენაზე პირველ საუნივერსიტეტო კურსთა ჩამოყალიბებისათვის ძირითად ეკონომიკურ დისციპლინებში – პოლიტიკურ ეკონომიაში, ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის, ფინანსების, სტატისტიკისა და ტრანსპორტის ეკონომიკაში და, მაშასადამე, სათანადო ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის შემუშავებაში.

უდიდეს საზოგადოებრივ ღვაწლთან ერთად აუცილებელია აღინიშნოს პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის მეცნიერული მოღვაწეობა. მისი პირველი ფუნდამენტური ნაშრომი იყო სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მან დაიცვა 1901წ. გერმანიაში (ლაიფციგში), სადაც ის სწავლობდა.

ლაიფციგის უნივერსიტეტში სრული კურსის გავლისა და ლექცია-სემინარების მოსმენის შემდეგ ფ. გოგიჩაიშვილმა უნივერსიტეტს გერმანულ ენაზე წარუდგინა თავისი პირველი ფუნდამენტური შრომა, როგორც სადოქტორო დისერტაცია 1901 წელს, მისი სათაურია “ხელოსნობა საქართველოში”. იგი წარმოადგენს მონოგრაფიას, რომელშიც ავტორის მიერ მისთვის ჩვეული გულმოდგინებით და საქმის ღრმა ცოდნით შესწავლილია ხელოსნური წარმოება საქართველოში, როგორც თვით წიგნის ქვესათაური გვამცნობს, “განსაკუთრებით წარმოების პრიმიტიული ფორმების გათვალისწინებით”.
მონოგრაფია იწყება საქართველოს ოჯახური მრეწველობის ფორმათა შესწავლით, ვინაიდან ეს “მრეწველობა, როგორც საკუთარი ხელოსნური წარმოების პირველი და უძველესი ფორმა, რომლისგანაც შემდეგ სხვა ფორმებიც განვითარდა”.

აქ ავტორი აღწერს საქართველოში არსებულ სამეურნეო ურთიერთობებს რუსეთის ბატონობამდე, მის დროს, დიდ ქართულ ოჯახს, რომლის არსებობა პატრიარქალურ წყობასთან იყო დაკავშირებული; იგი ბატონყმობის გაუქმების შემდეგ თანდათან დაიშალა და მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსათვის საქართველოს დაბლობში უკვე აღარ გვხვდებოდა; შემორჩა მხოლოდ საქართველოს მთის რაიონებში, სადაც აგრეთვე დაშლის გზას დაადგა. ავტორი საინტერესოდ აგვიწერს დიდი ოჯახის შინაარსს, მის წევრთა უფლება-მოვალეობებს და ურთიერთობას, კერძოდ, უხუცესთა როლს დიდი ოჯახის სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში.

შემდგომ ქვეთავში ავტორი იკვლევს ოჯახური მრეწველობის ნაწარმს და მამაკაცთა და ქალთა შრომის დიფერენციაციას ამ ნაწარმის შექმნაში.

ოჯახურ მრეწველობას მოსდევს ხელოსნური წარმოების უფრო გვიანდელი ფორმების გამოკვლევა; ეს ფორმებია შეკვეთით მოხელეობა და საფასო მოხელეობა. პირველ ფორმაში გამოიყოფა ხელობაზე გასვლა, ანუ კარდაკარ სიარული და შინამოხელეობა. შემდგომ ავტორი აგვიწერს შეკვეთით მოხელეთა მრავალნაირ პროფესიას და საქმიანობას, რაც დღევანდელ საქართველოში აღარ გვხვდება მცირეოდენი გამონაკლისის გარდა (დანების მლესავები, მეთუნუქეები და სხვა…).

ხელოსნობის უფრო გვიანდელი და იმ დროს გაბატონებული ფორმა – საფასო მოხელეობა აღწერილია მომდევნო თავში. აქ ავტორმა გამოიყენა მაშინდელი სტატისტიკური მონაცემები, რათა ეჩვენებინა ხელოსნობის განვითარების იმდროინდელი სურათი და მდგომარეობა.

მონოგრაფიაში სპეციალური თავი ეხება ამქრობას, მის სოციალურ და უფლებრივ მდგომარეობას.

დასასრულს ავტორი ეხება კაპიტალისტური წარმოების ჩასახვას საქართველოში, ვაჭრობა-მრეწველობის განვითარებას. საგანგებოდ განიხილავს მევახშეობას, როგორც ფართოდ გავრცელებულ მოვლენას ყველა თავისი უარყოფოთი მხარით და დასძენს, რომ ამ მოვლენას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ საქართველოში მევახშეობას ეწევიან უცხო ტომის წარმომადგენლები.

მონოგრაფიის უკანასკნელი თავის შეფასების შემდეგ ავტორი ასკვნის, რომ საფაბრიკო მრეწველობის სუსტი განვითარების მიუხედავად, მაინც შესამჩნევია მისი ზრდის პროცესი და ქალაქის მოსახლეობის როგორც აბსოლუტური, ისე შეფარდებითი ზრდა.

ამ შრომას თავის რეცენზიაში მაღალი შეფასება მისცა გამოჩენილმა გერმანელმა მეცნიერმა, კარლ ბიუხერმა. გარდა ამისა მან ფართო ადგილი დაუთმო ფ. გოგიჩაიშვილის მიერ მიწოდებულ მასალას თავის კაპიტალურ წიგნში, “შრომა და რიტმი”, რომელიც მრავალ ენაზეა თარგმნილი და ამით მსოფლიოს სამეცნიერო წრეებს გააცნო საქართველოს ვითარება.

1918 წლიდან მოყოლებული თბილისის უნივერსიტეტის ეკონომისტ-სტუდენტთა თაობები უშუალოდ ფ. გოგიჩაიშვილის მიერ არიან აღზრდილნი. მათ შორის: პ. გუგუშვილი, ი. მიქელაძე, ვ. ჩანტლაძე, ა, გოკიელი, გ. გამყრელიძე, ლ. კარბელაშვილი და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ მის შრომებში ჯერ კიდევ მაშინ საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა წარმოებისა და ბიზნესის განვითარებასა და კვლევას საქართველოში.

თვით მისი ნაშრომის – “ხელოსნობა საქართველოში” გაცნობით ვრწმუნდებით, რომ იგი პირველი ქართველი ეკონომისტია, რომელმაც მეცნიერულ დონეზე შეისწავლა ბიზნესის, მათ შორის, მცირე ბიზნესის საკითხები. შეკვეთით მოხელეობა ხომ უპირველესად მცირე ბიზნესია. შესაბამისად, პროფ. ფ. გოგიჩაიშვილი სხვა მრავალ დამსახურებასთან ერთად უნდა ვაღიაროთ საქართველოში ბიზნესის საკითხების მეცნიერული კვლევის ფუძემდებლად.

მისი სტატიები იბეჭდება “ივერიაში”, რომელსაც ილია ჭავჭავაძის დავალებით თვითონ რედაქტორობდა 1905-1906 წლებში; ჟურნალ “მოამბესა” და “კვალში”, გაზეთებში – “ცნობის ფურცელსა” და “საქართველოს მოამბეში” და სხვა.

ფ. გოგიჩაიშვილის ეს ნაწერები შეეხება საქართველოსა და კავკასიის სხვა კუთხეების იმდროინდელი და ნაწილობრივ წინადროინდელი სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ფრიად მრავალგვარ და აქტუალურ საკითხებს. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევები 1890-1900-იანი წლების საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გარდა ამ ფრიად სერიოზული როლისა, რაც ამ კატეგორიის მისმა შრომებმა შეასრულეს მაშინდელ პრაქტიკულ-სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, მათი ისტორიული მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ამ შრომებს გვერდს ვერ აუვლის ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების, განსაკუთრებით აგრარულ ურთიერთობათა ვერც ერთი სერიოზული მკვლევარი.

აღნიშვნის ღირსია ფ. გოგიჩაიშვილის ღვაწლი მთარგმნელობით და ჟურნალისტურ მუშაობაში. ცნობილია, რომ ის თავისუფლად ფლობდა გერმანულს, ინგლისურს, რუსულს, ფრანგულს და იტალიურ ენებს. მის მიერ ნათარგმნია მარქსის, ენგელსის, ლენინის, სმიტის, რიკარდოს და შექსპირის ნაწარმოებები. მის მიერაა აგრეთვე ნათარგმნი მთელი რიგი სახელმძღვანელოებისა გერმანულიდან და რუსულიდან.

ჟურნალისტური მოღვაწეობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყურადღებას ამახვილებდა ყველაზე აქტუალურ, ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ეს იყო ძირითადად აგრარული საკითხი, დედა ენის სწავლება, ქართული მოსახლეობის გამრავლების პრობლემა, ვაჭრობა-მრეწველობის განვითარება და, რასაკვირველია, პოლიტიკური თავისუფლების საკითხი.

ფილიპე გოგიჩაიშვილს ეკუთვნის 1905 წელს ჟურნალ “ივერიაში” მოთავსებული სიტყვები: “ერი ვერ განვითარდება და ვერ აღორძინდება, თუ უდიდესი ნაწილი ერისა მუდამ სიღარიბეში იხრჩობა და მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მხრით თავისთვის ადამიანური ცხოვრება ვერ შეუქმნია… მისი ინტერესების უარყოფა მთელი ერის უარყოფასა და განწირვას ნიშნავს”. რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბატონ ფილიპე გოგიჩაიშვილს ჯერ კიდევ 100 წლის წინანდელი გამონათქვამი – დღევანდელი ჩვენი ყოფის რეალობაა… და რომ არა ის ავადსახსენებელი “სოციალიზმის აღმშენებლობის” 70 წელი, ჩვენი ცხოვრება, ალბათ, სულ სხვა მიმართულებით იქნებოდა წარმოჩენილი…

ახალგაზრდა თაობის ეკონომისტთა აღზრდას დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ბლოკში შემავალი 4 ფაკულტეტი ემსახურება, სადაც სწავლობს 6 ათასზე მეტი სტუდენტი და ასპირანტი. საერთაშორისო სტანდარტების დონეზე იხვეწება ეკონომიკისა და ბიზნესის შესწავლის პროგრამები, მყარდება მჭიდრო კავშირები უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, ეწყობა სტუდენტთა რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები; სტუდენტები სტაჟირებას გადიან უცხოეთის ქვეყნებში, გამოიცემა ეკონომიქსის ახალი სასწავლო დამხმარე ლიტერატურა; უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მოღვაწეობენ ბიზნესის სფეროში, ხელმძღვანელობენ სახელმწიფოებრივ დაწესებულებებს და წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითად ძალას. ამ ყველაფერს საფუძველი ჯერ კიდევ დიდმა მეცნიერმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა ჩაუყარა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2002 წლის 13 სექტემბერს, ეკონომისტის დღეს, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის ნეშტი გადმოსვენებულ იქნა ვაკის სასაფლაოდან უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის წინ მდებარე სკვერში უნივერსიტეტის დამაარსებელთა შორის.

ვფიქრობთ, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა, ქართველ ეკონომისტთა შორის უპირველესი ეკონომისტის, მხცოვანი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელსა და დიდებას მზრუნველობით მოუვლის და შეუნახავს მომავალ თაობებს.

გიორგი ბაბუნაშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial