სასათბურე მეურნეობის განვითარების ახალი გზა

მაკა ღანიაშვილი

ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, შემდგომ კი მისი ექსპორტის ხელშეწყობაზე მსჯელობა საქარველოში დიდი ხანია მიმდინარეობს. ევროკავშირისგან საქართველომ გარკვეულ პროდუქციაზე შეღავათებიც მიიღო (GSP+), თუმცა წლების მანძილზე ქვეყნიდან გასატანი თითქმის არაფერია. 2003 წელს ევროპამ საქართველოსთვის ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურების პროგრამაც შექმნა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული აქვს 437 პროექტი, მათ შორის, 430 მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში.

თუმცა, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, ქართული სოფლის მეურნეობა ადგილობრივ მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამავე დროს, არსებობს აუთვისებელი რესურსები, რომლის გამოყენებასაც სწორი და თანამიმდევრული პოლიტიკა სჭირდება. ქართულ პროდუქციას სასათბურე მეურნეობის განვითარების გარეშე, არათუ საერთაშორისო, ადგილობრივი ბაზრის დაკავების შანსიც კი არ აქვს.

ქვეყნის ენერგეტიკული მოთხოვნილების თითქმის ნახევარი იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მოდის. ეს ფაქტი უხვი ჰიდრორესურსის მქონე ქვეყნისთვის კატასტროფაა. ქვეყნის იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულება იმაზეც მიუთითებს, რომ მთავრობა სწორ ენერგეტიკულ პოლიტიკას არ აწარმოებს. ქვეყანაში დახლოებით 30 ათასი მდინარეა, პარალელურად კი ელექტროენერგიის ტარიფი კატასტროფულად მაღალია, თან ქვეყნის გაზზე დამოკიდებულება იზრდება. გარდა ამისა, შეშა საქართველოს საერთო ენერგეტიკული მოხმარების 15-25%-ს შეადგენს. გამოყენებული შეშის ენერგია აღემატება ყველა ჰიდროსადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიას და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის სითბოს უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. შეშის ჭრის ტემპები საქართველოში რამდენჯერმე აღემატება დასაშვებ ნორმებს, რამაც ქვეყნის ბევრ რეგიონში უკვე გამოიწვია გარემოს შეუქცევადი დაზიანება. რა შუაშია ეს ყველაფერი აგრარულ სექტორსა და სასათბურე მეურნეობის განვითარებასთან?! სწორედაც რომ “შუაშია””, რადგან მართებული სახელმწიფო ენერგოპოლიტიკის შემუშავება-განხორციელება და არსებული ბუნებრივი რესურსების სრულად გამოყენება ტექნიკური ინოვაციების დახმარებით, შეიძლება გახდეს ქვეყანაში აგრარული სექტორის და სასათბურე მეურნეობის განვითარების ფორმულა.
ბოლო წლებში საქართველოს ელექტროენერგეტიკისა და, პირველ რიგში, ჰესების რეაბილიტაციის ხარჯზე, პრაქტიკულად, გადაწყდა ქვეყნის ელექტრომომარაგების პრობლემა. შიდა ჰიდრორესურსების ხარჯზე იწარმოება ელექტროენერგიის 80%, ხოლო დანარჩენი მიიღება თბოსადგურებზე, იმპორტირებული ბუნებრივი გაზის გამოყენებით. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ზაფხულის წყალუხვობის პერიოდში, ელექტროენერგიის გენერაციის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ქვეყნის შიდა მოთხოვნილებას, რითაც იქმნება ექსპორტის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ამ რესურსის სრულად გამოყენება ვერ ხერხდება და ხდება წყლის მნიშვნელოვანი რაოდენობის უქმი დაღვრა. ამის პარალელურად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის სარეკორდოდ მაღალმა ქართულმა ელექტროტარიფებმა უკვე შეზღუდა ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, აღარ იზრდება. ამგვარად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ორივე მნიშვნელოვანი ასპექტი – მოწოდების საიმედობა და ენერგორესურსების ეკონომიკური ხელმისაწვდომობა დღეისათვის გადაუჭრელი პრობლემებია.
საჭიროა ენერგეტიკული უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა რესურსების მაქსიმალური მობილიზება. მით უმეტეს, რომ ქართველ ფერმერებსა და ბიზნესმენებს ახლა ამაში თანამედროვე ტექნიკური ინოვაციებიც შეუწყობს ხელს. ავიღოთ სასათბურე მეურნეობა. მაშინ, როდესაც ჩვენთან ყველა წინაპირობა არსებობს სასათბურე მეურნეობის განვითარებისათვის, დარგი სულს ღაფავს და პროდუქციის ესქპორტირებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ზამთარში ქვეყანა, მაგალითად, ყვავილებით ძირითადად, იმპორტირებული პროდუქტით მარაგდება.
როგორც ყვავილების ერთ-ერთ ცნობილ მაღაზია”ორქიდეა და ბამბუკში”” აცხადებენ, ისინი, ძირითადად, ჰოლანდიურ ნაწარმზე მუშაობენ. მაღაზიაში ყვავილების ფასი 5 ლარიდან იწყება და 100 ლარს აჭარბებს. ჰოლანდიური ყვავილების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი იმპორტიორია “არტ-ფლორ-დიზაინი””, რომელსაც ყვავილები ჰოლანდიიდან შემოაქვს. პროდუქციის ფასები აქ 15-20 ლარიდან იწყება და იზრდება შეკვეთის ხარისხის მიხედვით. მაღაზია “ფლორაში” კი აღნიშნავენ, რომ მათ, ჰოლანდიურთან ერთად, ქართული ყვავილებიც აქვთ გაყიდვაში, განსაკუთრებით კარგად კი იკებანები იყიდება. იგივე სურათია ე.წ. “ყვავილების ბაზრობებზეც””. თუ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდს არ ჩავთვლით, როცა დახლებზე ქართული მინდვრის ყვავილები ჩნდება, როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ, ძირითადად, ჰოლანდიური და თურქული ყვავილებით ვაჭრობენ. ზამთრის განმავლობაში ყვავილების ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან ხორციელდება: ჰოლანდია, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი და ა.შ. კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე “ყვავილების ბაზრობაზე””ზამთარში ადგილობირივი ყვავილი არ არის და უცხოეთიდან შემოტანილ ყვავილს შედარებით მაღალი ფასი აქვს, აქედან გამომდინარე ნავაჭრიდან მოგებაც ნაკლებია.
ყვავილების ადგილობრივი წარმოების შესახებ საუბრობს ლანდშაფტური კომპანია “აგროდეკორსერვისის” გენერალური დირექტორი, ლევან ჭანუყვაძე: “საქართველოში არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც მოჰყავთ ასაჭრელი ყვავილები, მათ შორის, ბათუმსა და თბილისშიც. ერთ დროს, ჩვენც ვიყავით ასაჭრელი ყვავილების ბიზნესით დაკავებული, მიხაკები და ვარდები მოგვყავდა, მაგრამ კარგა ხანია ეს თემა აღარ გვაინტერესებს. იმიტომ, რომ ძალიან გაგვიტაცა ბაღების მოწყობამ, რაც იმთავითვე ჩვენი მთავარი მიზანი იყო. თან, კონკურენცია ასაჭრელი ყვავილების ბიზნესში ძალიან მაღალია, იმიტომ, რომ ისრაელიდან და თურქეთიდან ძალიან იაფად შემოდის ყვავილები. თუმცა, ამის გამო ადგილობრივი მწარმოებლები უკან არ იხევენ და აქაც მოჰყავთ ყვავილები.
ს.ე. – ადგილობრივი წარმოება აკმაყოფილებს ადგილობრივი ბაზარის მოთხოვნას?
ლ.ჭ. – ვერ აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ამიტომ დიდი რაოდენობით ყვავილი შემოდის კოლუმბიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან. შემოდის ვარდები, ქრიზანთემები და სხვა სახეობის ყვავილები.
ლევან ჭანუყვაძე, ზოგადად, სასათბურე მეურნეობის განვითარების შესახებაც გვესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მართალია, არის ერთეული მაგალითები სასათბურე მეურნეობის წარმოებისა საქართველოში, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული. ლევან ჭანუყვაძე: “სასათბურე მეურნეობამ ახლა დაიწყო ნელ-ნელა ფეხის მოკიდება. ბათუმში დაახლოებით 3 ჰექტარზე გაკეთდა თანამედროვე ევროპული ტიპის სასათბურე მეურნეობა, სადაც მოჰყავთ ბოსტნეული კულტურები. ევროპული სტანდარტები კი იმას ნიშნავს, რომ სათბური აღჭურვილია თავის მიკროკლიმატით, გათბობა-გაგრილება-გაციების, დაჩრდილვისა და ტენიანობის უზრუნველმყოფელი სისტემებით. ეს ყველაფერი, კომპლექსში ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება”.
ბატონ ლევანს სათბურების გათბობის საშუალებებზეც დავუსვით კითხვა. როგორც მან აღნიშნა, “სათბურის გაზით გათბობა ძალიან ძვირი ჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ დენით გათბობაზე. ელექტროენერგია ძალიან ძვირია ჩვენს ქვეყანაში, ამიტომაც სათბურებს ძირითადად ნახშირით ათბობენ”.
ელექტროენერგიის ტარიფები რომ მართლაც მაღალია საქართველოში, ამაზე ზემოთ ჩვენც ვისაუბრეთ, სწორედ ამიტომაც შევეხეთ სახელმწიფოში სწორი ენერგოპოლიტიკის არსებობის აუცილებლობას. ენერგეტიკის სფეროში არათანამიმდევრულ პოლიტიკას შედეგად ძალიან მაღალი ტარიფები მოაქვს, რაც ჩვენი ქვეყნის უხვ ბუნებრივ სიმდიდრეს მიუწვდომელს ხდის მომხმარებლისა და ბიზნესმენისათვის. მით უმეტეს, რომ არსებობს ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც სათბურის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა და გათბობა ელექტროენერგიის გამოყენებით გაცილებით ეკონომიურად შეიძლება.
საქართველოში უკვე არსებობს თანამედროვე ელექტროგათბობის ტექნოლოგიები, რომელთა დანერგვა-გავრცელება ადგილობრივ წარმოებას დიდად წაადგება. საუბარია გათბობის ახალი სისტემის მწარმოებელი კომპანია დევის” შესახებ, რომელიც დანფოსის” შვილობილი კომპანიაა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შენობების გათბობას, გზებისა და სახურავების თოვლისა და ყინვისაგან დაცვას და მილების გათბობისა და გაყინვისაგან დამცავი სისტემების მონტაჟს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, “დევის” პროდუქციას ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს გათბობის სხვა სისტემებთან შედარებით. ძირითადი უპირატესობა კი არის სისტემის ეკონომიურობა, როგორც მონტაჟის, ასევე შემდეგ ენერგიის ხარჯვის დროს. “დევის” სისტემები, შენობის გათბობის და გარე ტერიტორიების ყინვისგან დაცვის გარდა, ასევე გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, სათბურებში გრუნტის გასათბობად, ზამთრის ბაღებში, ფერმების და ცხოველების სამყოფ შენობებში. სოფლის მეურნეობაში ხშირად არსებობს პრობლემები ცხოველებისთვის ოპტიმალური ტემპერატურის შესაქმნელად. მაგალითად, გოჭების სწრაფი ზრდისთვის საჭიროა, რომ ცივი იატაკის გამო ტემპერატურა დაბლა არ იწევდეს. ამ შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლები ფერმერებს სთავაზობენ “დევის” Deviflex-ის სისტემებს. სისტემების უპირატესობა ის არის, რომ თანაბარი ტემპერატურა მთელი იატაკის ზედაპირზე, სრული გათბობის გარეშე მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგომოხმარების ხარჯებს.
“დევის” პროდუქციის შესახებ გვესაუბრება საქართველოში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი ქრისტინე ხუციშვილი: “დევის” სისტემები გამოიყენება სათბურებში და ორანჟერეებში ზრდის პროცესების დასაჩქარებლად, მცენარეების რეპროდუქტირებისთვის და მოსავლის აღების სეზონების გასახანგრძლივებლად. ჩვენი სისტემის მეშვეობით ნიადაგის გათბობა შესაძლებელია გაზაფხულის მოსვლისთანავე, რაც იძლევა სუბტროპიკული, სითბოს მოყვარული მცენარეების გაზრდის გამარტივების საშუალებას. მაგალითად, ჩვენი მეზობელი ქვეყანა, სომხეთი, აქტიურად იყენებს “დევის”” პროდუქციას სათბურებში, მერე კი საქართველოში აგზავნის კიტრსა და პომიდორს ზამთრის სეზონში. ზამთარში საქართველოში იყიდება სწორედ იმპორტირებული კიტრი და პომიდორი, რადგან ის ბევრად იაფია ადგილობრივ ნაწარმზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადგილობრივი სათბურების გათბობა ბევრად ხარჯიანი და ძვირია, ვიდრე ამას”დევის” ტექნოლოგიები სთავაზობს მომხმარებელს. მიმაჩნია, რომ თუ ადგილობრივი მესათბურეები გამოიყენებენ “დევის” სისტემებს, მაგალითად, ყვავილებისა და ხილ-ბოსტნეულის მოსაყვანად, ზამთარში იმპორტირებული ბოსტნეულით კვება აღარ დაგვჭირდება”.
ამისათვის კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად ერთიანი სახელმწიფო ენერგოპოლიტიკის გატარებაც აუცილებელია. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად აუწყობენ ფეხს ტექნიკურ სიახლეებს ქართველი ფერმერები და რამდენად შეუწყობს მათ ხელს სახელმწიფო მიზანმიმართული და სწორად დაგეგმილი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებით.