ნორვეგიის ალკოჰოლური სასმელების ბაზრის თავისებურებები

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო 

ნორვეგიის კანონმდებლობით, ალკოჰოლურ სასმელად ითვლება სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 2,5%-ს აღემატება, ხოლო სპირტიან ალკოჰოლურ სასმელად ითვლება სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 22%-ს აღემატება. ალკოჰოლური სასმელების მოხმარების კუთხით, ნორვეგიული ბაზარი, ტრადიციულად, ლუდზე და სპირტიან ალკოჰოლურ სასმელებზე იყო ორიენტირებული. 

      ნორვეგიაში, ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მხრივ, ყველაზე კრიტიკული მე-19 საუკუნის 30-იანი და 40-იანი წლები იყო. ლიბერალურმა კანონმდებლობამ ხელი შეუწყო სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მკვეთრ ზრდას, რამაც ნორვეგიაში მოხმარებული ალკოჰოლური სასმელების მთლიანი მოცულობის 80-90% შეადგინა. ამ პერიოდში ნორვეგიის ერთი ზრდასრული (15 წლის და მეტი) მოქალაქე წელიწადში საშუალოდ 13 ლიტრი სუფთა სპირტის ექვივალენტ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარდა. 
      ალკოჰოლური სასმელების ასეთმა ჭარბმა მოხმარებამ, ნორვეგიაში მძლავრ ანტიალკოჰოლურ კამპანიას ჩაუყარა საფუძველი.,მოძრაობამ სიფხიზლისათვის” შეიმუშავა სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ კონტროლირებული ალკოჰოლური სასმელების ისეთი მაღაზიების შექმნა წარმოადგენდა, რომლებიც, გაყიდვებისგან მოგებას არ მიიღებდნენ. პირველი ასეთი მაღაზია 1871 წელს გაიხსნა. 
      1919 წელს ნორვეგიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც, ნორვეგიელების 61,6%-მა ნორვეგიის ბაზარზე სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების და შემაგრებული ღვინოების რეალიზაციის აკრძალვას დაუჭირა მხარი. აკრძალვა ძალაში 1921 წელს შევიდა, რამაც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქვეყნების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ბუნებრივია, ნორვეგია უყურადღებოდ ვერ დატოვებდა ამ ქვეყნების პროტესტს, ვინაიდან თვითონ ამ ქვეყნებში თევზის და სხვა პროდუქციის დიდი ოდენობით ექსპორტს ახორციელებდა. 
      გამოსავალის სახით, ნორვეგიის ხელისუფლებამ ცენტრალიზებული მონოპოლიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, 1922 წლის 30 ნოემბერს,  დაფუძნდა Vinmonopolet-ი, რომელიც სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანიას წარმოადგენდა (ინფორმაცია Vinmonopolet-ის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე მისამართით www.Vinmonopolet.no). ამ პერიოდში Vinmonopolet-ს გააჩნდა, როგორც 4,75%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლური სასმელების (სპირტიანი ალკოჰოლური სასმელებისა და შემაგრებული ღვინოების გარდა) იმპორტის, ჩამოსხმისა და წარმოების, ასევე ნორვეგიის მთელ ტერიტორიაზე მათი რეალიზაციის ექსკლუზიური უფლება. 1923 წელს შემაგრებული ღვინოების და 1926 წელს სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის დაშვების შემდეგ, ნორვეგიის ბაზარზე ხსენებული პროდუქტების იმპორტის, რეალიზაციის, ჩამოსხმისა და წარმოების ექსკლუზიური უფლებაც Vinmonopolet-ს მიენიჭა. თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, Vinmonopolet-ში კერძო ინტერესებისა და მონოპოლიის შერწყმამ მის ფუნქციონირებაში, კერძოდ კი შესყიდვების პროცესში, ნაკლოვანებები გამოავლინა. 
      1931 წლის 19 ივნისს მიღებული იქნა Vinmonopolet-ის სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი და დირექტორები ნორვეგიის მთავრობის მიერ ინიშნებიან, ხოლო დირექტორთა საბჭოსათვის აუცილებელი გახდა ნორვეგიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს დირექტივებით ხელმძღვანელობა. კერძო ინტერესების ეტაპობრივი შეზღუდვის შედეგად, 1939 წელს Vinmonopolet-ი სრულად გადავიდა სახელმწიფოს ხელში. 
      ვინაიდან ალკოჰოლური სასმელების ნორვეგიაში იმპორტზე, რეალიზაციაზე, წარმოებასა და ჩამოსხმაზე Vinmonopolet-ის ექსკლუზიური უფლება 1994 წლის 1 იანვარს ძალაში შესულ ევროპული ეკონომიკური სივრცის შესახებ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგებოდა, 1996 წლის 1 იანვრიდანVinmonopolet-ს გამოეყო კომპანია ARCUS-ი, რომლის ფუნქციებსაც ალკოჰოლური სასმელების იმპორტი და საბითუმო რეალიზაცია, ასევე ალკოჰოლური სასმელების წარმოება და ჩამოსხმა წარმოადგენდა. ამ პერიოდიდან იგივე უფლებები სხვა ნორვეგიულ კომპანიებსაც მიენიჭა. ასე რომ, 1996 წლიდან ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების იმპორტი, საბითუმო რეალიზაცია, წარმოება და ჩამოსხმა კონკურენციის პრინციპებს დაეფუძნა.Vinmonopolet-მა მონოპოლია ნორვეგიის შიდა ბაზარზე 4,75%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლური სასმელების მხოლოდ საცალო რეალიზაციაზე შეინარჩუნა. 
      აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია უფრო ლიბერალურია, ვიდრე ნორვეგიაში, ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარება საგრძნობლად მაღალია, ვიდრე სკანდინავიის ამ ქვეყანაში. ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება კი, როგორც ცნობილია, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობასა და სოციალურ გარემოზე. შესაბამისად, Vinmonopolet-ი, ალკოჰოლური სასმელების საზოგადოებისთვის და ადამიანების ჯანმრთელობისთვის მისაღები ოდენობითა და ფორმით მოხმარების მარეგულირებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს. 
      Vinmonopolet-ის ძირითადი ფუნქციებია: 
       ნორვეგიაში ალკოჰოლური სასმელების ზომიერი მოხმარებისა და ამით ადამიანების ჯანმრთელობაზე და სოციალურ გარემოზე მისი ნეგატიური გავლენის შემცირების ხელშეწყობა; 
       მომხმარებლების მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფა; 
       ნორვეგიულ ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების მომწოდებლების ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა. 
      აღსანიშნავია, რომ Vinmonopolet-ის ძირითადი ფილოსოფია ნორვეგიის ბაზარზე რომელიმე სავაჭრო ნიშნის ან ალკოჰოლური პროდუქციის “გაბატონების” აღკვეთაა. Vinmonopolet-ი ამას, ნორვეგიის ბაზარზე ლიდერის პოზიციაში მყოფი პროდუქციის ანოლოგიური კატეგორიის ახალი პროდუქციის იმპორტის ხელშეწყობით ახორციელებს. ასე რომ, მონოპოლიის მოდელი დაფუძნებულია ბაზარზე შესაბამისი ხარისხის ახალი პროდუქციის შემოტანაზე და არა ბაზარზე არსებული სავაჭრო სახელებისა და პროდუქციის “გაბატონების” ხელშეწყობაზე. ბუნებრივია, რომ Vinmonopolet-ის ასეთი პოლიტიკა, ნორვეგიის ბაზარზე ახალი პროდუქტების, მათ შორის, ქართული ღვინის შეღწევის ხელშემწყობი პირობა შეიძლება იყოს. თუმცა, აქვე უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ძალზე მკაცრია Vinmonopolet-ის მოთხოვნა ალკოჰოლური სასმელების ხარისხზე. 
      როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ალკოჰოლური სასმელების მოხმარების კუთხით, ნორვეგიის ბაზარი, ტრადიციულად, ლუდზე და სპირტიან ალკოჰოლურ სასმელებზე იყო ორიენტირებული. თუმცა, ეს ტენდენცია დღესდღეობით შეიცვალა. ნორვეგიის ბაზარი, ამ ეტაპზე, სულ უფრო მეტ ღვინოს მოიხმარს. ამავე დროს, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ახალი პროდუქტების მიმართ მომხმარებელთა ინტერესიც. აღსანიშნავია ასევე, რომ ნორვეგიის ალკოჰოლური სასმელების ბაზარი არა მხოლოდ ღვინის მოხმარების მოცულობის ზრდის ტენდენციით ხასიათდება, არამედ იზრდება მოთხოვნა მაღალი კატეგორიის ღვინოებზეც. 
      1995 წელს, ერთ ზრდასრულ ადამიანზე (15 წელი და მეტი) მოხმარებულ სუფთა ალკოჰოლზე გაანგარიშებით, ნორვეგიის ბაზარზე პირველად გაიყიდა მეტი ღვინო, ვიდრე სპირტიანი ალკოჰოლური სასმელი. ეს შეფარდება მომავალშიც ღვინის სასარგებლოდ იზრდებოდა. ასე მაგალითად, 2009 წელს ნორვეგიის ბაზარზე ერთ ზრდასრულ ადამიანზე (15 წელი და მეტი) მოხმარებულმა სპირტიანმა ალკოჰოლურმა სასმელმა, სუფთა ალკოჰოლზე გადაყვანით, 1,31 ლიტრი, ხოლო ღვინომ – 2,28 ლიტრი შეადგინა. როგორც ვხედავთ, ღვინის მოხმარება საგრძნობლად აჭარბებს სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას. ხსენებულის საილუსტრაციოდ შემდეგი სტატისტიკის მოყვანაც შეიძლება: თუ 1960 წელს სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ნორვეგიის ბაზარზე, 4,75%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ალკოჰოლური სასმელების მთლიანი მოხმარების 71%-ს, ღვინის მოხმარება 15%-ს, ხოლო შემაგრებული ღვინოების მოხმარება 14%-ს შეადგენდა, 2009 წლისთვის სურათი კარდინალურად შეიცვალა და სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების მოხმარებამ, 4,75%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის სასმელების მთლიანი მოხმარების 17%, ღვინის მოხმარებამ 82%, ხოლო შემაგრებული ღვინოების მოხმარებამ 1% შეადგინა. 
      ბუნებრივია, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ღვინის მოხმარების აბსოლუტური მაჩვენებელიც. ასე მაგალითად, 2009 წელს, ღვინის რეგისტრირებულმა მოხმარებამ ნორვეგიის ბაზარზე დაახლოებით 71,3 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც 2008 წელთან შედარებით დაახლოებით 3,8%-ით, ხოლო 2000 წელთან შედარებით – დაახლოებით 46,2%-ით მეტია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ღვინის რეალიზაცია ნორვეგიის ბაზარზე გაორმაგდა. 
      აღსანიშნავია, რომ ღვინისგან განსხვავებით, ნორვეგიის ბაზარზე სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, 1990 წლიდან 2000 წლამდე, მუდმივად იკლებდა. თუმცა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნორვეგიის ბაზარზე სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების მოხმარების აბსოლუტური მაჩვენებელიც ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც გარკვეულწილად 2002 და 2003 წლებში სპირტიან ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადების შემცირებამაც განაპირობა. ასე მაგალითად, 2009 წელს, სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების რეგისტრირებულმა მოხმარებამ ნორვეგიის ბაზარზე დაახლოებით 13,1 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც 2008 წელთან შედარებით დაახლოებით 0,4%-ით, ხოლო 2000 წელთან შედარებით დაახლოებით 36,5%-ით მეტია. 
      როგორც ზემოთ მოყვანილი ციფრები ადასტურებენ, ბოლო წლების განმავლობაში, ნორვეგიაში გაიზარდა, როგორც ღვინის, ასევე სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების მოხმარება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის მონაცემებით, ღვინის რეგისტრირებული მოხმარება, ნორვეგიაში 4,75%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის სასმელების მთლიანი მოხმარების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. 
      ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური        სასმელების იმპორტის სპეციფიკა 
      ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების იმპორტის ქვოტები ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით არ არსებობს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ალკოჰოკური სასმელების იმპორტი, საბითუმო რეალიზაცია, წარმოება და ჩამოსხმა, 1996 წლის 1 იანვრიდან კონკურენციის პრინციპს ეფუძნება და ამ საქმიანობას ნორვეგიაში შესაბამისი უფლების მქონე ნორვეგიული კომპანიები ან კერძო პირები ახორციელებენ. 
      ნორვეგიაში ალკოჰოლური სასმელების იმპორტის უფლება, 2010 წლის ივნისის მდგომარეობით, 254 ნორვეგიულ კომპანიას გააჩნია. იმპორტიორ კომპანიათა ნუსხა, საკონტაქტო დეტალების მითითებით, შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე მისამართებით: 
       http://vertical.Vinmonopolet.no/vmp/binary/191242/file?download=tru 
       www.Vinmonopolet.no/is-bin/INTERSHOP.enfinity/WFS/store-vmp-Site/no-NO/-/NOK/viewCMS-Start?id=cms&key=3061. 
      ალკოჰოლური სასმელების იმპორტის უფლების მისაღებად კომპანია ნორვეგიის საბაჟო სამსახურში უნდა იყოს რეგისტრირებული და Vinmonopolet-თან შესაბამისი ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს გაფორმებული. საგულისხმოა, რომ იმპორტის უფლების მქონე კომპანიათა რიცხვი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ასე მაგალითად, 2006 წლის ბოლოდან 2010 წლის ივნისამდე ალკოჰოლური სასმელების იმპორტის უფლების მქონე კომპანიათა რიცხვი დაახლოებით 90-ით გაიზარდა. 
      რაც შეეხება ნორვეგიაში ალკოჰოლური სასმელების წარმოებასა და ჩამოსხმას, ამ საქმიანობისთვის ნორვეგიულ კომპანიებს სპეციალური ლიცენზია სჭირდებათ, რომელსაც ნორვეგიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა სამინისტრო გასცემს. 
      ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორი 254 კომპანიიდან, 2010 წლის ივნისის მდგომარეობით, 32 ნორვეგიის ღვინისა და სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების მომწოდებელთა ასოციაციის წევრია. ასოციაცია 1905 წელს დაფუძნდა და ნორვეგიაში რეალიზებული ალკოჰოლური სასმელების 75% მის წევრ კომპანიებზე მოდის. როგორც მოყვანილი სტატისტიკიდან ჩანს, ნორვეგიაში ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორი კომპანიებიდან ბევრი ძალზე მცირე ზომისაა და მათი წილი ნორვეგიის ბაზარზე შესაბამისად მცირეა. ინფორმაცია ასოციაციის წევრი კომპანიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ასოციაციის ვებ-გვერდზე მისამართით www.vbf-org.no. 
      2009 წელს ნორვეგიაში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლების წილის მიხედვით, ყველაზე მსხვილი იმპოტიორი კომპანიების რიგითობა შემდეგია: 
       Arkus A/S – 11,6 %; 
       V&ამპ;შ Norge A/S – 8,8 %; 
       Eკჯორდ A/S – 4,7 %; 
       Vეცტურა A/S – 4,4 %; 
       Bრანდ Partners A/S 4,4 %; 
       Best Buys International A/S – 4,1 %. 
      ნორვეგიის ღვინისა და სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების მომწოდებელთა ასოციაციის საქმიანობის მნიშვნელოვან სფეროს, საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად, ეთიკის საკითხებზე მუშაობა წარმოადგენს. ასოციაციის წევრები ვალდებულები არიან მკაცრად დაიცვან ასოციაციის მიერ შემუშავებული ყოვლისმომცველი ეთიკის კოდექსი. ისინი ასევე მონაწილეობენ ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სემინარებში. შესაბამისად, ასოციაციის წევრები პარტნიორებთან ურთიერთობებში მაღალი ეთიკური სტანდარტებით გამოირჩევიან, რაც ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორი კომპანიებისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. 
      ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორ კომპანიებს უფლება აქვთ, ალკოჰოლური სასმელები პირდაპირ, სახელმწიფო მონოპოლიის გვერდის ავლით მიჰყიდონ შესაბამისი ლიცენზის მქონე რესტორნებს, ბარებსა და სასტუმროებს. ასე მაგალითად, 2009 წლის განმავლობაში, ნორვეგიელმა იმპორტიორებმა ლიცენზირებულ რესტორნებს, ბარებსა და სასტუმროებს, პირდაპირი მიყიდვის წესით, 7,7 მლნ. ლიტრი სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელი მიჰყიდეს. 
      მოთხოვნები ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების იმპორტის განსახორციელებლად 
      როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების იმპორტის უფლება 254 ნორვეგიულ კომპანიას გააჩნია. თუმცა, სპეციალური უფლების გარეშე, ალკოჰოლური სასმელების ნორვეგიის ბაზარზე იმპორტირება, პირადი მოხმარებისათვის (არაკომერციული მიზნით), კერძო პირებს და ნორვეგიაში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსაც შეუძლიათ. 
      აღსანიშნავია, რომ 2,5%-დან 22%-ის ჩათვლით, ალკოჰოლის შემცველობის სასმელის ნორვეგიის ბაზარზე იმპორტირება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არანაკლებ 18 წლის, ხოლო 22%-დან 60%-ის ჩათვლით ალკოჰოლის შემცველობის სასმელის იმპორტირება, რომელიც არანაკლებ 20 წლის არიან. 
      დეკლარირების და გადასახადების გადახდის გარეშე ნორვეგიის ტერიტორიაზე, კერძო პირის მიერ შეიძლება შეტანილი იქნას: 
       1 ლიტრი 22%-დან 60%-ის ჩათვლით ალკოჰოლის შემცველობის და 1,5 ლიტრი 2,5%-დან 22%-ის ჩათვლით ალკოჰოლის შემცველობის სასმელი ან 3 ლიტრი 2,5%-დან 22%-ის ჩათვლით ალკოჰოლის შემცველობის სასმელი და 
       2 ლიტრი 2,5%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ლუდი ან 2,5%-დან 4,75%-ის ჩათვლით ალკოჰოლის შემცველობის სხვა სასმელები. 
      ანუ, მაგალითად, შესაძლებელია 5 ლიტრი ლუდის იმპორტი, თუ სხვა ალკოჰოლური სასმელის იმპორტი არ ხდება. 
      გარდა ზემოთქმულისა, თითოეულმა პირმა, ნორვეგიის საზღვრის გადაკვეთისას, შესაბამისი გადასახადის გადახდის საფუძველზე, ნორვეგიის ტერიტორიაზე შეუძლია შეიტანოს: 
       2,5%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის ლუდი და 2,5%-დან 4,75%-ის ჩათვლით ალკოჰოლის შემცველობის სხვა სასმელი, მაქსიმუმ 27 ლიტრის ოდენობით (გადასახადი: 20 NOK ლიტრზე, ან 7 NOK 0,33 ლ. მოცულობის ბოთლზე); 
       4,75%-დან 15%-მდე ალკოჰოლის შემცველობის მაქსიმუმ 27 ლიტრი სასმელი (გადასახადი: 50 NOK ლიტრზე, ან 37 NOK 0,75 ლ. მოცულობის ბოთლზე); 
       15%-დან 22%-ის ჩათვლით ალკოჰოლის შემცველობის მაქსიმუმ 27 ლიტრი სასმელი (გადასახადი: 100 NOK ლიტრზე, ან 70 NOK 0,7 ლ. მოცულობის ბოთლზე); 
       22%-დან 60%-ის ჩათვლით ალკოჰოლის შემცველობის მაქსიმუმ 4 ლიტრი სასმელი (გადასახადი: 280 NOK ლიტრზე, ან 200 NOK 0,7 ლ. მოცულობის ბოთლზე). 
      კერძო პირის მიერ, ზემოხსენებულზე მეტი რაოდენობის ალკოჰოლური სასმელების იმპორტის სურვილის შემთხვევაში, ნორვეგიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს სპეციალური თანხმობაა საჭირო. 
      ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს სპეციალური უფლების გარეშე დაუშვებელია 60%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის სასმელის ნორვეგიის ბაზარზე იმპორტი. 
      Vinmonopolet -ი ალკოჰოლური სასმელების რეგისტრაციისა და გაყიდვისას იყენებს ე.წ. შტრიხ-კოდებს. შესაბამისად, ნორვეგიის ბაზარზე იმპორტირებულ ყოველ სამომხმარებლო და ლოჯისტიკურ ერთეულ ალკოჰოლურ სასმელზე შტრიხ-კოდი უნდა იქნას დატანილი. საგულისხმოა, რომ ალკოჰოლური სასმელის სამომხმარებლო და ლოჯისტიკურ ერთეულზე ერთი და იგივე შტრიხ-კოდის დატანა დაუშვებელია. 
      შტრიხ-კოდი, როგორც სამომხმარებლო, ასევე ლოჯისტიკურ ერთეულზე ისეთი ხარისხით, ზომით და დიზაინით უნდა იქნას დატანილი, რომ იგი უპრობლემოდ იკითხებოდეს. შტრიხ-კოდი, როგორც წესი, უნდა იყოს შავი ფერის, თეთრ ფონზე და მისი ბეჭდვის ხარისხი სულ ცოტა ISO/IEC-ის სტანდარტ 15416-ის, დონე B-ს უნდა შეესაბამებოდეს. სასურველია, შტრიხ-კოდი ვერტიკალურად იყოს დატანილი. თუმცა, დასაშვებია შტრიხ-კოდის ჰორიზონტალურად დატანაც. 
      Vinmonopolet-ი ალკოჰოლური სასმელებისათვის შემდეგ შტრიხ-კოდებს ცნობს: 
       სამომხმარებლო ერთეულისათვის – EAN-8, EAN-13, UPC-A/E(Universal Product Code – პროდუქტის უნივერსალური კოდი); 
       ლოჯისტიკური ერთეულისათვის – EAN-13, UPC-A, ITF-14 da GS1-128 (Vinmonopolet-ი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს ურჩევს გამოიყენონ Gშ1-128 შტრიხ-კოდი). 
      ალკოჰოლური სასმელების ყოველ ლოჯისტიკურ ერთეულზე დატანილი უნდა იქნას GTINnomeri (Global Trade Item Number – სავაჭრო ერთეულის გლობალური ნომერი). 
      ალკოჰოლური სასმელების ლოჯისტიკურ ერთეულებზე ეტიკეტები ისე უნდა იქნას დატანილი, რომ შტრიხ-კოდების სკანირება შესაძლებელი იყოს პალეტის როგორც გრძივი, ასევე განივი მხრიდან. ეტიკეტი ლოჯისტიკურ ერთეულის ნებისმიერი ვერტიკალური კიდიდან მინიმუმ 500 მმ-ით უნდა იყოს დაშორებული. 
      მუყაოს ყუთებზე (გარე შეფუთვებზე) ეტიკეტები, როგორც განივ, ასევე გრძივ გვერდებზე უნდა იქნას დატანილი. ეტიკეტები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროდუქტის და მწარმოებლის სახელწოდების შესახებ, ასევე პარტიის ნომრის შესახებ. 
      მუყაოს ყუთები ან სხვა სახის გარე შეფუთვები ისეთი ხარისხის უნდა იყოს, რომ შიგა შეფუთვები (მაგალითად ბოთლები) დაცული იქნას ტრანსპორტირების პროცესში. ყუთების ზედაპირები უნდა იყოს სწორი და მიწოდებული უნდა იქნას ბოთლის ძირით ქვევით. მუყაოს ყუთების წონა არ უნდა აჭარბებდეს დაახლოებით 20 კგ.-ს. 
      ალკოჰოლური სასმელების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამისი ხარისხის ევრო-პალეტების გამოყენებით. როგორც წესი, დატვირთული პალეტის სიმაღლე 152 სანტიმეტრს არ უნდა აჭარბებდეს. 
      ზოგადი მოთხოვნები, ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების იმპორტის განსახორციელებლად აუცილებელ თანმდევ დოკუმენტებზე და ეტიკეტირებაზე, ევროკავშირის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების იმპორტის განსახორციელებლად აუცილებელი მოთხოვნების ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ საექსპორტო პროდუქციაზე VI1 ფორმის წარმოშობის სერტიფიკატის თანდართვა აუცილებელი არ არის. თუმცა, საგულისხმოა, რომ ალკოჰოლური სასმელის ნორვეგიიდან ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში (მაგალითად, შვედეთში) რეექსპორტის შემთხვევაში, VI1 ფორმის წარმოშობის სერტიფიკატი აუცილებელი გახდება. 
      ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების იმპორტირებისთვის, საბაჟო პროცედურების გასავლელად ტვირთს უნდა ახლდეს ანგარიშ-ფაქტურა, ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს მიერ დამოწმებული საექსპორტო დეკლარაცია და MRNდოკუმენტი, ასევე, სატრანსპორტო ზედდებული – CMR(საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაში), CIM (სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაში) ან კონოსამენტი/Bills of Loading(საზღვაო-საკონტეინერო ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაში). 
      ალკოჰოლური 
      სასმელების     
      რეალიზაცია ნორვეგიის ბაზარზე 
      დღესდღეობით, ნორვეგიას ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის და მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი კანონმდებლობა გააჩნია. ამ კანონმდებლობის საფუძველს საცალო ვაჭრობაზე მონოპოლია, საცალო ვაჭრობაში კერძო ინტერესების და კონკურენციის არარასებობა, ალკოჰოლურ სასმელებზე სპეციალური გადასახადები და ალკოჰოლური სასმელების რეკლამის აკრძალვა წარმოადგენს. თუმცა, როგორც ევროპული ეკონომიკური სივრცის წევრი, ნორვეგია ვალდებულია ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებული კანონმდებლობა ევროკავშირის ანალოგიურ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ამ ფაქტმა კი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნორვეგიის ალკოჰოლთან დაკავშირებული კანონმდებლობა შედარებით ლიბერალური გახადა. 
      საგულისხმოა, რომ ნორვეგიაში ალკოჰოლური სასმელების რეკლამის აკრძალვის ფონზე, ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს ექსპერტ-ჟურნალისტების პუბლიკაციებს. 
      ვინაიდან, ადამიანების ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებულების რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყებენ ისინი ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას, ნორვეგიაში ალკოჰოლური სასმელების შეძენაზე ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს. ასე მაგალითად, ალკოჰოლური სასმელი არ იყიდება 18 წლამდე ასაკის პირებზე. 18-დან 20 წლამდე ასაკის პირებს შეუძლიათ შეიძინონ მხოლოდ ის ალკოჰოლური სასმელები, რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 22%-ს არ აღემატება, ხოლო 20 წელზე მეტი ასაკის პირებს შეუძლიათ იყიდონ ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი. Vinmonopolet-ი ამ წესებს ძალიან მკაცრად იცავს. მრავალია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდებს, რომლებიც დოკუმენტურად ვერ ადასტურებენ თავიანთ ასაკს, არ მიეყიდებათ ალკოჰოლური სასმელები. ავტომანქანის მართვისას მძღოლის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,02%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 
      როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ნორვეგიის ბაზარზე ღვინის, სპირტიანი ალკოჰოლური სასმელებისა და ალკოჰოლის მაღალი (4,75%-ზე მეტი) შემცველობის ლუდის რეალიზაციის მონოპოლიური უფლება სახელმწიფო სტრუქტურა Vinmonopolet-ს გააჩნია. 
      2010 წლისთვის, Vinmonopolet-ი ნორვეგიელ მომხმარებელს დაახლოებით 12 ათასი სახეობის ალკოჰოლურ სასმელს სთავაზობს, მაშინ, როდესაც 1996 წელს Vinmonopolet-ის ასორტიმენტში მხოლოდ დაახლოებით 2,8 ათასი სახეობის ალკოჰოლური სასმელი იყო. ამ მაჩვენებლის მიხედვით, Vinmonopolet-ი მნიშვნელოვნად უსწრებს მეზობელი ქვეყნების მონოპოლიებს, შვედურ SYSTEMBOLAGET-ს და ფინურ ALKO-ს, რომელთა ასორტიმენტშიც, შესაბამისად, დაახლოებით 9 და 3 ათასი სახეობის ალკოჰოლური სასმელია. ალკოჰოლურ სასმელებს Vinmonopolet-ი იძენს შესაბამისი უფლების მქონე ნორვეგიული იმპორტიორი კომპანიებისგან. 
      Vinmonopolet-ის მიერ იმპორტიორებისგან შეძენილი პროდუქცია ორი სახის ნომენკლატურად შეიძლება დაიყოს: 
      1. საბაზო ნომენკლატურა, რომელშიც ალკოჰოლური სასმელის ესა თუ ის დასახელება, რომელიც დიდი პარტიით შეისყიდება, შეტანილია იქამდე, სანამ ნორვეგიის ბაზარზე მისი რეალიზაცია ტენდერით გამოცხადებული პირობების დაცვით ხორციელდება. საბაზო ნომენკლატურაში შეტანილი ცალკეული პროდუქტების მინიმალური რაოდენობა Vinmonopolet-ს დადგენილი არ აქვს. თუმცა, იმპორტიორები (ბითუმად მოვაჭრეები) ვალდებულები არიან ტენდერის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე, Vinmonopolet-ს მიაწოდონ ინფორმაცია საწყობში არსებული ნაშთების შესახებ. საბაზო ნომენკლატურიდან ამა თუ იმ დასახელების ალკოჰოლური სასმელის ამოღების შემთხვევაში, იმპორტიორი შეთანხმებული შეკვეთების დასრულებამდე სულ ცოტა ორი თვით ადრე უნდა იქნას ინფორმირებული; 
      2. ერთჯერადი პარტიის ნომენკლატურა, რომელშიც ალკოჰოლური სასმელის ის დასახელებებია შეტანილი, რომლებსაც Vinmonopolet-ი მცირე პარტიებით ყიდულობს და ამ პარტიების რეალიზაციის შემდეგ ალკოჰოლური სასმელის ხსენებულ დასახელებას სიიდან იღებს. ერთჯერადი პარტიის ნომენკლატურაში შეტანილი ცალკეული პროდუქტების რაოდენობა 120-დან 2400 ბოთლამდე მერყეობს. 
      ალკოჰოლური პროდუქციის შეძენის მიზნით, Vinmonopolet-ი წელიწადში ორჯერ (ივნისში და დეკემბერში) ბაზრისა და პროდუქციის გეგმას აქვეყნებს. ხსენებული გეგმა მოიცავს იმ პროდუქციის ნუსხას, რომლის შეძენასაც Vinmonopolet-ი მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საბაზო და ერთჯერადი პარტიის ნომენკლატურებში ტენდერის საფუძველზე აპირებს. მასში მოცემულია დეტალური სპეციფიკაციები პირველი 6 თვისთვის და დაგეგმილი შესყიდვები მომდევნო პერიოდისთვის, პროდუქტის ტიპის, წარმოშობის ქვეყნისა და ნომენკლატურის მითითებით. ბაზრისა და პროდუქციის გეგმას Vინმონოპოლეტ-ი ბაზრის ანალიზისა და ტენდენციების საფუძველზე ადგენს. ინფორმაცია გამოცხადებული და სამომავლო ტენდერების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე მისამართით: http://www.Vinmonopolet.no/is-bin/INTERSHOP.enfinity/WFS/store-vmp-Site/no-NO/-/NOK/viewCMS-Start?id=941. 
      აღსანიშნავია, რომ 2010 წლის მეორე ნახევარში Vinmonopolet-ის მიერ შესაძენი ალკოჰოლური სასმელების ნუსხაში, კერძოდ კი, ერთჯერადი პარტიის ნომენკლატურაში, პირველად მოხვდა ქართული ღვინო, რომელიც შემდეგ სპეციფიკაციებს უნდა აკმაყოფილებდეს: 2007 წლის ან უფრო ახალგაზრდა, თეთრი, ტანინიანი, სარეალიზაციო ღირებულება უნდა იყოს 300 ნორვეგიულ კრონზე ნაკლები. 
      საბაზო და ერთჯერადი პარტიის ნომენკლატურის ალკოჰოლური სასმელების შესაძენად, Vinmonopolet-ი ტენდერს ორ თვეში ერთხელ აცხადებს. ტენდერები ბაზრისა და პროდუქციის გეგმაში მოცემულ სპეციფიკაციებს ეფუძნება. ტენდერის დროს ხდება იმპორტიორებისგან წინადადებების მიღება და მათი კონტროლი, ხოლო შემდეგ პროდუქციის “ანონიმური” დეგუსტაცია. დეგუსტაციას Vinmonopolet-ის მიერ აღიარებული ექსპერტები ატარებენ. დეგუსტაციის შემდეგ იწყება შესასყიდი პროდუქტის შეფასების და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. შეფასებისას Vinmonopolet-ი მაქსიმალური ობიექტურობის პრინციპით სარგებლობს, ანუ გამორიცხავს პროტექციონიზმს რომელიმე პროდუქტის, ქვეყნის ან მომწოდებლის მიმართ. შეფასების კრიტერიუმს არა მხოლოდ პროდუქციის ფასი, არამედ ხარისხი, მომხმარებლის მოთხოვნები და მოწოდების პირობები წარმოადგენს. ახალი პროდუქციის საცალო ვაჭრობის ქსელში შეტანამდე Vinmonopolet-ი აწყობს მის დეგუსტაციას ექსპერტ-ჟურნალისტებისათვის და მომხმარებელს ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის. ნორვეგიაში ალკოჰოლურ სასმელებზე არსებული სახელმწიფო მონოპოლია ალკოჰოლური სასმელების ხარისხის გარანტორს წარმოადგენს. 
      იმპორტიორი კომპანიები Vinmonopolet-ისგან იღებენ მათ მიერ წარდგენილი პროდუქტის დეგუსტაციის შედეგებს. თუ იმპორტიორი კომპანია არ ეთანხმება დეგუსტაციის შეფასებებს, მას შეუძლია შედეგები გაასაჩივროს. ამისათვის იმპორტიორმა კომპანიამ ნორვეგიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ საბჭოს უნდა მიმართოს. 
      გარდა Vinmonopolet-ის ტენდერის საფუძველზე იმპორტირებული საბაზო და ერთჯერადი პარტიის ნომენკლატურებისა, რომლებშიც დაახლოებით 1900 დასახელების ალკოჰოლური სასმელია შეტანილი, იმპორტიორებს, ნორვეგიის ბაზარზე, სხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელების შემოტანაVinmonopolet-ის ტენდერის გარეშეც შეუძლიათ. ვინაიდან ასეთ გადაწყვეტილებას იმპორტიორი კომპანია თვითონ იღებს, კომერციული რისკიც ბუნებრივია მისი გასაწევია. 
      Vინმონოპოლეტ-ის ტენდერის გარეშე ნორვეგიის ბაზარზე იმპორტირებული დაახლოებით 10 ათასი დასახელების ალკოჰოლური სასმელი, ქვემოთ მოყვანილ სამ სხვადასხვა ნომენკლატურად ჯგუფდება: 
      1. შესაკვეთი ნომენკლატურა. შესაკვეთ ნომენკლატურაში შესატანად იმპორტიორი Vinmonopolet-ს წარუდგენს მისთვის სასურველი ალკოჰოლური სასმელების ჩამონათვალს. ამ პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს შეკვეთის საფუძველზე შეუძლიათ. იმპორტიორის მიერ, შესაკვეთ ნომენკლატურაში შეტანილი ალკოჰოლური სასმელები ნორვეგიის ტერიტორიაზე უნდა იყოს დასაწყობებული და ამ პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი, შესაძენად აუცილებელი მინიმალური რაოდენობით არ უნდა იყოს შეზღუდული. მომხმარებლის მიერ შესაკვეთი ნომენკლატურიდან ალკოჰოლური სასმელების შეკვეთის შემთხვევაში, მას დამატებითი ხარჯების გაწევა არ უწევს და მომხმარებელმა შეკვეთილი პროდუქტი არაუგვიანეს 7 დღისა უნდა მიიღოს. თუ შესაკვეთ ნომენკლატურაში შეტანილი ამა თუ იმ ალკოჰოლური სასმელის არც ერთი ერთეულის რეალიზაცია ბოლო 12 თვის განმავლობაში არ მოხდა, ხსენებული პროდუქტი ამოღებული იქნება შესაკვეთი ნომენკლატურის ნუსხიდან; 
      2. დამატებითი ნომენკლატურა. იმპორტიორის მიერ, დამატებით ნომენკლატურაში შეტანილი ალკოჰოლური სასმელების ნორვეგიის ტერიტორიაზე დასაწყობება არ მოითხოვება. მომხმარებელს ამ პროდუქტის შეძენაც შეკვეთის საფუძველზე შეუძლია. იმპორტიორი ვალდებულია, დამატებით ნომენკლატურაში შეტანილი პროდუქტის შეკვეთის შემთხვევაში, ის მომხმარებელს ნორვეგიის მთელ ტერიტორიაზე ერთნაირ ფასში მიაწოდოს, თუმცა, იმპორტიორს შეუძლია დააწესოს მიწოდების მინიმალური რაოდენობა, მაგალითად, შეფუთვის ერთი ერთეულის ოდენობით. შესაკვეთი ნომენკლატურის ანალოგიურად, თუ დამატებით ნომენკლატურაში შეტანილი ამა თუ იმ ალკოჰოლური სასმელის არც ერთი ერთეულის რეალიზაცია ბოლო 12 თვის განმავლობაში არ მოხდა, ხსენებული პროდუქტი ამოღებული იქნება დამატებითი ნომენკლატურის ნუსხიდან; 
      3. სასინჯი ნომენკლატურა. ეს არის ნომენკლატურა, რომელიც შემოღებული იქნა Vinmonopolet-ის ნორმალური შესყიდვის არხების (ტენდერის) გარეშე ალკოჰოლური სასმელების ნორვეგიის ბაზარზე საცალო ვაჭრობის ქსელში შემოსატანად. ამ მიზნით, იმპორტიორებმა Vinmonopolet-ს სტანდარტული ფორმით უნდა მიმართოს. Vinmonopolet-მა იმპორტიორს წერილობით უნდა აცნობოს ამა თუ იმ ალკოჰოლური სასმელის სასინჯ ნომენკლატურაში ჩართვასთან დაკავშირებით მისი სურვილის შესახებ. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, Vinmonopolet-მა შესაბამისი ახსნა-განმარტებები უნდა მიაწოდოს იმპორტიორს. სასინჯ ნომენკლატურაში პროდუქტის შეტანისას იმპორტიორები ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ან ორი დასახელების ალკოჰოლური სასმელით არიან შეზღუდულები. ვინაიდან, ხსენებულთან ერთად, შეზღუდულია სასინჯ ნომენკლატურაში შესატანი პროდუქტის საერთო რაოდენობაც, იმპორტიორ კომპანიებს, სასინჯ ნომენკლატურაში მათთვის სასურველი პროდუქტის შესატანად, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული დროის ლოდინი უწევთ. სასინჯ ნომენკლატურაში შეტანილი თითოეული დასახელების ალკოჰოლური სასმელისათვის იმპორტიორმა Vinmonopolet-ს გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს. ამ გადასახადმა, რომელიც Vinmonopolet-ის მიერ, ყოველი ცალკეული შემთხვევისთვის ითვლება, ალკოჰოლური სასმელის საცალო ქსელში განთავსებისა და მისი ადმინისტრირებისათვის Vinmonopolet-ის მიერ გაწეული ხარჯები უნდა დაფაროს. სასინჯ ნომენკლატურაში შეტანილი ალკოჰოლური სასმელები ნორვეგიის საცალო ვაჭრობის ქსელში 6 თვის განმავლობაშია განთავსებული, იგივე პირობებშია, როგორც საბაზო ნომენკლატურის ანალოგიური პროდუქტები და კონკურენციას უწევენ მათ. ამ პერიოდის განმავლობაში იმპორტიორს უფლება არ აქვს შეცვალოს სასინჯ ნომენკლატურაში შეტანილი ალკოჰოლური სასმელების ფასი. თუ სასინჯ ნომენკლატურაში შეტანილი ამა თუ იმ ალკოჰოლური სასმელის გაყიდვები Vinmonopolet-მა დამაკმაყოფილებლად მიიჩნია, ის სასინჯი ნომენკლატურიდან საბაზო ნომენკლატურაში შეიძლება გადაიტანოს. ასეთ შემთხვევაში, იმპორტიორმა სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს იგივე ფასი, რაც პროდუქტს სასინჯი ნომენკლატურაში ყოფნის პერიოდში ჰქონდა. თუ 6 თვის გასვლის და პროდუქციის სასინჯი ნომენკლატურიდან ამოღების შემდეგ Vinmonopolet-ის მაღაზიებში გაუყიდავი ალკოჰოლური სასმელები (ნაშთი) დარჩა, იმპორტიორმა ნაშთი მაღაზიებიდან, 21 დღის განმავლობაში, თავისი ხარჯებით უნდა გაიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, Vinmonopolet-ი უფლებას იტოვებს, იმპორტიორის ხარჯზე გაანადგუროს მაღაზიაში არსებული ნაშთები. თუ ალკოჰოლური სასმელი, 6 თვის გაყიდვების შემდეგ სასინჯი ნომენკლატურიდან საბაზო ნომენკლატურაში არ იქნა გადატანილი, იგი, სულ ცოტა მომდევნო 12 თავის განმავლობაში, სასინჯ ნომენკლატურაში თავიდან ვეღარ მოხვდება. 
      აღსანიშნავია, რომ საქონლის სხვადასხვა ნომენკლატურებად დაყოფა ნორვეგიის ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანების შემდეგ მოხდა.Aამისი მიზეზი ნორვეგიელი მომხმარებლების ყველა ფენის დაკმაყოფილების სურვილი გახლდათ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ უნდა ყოფილიყო დისკრიმინაცია მომხმარებელთა სხვადასხვა ფენებს შორის. 
      Vinmonopolet-სა და იმპორტიორს შორის გარკვეული ალკოჰოლური სასმელის მიწოდებაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ამ ალკოჰოლურ სასმელში, მისი გაუმჯობესების მიზნით შეტანილი ნებისმიერი ცვლილების (სახელწოდება, ბოთლი, საცობი, ეტიკეტი, შეფუთვა და სხვა) შესახებVinmonopolet-ი ამ პროდუქტის პირველ მიწოდებამდე სულ ცოტა ორი კვირით ადრე უნდა იყოს ინფორმირებული. რაც შეეხება ალკოჰოლური სასმელის ქიმიური შემადგენლობის და ხარისხის ცვლილებას, ამაზე Vinmonopolet-ის თანხმობის მიღება წინასწარ არის საჭირო. 
      თუ Vinmonopolet-ს და იმპორტიორს შორის ალკოჰოლურ სასმელზე ფიქსირებული ფასი არ არის შეთანხმებული, იმპორტიორს შეუძლია პროდუქტის ფასი გაზარდოს, თუმცა, ამისი გაკეთება მხოლოდ 1 იანვრიდან, 1 მაისიდან ან 1 სექტემბრიდან არის დასაშვები. რაც შეეხება პროდუქტის ფასის შემცირებას, ეს ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. 
      თუ სხვა იმპორტიორი Vinmonopolet-ს იგივე პროდუქტს უფრო დაბალ ფასში შესთავაზებს, ვიდრე იმპორტიორი, რომელთანაც Vinmonopolet-ს ამ კონკრეტული პროდუქტის მოწოდებაზე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, არსებულ იმპორტიორთან წინასწარ შეთანხმებული ფიქსირებული ფასის მოქმედების პერიოდის გასვლის შემდეგ და არსებული იმპორტიორის ამ თარიღამდე ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, Vinmonopolet-ს იმპორტიორის შეცვლა შეუძლია. Vinmonopolet-ის ბაზრისა და პროდუქციის გეგმიდან ამოღებული ალკოჰოლური სასმელი ამ გეგმაში მინიმუმ 12 თვის განმავლობაში ვეღარ იქნება შეტანილი. 
      ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების საცალო რეალიზაცია მხოლოდ Vinmonopolet-ის გამგებლობაში მყოფ მაღაზიებში ხდება.Vinmonopolet-ის მაღაზიების რაოდენობას, დამტკიცებული ეროვნული გეგმის საფუძველზე, ნორვეგიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს, თუმცა, გადაწყვეტილებას, მაღაზიათა კონკრეტული ადგილმდებარეობის შესახებ Vinmonopolet-ის დირექტორთა საბჭო იღებს. აღსანიშნავია, რომ Vinmonopolet-ის მაღაზიათა რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ასე მაგალითად, თუ 1996 წელს Vinmonopolet-ის გამგებლობაში მყოფი მაღაზიათა რაოდენობა მთელი ნორვეგის მასშტაბით 112 ერთეული იყო, 2010 წლის ივნისისათვის მათმა რაოდენობამ 249-ს მიაღწია, ანუ, ამ პერიოდის განმავლობაში მათი რაოდენობა 122%-ით გაიზარდა. როგორც ნორვეგიაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადჰყვეს, მაღაზიების რიცხვის ზრდა ხელს უწყობს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ზრდას, ალკოჰოლური სასმელებით არალეგალური ვაჭრობის წილის შემცირებას და, ამავე დროს, არ იწვევს ქვეყნის მასშტაბით ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ზრდას. 
      ნორვეგიის პარლამენტის მიერ 1998 წელს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 1999 წელს, Vinmonopolet-ის გამგებლობაში მყოფ მაღაზიებში პირველად იქნა გამოცდილი თვითმომსახურების სერვისი. ამჟამად, Vinmonopolet-ის გამგებლობაში მყოფი 249 მაღაზიიდან 246, ანუ დაახლოებით 98% თვითმომსახურების პრინციპით მუშაობს. მიუხედავად თვითმომსახურების პრინციპზე გადასვლისა, მაღაზიათა რაოდენობის ზრდამ მაინც გამოიწვიაVinmonopolet-ის გამგებლობაში მყოფ მაღაზიაში მომუშავეთა რაოდენობის ზრდა. ასე მაგალითად, თუ 1996 წელს Vinmonopolet-ის გამგებლობაში მყოფ მაღაზიებში, მთელი ნორვეგის მასშტაბით, 1100 თანამშრომელი მუშაობდა, 2009 წელს მათმა რაოდენობამ 1800-ს მიაღწია. 
      Vinmonopolet-ი დიდ ყურადღებას აქცევს მის გამგებლობაში მყოფ მაღაზიებში მომუშავეთა განათლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. გამყიდველები ვალდებულები არიან კვალიფიცირებული რჩევები და ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს. მომხმარებელს Vinmonopolet-ის მაღაზიებში უფასოდ შეუძლია მიიღოს ალკოჰოლურ სასმელებთან და მათ მოხმარებასთან დაკავშირებული ბროშურები. საგულისხმოა ისიც, რომ Vinmonopolet-ის ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები, პროდუქტის ხარისხით და მომხმარებელთა მომსახურების დონით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ხსენებულს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ Vinmonopolet-ის მიმართ ნორვეგიელი მომხმარებლების ნდობა ძალიან მაღალია და 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ მაჩვენებელმა 88% შეადგინა. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% მხარს უჭერს 4,75%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის სასმელების რეალიზაციაზე ნორვეგიაში არსებულ მონოპოლიას. 
      ვინაიდან Vinmonopolet-ს სატრანსპორტო მომსახურება არ გააჩნია, Vinmonopolet-ის მაღაზიებში და საწყობებში ალკოჰოლური სასმელების შეტანას იმპორტიორები უზრუნველყოფენ. იმპორტიორებმა პროდუქცია Vinmonopolet-ის მაღაზიებსა და საწყობებს, მათი მდებარეობის მიუხედავად, ერთნაირ ფასში უნდა მიაწოდონ (სატრანსპორტო მომსახურების ღირებულებას Vinmonopolet-ი ფარავს). აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი და იგივე ალკოჰოლური სასმელი Vinmonopolet-ის ყველა მაღაზიაში ერთნაერ ფასად იყიდება. 
      Vinmonopolet-ის მაღაზიები მუშაობენ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს და ოფიციალური დასვენების დღეების წინა დღეებში 9:00-დან 15:00 საათამდე. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, Vinmonopolet-ის მაღაზიებს აკრძალული აქვთ ალკოჰოლური სასმელების ნასვამ და 18 წლამდე ასაკის პირებზე მიყიდვა, რაც ძალზე მკაცრად კონტროლდება. უფრო მეტიც, ნასვამ პირებს ალკოჰოლის მაღაზიებში შესვლაც კი ეკრძალებათ. ასევე აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების მოხმარება მაღაზიის ტერიტორიაზე. 
      Vinmonopolet-ის მაღაზიების სიდიდე ადგილობრივ მომხმარებელთა მოთხოვნებზეა დამოკიდებული, რაც მათ რაციონალურ და ეფექტურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. სხვაობა სხვადასხვა სიდიდის მაღაზიების გაყიდვებს შორის საკმაოდ დიდია. ასე მაგალითად, თუ დიდი მაღაზიები წლიურად მილიონ ლიტრამდე ალკოჰოლურ სასმელს ყიდიან, პატარა მაღაზიებისათვის ეს მაჩვენებელი 40 ათას ლიტრზე ნაკლები შეიძლება იყოს. 
      ალკოჰოლური სასმელების ასორტიმენტის და რეალიზაციის მოცულობის მიხედვით, Vinmonopolet-ის მაღაზიები, 2010 წლის მაისიდან 7 კატეგორიად იყოფიან. 
      საყურადღებოა, რომ Vinmonopolet-ის პირველი კატეგორიის მაღაზიები ამ ეტაპზე არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ Vinmonopolet-ის მაღაზიების ასორტიმენტში საშუალოდ 900 დასახელების ალკოჰოლური სასმელია, რაც ნორვეგიელ მომხმარებელთა დაახლოებით 95%-ს აკმაყოფილებს. 
      ყველა სახის მაღაზიაში არსებობს ასევე შესაკვეთი ნომენკლატურის დაახლოებით 10 ათასი დასახელების ალკოჰოლური სასმელის შეკვეთის საშუალება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესაკვეთი ნომენკლატურის ნუსხაში ალკოჰოლური პროდუქცია Vinmonopolet-ის ტენდერის გარეშე ხვდება. 
      2002 წლიდან, Vinmonopolet-ი ალკოჰოლურ სასმელებს ინტერნეტითაც ჰყიდის, რაც მომხმარებლის მომსახურების ხარისხს და შესაძენი ალკოჰოლური სასმელის არჩევანს საგრძნობლად ზრდის. 
      ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია, Vinmonopolet-ის მაღაზიების გარდა, სასტუმროებში, რესტორნებსა და ბარებშიც ხდება. ამისათვის, ხსენებულ ობიექტებს სპეციალური ლიცენზია სჭირდებათ, რომელსაც ნორვეგიის ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გასცემენ. ამგვარი ლიცენზიების მიღების უფლება არ აქვთ ავტოგასამართ სადგურებთან არსებულ სავაჭრო და საზკვების ობიექტებს. აღსანიშნავია, რომ ლიცენზირებული ობიექტების მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ ამ ობიექტებს ჩამოართვან ლიცენზია. 2006 წელს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის ლიცენზია 7263 ობიექტს ჰქონდა. აქედან სპირტიანი ალკოჰოლური სასმელის გაყიდვის უფლება – 5910 ობიექტს, ანუ 80%-ზე მეტს. ლიცენზირებულ სასტუმროებში, რესტორნებსა და ბარებში რეალიზებული ალკოჰოლური სასმელები, ნორვეგიაში რეალიზებული ალკოჰოლური სასმელის დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ლიცენზირებული სასტუმროების, ბარებისა და რესტორნების რიცხვი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ასე მაგალითად, თუ 1990 წელს ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციის ლიცენზია დაახლოებით 4400 ობიექტს, ხოლო 2000 წელს დაახლოებით 6250 ობიექტს ჰქონდა, 2006 წელს ასეთი ობიექტების რიცხვმა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 7263-ს მიაღწია. სასტუმროები, ბარები და რესტორნები ალკოჰოლურ სასმელს იმპორტიორებისგან ან Vinmonopolet-ისგან ყიდულობენ. 
      აღსანიშნავია, რომ ლიცენზირებულ ბარებში რესტორნებსა და სასტუმროებში სპირტიანი ალკოჰოლური სასმელის გაყიდვა დასაშვებია მხოლოდ 13:00-დან 24:00 საათამდე და ისიც მხოლოდ 0,2 ან 0,4 მილილიტრიანი ჭიქებით, ხოლო ყველა სხვა სახის ალკოჰოლური სასმელის – 08:00-დან 01:00 საათამდე. გამონაკლისს წარმოადგენენ სასტუმროები, რომლებსაც ამ სასტუმროებში მცხოვრებ პირებზე 22%-მდე ალკოჰოლის შემცველობის სასმელის მიყიდვა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. 
      ალკოჰოლური        სასმელების დაბეგვრის სისტემა ნორვეგიის ბაზარზე 
      ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადი ნორვეგიაში, სკანდინავიის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიაში ალკოჰოლური სასმელების საიმპორტო გადასახადი არ არსებობს. 
      ალკოჰოლურ სასმელებზე ნორვეგიაში შემდეგი გადასახადები მოქმედებს: 
       გადასახადი ალკოჰოლზე; 
       გარემოს დაცვის გადასახადი; 
       დამატებითი ღირებულების გადასახადი. 
      აღსანიშნავია, რომ გადასახადები ალკოჰოლზე და გარემოს დაცვაზე 2009 წელს, 2008 წელთან შედარებით, დაახლოებით 3%-ით, ხოლო 2010 წელს, 2009 წელთან შედარებით დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. 
      გადასახადი ალკოჰოლზე 
      ალკოჰოლის გადასახადი ერთ ლიტრ ალკოჰოლურ სასმელზე, რომლის ალკოჰოლის შემცველობაც 4,75%-დან 22%-მდეა, ალკოჰოლის შემცველობის თითოეულ პროცენტზე 4,03 ნორვეგიული კრონის ტოლია. ასე მაგალითად, 0,75 ლიტრი მოცულობის 12%-იან ღვინოზე ალკოჰოლის გადასახადის გაანგარიშება შემდეგნაირად ხდება: 
      4,03*12*0,75=36,27 NOK 
      ალკოჰოლის გადასახადი ერთ ლიტრ სპირტიან ალკოჰოლურ სასმელზე, რომლის ალკოჰოლის შემცველობაც 22%-ზე მეტია, ალკოჰოლის შემცველობის თითოეულ პროცენტზე 6,18 ნორვეგიული კრონის ტოლია. ასე მაგალითად, 0,70 ლიტრი მოცულობის 40%-იან სპირტიან ალკოჰოლურ სასმელზე ალკოჰოლის გადასახადის გაანგარიშება შემდეგნაირად ხდება: 
      6,18*40*0,70=173,04 NOK 
      გარემოს დაცვის 
      გადასახადი 
      გარემოს დაცვის გადასახადი დამოკიდებულია გამოყენებული ტარის სახეობაზე. ასე მაგალითად: 
       შუშა და მეტალი – 4,97 NOK ერთეულზე; 
       პლასტმასი, “ბეგ ინ ბოქსი”- 3,00 NOK ერთეულზე; 
         მუყაო, ტეტრაპაკი – 1,24 NOK ერთეულზე. 
      საგულისხმოა, რომ ნორვეგიაში არსებობს შუშის, მეტალის, პლასტმასისა და მუყაოს ტარის ჩაბარების სისტემა. წელიწადში ერთხელ დგინდება პროცენტული მაჩვენებელი ზემოთჩამოთვლილი სახეობის ტარის ჩაბარებისათვის. ასე მაგალითად, 2010 წლისთვის შუშისა და მეტალის ტარის ჩაბარების მაჩვენებელი 90%, პლასტმასის ტარის – 73%, ხოლო მუყაოს ტარის – 77%-ა. 
      ასეთ შემთხვევაში, გარემოს დაცვის გადასახადი, მაგალითად შუშისა და მეტალის ტარისათვის შემდეგნაირად ითვლება: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შუშის და მეტალის ტარის შემთხვევაში, გარემოს დაცვის გადასახადი ალკოჰოლური სასმელის ერთეულზე 4,97 ნორვეგიული კრონის ტოლია, რაც ამ გადასახადის 100%-ს შეადგენს. ვინაიდან ხსენებული ტარის ჩაბარების მაჩვენებელი 90%-ია, ერთ ერთეულ ალკოჰოლურ სასმელზე ხდება გარემოს დაცვის გადასახადის, ანუ 4,97 ნორვეგიული კრონის მხოლოდ 10%-ის, ანუ 0,49 ნორვეგიული კრონის გადახდა. 
      ანალოგიურად ითვლება გარემოს დაცვის გადასახადი პლასტმასისა და მუყაოს შემთხვევებისთვისაც. 
      გარდა ზემოხსენებული გარემოს დაცვის გადასახადისა, არსებობს გარემოს დაცვის გადასახადი ერთეულ შეფუთვაზე. ეს გადასახადი, გარემოს დაცვის გადასახადს ალკოჰოლური სასმელის ყველა სახის შეფუთვის ერთეულზე ემატება. ერთეულ შეფუთვაზე გარემოს დაცვის გადასახადის ოდენობაც ყოველწლიურად ცხადდება. 2010 წლისთვის ეს გადასახადი 1,02 ნორვეგიული კრონის ტოლია. 
      შესაბამისად, ჯამური გარემოს დაცვის გადასახადი ერთ ერთეულ ალკოჰოლურ სასმელზე, 2010 წლის მდგომარეობით შემდეგნაერად გამოითვლება: 
       შუშისა და მეტალის ერთეული შეფუთვისთვის: 
      1,02 + 4,97*0,1 = 1,51 NOK 
       “ბეგ ინ ბოქსისთვის” : 
      1,02 + 3,00*0,27 = 1,83 NOK 
       მუყაო, ტეტრაპაკი: 
      1,02 + 1,24*0,23 = 1,30 NOK 
      გარემოს დაცვის გადასახადი, ალკოჰოლის გადასახადის მსგავსად, პროდუქციის ღირებულებაზე არ არის დამოკიდებული. 
      ვინაიდან გადასახადი ალკოჰოლზე და გარემოს დაცვაზე ალკოჰოლური სასმელის ფასზე დამოკიდებული არ არის, შედარებით მაღალფასიანი ალკოჰოლური სასმელების ღირებულებაში ამ გადასახადების წილი ისეთი მაღალი არ არის როგორც დაბალფასიან ალკოჰოლური სასმელების ღირებულებაში. 
      დამატებითი 
      ღირებულების 
      გადასახადი (დღგ) 
      დღგ ნორვეგიაში 25%-ის ტოლია. იგი ყველა სახის ალკოჰოლურ სასმელს რეალიზაციამდე, ალკოჰოლზე და გარემოს დაცვის გადასახადების დაVinmonopolet-ის მარჟის დარიცხვის შემდეგ ერიცხება. თუ საიმპორტო და გარემოს დაცვის გადასახადების ოდენობა პროდუქციის ღირებულებაზე არ არის დამოკიდებული, ბუნებრივია, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადი, პროდუქციის ღირებულების ზრდასთან ერთად იზრდება. 
      Vinmonopolet-ის მარჟა 
      ნორვეგიის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო ფასში Vinmonopolet-ის მარჟაც შედის. ეს მარჟა ორი კომპონენტისგან შედგება და შემდეგნაირად დაიანგარიშება: 
       ფიქსირებული მარჟა, რომელიც ყველა სახის ერთ ლიტრ ალკოჰოლურ სასმელებზე 7,8 ნორვეგიული კრონის ტოლია; 
       პროცენტული მარჟა, რომელიც ყველა სახის ალკოჰოლურ სასმელებზე იმპორტიორის საწყისი ფასის (ფასი ნორვეგიის საზღვარზე, დაბეგვრის გარეშე) 22%-ის ტოლია. 
      როგორც ვხედავთ, Vinmonopolet-ის მარჟაც ერთეული პროდუქციის ფასზეა დამოკიდებული. 

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial