აქა ამბავი ანტიმონოპოლიური სამსახურის რეინკარნაციისა და “დოდოლიებში” ლობსტერის ჩალაღაჯისა

თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია
 
საქართველოში, მეცნიერების ჯგუფმა, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად, დიდი კვლევა ჩაატარა და როგორც მათმა კვლევებმა ცხადყო, ბოროტების სათავე და მიზეზი ყოფილა…  აბა, გამოიცანით, რატომ გვიჭირს, ცუდად რატომ ვცხოვრობთ, რატომ ძვირდება ცხოვრება, განსაკუთრებით, საწვავი, სურსათი და მედიკამენტები? ააა… ვერ გამოიცანით?! იმიტომ, რომ არ გვქონდა “სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური სამსახური”(რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? – მას არ ჰქონდა სათამაშო, დიახ!) ეს იმდენად მნიშვნელოვანი დასკვნა იყო, რომ ხუთი წელი ამას ეძებდნენ და ევრიკა, მიაგნეს! გადარჩა საქართველო, იდიდე მუშავ, წამებულო! დადგა დრო სანატელი, ამის შემდეგ ყველაფერი გაიფდება და კისერს მოვუგრეხთ წურბელა ბურჟუაზიას – იქნება იაფი წამლები და მოიხმარეთ ჯანმრთელობაში, სურსათ-სანოვაგე მდინარეებად იდენს და მიირთვით სიკეთეში, მობილური იქნება ძალიან იაფი და ილაპრაკეთ რამდენიც გნებავთ, ჩაასხით იაფი ბენზინი და იქროლეთ! ღირდა ამისთვის წვალება! თურმე, რა ცოტა ყოფილა საჭირო: ძველი სააგენტო, რომელიც ოთხი წელი უსაქმურად თავისთვის ეგდო, მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებელი ორგანოების მიერ რეგულირებადი სფეროების მეორადი კონტროლი ევალა და წელიწადში ერთხელ ამ დარგებში არსებულ სიტუაციაზე მთავრობაში ანგარიშის გაკეთება, უნდა ეზრუნა სახელმწიფო შესყიდვების სამართლიანობაზე და ტრანსფერაბელურობაზე – თითი თითზე არ  დაუკარებია.

სააგონტოს უნდა ებრძოლა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში ბაზრის გადანაწილებაში ჩარევაზე და არ უნდა დაეშვა სახელმწიფო მოხელების მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად მონოპოლიების შექმნა ბაზარზე, მაგრამ კრინტიც არ დაუძრავს. ახლა კანონს დაახლოებით ორი მუხლი მივამატეთ და ამბობენ, დალაგდებაო ყველაფერი! თქვენ მეტყვით, “ღადაობო”, რავა, მე დავიწყე თუ?! 
      ამაზე გამახსენდა, ქუთაისში რესტორან “დოდოლიებში” კაცი შევიდა და მიმტანს უთხრა:  ერთი, თუ ძმა ხარ, რვაფეხას სუპი მომართვი, მოლუსკების მარიანდი და ლობსტერების მწვადი, ზვიგენის ხაშლამაც მინდა, ბავშობიდან მაგის ჟინი მქოდნა და ზღვის ვარსკვლავის ჩაქინძულიც არ დაგავიწყდეს კუს სუკთან ერთადო. მიმტანმა მიუგო: ზვიგენს ახლა იჭერენ მალთაყვაში და ერთ საათში გაახლებთო, ღვინოს ალბათ ბორდოს მიირთმევთ, მაგრამ მითხარით, რომელი გნებავთ, მარცხენა თუ მარჯვენა სანაპიროსი და წლის მითითებაც არ დაგავიწყდეთ. კლიენტმა წარბი შეიკრა და მკვახედ უთხრა მიმტანს – შენ ხომ არ გვაშაყირებო? – რავა, მე დავიწყე თუ? – გულიანად მიუგო მიმტანმა. 
      არც მე დამიწყია და არც ეს კვლევა ჩამიტარებია. ეს, ის მეცნიერ-პოლიტიკოს-ექსპერტები ყვიროდნენ გლანდებდაბზარული და ისტერაში ჩაბუჟბუჟებულები: ევრიკა, ვიპოვეთ გამოსავალი, მარტო შერწყმების და ბიზნესში კარტელური შეთანხმებების მუხლი დავამატოთ მონოპოლიურ კანომდებლობას და ჩვენ ვიცით მერე, როგორ ვუშველით ხალხსაც და ქვეყანასო. 
      საქონელი რომ ძვირდება, ამაში არც მთავრობა და არც მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურა არაფერ შუაშიაო, აქ მარტო ანტიმონოპლიური კანონის პატარა შესწორებაა საჭიროო. მერე?Mმერე აიღეს და შეასწორეს ზარზეიმით, შექმნეს ახალი სამსახური და გაგვიძვირდა ყველაფერი… უი…Yსად არის? ანტიმონპოლიური სამსახურის ბიჭებს დამიძახეთ! ხალხი გადამალეთ. სად არიან ის მკვლევარ-მეცნიერ-ექსპერტები და სად არის ის დანაპირები სიიაფე? 
      არ მეგონა ოცდამეერთე საუკუნეში ასეთი ზღაპრების თუ სჯეროდა ვინმეს, გეგონათ მართლა აქ იყო ძაღლის თავი დამარხული? გეგონათ კაპიტალის კონცენტრაციის გამო იქმნებოდა მონოპოლიები და კარტელები და ბიზნესი ახდენდა კარტელურ შეთანხმებას? აბა, სახელმწიფო და პოლიტიკა რას შვებოდა? სად ხართ ჩემო ექსპერტებო, სად არის დანაპირები, ასე გოდებით მოითხოვდით ანტიმონოპოლიური, ანტიმონოპოლიურიო… ახლა რა ხდება ბაზარზე? ააა… იქ ეძებდით, სადაც არ იყო და, სადაც იყო იქ – არა? რაც იყო იმას ვერ იყენებდით? “ღადაობთ”? 
      სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეთ, ვის? ბრინჯის გამყიდველს და სასაქონლო ბირჟას ჩიკაგოში? რა საოცარი ხალხი ვართ ქართველები, გვიყვარს სერვანტესი, დონ კიხოტი და ქარის წისქვილები! (და, რა თქმა უნდა, მშვენიერი დულსინეა). გვიყვარს ჭიქაში ქარიშხალი თუ საერთოდ არ ვიცით, რა გვინდა, მარტში ვართ ყველანი დაბადებულები? 
      ასეა თუ ისე, ანტიმონოპოლიურის ფრონტზე საშინელი სიჩუმეა, ხოლო ფასების ველზე ქარიშხალი ბობოქრობს! იქნებ, ასე გინდოდათ – ანტიმონოპოლიური ანტიმონოპოლიურისათვის, ისე, თავისთვის, სიტყვის მასალად და რეინკარნაცია დაარქვით, იხმაურეთ და გაიპარეთ ახლა სადღაც ჩირგვებში?! “იღადავეთ” ალბათ! ბოდიში მაინც მოიხადეთ! ხალხს დაპირებული დაბალი ფასების სამოთხე რომ შეჰპირდით ამ კანონით და ვერ აუსრულეთ! საკუთარ უმეცრობას და პოპულიზმს კვლევად და დოქტრინად ნუ ასაღებთ და კიდევ ერთი – თავი გაანებთ ევროპას და საკუთარ ქვეყანას და ბაზარს მივხედოთ, მეტი არაღ “იღადავოთ”, გთხოთ და რეალურ რეფორმებს მივხედოთ. პირადად მე, ახლა გაპატიებთ, იცელქეთ და გეყოფათ! ლობსტერის მწვადს ნუ ჰპირდებით, ხაჭაპურს ან მჭადს მაინც შეჰპირდით ამ ხალხს და უფრო გაგიგებენ! მოეშვით ატნიმონოპოლიურზე “დაღადავს” და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე იფიქრეთ, ხალხისათვის პურის ცხობასთან ერთად! 
      ისე, თქვენ ბორდო რომელი სანაპიროსი გიყვართ, მარცხენა თუ მარჯვენა – მე მგონი, მარჯვენას არაფერი შეედრება და თავი გაანებეთ მარცხენას და მემარცხენობას! 

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial