საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზები და სამშენებლო სექტორი
ქეთევან ქურდაშვილი
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სტუდენტი
ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა მეტწილად დამოკიდებულია სხვადასხვა დარგის განვითარებაზე. სამშენებლო სექტორი არის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც დიდ როლს ასრულებს ამ პროცესში.
დარგის განვითარებისათვის არამიზნობრივია ერთჯერადი დახმარება, არამედ მას სჭირდება ინვესტირება, რომელიც გრძელვადიან პერიოდში გამოიღებს შედეგს. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით მშენებლობის სექტორი იკავებს მეოთხე ადგილს სხვადასხვა დარგს შორის. მას უსწრებს ტრანსპორტირება და კავშირგაბმულობა (40%), საფინანსო სექტორი(13%) და ენერგეტიკა (10%).
მშენებლობის სფერო მოიცავს საცხოვრებელი სახლების, გზების, საშენი მასალების წარმოების ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. დღეისათვის სამშენებლო ბიზნესი პრობლემატურია, ვინაიდან გააჩნია უარყოფითი ბალანსი. ასევე არსებობს ბანკებთან მუშაობის პრობლემაც, რომელიც არც თუ ისე მარტივად მოსაგვარებელია ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. ამ ყველაფერთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, თუ როგორ არის შესაძლებელი არსებული რეალობის შეცვლა და უკეთესი სტანდარტების დანერგვა, რაც საერთაშორისო ბაზარზე გაგვიხსნის გზას. პირველ რიგში, ქვეყნის კანონმდებლობა უნდა უწყობდეს ხელს ადგილობრივი, ინოვაციურ-ეკონომიური მასალების დანერგვას, რაც შექმნის უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყნის შიგნით. „საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე – მშენებლობა საქართველოში: ახალი მიდგომები და პერსპექტივები – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ძლიერი სამშენებლო სექტორის არსებობა კი მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ამავდროულად, ეს შეიძლება იქცეს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობად. მაშინ, როცა მშპ-ს დიდი წილი მოდის განვითარებულ სექტორზე, ასეთ დროს იზრდება მასში ინვესტირების სურვილი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ინვესტიციები კი უმნიშვნელოვანესია ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამავდროულად, ინვესტირების განსახორციელებლად აუცილებელია, რომ პოტენციურ ინვესტორს ჰქონდეს კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ უღირს საქართველოში კაპიტალის დაბანდება. რატომ უნდა განახორციელოს უცხოელმა ინვესტიცია საქართველოში?
1. ეს მარტივი პროცესია – ამ მხრივ საქართველო მე-15 ადგილს იკავებს იმ ქვეყნებში, სადაც ბიზნესის „კეთება“ მარტივია.
2. ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო – საქართველო მდებარეობს კავკასიურ რეგიონში, ევროპისა და აზიის სავაჭრო გზაჯვარედინზე, ამავდროულად მას აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი, რომელიც ერთდროულად აკავშირებს როგორც ევროპის, ასევე აზიის წყლებთან, რაც ხელსაყრელ სავაჭრო სივრცეს ქმნის.
3. კორუფციისგან თავისუფალი გარემო – 2003 წელს მსოფლიო ბანკმა საქართველო დაასახელა მსოფლიოში ერთ-ერთ სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანად, ამავდროულად, ის მიიჩნევა ლიდერად კორუფციასთან ბრძოლაში.
სწორედ ეს მიზეზები იმსახურებენ ყურადღებას ინვესტორების მხრიდან. ეს სამი მთავარი კომპონენტი მათთვის საქართველოს ფარგლებს შიგნით ინვესტირების სურვილს ნამდვილად აჩენს.
თანამედროვე სამშენებლო ბიზნესი განსხვავებულია თავისი პრიორიტეტებით. ხაზგასასმელია ის სამშენებლო მასალები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მშენებლობაში. დღესდღეობით უკვე არსებობს ტენდენცია, რომ მომხმარებელმა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე გააკეთოს არჩევანი. პირველ რიგში, ეს შეამცირებს პრობლემებს, რომლებსაც აქამდე აწყდებოდნენ, მაგალითად, სახლში გაჩენილი სინესტე.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ხარისხიანი სამშენებლო მასალები გაცილებით უფრო დიდხანს შეინარჩუნებს იერსახეს და ამით მომხმარებელი კმაყოფილი იქნება, ვინაიდან დაზოგავს ფულსა და ენერგიას მის შენახვა-შეკეთებაზე.
არასწორი მასალების გამოყენება დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მომხმარებელი უკმაყოფილოა. მას უწევს დიდი დანახარჯების გაწევა, რომ აღადგინოს უხარისხო მასალებისგან მიყენებული ზიანი. ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალებით სარემონტო სამუშაოების წარმოება კი ხელსაყრელია. გაჩნდება კითხვა თუ რა არის გამოსავალი არსებული სიტუაციიდან? ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკასთან“ ინტერვიუში „ეკობინის“ დირექტორმა, ბატონ ზურაბ დოლენჯაშვილმა, განაცხადა, რომ კონკრეტული რეგულაციები მსგავსი პრობლემების მოგვარებას მარტივად მოახერხებს. აუცილებლად უნდა შემოწმდეს სამშენებლო მასალები, ვინაიდან მოსახლეობამ შეძლოს ცხოვრება ჯანმრთელ გარემოში.
ამავდროულად, მაშინ, როცა მასალების დეტალური შემოწმება აუცილებელი იქნება, კომპანიები ახლებურ სტანდარტებს დანერგავენ და ისინიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მიანიჭებენ უპირატესობას.
მშენებლობის სექტორი რეგიონების მიხედვით
გრაფიკი 1
წყარო: საქსტატი
გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ 2011-2015 წლებში მშენებლობის სექტორში ინვესტირების თვალსაზრისით, ძირითადად, ზრდა შეინიშნება. რეგიონების მიხედვით არათანაბარი სიტუაციაა. ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდება ზრდა, ზოგიერთში -კლება, და არის ასევე წლები, როდესაც ორივე ტენდენცია შეინიშნება.
2016 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშენებლობის სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა 41.2%-ით და 4.2 მლრდ. ლარი შეადგინა; მშენებლობის სექტორში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია 21.8%-ით და $106 მლნ-ს შეადგენს; მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 3.1%-ით არის გაზრდილი და საშუალოდ 60.1 ათასს უტოლდება; მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიურმა შრომის ანაზღაურებამ 1,415 ლარი შეადგინა.
PMCG-ის მონაცემებით, 2016 წლის პირველ სამ კვარტალში მშენებლობის სექტორში გამოშვებული პროდუქციის მოცულობა 41.2%-ით (1.2 მლრდ ლარი) არის გაზრდილი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 4.2 მლრდ ლარს შეადგენს. ზრდა ფიქსირდება როგორც პირველ (44.6%), ასევე მეორე (44.3%) და მესამე (36.7%) კვარტლებში. მშენებლობაში პროდუქციის გამოშვების სტრუქტურა საწარმოების ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი – 82.5%, საშუალო – 10.9% და მცირე – 6.6%. ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ სწორედ მშენებლობის სექტორს უნდა მიაქციოს მთავრობამ ყურადღება.
ახლა კი ვნახოთ რა სიტუაციაა ერთ კონკრეტულ რეგიონში. 2016 წელს აჭარაში კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ენერგეტიკა – 45.5%, ტურიზმი – 31.6%,მშენებლობა – 20.8%, სოფლის მეურნეობა – 0.2%, მრეწველობა – 1.4%, სხვა სექტორები – 0.5%.
აჭარის მაგალითზე საუბრისას გამოსაკვეთია მისი, როგორც ტურისტულ-რეკრეაციული ზონის, მნიშვნელობა. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე ვხვდებით არამარტო საცხოვრებელი სახლების, არამედ სასტუმროების მშენებლობას. მაღალი დონის სასტუმროების არსებობა განავითარებს მომსახურეობის სფეროსაც, რომელზეც ნამდვილად მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ტურისტების რაოდენობა კონკრეტულ რეგიონში.
შეიძლება ბევრ ადამიანს გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ უნდა მიექცეს მშენებლობის სექტორს სერიოზული ყურადღება მაშინ, როცა იმ თანხებით, რომლებიც მას უნდა მოხმარდეს, შესაძლებელია ბევრი გაჭირვებული ადამიანის დახმარება. ამ საკითხზე არაერთგვაროვანი პასუხის გაცემაა შესაძლებელი. თუმცა, მთავარია ის, რომ სახელმწიფო არ უნდა ზრუნავდეს მოსახლეობის ერთჯერად დახმარებაზე, არამედ, უნდა შექმნას სამუშაო ადგილები,რომლებიც თავად გაუჩენს შრომისუნარიან მოქალაქეებს სტაბილურ შემოსავალს. ამავდროულად, მშენებლობის სექტორში დასაქმება შეეძლებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც არ აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება და საშუალო ხელფასი მათთვის დამაკმაყოფილებელია. უმაღლესი განათლების მქონენი კი გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ბაზას შექმნიან სამშენებლო სფეროსა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
ამრიგად, საქართველოს გააჩნია მრავალმხრივი პოტენციალი და ამ ყველაფერს ესაჭიროება სწორი შეფასება. მისი გამოყენების შემთხვევაში ქვეყანა აუცილებლად მოგებული დარჩება, აღარ იარსებებს უარყოფითი ბალანსი და დეფიციტი ბიუჯეტში, რაც ასე მძიმედ მოქმედებს ყველა სფეროზე.
გამოყენებული წყაროები:
thouse.ge
www.mrdi.gov.ge
cbw.ge
adjara.gov.ge
matsne.gov.ge
www.bm.ge