ლიბერალიზმისა და დემოკრატიის მითი იმსხვრევა

მაკა ღანიაშვილი 

ეკონომიკური კრიზისი ყოველთვის ხდება ახალი იდეებისა და ინიციატივების დასაბამი. მსოფლიო ეკონომიკაში გასულ წლებში ბევრი ისეთი ცვლილება მოხდა, რომელმაც სახელმწიფოს როლის გაძლიერება კვლავაც პოლიტიკური დებატების ცენტრალურ თემად აქცია. ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების აზრი დღეს ორად არის გაყოფილი: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროა რეგულირების გაზრდა, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ ღრმა ეკონომიკური რეცესიები, ხოლო მეორე ნაწილი ეკონომიკის თვითრეგულირების მომხრეა. 

      მიმდინარე გლობალურმა რეცესიამ თეორიები სახელმწიფოსა და ბაზრების როლის შესახებ თავდაყირა დააყენა. თუკი ადრე პრობლემის თავიდათავი სახელმწიფო მიიჩნეოდა, ახლა ასეთად ფინანსური ბაზრები სახელდება. გლობალურმა ბაზრებმა კრახი განიცადა, ეკონომიკაში სახელმწიფოს ინტერვენციებმა კი არნახულ მასშტაბებს მიაღწია. მთავრობებმა ეკონომიკის ლიკვიდურობის უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა აიღეს და ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები გადაარჩინეს. ფინანსური კრიზისის დროს, ყველაზე მეტად იმ ქვეყნის მთავრობები აქტიურობენ, რომლებიც თავის დროზე სახელმწიფოს როლის შესუსტების ყველაზე აქტიური აპოლოგეტები იყვნენ. საუბარია, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შესახებ. ჯორჯ ბუშის მმართველობისას, ფედერალური რეგულირება 7 000 გვერდით გაიზარდა, ხოლო ბრიტანეთში 10 მარეგულირებელი ორგანოდან 8 მიმდინარე ხელისუფლების დროს შეიქმნა. 
      კეინსიანური შეხედულებები კვლავ აქტუალური გახდა და მსოფლიოს ლიდერებიც თავისუფალი ეკონომიკის სისტემის მოდერნიზაციაზე ალაპარაკდნენ. გახშირდა კაპიტალისტური სისტემის კრიტიკა და ნაკლოვანებების წინა პლანზე წამოწევა. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ემზადება ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებისთვის, რომლის მთავარი მამოძრავებელი ეკონომიკური საფუძველი იქნება არა უპირობო თავისუფალი კონკურენცია, არამედ შერეული საბაზრო ეკონომიკის მოდელი, რომელიც გულისხმობს გარკვეული დოზით დარეგულირებულ ბაზარს და სახელმწიფოს შედარებით გაზრდილ როლს. საკამათოა, თუ რა დოზით ჩარევა იქნება გამართლებული და სად გაივლის ზღვარი თავისუფალ და ნაკლებად თავისუფალ ეკონომიკებს შორის, თუმცა, თანამედროვე პოლიტიკოსთა ყველა განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ არა ერთი ლიდერი ქვეყნის მთავრობა კიდევ უფრო აქტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. 
      2010 წლის იანვრში პრეზიდენტი ბარაკ ობამა ფინანსურ სექტორში რადიკალური რეფორმების განხორციელების წინადადებით გამოვიდა. მისი განცხადებით, საჭირო იყო მსხვილი კომერციული ბანკების მოცულობისა და საქმიანობის შეზღუდვა, რადგან დიდი ბანკების კრახმა, შესაძლოა, მთელი ფინანსური სისტემის კრიზისი გამოიწვიოს. ობამას ამ განცხადებამ უმალ უარყოფითი ასახვა ჰპოვა ქვეყნის ეკონომიკაზე. მოცემულ განცხადებას დაერთო საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც. სარკოზის განცხადებით, უნდა ვისაუბროთ არათუ ფინანსური სექტორის მოდერნიზაციაზე, არამედ საჭიროა საერთოდ ახალი სისტემის შექმნა. ნიკოლა სარკოზი ახლა დაუფარავად ამბობს, რომ მიმდინარე კრიზისს ერთი პლუსი აქვს, ძლიერი სახელმწიფოს როლი დაბრუნდა და დაიმსხვრა საზოგადოების უძლეველობის იდეოლოგია. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მისმა სახელმწიფო დანახარჯებმა კრიზისის მსვლელობისას მშპ-ის 50%-ს გადააჭარბა. 
      აქედანვე ცხადია, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ეკონომიკის რეგულირების ახალი ან თუნდაც უკვე ნაცადი მეთოდების გამოყენების მომხრენი არიან. კრიზისის პერიოდში ყველა დარგი საჭიროებს მთავრობის დახმარებას, რაც ბიზნესს სულ უფრო მეტად ხდის სახელმწიფოზე დამოკიდებულს. კრიზისიდან გამოსვლის პარალელურად, ალბათ, მართებული იქნებოდა, მთავრობის როლის მეტ-ნაკლებად შემცირება, მაგრამ თუ ბარაკ ობამამ იანვრის ბოლოს ასეთი განცხადება გააკეთა, უკვე თებერვლის დასაწყისში ახალი ინიციატივა გაახმოვანა და კონგრესმენებს მცირე ბიზნესის დასახმარებლად 30 მლრდ დოლარის გამოყოფა შესთავაზა. ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის შესახებ იდეები თითქმის ყოველდღე ხმაურდება ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაშიც. 
      სანამ დასავლეთის ქვეყნები საკუთარი თავისა და სწორი სისტემის ძიებაში არიან, სულ უფრო ძლიერდება აზიური ეკონომიკა, სადაც ლიბერალიზმის დიდი აპოლოგეტობით არასოდეს გამოირჩეოდნენ და სახელმწიფოს როლი ყოველთვის წამყვანი იყო. 
      ჩინური სურპრიზები, ფინანსური ცენტრი აზიაში ინაცვლებს? 
      ჭორლდ ჩომპეტიტივენესს Yეარბოოკ-ის მონაცემებით, რომლებიც წარმოების მართვის შვეიცარულმა ინსტიტუტმა წარმოადგინა, სინგაპური და ჰონგკონგი რეიტინგში თითო საფეხურით ზემოთ ავიდნენ და მსოფლიოს ყველაზე კონკურენტულ ეკონომიკებს შორის, შესაბამისად, პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს. ორივე ქვეყანამ გაუსწრო აშშ-ს, რომელმაც პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში რეიტინგის ლიდერობა დაკარგა. ექსპერტები განმარტავენ, რომ კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება არა მხოლოდ მონაცემების გაუმჯობესებით, არამედ ზარალის მოცულობითა და დამანგრეველი ძალებისადმი წინააღმდეგობის ხარისხით. მართალია, სინგაპური და ჰონგკონგი რეცესიის დროს დაზარალდნენ, მაგრამ მათ აღდგენის შთამბეჭდავი უნარი აჩვენეს. 
      კვლევის ავტორების თქმით, ბოლო წელი ადასტურებს, რომ ქვეყნები, რომლებიც ადრე სხვა ეკონომიკებს ჩამორჩებოდნენ, ამჟამად იზრდებიან. ამ ქვეყნებში უპირველეს ყოვლისა, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი მოიაზრებიან. არც ერთი ეს ქვეყანა რომ დემოკრატიის შუქურად არ მოიზარება, ცხადია. იქნებ ამიტომაც სულ უფრო რეალური ხდება ლიბერალური საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის პრინციპების უალტერნატივობის მითის მსხვრევა. 
      უკვე დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიოს ეკონომიკური ცენტრი ნელ-ნელა აზიისკენ ინაცვლებს. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა კი, პროცესებს დიდი ბიძგი მისცა. ეს არც არის გასაკვირი – აზიამ კრიზისს დასავლეთზე ადრე დააღწია თავი, უფრო ჯანსაღია მისი საბანკო სისტემა და ვალის დინამიკა. 2009 წელს ჩინეთმა ჩაანაცვლა გერმანია, როგორც უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა. ნათელია, რომ რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბანკირებისა და ბიზნესმენებისათვის. 1995 წლიდან მოყოლებული აზიური მშპ აშშ-სა და დასავლეთ ევროპასთან შედარებით 2-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება. “მორგან სტენლის” პროგნოზის მიხედვით, წელს მისი ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7%-ს გაუტოლდება, აშშ-ის ანალოგიური მაჩვენებელი 3%, დასავლეთ ევროპისა კი – 1,2% იქნება. 
      დაბალშემოსავლიან ქვეყნებში პროდუქტებზე ფასები გაცილებით უფრო დაბალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მსყიდველუნარიანობაც უფრო მაღალია. თუკი მშპ-ს სწორედ მსყიდველუნარიანობის მიხედვით დავითვლით, გამოდის, რომ 1980-1995 წლებში აზიური წილი გლობალურ ეკონომიკაში 18%-დან 27%-მდე გაიზრდა. შარშან კი, 34%-მდე ავიდა. ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ მაჩვენებლით აზიის ეკონომიკა 4 წელიწადში ამერიკისა და ევროპის ერთად აღებულ ეკონომიკებს გაუსწრებს. მსყიდველუნარიანობის მიხედვით, მსოფლიოს ოთხი უდიდესი ეკონომიკიდან 3 აზიურია, ჩინეთის, იაპონიის და ინდოეთის სახით, ამასთან, აზიაზე მოდის მსოფლიოს მშპ-ის ზრდის ნახევარი. აზია უდიდეს ბაზრად გადაიქცა ბევრი პროდუქტისათვის, გასულ წელს აქ ავტომანქანების 35% და მობილური ტელეფონების 43% გაიყიდა. 
      მოხმარება ჩინეთში 1990 წლიდან მოყოლებული 250 მილიარდი დოლარიდან 2008 წლამდე გაიზრადა 1,2 ტრილიონ დოლარამდე (საშუალოდ 8-9% წელიწადში). 2025 წლისათვის ექსპერტები ამ მაჩვენებლის 4,4 ტრილიონ დოლარამდე ზრდას ვარაუდობენ. აზიას ვერავინ შეედრება კაპიტალდაბანდებების მოცულობის მხრივაც. შარშან განხორციელებულ გლობალურ ინვესტიციათა 40% აზიაზე მოდიოდა, რითაც ის ევროპასა და ამერიკას ერთად აღებულს გაუტოლდა. გარდა ამისა, უახლოესი სამი წლის განმავლობაში ინვესტორები პირდაპირი ინვესტიციებისთვის პრიორიტეტულ ქვეყნებად ჩინეთსა და ინდოეთს განიხილავენ, მესამე ადგილზე კი რეიტინგში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა აღმოჩნდა. ჩინეთი და ინდოეთი პრიორიტეტულად, შესაბამისად, ინვესტორთა 66% და 61%-მა მიიჩნია, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას კი უპირატესობა 59%-მა მიანიჭა. 
      მართალია, აზიის საფონდო ბირჟებზე გლობალური ბაზრის საერთო კაპიტალის 34% მოდის, რაც, როგორც ამერიკას (33%), ასევე ევროპის (27%) მაჩვენებელს უსწრებს და აზიის ცენტრალურ ბანკებში უცხოური სავალუტო რეზერვების ორი მესამედია განთავსებული, მაგრამ, ამავე დროს, ამ ბანკების გავლენა გლობალური ფინანსურ ბაზრებზე ერთობ მოკრძალებულია, რადგან მათი ოფიციალური რეზერვები მსოფლიო ფინანსური კაპიტალის მხოლოდ 5%-ს შეადგენს. მაგრამ ჩინეთი სულ უფრო იმყარებს პოზიციებს საერთაშორისო არენაზე. საკრედიტო კრიზისში მყოფი საბერძნეთი საკუთარი ეკონომიკის გაუმჯობესებას ჩინეთის დახმარებით აპირებს. მილიარდობით ინვესტიციების სანაცვლოდ ათენი მზადაა ჩინური ბიზნესი სტრატეგიულად ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში შეუშვას, როგორიცაა ტრანსპორტი და ტურიზმი. თავის მხრივ, პეკინმა უკვე 4 მილიარდი დოლარი ჩადო საბერძნეთის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და სურს ბერძნული პორტები ევროპაში ჩინური ბიზნესის კარიბჭედ აქციოს. განსაკუთრებულ ინტერესს ჩინელები საბერძნეთის მთავარი პორტის, პირეის მიმართ იჩენენ, რომლის თანამედროვე საპორტო კომპლექსად ქცევა სურთ. ჩინურ და ბერძნულ კომპანიებს შორის უკვე 14 სავაჭრო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.  ჩინეთი, რომელიც ევროპასთან საქონელბრუნვის გაზრდითაა დაინტერესებული, ცდილობს ისარგებლოს იმ ფაქტით, რომ ევროპის ლოგისტიკური სიმძლავრეები ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის. საბერძნეთი კი მათი ყურადღების ქვეშ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით მოექცა. 
      სავაჭრო ომები 
      დასავლეთი რომ ასე ადვილად არ შეეგუება აზიისა და ჩინეთის სასარგებლოდ პოზიციების დათმობას, ფაქტია. პოზიციების გადასანაწილებლად ბრძოლამ საერთაშორისო არენაზე სავაჭრო ომები დღევანდელ მსოფლიოში ჩვეულ მოვლენად აქცია. ეს ტენდენცია კი, მსოფლიო ეკონომიკისათვის არცთუ სახარბიელოა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ბოლო ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2009 წელს მსოფლიო ვაჭრობის ზრდა 9%-ით შემცირდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტების აზრით, სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება იმით, რომ მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებისა, ქვეყნების დიდი ნაწილი პროტექციონისტულ ნაბიჯებს დგამს. 
      ინდუსტრიული ქვეყნების მთავრობები პროტექციონისტულ ღონისძიებებს მიმართავენ, რაც, როგორც წესი, შიდა მწარმოებლების უცხოელი კონკურენტებისაგან დაცვას ისახავს მიზნად. მაგალითად, რუსეთმა უცხოური ავტომობილების იმპორტის დაბეგვრა გაზარდა; აშშ-ის მიერ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი სამთავრობო სახსრები, კონგრესის გეგმით, შეძლებისდაგვარად ადგილობრივი საწარმოებს უნდა მოხმარდეს, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე საჭირო ლითონი და რკინა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქციას უნდა წარმოადგენდეს და ასე შემდეგ. 
      მაგრამ ერთია მთავრობების სტრატეგია, რაც, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვაში გამოიხატება და მეორე ის, რომ საქონლისა და მომსახურების მიმოსვლის მსგავსი შეზღუდვები და სხვა ქვეყნების ხარჯზე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მცდელობა მსოფლიო ვაჭრობისათვის დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს. როგორც წესი, ერთი ინდუსტრიული ქვეყნის მიერ იმპორტის შეზღუდვა მისი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის საპასუხო რეაქციის და საკუთარი იმპორტის შეზღუდვის მიზეზი ხდება. 
      მაგრამ არც ისაა გასაკვირი, რომ ძალთა გადანაწილების ეპოქაში მთავრობები მიზნის მისაღწევად ყველა ხერხის გამოყენებას ცდილობდნენ. განსაკუთრებით კი, ჩინეთის წინააღმდეგ. ლოგიკურია, რომ პროტექციონისტული ტალღის მომძლავრებამ, პირველ რიგში, მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები და, მათ შორის, ჩინეთიც ძალიან დააზარალა. 2008 წლის მეოთხე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკის წლიური ზრდის ტემპი 2,2%-ით შემცირდა. ექსპორტის მასიური შემცირების გამო ათეულობით მილიონმა ჩინელმა სამსახური დაკარგა. 
      დემოკრატია Vშ დიქტატურა 
      ჩინეთის ექსპორტის წილი მსოფლიო ბაზარზე 1999 წლის 3%-დან 2009 წლის 10%-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და ამერიკას შორის სავაჭრო დეფიციტი შემცირდა, ჩინეთის ანგარიშზეა ამერიკის მთლიანი დეფიციტის ნახევარი. გასული წლის 30 დეკემბერს ამერიკის საერთაშორისო სავაჭრო კომიტეტმა ახალი ტარიფი შემოიღო ჩინურ ფოლადის მილებზე, რომლებზეც, როგორც მიიჩნევდნენ, არასწორი სუბსიდირება ხორციელდებოდა. 2009 წლის 22 დეკემბერს, ევრკოკავშირის მთავრობებმა ხმა მისცეს ანტი-დეპმინგური პოლიტიკის გაგრძელებას ჩინეთიდან შემოსულ ფეხსაცმელზე. ეს ფაქტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთის მიერ ევროკავშირის საწინააღმდეგოდ საჩივრის შეიტანის საბაბი გახდა. პრეტენზიები ევროპის ქვეყნებში ჩინეთის სპორტული ფეხსაცმლის იმპორტზე აკრძალვებს ეხება. ევროსაბჭო მიიჩნევს, რომ ჩინელი მწარმოებლები, რომლებსაც ევროპულ ბაზარზე, ძალიან იაფფასიანი სპორტული ფეხსაცმელი გამოაქვთ, ევროპელი მეწაღეების ინტერესებს ძირს უთხრიან. ევროკავშირში ჩინური და ვიეტნამური ფეხსაცმლი 30%-ით ჩამოფასებულია. ამიტომ ბრიუსელმა დეკემბერში ჩინურ და ვიეტნამურ ტყავის ფეხსაცმელზე ანტიდემპინგური განაკვეთები კიდევ 15 თვით გაახანგრძლივა, რითაც პეკინის მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია. განაკვეთები პირველად 1996 წელს იქნა დადგენილი. 
      უცხო ქვეყნებისგან ჩინეთის მიმართ მტრული განწყობა სულ უფრო იზრდება. პოლ კრუგმანი “ნიუ იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ ჩინეთი საკუთარი ვალუტის დაბალი ღირებულების შენარჩუნებით “დიდად საჭირო მოთხოვნას ისრუტავს მსოფლიოს დეპრესირებული ეკონომიკისგან”. ამიტომ, მისი აზრით, ქვეყნებს, რომლებიც ჩინეთის მერკანტილიზმის მსხვერპლნი არიან, სრული უფლება აქვთ პროექტციონიზმი გამოიყენონ. 
      კრუგმანისაგან განსხვავებით, პროტექციონზმის მომძლავრებას ბევრი ექსპერტი საგანგაშოდ აფასებს. “უკანასკნელი თვეების განმავლობაში საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში პროტექციონიზმი შემცირდა, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკისთვის იგი კვლავ საფრთხეს წარმოადგენს” – ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და გაეროს მიერ დიდი ოცეულის ქვეყნების მთავრობებისთვის მომზადებულ მოხსენებაშია ნათქვამი. 
      ევროკომისიის მეთაურმა, პიტერ მანდელსონმა მკაცრად დაგმო ის პროტექციონისტური ნაბიჯები, რომლებიც ნედლეულის უცხოურ ბაზრებზე გატანას კრძალავს და ასეთი ქვეყნების მკაცრად დასჯა მოითხოვა. ევროსაბჭო მზად არის ამ ქვეყნების საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციასთან ურთიერთობა გაართულოს, აგრეთვე, აქტიურად გამოიყენოს ანტიდემპინგური ბაჟები. პიტერ მანდელსონის “შავ სიაში” აღმოჩნდნენ ჩინეთი, უკრაინა, ბრაზილია, არგენტინა და რუსეთი. თავის კოლეგას მხარი დაუჭირა პასკალ ლამიმ. მან ექსპორტიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს შეახსენა, რომ პროტექციონიზმისა და ეკონომიკური იზოლაციის პოლიტიკა უპერსპექტივოა. “ვიმედოვნებ, საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები არ მიბაძავენ მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების ამერიკის შეერთებული შტატების ცუდ მაგალითს, როცა      ამ ქვეყნის მთავრობამ სავაჭრო შეზღუდვები და ბაჟები პროდუქციის 20 ათას დასახელებაზე გაავრცელა. კრიზისის მომენტში არსებობს იმის საჭიროება, რომ ღარიბ მომხმარებლებს მეტი მსყიდველობითი უნარი ჰქონდეთ, ცდუნება საზღვრების დახურვისა ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება”, – დასძინა მან. 
      მაგრამ როგორი მოწოდებებიც არ უნდა გააკეთონ ევროკავშირის მმართველებმა ან ექსპერტებმა, ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ ბევრი ხელისუფლება ლიბერალური პრინციპების ნაცვლად, დიქტატორული რეჟიმების გამკაცრებისაკენ ისწრაფვის. “ფრიდამ ჰაუსის” ბოლო წლიური ანგარიშის მიხედვით, თავისუფლება და ადამიანის უფლებები უკვე მეოთხე წელია გლობალური მასშტაბებით უკან იხევს. ეს უკუსვლა სარეკორდოდ ხანგრძლივი მაჩვენებელია ბოლო 40 წლის განმავლობაში, რაც კი ორგანიზაცია თავის ანგარიშებს აქვეყნებს. ბოლო კვლევებმა აჩვენა არამხოლოდ ის, რომ ავტორიტარული რეჟიმები მრავლადაა, არამედ ისიც, რომ ისინი უფრო თავდაჯერებული და გავლენიანები გახდნენ. 20 წლის წინანდელი პერიოდის აღმასვლის შემდეგ, როცა საბჭოთა კომუნიზმის აღსასრულმა და მასთან ერთად აპარტეიდის დაცემამ ბევრს აფიქრებინა, რომ ლიბერალურმა დემოკრატიამ საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია, გაუარესების მკევთრი ტენდენცია თვალში საცემია. 
      რამდენად შეიძლება დემოკრატიის მაგნიტური ძალის შესუსტების მთავარი მიზეზი ჩინეთის აღზევებაში ვეძიოთ? დღეს მსოფლიოში მრავლად არიან მთავრობები, რომელთაც ჩინეთის მაგალითის გათვალისწინებით სჯერათ, რომ ძლიერ ეკონომიკას პოლიტიკური ძალაუფლების სხვებთან გაზიარების გარეშეც შექმნიან. ჩინეთის მოდელის მიმართ სიმპათიები და მისი გადმოღების საჭიროება უკვე არაერთი ავტორიტარული მთავრობის რიტორიკაში შეიმჩნევა. ბევრი ღარიბი სახელმწიფოსათვის ჩინეთთან ურთიერთობას ბევრი პლუსი აქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკურიც. გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ამ კრიზისიდან შედარებით იოლად “გამოძრომა” ჩინეთის მიმზიდველობის დამატებით არგუმენტებად იქცა. 
      ყველაფერი კარგია, მხოლდოდ ზომიერად?! მათ შორის, 
      ლიბერალიზმიც – რომელი გზა უნდა აირჩიოს საქართველომ? 
      გასული წლის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტმა ეკონომიკური თავისუფლების აქტი გამოაცხადა. აქტის მიხედვით, დაუშვებელია ახალი მაკონტროლებელი ორგანოების დაფუძნება თუ გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე. თუმცა, ამ საკონსტიტუციო აქტის მიღებამდე შეიქმნა ანტიმონოპოლიური სამსახური და გაიზარდა საბაჟო გადასახადები. ასევე, დაცული არ არის სახელმწიფო ხარჯებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ის ზღვარი, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივაშია გამოთქმული, არ სრულდება სხვა პრინციპებიც. შედეგად, ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელის უახლესი ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი სამი პუნქტით გაუარესდა და მან 141 ქვეყანას შორის 39-ე პოზიციიდან 42-ზე გადაინაცვლა. თუ ბოლო დრომდე საქართველო მხოლოდ წინ მიიწევდა ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წინსვლა შეფერხდა. 
      საქართველოში ბოლო წლებში გატარებულმა ლიბერალურმა ეკონომიკურმა რეფორმებმა ქვეყანა ლიდერად აქცია ყოფილ საბჭოთა სივრცეში. საქართველოზე უკეთეს შედეგებს მხოლოდ ესტონეთი, ლიტვა და ლატვია აჩვენებენ. “რეფორმების ტემპი საქართველოში ნამდვილად სწრაფია, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ მცირე დროში ეკონომიკის განვითარებას ისე, რომ დასავლეთ ევროპას გაუტოლდეთ, რომელსაც ამ განვითარებისთვის 150 წელი დასჭირდა. თქვენ კი, ოცი წლის წინ ყველაზე რეპრესიული რეჟიმის ნაწილი იყავით. მცირე დროში მე ვხედავ ძალიან დიდ პროგრესს. ცვლილებები არაა ისეთი სწრაფი, როგორც ამას ბევრი ისურვებდა, მაგრამ ვფიქრობ, თქვენ რეალისტურად უნდა შეხედოთ საკითხს”, – აცხადებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ერთ-ერთი ავტორი, საერთაშორისო ფინანსებისა და გლობალური კონკურენტუნარიანობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორი, რობერტ ლოუსონი. მას სჯერა, რომ საქართველო წარმატებას მხოლოდ უფრო მეტი ეკონომიკური თავისუფლებით მიაღწევს. 
      მართალია, უკანასკნელი კვლევა 2007 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, მაგრამ პარამეტრები, რომელმაც რეიტინგის ოდნავი გაუარესება გამოიწვია, ბოლო ორი წლის მანძილზე არ გაუმჯობესებულა. ლაპარაკია, მთავრობის მოცულობის, ანუ საბიუჯეტო ხარჯების მატებაზე. ასევე, იზრდება ბიზნესში მთავრობის ჩარევის მოცულობაც. კერძოდ, ევროკავშირის მოთხოვნით, შეიქმნა ანტიმონოპოლიური სამსახური, უახლოეს მომავალში იგეგმება შრომის კანონმდებლობის გამკაცრებაც. გასული წლის მიწურულს რამდენიმე დასახელების პროდუქტზე საბაჟო გადასახადი გაიზარდა. 
      ლოუსონის გა-ნცხადებით, გადასახადების გაზრდა უსათუოდ გამოიწვევს განვითარების შეჩერებას. იგი საქართველოს ურჩევს ეკონომიკური თავისუფლების გზას არ გადაუხვიოს. 
      მაგრამ ლოუსონს არ ეთანხმებიან ევროკავშირის ექსპერტები, რომლებიც საქართველოს მთავრობას ზედმეტი ლიბერალიზმის გამო აკრიტიკებენ. ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებით, საქართველოს მთავრობის ულტრალიბერალური იდეები ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას სრულად არ მიესადაგება. თუმცა, ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ “თბილისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კურსზე დარჩება”. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ შეახსენა მთავრობას, რომ ულტრალიბერალური მიდგომები უნდა შეცვალოს. 
       მათ პასუხად მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველო კრიზისიდან ეკონომიკის ლიბერალიზაციამ გამოიყვანა. დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტში ირწმუნებიან, რომ საქართველოს მთავრობამ კრიზისის დაძლევის ეს სტრატეგია აირჩია და ფაქტია, რომ ამან გაამართლა. მათივე თქმით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტული ქვეყნის ეკონომიკური წინსვლაა.