“რევოლუციური” კანონპროექტის მანკიერებანი

ალექსანდრა ლალიაშვილი 

საქართველოს მალე ახალი საგადასახადო კოდექსი ექნება, რომელიც თითქმის მთლიანად იცვლება და ახალი მუხლები ემატება. კოდექსზე მუშაობისას ფინანსთა სამინისტრომ ბიზნესმენებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან წინადადებები და შენიშვნები მიიღო. მართალია, ამ დროისათვის კოდექსის პროექტის სრული ვარიანტი ჯერ გამოქვეყნებული არ არის, თუმცა, მთავარი პუნქტები უკვე ცნობილია. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, კოდექსით არ იცვლება საგადასახადო განაკვეთები, თუმცა, იცვლება გადასახადების ადმინისტრირების წესი. ამასთან, მინიმუმამდეა დაყვანილი იმ მუხლების რაოდენობა, რომელიც ორმაგად იკითხებოდა და კოდექსის მოქმედების ყველა ეტაპზე სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. ერთიანდება საბაჟო და საგადასახადო კოდექსები. ახალი კანონპროექტი უკვე მონათლეს, როგორც ყველაზე რევოლუციური, მაგრამ რამდენად ახლოსაა ეს შეფასება რეალობასთან და მართლაც იცვლება თუ არა თვისობრივად ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობა?  

      ფინანსთა სამინისტრომ კოდექსის 98% ხელახლა დაწერა და ზოგიერთი მსხვილი ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდის ხარჯზე (საგადასახადო ტვირთი გაეზრდება სათამაშო ბიზნესს, სპირტიანი სასმელების (ღვინის გარდა) წარმოებას და მეტად დაიბეგრება უძრავი ქონება), შეღავათები მცირე და საშუალო ბიზნესს გაუკეთა. 30 ათას ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვის მქონე მიკრობიზნესის წარმომადგენლები (მაგალითად, მესაათეები, ფეხსაცმლის ხელოსნები, გარე მოვაჭრეები) მთლიანად თავისუფლდებიან გადასახადისგან. სანაცვლოდ, ისინი მეწარმე სუბიექტებად უნდა დარეგისტრირდნენ. როგორც მთავრობაში აცხადებენ, ამ ცვლილების მიზანი მიკრო ბიზნესის “გათეთრებაა”. მიკრო ბიზნესის წარმომადგენელს საკონტროლო სალარო აპარატის ქონა არ ევალება, მას დარეგისტრირებასა და შესაბამის სერტიფიკატს მოსთხოვენ. გარდა ამისა, სპეციალური კანონქვემდებარე აქტით, მთავრობამ, შესაძლოა, გადასახადისა და, შესაბამისად, სალარო აპარატის გამოყენებისგან გაათავისუფლოს რამდენიმე დარგში მომუშავე პირები, მაგალითად, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები და სხვა, რომელთა შემოსავლები დღეს ვერ აღირიცხება. 
      30-დან 200 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე მცირე ბიზნესი მხოლოდ ბრუნვის გადასახადს გადაიხდის. განაკვეთი 3%-5% იქნება. 3%-ით დაბეგრავენ მცირე ბიზნესს, თუ ის ხარჯების 60%-ის დოკუმენტურად დადასტურებას შეძლებს. ამით მცირე ბიზნესს შემოსავლების გათეთრების მოტივაცია გაუჩნდება. ბრუნვის 3%-ს გადაიხდის მცირე ბიზნესი, რომელიც სპეციალურ სავაჭრო ზონაში საქმიანობს და ზონის მფლობელი დარეგისტრირებულია, როგორც გადასახადის გადამხდელი. 
      მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ბრუნვის დასათვლელად, საგადასახადო ჩეკების წარდგენას მოსთხოვენ, შესაბამისად, მათ სალარო აპარატით სარგებლობის ვალდებულება კვლავაც რჩებათ. ვისაც სალარო აპარატის არქონის გამო წლის განმავლობაში სამჯერ დააჯარიმებენ, მცირე ბიზნესის სტატუსი მოეხსნება, ეს კი, სპეციალური, ანუ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმიდან გამოყვანის საფუძველი გახდება. 
      რაც შეეხება საშუალო და მსხვილ ბიზნესს, ისინი დღგ-ს კვარტალში ერთხელ გადაიხდიან. კოდექსში შევა კეთილსინდისიერი გადამხდელის, ე.წ.  Good Face-ის ცნება. კარგი გადამხდელი კომპანია საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს. მაგალითად, მას შესაძლოა გადაცდომაც აპატიონ. 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე გაიზრდება დღგ-ით დასაბეგრი ზედა ზღვარი. 
      შეიცვლება ქრონომეტრაჟის წესიც: საწარმოს შემოწმებისას წინა კვირის შემოსავლები მიმდინარე კვირაზე ავტომატურად არ გავრცელდება (მოქმედი კოდექსით, მაგ. რესტორნის შემოწმებისას, წინა და მიმდინარე კვირის შემოსავლებს შორის სხვაობა 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესი შემოსავლების დამალვის მოტივით ჯარიმდება). ქრონომეტრაჟის დროს გათვალისწინებული იქნება სეზონურობაც. 
      თუ ბიზნესი შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირებას ელექტრონულად, ფინანსთა სამინისტროს სერვერზე მოახდენს, მასთან საგადასახადო ერთკვირიან შემოწმებაზე აღარ შევა და მხოლოდ კომპლექსური შემოწმება შეეხება. საწარმოს დაზიანებული, გაფუჭებული პროდუქტის ან საქონლის ჩამოწერის უფლება მიეცემა. 
      დავების საბჭოს მიერ რომელიმე კომპანიის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პრეცენდენტულად გავრცელდება სხვა კომპანიაზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოს ყოველ ჯერზე გადაწყვეტილების ხელახლა მიღება აღარ მოუწევს. ამით კომპანიების ნაწილი დავების საბჭოში კვირაობით სიარულისა და ლოდინისგან გათავისუფლდება. 
      ახალი კოდექსის მიხედვით შეიქმნება აუდიტის უმაღლესი საბჭო ხუთი წევრის შემადგენლობით. ის ზედამხედველობას გაუწევს დავების საბჭოს, რათა ფინანსთა სამინისტროს მოხელემ ბიზნესი საკუთარი ინტერპრეტაციით არ დააჯარიმოს. საბჭოს ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს. ალბათ ამ ფაქტის გამოც, ბევრ ექსპერტს საეჭვოდ მიაჩნია ის, თუ რამდენად კომპეტენტურად შეძლებს მთავრობას დაქვემდებარებული საბჭო თავის მოვალეობის შესრულებას. ცვლილებები საგადახადო ინსპექტორის უფლებამოსილებასაც შეეხება. დღეს ის ვალდებულია დარღვევის შემჩნევისას საჯარიმო სანქციას მიმართოს. ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ ის უკვე ადგილზე გადაწყვეტს, დააჯარიმოს თუ არა მეწარმე შედარებით მცირე გადაცდომისთვის. 
      ასეთია ის მთავარი ცვლილებები, რომელიც ახალი კოდექსის მიღებისას განხორციელდება. მართალია, ახალ კოდექსს უკვე უწოდეს “რევოლუციური””, თუმცა, ყველაფერი არც ისე იდეალურადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. 
      მაგალითად, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საგადასახადო კოდექსის მუხლი �მიკრომეწარმე სუბიექტების”” შესახებ, რომელთათვის ნულოვანი საგადასახადო განაკვეთის შემოღება იგეგმება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიკრომეწარმე სუბიექტების ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლება გაუმართლებელია, რადგან საგადასახადო სისტემა ერთიანი უნდა იყოს და მისი დიფერენცირება დაუშვებელია. ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში კი, მეწარმე ხარჯებში ვერ გამოქვითავს მიკრო ბიზნესისაგან შეძენილ საქონელს და მომსახურებას, რადგან ის საგადასახადო ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია. 
      ექსპერტების განცხადებით, კოდექსის სამუშაო ვარიანტში კვლავ მრავლად რჩება ორაზროვანი განმარტებები. გარდა ამისა, საშემოსავლო გადასახადის შემცირების ვადა ხანგრძლივდება, ავანსები დღგ-თი დაიბეგრება, ნამეტი საშემოსავლოთი და ა.შ. თუ ადრე საურავი ირიცხებოდა ჯამურ ნაშთებზე ყველა გადასახადის მიხედვით, ახლა ეს წესი შეიცვალა და საურავი ცალ-ცალკე გადასახადზე დაირიცხება, ანუ ზედმეტობა აღარ იქნება გათვალისწინებული. ახალი კოდექსის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის უფლებამოსილებები ისევ ძალიან მაღალია. 
      რაც შეეხება დღგ-ს, მთავრობა წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს იმ ფაქტს, რომ დღგ-ს ზღვარი 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე გაიზარდა, თუმცა ის ფაქტი არ გახმაურებულა, რომ ახალ კოდექსში ამ გადასახადით ავანსებიც დაიბეგრება, რასაც არსებული კოდექსი არ ითვალისწინებს. 
      ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებული შენიშვნები ჟურნალისტებს “ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის” ექსპერტებმაც წარუდგინეს (შეხვედრის დროს საუბარი იყო კანონპროექტის 7 ივნისისთვის არსებულ ვარიანტზე). როგორც ექსპერტმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, მთავარი პრობლემა ახალ კოდექსთან დაკავშირებით ისაა, რომ “ფუნდამენტი, რაზეც ძველი საგადასახადო სისტემა იდგა, აბსოლუტურად იგივე რჩება. ანუ საგადასახადო უწყებებს დიდი უფლებამოსილება რჩებათ, გადამხდელის უფლებების დაცვისათვის კი, ისევ მინიმალური ნორმებია გათვალისწინებული””. მაგალითად, მტკიცების ტვირთი, ისევე, როგორც არსებული კოდექსის შემთხვევაში, მეწარმეს ეკისრება. გადასახადის გადახდა აუცილებელია მაშინაც, როცა ის სადავოა, საგადასახადო ითხოვს სადავო ჯარიმის გადახადას დადგენილ ვადებში, შემდეგ მეწარმეს შეუძლია იდავოს და ამტკიცოს, რომ არასწორად დააკისრეს ჯარიმა. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, როცა საქმე სასამართლოშია შეტანილი, გადასახადის გადახდის ვალდებულება გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულია. ამასთანავე, გადასახდელი თანხა 20 დღეში უნდა იყოს გადახდილი, მაშინ, როცა საგასადასახადო დავის წაგების შემთხვევაში, თანხას 3 თვეში გიბრუნებს. გარდა ამისა, საგადასახადოს უფლებამოსილება რჩება პირს დააკისროს გადასახადი მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ მას არ წარუდგენენ გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, რაც ტოვებს საფრთხეს თვითნებური გადაწყვეტილების მიღებისა საგადასახადო ორგანოების მხრიდან. 
      თუ აქამდე საშემოსავლო გადასახადისგან ნებისმიერი ნამეტი გათავისუფლებული იყო, ახლა ეს წესი იცვლება და მხოლოდ 30 ათასამდე ნამეტია გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადიდან. ამასთანავე,  საშემოსავლო გადასახადი ეტაპობრივად უნდა შემცირებულიყო და 2013 წელს 13%-მდე ჩამოსულიყო, მაგრამ ვადებმა კიდევ ერთხელ გადაიწია და 15%-იანი საშემოსავლო გადასახადის დაწესება 2014 წლამდე გადავადდა. 
      იქნება თუ არა ახალი საგადასახადო კოდექსი რევოლუციური თუ ეს კოდექსიც მისი წინამორბედის ბედს გაიზიარებს?! დმოუკიდებელმა აუდიტორებმა, ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა რევოლუციურად წოდებული კოდექსის პროექტთან დაკავშირებით 50-მდე შენიშვნა მოამზადეს. ფინანსთა სამინისტრო მათ დაჰპირდა, რომ ყველა გონივრულ შენიშვნას გაითვალისწინებენ, თუმცა, საკითხავია რას, მიიჩნევენ გონივრულ შენიშვნად მთავრობაში?!