ზაფხულის ცხელი ფასები

მაკა ღანიაშვილი 

საქართველოს ტურისტულ ბიზნესში ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ გამოცოცხლება შეინიშნება. სექტორის წარმომადგენლები კრიზისის დასასრულის დასაწყისზე ალაპარაკდნენ. საქართველოს ტუროპერატორებს შეკვეთები მოუმრავლდათ. მართალია, ბიზნესი უწინდელ მაჩვენებლებს არ დაბრუნებია, თუმცა, უცხოელი ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა. გაჩნდა იმედიც, რომ უცხოელი ტუროპერატორები, რომელთა უმეტესობამ კონტრაქტი სწორედ აგვისტოს ომის დროს გააუქმა, ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით კვლავ დაინტერესდებიან. საინტერესოა, რა დასკვნები გამოიტანეს გლობალური ფინანსური კრიზისიდან საქართველოს ტურისტული სექტორის ოპერატორმა კომპანიებმა? როგორ ხვდებიან ისინი წლევანდელ სეზონს და რა პროგნოზები კეთდება სეზონის დასაწყისში? 

      ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა თვალშისაცემად გაზარდა. იზრდება გამსვლელი ტურისტების რაოდენობაც. უცხოელი ტურისტები ძირითადად ქობულეთსა და ბათუმს ირჩევენ, ქართველები კი თურქეთში, ანტალიისა და ბოდრუმის საზღვაო კურორტებზე მიემგზავრებიან, იშვიათად ეგვიპტეში. როგორც ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის კვლევის შედეგები აჩვენებს, თუ შარშან თბილისის მოსახლეობის 21%-მა დაისვენა აჭარის ზღვისპირა კურორტებზე, წლეულს დამსვენებელთა რაოდენობა 10%-ით გაიზრდება. 
      საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში 480,220 უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა, რაც შარშანდელთან შედარებით 41%-ით მეტია. წლის ბოლომდე საქართველოში ჯამში 1,7 მილიონამდე უცხოელი ვიზიტორის ჩამოსვლას ვარაუდობენ. აჭარაში კი დაახლოებით  800 ათას ტურისტის დასახვედრად ემზადებიან. ჩამომსვლელებში აზერბაიჯანი ლიდერობს. მეორე ადგილზეა თურქეთი, აჭარას მეტწილად ბიზნესმენები და აზარტული თამაშების მოყვარული თურქები სტუმრობენ. ტურისტების რაოდენობით მესამე ადგილზეა სომხეთი. 
      რაც შეეხება ცალკე, საზღვაო კურორტებს, აღსანიშნავია, რომ სეზონის გახსნამდე რეგიონს უკვე საკმაოდ ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა, ყოველ შემთხვევაში, როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, მათი რიცხვი 79 113 შეადგენდა. ეს მაჩვენებლი წინა წლის იანვარ-მაისთან შედარებით 413%-ით მეტია, 2008 წელთან შედარებით კი, 210%-ით მეტი. 
      ტურისტული სექტორის ოპერატორები გათვლას ისევ სწრაფ და დიდ 
      მოგებაზე აკეთებენ, თუმცა, დაბალი სერვისისა და მაღალი ფასის ხარჯზე 
      აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ჯერჯერობით ფასებს არ აკონკრეტებენ. თუმცა, ფასებზე საუბრობენ ტურისტულ კომპანიებში, სადაც ირწმუნებიან, რომ ადგილობრივი ტურისტი ბათუმსა და ქობულეთში კვლავაც უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე თუნდაც ანტალიაში. ამიტომაც, იგივე კომპანიებში არ გამორიცხავენ, რომ წლეულსაც ქართველ ტურისტებში ძირითადი მოთხოვნა არა ბათუმსა და ქობულეთზე, არამედ ისევ თურქეთის კურორტებზე იქნება. როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, სეზონის პიკზე (ივლის-აგვისტოში) აჭარაში დასვენება კიდევ უფრო გაძვირდება. 
      აჭარაში დასვენება ერთ ადამიანს დღეში დაახლოებით 100 ლარამდე დაუჯდება. დამსვენებლები შარშან აჭარაში დღეში 21-40 ევრომდე ხარჯავდნენ. წელს კი, აჭარაში დასვენება კიდევ უფრო გაძვირდა და გამორიცხული არ არის ტურისტების დანახარჯები კიდევ უფრო გაიზარდოს. რა თანხას ხარჯავს თითოეული ტურისტი საქართველოსა და თურქეთის კურორტებზე, ამის თქმა ტურისტულ კომპანიებში უჭირთ. თუმცა, საშუალო ციფრი მაინც გამოჰყავთ და აცხადებენ, რომ ერთ ქართველ ტურისტს თურქეთში ერთკვირიანი საგზური, საშუალოდ, 500 დოლარი უჯდება, საქართველოში კი 600-700 ლარი. 
      აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ წელს ფასები კრიზისის გამო 20-30 ლარითაა შემცირებული, თუმცა, ივლის-აგვისტოში ფასების ზრდაა მოსალოდნელი. აჭარაში წლევანდელ სეზონზე ყველა კერძო სასტუმროში ნომრის ფასმა 10 ლარით მოიმატა. საშუალო დონის სასტუმროში დღე-ღამის ფასი 25 ლარიდან იწყება, რომლის ფასშიც, მხოლოდ დღეში ერთჯერადი კვება შედის. ზღვასთან ახლოს მდებარე სასტუმროების ფასები 80 დოლარიდან იწყება. ამის მიუხედავად, დეპარტამენტი ზაფხულის სეზონზე რეკორდული რაოდენობის ტურისტს ელოდება. აჭარაში ჩასულ ტურისტებს ახალ სასტუმროებს, რესტორნებს და კულტურული ღონისძიებებით დატვირთულ დასვენებას შესთავაზებენ. დაგეგმილია ჯაზ-ფესტივალები. ტურისტული ცენტრები ტურისტებს გიდების მომსახურებას, ტურ-ოპერატორები კი, ბათუმის მთის კურორტებს და თურქეთში ერთდღიან ტურებს შესთავაზებენ. დეპარტამენტის განცხადებით, წელს აჭარაში ბიზნეს-ტურები და სამორინეებში სათამაშო ტურებია პოპულარული. აჭარაში ტურისტებს, ძირითადად, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან ელოდებიან. 
      რაც შეეხება თურქეთის კურორტებს, აქაც გაძვირება შეინიშნება. თუმცა, იქ ფასებმა, დაახლოებით 10-20%-ით მოიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ჩვენთან შედარებით მაინც დაბალი ფასებია. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, წლეულს მარტო პირველ კვარტალში თურქეთში საქართველოდან 185 ათასი ტურისტი ჩავიდა. სამინისტროს 2010 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, თურქეთს 3,178 მილიონი ადამიანი ესტუმრა, რაც 11,3%-ით მეტია შარშანდელი წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. სამინისტროში აცხადებენ, რომ წლის პირველი მეოთხედი თურქული ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი სეზონი არ არის, ამიტომაც მომდევნო თვეებში ტურისტთა ნაკადი, მათ შორის, საქართველოდან თურქეთში მკვეთრად მოიმატებს. 
      საქართველოში დასვენების ღირებულება არა მხოლოდ თურქულ, არამედ ევროპულ ფასებსაც დიდად გასცდა. ბოლო კვლევების მიხედვით გაირკვა, რომ საქართველოში დასვენება ევროპის ცნობილ კურორტებზე 3-ჯერ ძვირი ჯდება. მაგალითად, საფრანგეთის პოპულარულ კურორტებზე ტურისტი დღეში, საშუალოდ, 100 ევროს ხარჯავს მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოსულ ტურისტს დღის განმავლობაში 337 დოლარი ეხარჯება. საქართველოში ჩამოსულ უცხოელს 3-ჯერ მეტის გადახდა უწევს სუვენირებშიც და ეს მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ საქართველოს ტურისტულ სექტორში ფასებისა და მომსახურების ხარისხის შეუსაბამობაზე. 
      ქართველი ტურისტების გემოვნება იცვლება 
      პოტენციური ადგილობრივი ტურისტების მხრიდან დიდია დაინტერესება საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებით. შიდა ტურისტები, ძირითადად, მოკლევადიანი ტურებით არიან დაინტერესებულნი. მნიშვნელოვანია, რომ იცვლება ქართველი მომხმარებლის გემოვნება. თუ რამდენიმე წლის წინ, ქართველები, ძირითადად, ზღვასა და სამთო-სათხილამურო კურორტებზე დადიოდნენ, ახლა დაცულ ტერიტორიებს უფრო სტუმრობენ. შარშან დაცულ ტერიტორიებს 100 ათასამდე ტურისტი ეწვია. მოთხოვნა არის ვაშლოვანის ნაკრძალზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე, მთიან აჭარაში მტირალას და თუშეთის ეროვნულ პარკებზე, ასევე, ლაგოდეხის ნაკრძალზე. 
      ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა (IPღ) კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა, კერძოდ: მეზობელი ქვეყნების მოქალაქეთა გარდა, საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა შორის, გერმანელი, ამერიკელი, დიდი ბრიტანელი და ფრანგი მოგზაურები სჭარბობენ. ტურისტთა 30%-ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა საქმიან და პროფესიულ მიზანს უკავშირდება. მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად ტურისტების საერთო რაოდენობის 25% ჩამოდის, დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით კი – 23%. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტურის ორგანიზებისთვის ტურ-ოპერატორების მომსახურებას ტურისტთა მხოლოდ 6,5% იყენებს. თითოეული ტურისტი საქართველოში საშუალოდ 1502 აშშ დოლარს ხარჯავს, რაც დღეში 337 აშშ დოლარს შეადგენს. ჩამომსვლელთა დიდ ნაწილს თურქი ტურისტები შეადგენენ, რომელთა ნაწილი ბათუმში საქმიანი ვიზიტით ჩამოდის, ნაწილი კი, სამორინეებში სათამაშოდ. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისს, საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა აბსოლუტური უმრავლესობა სტუმრობს. კვლევის ფარგლებში ტურისტებმა მათი თვალით დანახული საქართველოს უნიკალური უპირატესობებიც დაასახელეს, რომელთა შორის მთავარ ადგილს ადამიანური ურთიერთობები, სტუმართმოყვარეობა, კლიმატური პირობები და ქართული სამზარეულო იკავებს. 
      რაც შეეხება ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებს, მათ შორის, პირველ რიგში, მომსახურების დაბალი დონე და კომუნიკაციის ხარვეზები დასახელდა. 
      ამის გათვალისწინებით, სერვისის დონის გაუმჯობესებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუშაობის სტრატეგიულ მიმართულებად ასახელებს. ეტაპობრივად ხდება მომსახურე პერსონალის გადამზადება. მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის, სვანეთში, თუშეთსა და ყაზბეგში შეიქმნა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც ტურისტებზე აქირავებს სახლებს ან რაიმე სახის მომსახურებას უწევს მათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტურისტებთან კომუნიკაციის პრობლემა დღეს საქართველოში მწვავედ დგას. 
      რამდენიმე თვის წინ, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტურისტულ კომპანიებს და ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებს (მათ შორის, ავიაკომპანიებსა და სასტუმროებს) გადასახადები უნდა შემცირებოდათ. თუმცა, ტურიზმის სექტორისთვის გადასახადების შემცირების საკითხი დროებით შეჩერებულია. ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია და შესაბამისი კვლევების ჩატარებას საჭიროებს. იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორში სახელმწიფოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ქონების გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით რეალურად ძალაში შევიდეს, საჭიროა ჯერ შესაბამისი ფინანსური ანალიზი გაკეთდეს. ასევე, მოხდეს აღნიშნული საკითხის განხილვა კერძო სექტორსა და მთავრობას შორის. 
      თუმცა, რამდენად წაახალისებს ეს შეღავათები მოგების მაღალ მარჟაზე მომუშავე ქართველ ბიზნესმენებს და რამდენად შეუწყობს ეს ხელს ფასების შემცირებას? ფაქტია, რომ წელს შემცირების დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, პირიქით, სეზონისა და შესაბამისად ფასების პიკი ჯერ კიდევ წინაა.