დაკრედიტების ტენდენციები საქართველოში 2010 წლის დასაწყისში

ლაშა ნოზაძე 

2010 წლის 1 მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის, 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 244.4 მლნ ლარით, ანუ 2.9 პროცენტით გაიზარდა და 8717.4 მლნ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1554.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17.8 პროცენტია. 

      უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 77.0 პროცენტი შეადგინა. აპრილი, ისევე როგორც წინა თვე, საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მოგებამ თვის შედეგებით 9.0 მლნ ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 24.4 მლნ ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 79.0 პროცენტს  მიაღწია. საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 5.5 მილიარდი ლარი შეადგინა. 
      კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით 2.9 პროცენტით გაიზარდა და 5.5 მლრდ ლარს მიაღწია. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 6.2 პროცენტით, ანუ 79.9 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 1.8 პროცენტით, ანუ 74.6 მლნ ლარით. 
      რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2010 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 636.6 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.7 პროცენტით ანუ 45.6 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 2.5 მლრდ ლარის (შესაბამისად, 3.2 პროცენტით ანუ 78.2 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი. იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 46.5 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 2.7 პროცენტით, ანუ 39.1 მლნ ლარით გაიზარდა და 1.5 მლრდ ლარს მიაღწია. მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 23.5 პროცენტს შეადგენს, რაც 2010 წლის 1 მაისისათვის 748.6 მლნ ლარით განისაზღვრა (10.5 პროცენტით, ანუ 71.2 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით). 10.8 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 344.2 მლნ ლარია (4.1 პროცენტით ანუ 14.8 მლნ ლარით ნაკლები, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.8 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის. 2010 წლის აპრილის განმავლობაში 1.4 პროცენტით ანუ 28.5 მლნ ლარით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 მაისისათვის  2.1 მლრდ ლარს მიაღწია. 
      სტატისტიკური მონაცემები ნათლად ასახავს დღევანდელი საბანკო სექტორის გამოცოცხლების ფაქტს. 2009 წლის მთავარი მიზანი კომერციული ბანკებისათვის იყო არსებული პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება და პრობლემურ აქტივებთან მუშაობა. დაკრედიტება კი, ძირითადად, არსებული პორტფელის და კლიენტთა ბაზის შენარჩუნების კუთხით ხორციელდებოდა. ბანკების ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო სესხების რესტრუქტურიზაციასა და მოკლევადიანი სესხების გაცემაზე. 2009 წლის ბოლოს კი, ბანკებმა უკვე დაიწყეს სესხების გაცემის ახალი სტრუქტურებისა და პროექტების ჩამოყალიბება. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია აქციები და პროექტები, რომლებიც განახორციელეს ქართულმა კომერციულმა ბანკებმა სამომხმარებლო დაკრედიტების კუთხით. 
      მნიშვნელოვნად გაზარდა გაცემების რაოდენობა და მოცულობა თიბისი ბანკმა თავისი აგრესიული პოლიტიკით. აგრესიული პოლიტიკა გამოიხატა ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების დაწევასა და სესხის გაცემის პირობების გაუმჯობესებაში, ასევე, ახალი პროდუქტებისა და პირობების დანერგვაში. 
      2010 წელი ბევრმა ბანკმა ზრდით დაიწყო, მათ შორის, ტაოპრივატბანკმა, რომელმაც ბაზარზე შეიტანა ახალი პროდუქტები ან უკვე არსებული, მაგრამ შეჩერებული პროექტები. 
      ამ ეტაპზე საკმაოდ საინტერესოა ახალი პოლიტიკისა და მიმართულების სუბიექტის ლიბერთი ბანკის აქტიური და აგრესიული პოლიტიკაც. ბანკის კონსოლიდირებულმა წმინდა მოგებამ 2010 წლის პირველ კვარტალში 0.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2010 წლის პირველ კვარტალში ბანკმა 72.3 მილიონი ლარის ოდენობის, ხოლო 2009 წლის მეოთხე კვარტალში 64.2 მილიონი ლარის მოცულობის სესხი გასცა. ჯამში, ბანკმა 2009 წლის სექტემბრში მისი “ლიბერთი კაპიტალის”” მიერ შესყიდვიდან მოყოლებული დღემდე 136.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა. 
      2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე ბანკმა თითქმის ყველა პარამეტრის მიხედვით გადაუსწრო მთლიანად საბანკო სექტორის ზრდას. 2010 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკის მთლიანმა აქტივებმა 362.4 მილიონი ლარი შეადგინა და ექვსი თვის განმავლობაში 29.6%-ით გაიზარდა. ბანკის წმინდა საკრედიტო პორტფელი 2010 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 101.7 მილიონ ლარს გაუტოლდა და ექვსი თვის განმავლობაში 29.8%-ით გაიზარდა. 2010 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკის საბაზრო წილმა მთლიანი აქტივების მიხედვით 4.3%, მთლიანი სესხების მიხედვით – 2.2% შეადგინა. ყველა ამ მონაცემის მიხედვით ფაქტია, რომ ლიბერთი ბანკს საკმაოდ აგრესიული პოლიტიკა აქვს შერჩეული და მომავალშიც გააგრძელებს ზრდის მიმართულებით სვლას. 
      ჯამში, დაკრედიტება მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ჯერჯერობით კრებსითმა აქტივებმა ვერ მიაღწია 2008 წლის მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, ზრდის ტენდენცია საკმაოდ შესამჩნევია და ჯერჯერობით ნელი, მაგრამ სტაბილური ხასიათისაა. 
      1997 წლიდან საქართველოს საბანკო სისტემამ სწრაფი ტემპით დაიწყო ზრდა. მართალია, საქართველოში საბანკო აქტივების მშპ-სთან შეფარდების მაჩვენებლები ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ბოლო პერიოდში, სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით მატების წინმსწრები ტემპით გამოირჩევა. საქართველოს კომერციული ბანკების აქტივების სტრუქტურის უდიდესი ნაწილი მოდის კერძო 
       სექტორისათვის გაცემულ სესხებზე, მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი დაკრედიტების წილი გაიზარდა. 
      თიბისი ბანკი ლოკალურ საბანკო სექტორში სტაბილურად ინარჩუნებს წამყვანი ბანკის ფუნქციას არა მარტო ფინანსური მაჩვენებლების, არამედ ინოვაციურობის და ტექნოლოგიური განვითარების მხრივაც. 
      თიბისი ბანკის დინამიკა 1997-2007 წლებში ასეთია (ათასი ლარი, აქციების შესახებ ინფორმაციის გარდა): 
      თიბისი ბანკის საკრედიტო პორტფელი 
      ფიზიკური პირების 
      საკრედიტო მომსახურება 
      თიბისი ბანკი საკმაოდ ძლიერი მოთამაშეა ფიზიკური პირების დაკრედიტების ბაზარზე. ბანკი გამოირჩევა პროდუქტების მრავალფეროვნებითა და მრავალრიცხოვნობით, რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა აღნიშნულ ბაზარზე. 
      2006 წლიდან მოყოლებული ბანკის კლიენტების რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა შესაძლებელი გახდა უფრო ფართო სეგმენტის დაკრედიტებით, ასევე, ახალი პროდუქტებისა და პროცესების დანერგვით. აღსანიშნავია, რომ პორტფელის მნიშვნელოვანი ზრდა განხორციელდა მომსახურების ხარისხის მაღალ დონეზე შენარჩუნების პირობებში. ამ მიზნით, დაინერგა სესხების მონიტორინგის უფრო მოქნილი მეთოდები. 
      2007 წელს განხორციელდა EBღD-ის პროექტი იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით. ამ პროექტის ფარგლებში კიდევ უფრო დაიხვეწა იპოთეკური სესხების გაცემის პირობები. დანერგილი ახალი პროდუქტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სწრაფი განვადება და განვადების ბარათი. აღნიშნული პროდუქტების დანერგვამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პორტფელის რაოდენობრივ ზრდას და ახალი კლიენტების მოზიდვას. 
      პროდუქტების დანერგვასთან ერთად, დაინერგა განაცხადების დამუშავების ახალი სისტემა. აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა განაცხადების დამუშავება მოხდეს სწრაფად, ავტომატურ რეჟიმში. ეს კი ხელს უწყობს, როგორც პორტფელის გაზრდას, ასევე კლიენტების კმაყოფილების ამაღლებას მომსახურების სისწრაფის გაუმჯობესების გზით. 
      კორპორატიული საბანკო მომსახურება 
      ბანკის დაფინანსება გააქტიურდა ვაჭრობის, მომსახურების, უძრავი ქონების, მშენებლობის და წარმოების სფეროებში. მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდის დაახლოებით 80% სწორედ ამ სექტორებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 347 ათასი ლარიდან 456 ათას ლარამდე გაიზარდა საშუალო სესხის მოცულობა, რაც კორპორატიულ სექტორში მოქმედი კომპანიების მხრიდან დაფინანსების მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს. 
      აღსანიშნავია, საკრედიტო პორტფელის ხარისხობრივი მაჩვენებლები: ვადაგადაცილებული სესხების თანაფარდობა მთლიან პორტფელთან 2,8%-ს შეადგენს, ხოლო რეზერვის საშუალო მაჩვენებელი 3,4%-ია. 2007 წელს მოხდა კორპორატიული სექტორის დაყოფა ორ ძირითად მიმართულებად: მცირე და საშუალო მოცულობის ბიზნესი და მსხვილი კორპორატიული ბიზნესი. ბანკის ფილიალების მასშტაბით ჩამოყალიბდა მცირე და საშუალო სესხებზე მომუშავე საკრედიტო ექსპერტების ჯგუფები, რომელთა ძირითადი ფუნქციაა 300 ათას აშშ დოლარამდე საკრედიტო განაცხადების მოძიება და დაფინანსება. 
      კორპორატიული დაკრედიტების განყოფილებაში საკრედიტო პორტფელის დარგობრივმა დაყოფამ და გადანაწილებამ საკრედიტო ანალიტიკოსებს შორის გამოიწვია ხარისხის გაუმჯობესება. დარგობრივი ანალიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბებამ და ცალკეულ ბიზნეს-მიმართულებებზე ანალიტიკოსების ფოკუსირებულმა მუშაობამ კიდევ უფრო აამაღლა მსხვილი კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების დამუშავების ხარისხი. გარდა ამისა, გაიზარდა საკრედიტო ანალიტიკოსების კვალიფიკაცია, ბიზნესის შეფასების უნარი და დარგობრივი ექსპერტიზა. 
      ცალკე აღნიშვნის ღირსია, სპეციალიზირებული პროდუქტების დაფინანსების განყოფილება. სპეციალიზირებული პროდუქტების დაფინანსების განყოფილება აერთიანებს ფაქტორინგის, სავაჭრო ოპერაციების და პროექტების დაფინანსების ჯგუფებს. 
      ფაქტორინგი არის სესხის ალტერნატივა. იგი გულისხმობს ბანკის მიერ კლიენტის დებიტორული ანგარიშების შეძენას, რითაც უზრუნველყოფს კლიენტი კომპანიის დაფინანსებას მისი ლიკვიდურობის გაზრდის მიზნით. ფაქტორინგული მომსახურების დანერგვით შესაძლებელი გახდა ბანკის კლიენტი ორგანიზაციების ფულადი სახსრების ნაკადების გაუმჯობესება და ლიკვიდურობის გაზრდა. ამასთან, ფაქტორინგით დაფინანსებამ ხელი შეუწყო აღნიშნული კომპანიების გაყიდვების ზრდას, ახალი მომხმარებლების შეძენასა და სავაჭრო პირობების გაუმჯობესებას. 
      სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების ჯგუფი ახორციელებს კორპორატიული კლიენტების მსხვილი სავაჭრო გარიგებების დაფინანსებას, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს აწარმოონ სხვადასხვა ტიპის პროდუქციის იმპორტი და რეექსპორტი საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული დოკუმენტალური ოპერაციების (აკრედიტივი, საერთაშორისო გარანტია და ა.შ.) გამოყენების გზით. ამ სახის დაფინანსების დანერგვამ მნიშვნელოვნად გაამარტივა მსესხებელი კომპანიებისათვის სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების პროცედურები და მინიმუმამდე დაიყვანა ასეთი ტიპის გარიგებებში არსებული სავაჭრო და ფინანსური რისკები. 
      საერთაშორისო ვაჭრობის მხარდასაჭერად, თიბისი ბანკი იურიდიულ პირებს სთავაზობს ექსპორტ-იმპორტის დაფინანსებასა და სავაჭრო გარიგებებთან საკავშირებული რისკების შემცირებას. 
      კომპანიას შეუძლია ისარგებლოს თიბისი ბანკის საგარანტიო მომსახურებით. ამ შემთხვევაში, ბანკი უდგება კომპანიას გარანტად, რაც მას ხელს უწყობს პარტნიორებთან ბიზნეს-ურთიერთობების დამყარებაში. გარანტია შეიძლება იყოს: გადახდის, სატენდერო, საავანსო გადახდის, შესრულების უზრუნველყოფის და ხარისხის გარანტია. 
      პროექტების დაფინანსების ჯგუფის ამოცანაა სტანდარტულზე მაღალი რისკიანობის მქონე საკრედიტო განაცხადების დამუშავება, რაც გულისხმობს კომპანიების ახალი ბიზნეს-მიმართულებების დაფინანსებასა და არსებული ბიზნესების მნიშვნელოვან გაფართოებას. ამ ჯგუფის ცალკე გამოყოფამ საგრძნობლად გააუმჯობესა რთული პროექტების ანალიზისა და საკრედიტო რისკების შეფასების ხარისხი, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ბანკის დაფინანსების არეალის გაზრდასა და კლიენტების ბიზნეს-შესაძლებლობების განვითარებას. 
      ზოგადად, კორპორატიული მომსახურების მიმართულებით განხორციელებულმა ცვლილებებმა და კორპორატიული ბანკირების ინსტიტუტის შემოღებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კორპორატიულ ბიზნესში ბანკის კომპეტენციის განვითარებას, ასევე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პროდუქტების მრავალფეროვნების გაზრდას, რაც არაერთგზის დადასტურდა მარკეტინგული კვლევებითა და სექტორში დასაქმებული კომპანიების გამოკითხვებით. 
      2010 წელს თიბისი ბანკს კორპორატიულ სექტორზე კვლავაც ამბიციური გეგმები გააჩნია, რაც გამოიხატება საკრედიტო პორტფელისა და სადეპოზიტო პორტფელის მოცულობების ზრდაში, აგრეთვე, ახალი პროდუქტების დანერგვა-განვითარებაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბანკის ლიდერი პოზიციის განმტკიცებას კორპორატიულ სექტორზე. 
      რაც შეეხება ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებს, თიბისი ბანკის წილი ბაზარზე აქტივების მიხედვით ასე განისაზღვრება: 
      ბანკის კაპიტალი და აქტივები დროთა განმავლობაში იზრდება. 2000 წლიდან თიბისი ბანკის მთლიანი აქტივები და კაპიტალი მნიშვნელოვანი ზრდით ხასიათდებოდა. 
      როგორც ცნობილია, ბანკის აქტივები მოიცავს: ნაღდ ფულსა და სახსრებს საქართველოს ეროვნულ ბანკში, მოთხოვნებს ბანკების მიმართ, სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, საკრედიტო პორტფელს, ინვესტიციებს, ძირითად საშუალებებსა, არამატერიალური აქტივებსა და სხვა აქტივებს. თიბისი ბანკის აქტივების სრტუტურაში უდიდესი ადგული უჭირავს საკრედიტო პორტფელს. 
      ბანკის ვალდებულებათა სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი მთლიან ნასესხებ სახრებზე მოდის: 
      მთლიანი შემოსავლების სტრუქტურაში საპროცენტო შემოსავალი 80%-ზე მეტია. 
      მთლიანი ხარჯების ყველაზე დიდი წილი, 47% საპროცენტო ხარჯებზე მოდის. 
      2009 წელს თიბისი ბანკმა მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და გააფორმა ხელშეკრულება 161 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მოზიდვის თაობაზე. მოზიდული რესურსის ერთი ნაწილი მოხმარდება ბანკის კაპიტალის გაზრდას, ხოლო მეორე ნაწილი არის გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც ბანკს საშუალებას მისცემს, განახორციელოს აქტივობა მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში. 
      2010 წლის დასაწყისში ბანკმა გაზარდა პროდუქტების რაოდენობა და დეპოზიტების მოზიდვის აგრესიული პოლიტიკიდან გადავიდა დაკრედიტების პოლიტიკაზე. ბანკის განხორციელებული აქციებიდან მნიშვნელოვანია საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი დაკლება ყველა საკრედიტო პროდუქტზე. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ბანკის მიერ სავაჭრო წერტილებთან ურთიერთობის გამარტივება და საქონლის განვადებით გაცემის პირობების გაუმჯობესება. 
      სამომხმარებლო დაკრედიტება 
      ტაოპრივატბანკში 
      2010 წლის დასაწყისში 
      ტაოპრივატბანკის მოღვაწეობა ქართულ ბაზარზე ძირითადად გამოირჩევა საცალო დაკრედიტების მიმართულებით. 2007 წლის ბოლოსა და 2008 წლის დასაწყისში ბანკმა აქტიური პოლიტიკით საკმაოდ სწრაფად შეძლო საცალო დაკრედიტების ბაზარზე შესვლა და ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ხელში ჩაგდება. ტაოპრივატბანკის აგრესიული პოლიტიკის მთავარი მიმართულება იყო სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობა და საკრედიტო ბარათებით მოსახლეობის დიდი ნაწილის მოცვა. ასევე, მნიშვნელოვან ნაწილს ტაოპრივატბანკის დაკრედიტებისა შეადგენდა მიკროდაკრედიტება და ბიზნეს სესხები. 
      განსაკუთრებით დიდი წარმატებით დაინერგა შემდეგი პროდუქტები: განვადება და საკრედიტო ბარათები. 2009 წელი ტაოპრივატბანკისთვის, ისევე, როგორც ქართული ბანკის აბსოლუტური უმრავლესობისათვის რთული პერიოდი აღმოჩნდა. ბანკმა მცირე პერიოდის განმავლობაში მოახდინა მობილიზება აქტივების ხარისხის შენარჩუნების კუთხით. 2009 წელში ძირითადი აქცენტი გაკეთდა არსებული პორტფელისა და კლიენტთა ბაზის შენარჩუნებაზე. ასევე, ბანკმა განახორციელა მნიშვნელოვანი პროექტი რესტრუქტურიზაციის სახით, რითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით სახსრების ამოღება შეძლო. 
      2010 წელი ტაოპრივატბანკმა დაიწყო საკრედიტო ბარათების მასიური გაცემის განახლებით. დღეისათვის, ტაოპრივატბანკი საქართველოს ბანკთან და თიბისი ბანკთან ერთად წარმოადგენს ლიდერს საკრედიტო ბარათების ბაზარზე. 2010 წლის დინამიკით კი, გაცემის რაოდენობითა და მოცულობით მას პირველი ადგილი უკავია საქართველოში. ასევე, ბანკმა დანერგა მნიშვნელოვანი პროდუქტები ამ კუთხით და განათლების სამინისტროსთან ერთად წამოიწყო დიდი პროექტი იუნიორ-ბანკინგის სახით, რომელიც პირველად ინერგება ქართულ ბაზარზე და საკმაოდ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. 
      რაც შეეხება უშუალოდ საკრედიტო ბარათების გაცემის დინამიკას, განსაკუთრებული ზრდა მოხდა 2009 წლის დეკემბერში და 2010 წლის პირველ კვარტალში შეუწყვეტელი ზრდის მიმართულებით ხასიათდება. 
      აღსანიშნავია ის, რომ საკრედიტო ბარათების რაოდენობრივი ზრდის პარალელურად გაიზარდა მათზე არსებული საკრედიტო სახსრები. 
      ტაოპრივატბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ექსპრეს-განვადებაც. ბანკმა 2009 წლის დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან და მისგან გამოწვეული რისკებიდან გამომდინარე გაამკაცრა განვადების გაცემის პირობები. 2010 წლის დასაწყისში კი, ბანკმა შეცვალა მიდგომა. დასწია საპროცენტო განაკვეთი და გაამარტივა პირობები. შესაბამისად, გაზარდა გაცემის მოცულობა. 2010 წელს განვადებაზე გაცემის დინამიკას აქვს ყოველთვიური 10%-იანი ზრდის ხასიათი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial