საფეხბურთო ჩემპიონატმა ევროპელებს პესიმიზმი გადაავიწყა

რედაქციისგან 

ევროპისა და აშშ-ის სტატისტიკური მაჩვენებლები უკეთესის სურვილს ტოვებს. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა აღდგენის ტემპებს ანელებს. მშპ-ის მონაცემებმა, რომელიც ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, ანალიტოკოსები სახტად დატოვა – I კვარტალში აშშ-ის მშპ მხოლოდ 2,7%-ით გაიზარდა. მსოფლიოს ყველაზე მასიური ეკონომიკა ბოლო პერიოდში აზიურ შემტევ კონკურენტს პოზიციებს უთმობს: I კვარტალში ჩინეთის ეკონომიკამ ყველაზე მნიშვნელოვანი კვარტალური ზრდის ტემპი აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში – 11,9%-ის დონეზე.  ევროპაში არ წყნარდება პერიფერიული ქვეყნების სუვერენული ვალების კრიზისი, რიგ “ცხელ წერტილებში” პოლიტიკური კონფლიქტების ესკალაციაც ფიქსირდება. გერმანია 4 წლის მანძილზე ბიუჯეტის დეფიციტის 80 მლნ ევროთი შემცირებას გეგმავს. როგორც სჩანს, გერმანია არა მარტო მოცემულ მომენტში გვევლინება ევროპის ეკონომიკის ზრდის ლოკომოტივად, არამედ უნარი შესწევს მომავალშიც გასწიოს ეს ტვირთი. 

      აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეინარჩუნოს საკვანძო სააღრიცხვო განაკვეთი წლიურად 0-0,25%-ის დიაპაზონში, რასაც ანალიტიკოსების უმრავლესობა პროგნოზირებდა. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღბული ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის ორდღიან სხდომაზე. ფსს-მ, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნოს საკვანძო განაკვეთი გამონაკლისად დაბალ ნიშნულზე, რაც დაკავშირებულია ინფლაციის დაბალ დონესთან და უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელთან. როგორც ფსს-ის პრეს-რელიზშია აღნიშნული, ქვეყნის ეკონომიკა ძალას იკრებს, თანდათანობით უკეთესდება სიტუაცია შრომით და საფინანსო ბაზრებზე. “კომიტეტი მომავალშიც განაგრძობს თვალყური ადევნოს ეკონომიკის პერსპექტივებს და ეცდება გამოიყენოს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის ხელშეწყობისა და სტაბულური ფასების მისაღწევად””, – ნათქვამია ფსს-ის ინფორმაციაში. 
      აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს საბოლოო მონაცემებით, აშშ-ის მშპ რეალურ გამოხატულებაში 2010 წლის I კვარტალში გასულ კვარტალთან შედარებით 2,7%,-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს 3,0%-ის დონეზე ელოდნენ. წინასწარი მონაცემები, რომელიც 30 აპრილს გამოქვეყნდა, ადასტურებდა აშშ-ში ეკონომიკის ზრდის ტემპებს 3,2%-ით, იანვარ-მარტში აშშ-ის მშპ გადაიხედა. მიმდინარე წლის I კვარტალში ამერიკელების პირადი შემოსავლები რეალურ გამოხატულებაში, საბოლოო მონაცემებით, 3%-ით გაიზარდა (ადრეული შეფასება 3,5%). აშშ-ში მომსახურებისა და საქონლის იმპორტი 14,8%-ით გაიზარდა (ადრე 10,4%). უარყოფით გადახედვას დაექვემდებარა მშპ-ის ისეთი კომპონენტებიც, როგორიც არის ძირითად კაპიტალში ინვესტიციები (საცხოვრებელი უძრავი ქონების გამოკლებით), რომელიც I კვარტალში საბოლოო მონაცემებით, 2,2%-ით გაიზარდა და არა 3,1%-ით. აღჭურვილობასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში ინვესტიციები გაიზარდა 11,4%-ით, ძველი შეფასებით, 12,7%-იანი ზრდის საწინააღმდეგოდ. კერძო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ცვლილების წილმა აშშ-ის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელში I კვარტალში, საბოლოო მონაცემებით, შეადგინა 1,88 პროცენტული პუნქტი (ადრეული შეფასება 1,65 პუნქტი). ამავე დროს, სამომხმარებლო ხარჯების წილი, რომელიც ამერიკული ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს, გადასინჯულ მაჩვენებლებში შემცირებულია 2,42 პროცენტული პუნქტიდან 2,13 პროცენტულ პუნქტამდე. საბოლოო მოთხოვნა ეკონომიკაში, ანუ მშპ ბიზნესის მატერიალურ-მწარმოებლური მარაგების გამოქვითვით, მიმდინარე წლის I კვარტალში შეჯამებული მონაცემებით, გაიზარდა 0,8%-ით და არა 1,4%-ით, როგორც ადრე იუწყებოდნენ. 
      მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მშპ-ის ზრდა I კვარტალში გადაიხედა და კლება აჩვენა, ამერიკული ეკონომიკის ზრდა უკვე სამი კვარტალია ზედიზედ ფიქსირდება. 2009 წლის IV კვარტალში მშპ იზრდებოდა 5,6%-იანი სიჩქარით, ხოლო III კვარტალში – 2,2%-იანი. 
      2010 წლის მაისში აშშ-ში ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 1,1%-ით შემცირდა და 192,0 მილიარდი დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის 1,0%-მდე ვარდნას მოელოდნენ. გადახედილი მონაცემების თანახმად, 2010 წლის აპრილში ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე შეკვეთების მოცულობა მარტთან შედარებით 3%-ით გაიზარდა, ამ მაჩვენებელში არ არის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებები. 
      იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებთაც პირველად მიმართეს სახელმწიფოს უმუშევრობის შემწეობის მისაღებად, ივნისის ბოლო კვირის მონაცემებით, შემცირდა 19 ათასი ადამიანით წინა კვირასთან შედარებით და შეადგინა 457 ათასი ადამიანი. ანალიტოკსები ფიქრობდნენ, რომ ეს ციფრი ოდნავ მეტი იქნებოდა – 460 ათასი. 
      აშშ-ის რიელტორების ეროვნული ასოციაციის მონაცემებით, ქვეყანაში უძრავი ქონების მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობა 2010 წლის მაისში შემცირდა 2,2%-ით და 5,66 მილიონი ერთეული შეადგინა. ანალიტოკოსები მოელოდნენ, რომ გასულ თვეს ეს მაჩვენებელი იქნებოდა 6,2 მილიონი ერთეული. მაისში გაყიდული სახლების რაოდენობამ შეადგინა 5,79 მილიონი ერთეული, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები გაზრდილია 19,2%-ით. მაისში, მეორად ბაზარზე ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი სახლის საშუალო ფასმა შეადგინა 179,6 ათასი დოლარი, რაც 2,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 
      რაც შეეხება ახალი სახლების გაყიდვებს – ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი სახლების გაყიდვების მოცულობა მიმდინარე წლის მაისში აპრილთან შედარებით 32,7%-ით შემცირდა და შეადგინა 300 ათასი ერთეული (აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემები). ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 400 ათასი ერთეული იქნებოდა. ამასთან, გადასინჯული მონაცმების თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში, ახალი სახლების გაყიდვებმა შეადგინა 446 ათასი ერთეული და არა 504 ათასი ერთეული, როგორც ადრე იუწყებოდნენ. 
      ევროზონა 
      ერთიანი ევროპული ვალუტის მიმოქცევის ზონაში სამრეწველო შეკვეთების მოცულობა 2010 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით 0,9%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებს სტატისტიკის სააგენტო Eurostat აქვეყნებს. ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიური გაანგარიშებით, 1,6%-ით გაიზრდებოდა. 2010 წლის მარტში თებერვალთან შედარებით სამრეწველო შეკვეთების მოცულობა ევროზონაში გაიზარდა 5,1%-ით, ხოლო წლიური გამოთვლით – 20,3%-ითაც. ევროკავშირის 27 ქვეყნის მასშტაბით, სამრეწველო შეკვეთების მოცულობა აპრილში მარტთან შედარებით, მიმდინარე წელს შემცირდა 0,2%-ით, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21,8%-ით გაიზარდა. 
      გერმანია 
      2010 წლის მაისში გერმანიაში ფასები იმპორტზე აპრილთან შედარებით 0,6%-ით გაიზარდა. ასეთი ინფორმაცია გამოაქვეყნა გერმანიის ფედერალურმა სტატისტიკურმა ბიურომ თავის ანგარიშში. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი თვიური გაანგარიშებით, 0,2%-ით გაიზრდებოდა. 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გერმანიაში ფასები იმპორტზე 8,5%-ით გაიზარდა. 2010 წლის აპრილში იმპორტზე ფასები 2,0%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური გამოთვლით – 7,9%-ით. 
      გერმანიაში სამომხმარებლო ნდობის ინდექსი 2010 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და შეადგინა 3,5 პუნქტი. ეს მონაცემები კვლევითი ინსტიტუტის GfK-ის მიერ გამოქვეყნდა. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ეს ინდექსი 3,3 პუნქტზე შეჩერდებოდა. 
      გერმანიაში საქმიანი განწყობის ინდექსი, რომელსაც კვლევითი ინსტიტუტი Ifo ითვლის, 2010 წლის ივნისში 0,3 პუნქტით გაიზარდა მაისთან შედარებით და 101,8 პუნქტი შეადგინა. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ინდექსის მაჩვენებელი იქნებოდა 101,2 პუნქტი. მიმდინარე წლის მაისში ეს ინდექსი შეადგენდა 101,5 პუნქტს, როგორც იუწყებოდნენ ადრე. ივნისში მიმდინარე სიტუაციის ინდექსმა 101,1 პუნქტი შეადგინა, ხოლო მოლოდინის ინდექსმა – 102,4 პუნქტი. 
      საფრანგეთი 
      საბოლოო მონაცემებით, საფრანგეთის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი I კვარტალში კვარტალური გამოთვლით, 0,1%-ით გაიზარდა, რაც დაემთხვა კიდეც ქვეყნის სტატისტიკური ბიუროს Iნსეე-ის მიერ გავრცელებულ წინასწარ მონაცემებს. წლიური გამოთვლით, საფრანგეთის მშპ-ის ზრდამ 1,2% შეადგინა, რაც ასევე დაემთხვა წინასწარ მონაცემებს. საფრანგეთში საქმიანი განწყობის ინდექსმა მიმდინარე წლის მაისში 1 პუნქტით დაიკლო შეადგინა 96 პუნქტი. 
      ჩინეთის ხელისუფალნი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მეთოდების ერთგულნი რჩებიან 
      G20-ის სამიტმა საბანკო რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით შედეგი არ გამოიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, განვითარებადმა ქვეყნებმა, რომელთა შეხედულებებს იაპონია და კანადაც დაეთანხმა, უარი თქვეს მიერთებოდნენ ბანკებისთვის დამატებითი გადასახადების შემოღების იდეას. ჩინეთი მთელი ძალებით ცდილობს არ დაუშვას ეკონომიკის ინფლაციური გადახურება, იგი ასევე, საბანკო სექტორისთვის საგადასახადო ტვირთის დამძიმების წინააღმდეგ გამოვიდა. როგორც სჩანს, ჩინეთი ფიქრობს, რომ ქვეყანაში დაკრედიტების შემცირებისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ჯერჯერობით, საკმარისია. ამავდროულად, ჩინეთის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მომუშავე კორპორაციების მოგების ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, ცხადყოფს, რომ ჩინეთის სახალხო ბანკის შემაკავებელი ღონისძიებების ეფექტურობის საკითხი კვლავ ღიად რჩება. მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამრეწველო კომპანიების სუფთა მოგება 81,6%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი მოგება დაფიქსირდა იმ კომპანიებში, რომლებიც ფერადი ლითონების დარგში მოღვაწეობენ (+330%), მას მოჰყვებიან ელექტროენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიები (+260%) და სინთეტიკური ბოჭკოების დამამზადებლები (+200%). ასეთი ციფრები სუსტი ბაზით აიხსნება – 2009 წელს მოგების საერთო შემცირებამ შეადგინა 23%, ხოლო ნავთობისა და გაზის სექტორში ვარდნამ შეადგინა 76%. იანვარ-მაისის მონაცემებში, კომპანიების მოგების ზრდის ტემპის შემცირება ფიქსირდება, მიუხედავად სეზონურობის ეფექტისა და სუსტი ბაზისა, ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკის რეგულატორი სწორ გზაზე მოძრაობს.  
      კომპანიები სავარაუდოდ თავიანთ მოგებას რეინვესტირებისკენ მიმართავენ, მათ შორის, კაპიტალდაბანდებებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების გარკვეული ზრდა, რისიც ეშინიათ კიდეც ჩინეთის ხელისუფლებაში. 
      საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, გააგრძელებენ თუ არა კომპანიები ძველი პერიოდის რეინვესტირების პოლიტიკას თუ ქვეყნის ეკონომიკის აქტიური აღდგენით შთაგონებულნი კაპიტალდაბანდებების წილს გაზრდიან. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის I კვარტალში, ჩინეთის ეკონომიკამ აჩვენა კვარტალური ზრდის ყველაზე შთამბეჭდავი ტემპი ბოლო ორი წლის მანძილზე – 11,9%. თუმცა, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ზრდის ტემპი შენელდება, რადგან ჩინეთის სახალხო ბანკის დაგვიანებული ღონისძიებების ეფექტი თავის შედეგს გამოიღებს. ზოგიერთი ანალიტიკოსი პროგნოზირებს, რომ უახლოესი 18-24 თვის მანძილზე მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთების აქტიური ზრდა არ მოხდება. რაც შეეხება ჩინეთს, განაკვეთის ზრდის ვადები ჯერ გაურკვეველია. თუმცა, სულ ახლახანს ტაივანმა ასწია საპროცენტო განაკვეთი და გამორიცხული არ არის, რომ აზია-წყნარი ოკეანიის სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ მას, რაც მათ ექსპორტზე დადებითად აისახება და რეგიონში კაპიტალის შედინებას შეუწყობს ხელს. 
      მართალია, ჩინეთის სახალხო ბანკმა განაცხადა ახალი პოლიტიკის შესახებ, რომელიც დოლართან მიმართებაში იუანის თავისუფალ კურსს ითვალისწინებს, მაგრამ იუანის გამყარებას ჯერ არ ექნება წრაფი ხასიათი, რაც, სავარაუდოდ ჩინეთის ექსპორტის ფატალურ შემცირებას გამოიწვევს. ეს იქნება დამღუპველი, როგორც ჩინური კომპანიებისთვის, ისე მსოფლიო ეკონომიკისთვის. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს იუანის კურსი დოლარს მიაბეს 6,83 ნიშნულზე. ადრე ჩინეთის ცენტრალური რეგულატორის ოპერაციები სავალუტო ბაზარზე შესაძლებლობას იძლეოდა ამ ნიშნულზე შეენარჩუნებინათ იუანის კურსი. ახლა კი, სახალხო ბანკი, როგორც სჩანს, მზად არის იუანი გაამაყროს დღეში 0,5%-ით, მაგრამ ამავე დროს, მეორე დღეს თავიდან აიცილოს მსგავსი გამყარება. სწორედ ამის შესახებ წერდა ონლაინ-პორტალი The Economist. პორტალის ინფორმაციითვე, ჩინეთის სავაჭრო ბალანსის პროფიციტი წლის დასაწყისში მნიშვნელოვნად შემცირდა. ანალიტიკოსების გამოთვლით, იუანი დოლარის მიმართ 40%-ით უნდა გამყარდეს, რომ ეკვილიბრიუმი აღდგეს, პირობა, რომელსაც ისინი განსაზღვრავენ, როგორც საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის 3%-იან პროფიციტს. 
      ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებების გამო ეკონომისტებმა შეცვალეს თავიანთი პირობა ეკვილიბრიუმის აღსადგენად – იუანის დოლართან მიმართებაში 24%-ით და სხვა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან 14%-ით გამყარება. 
      “გლობალური ეკონომიკის თვალსაზრისით, ქვეყნები, რომელთა შემოსავლები უფრო მაღალია, ვიდრე ხარჯები, წარმოადგენენ მსოფლიო უმუშევრობის წყაროს (სუსტი მსოფლიო მოთხოვნის პირობებში)” – მიიჩნევს ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი, პოლ კრუგმანი. სწორედ ამას ეყრდნობა ჩინეთის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებში აშშ-ის კონგრესის სენატორი, ჩარლზ შუმერი, მან დაადანაშაულა ჩინეთის ხელისუფლება იმაში, რომ მისი სახალხო ბანკი არ აცხადებს იუანის გამყარების ვადებს და ასევე იმას, რა ფარგლებში მოხდება მისი გამყარება. თუმცა, ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის მხრიდან ამ ინფორმაციის გამჟღავნება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა, რადგან სავალუტო სპეკულანტები ფხიზლობენ. მთავარი ინდიკატორი, რომელზედაც ჩინეთი ორიენტაციას გააკეთებს, ანალიტიკოსების აზრით, ის არის, თუ როგორ მოიქცევა ევრო დოლართან მიმართებაში, რადგან ისეთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორის დაკარგვა, როგორც ევროკავშირია, ჩინეთს ხელს არ აძლევს. 
      გერმანელი ბიზნესმენები მომავლის პესიმისტურ პროგნოზს აკეთებენ 
      გერმანიის მოსახლეობა უკიდურესად შეშფოთებულია ერთიანი ევროპული ვალუტის კურსით სხვა ვალუტებთან მიმართებაში. გერმანიაში წარმოებული ტრადიციულად უმაღლესი ხარისხის სამრეწველო პროდუქციის მიმზიდველობა ქვეყნის გარეთ განპირობებული იყო მიმზიდველი ფასებითაც. სწორედ დასუსტებულმა ევრომ გაზარდა გერმანელი მრეწველების მიერ დამზადებული საქონლის კონკურენტუნარიანობა სხვა მწარმოებლებთან შედარებით, რაც ხელს უწყობს ევროპაში ნომერი პირველი ეკონომიკის მხარდაჭერას. 
      ივნისის ბოლო კვირის სტატისტიკამ აჩვენა, რომ მიმდინარე ეკონომიკური სიტუაციის მიმართ ოპტიმიზმი ქვეყანაში, საქმიან წრეებში და რიგით მოქალაქეებში ნარჩუნდება. მიუნხენის ინსტიტუტის IFO-ის ეკონომისტების ინფორმაციით, გერმანელი ბიზნესმენების თავდაჯერებულობის დონის მაჩვენებელი ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ხოლო კოლეგებმა ნიურნბერგის ინსტიტუტიდან (GfK) დაადასტურეს, რომ გერმანელ მომხმარებლებს პესიმისტური განწყობა არ გამძაფრებიათ. IFO-მ გერმანული კომპანიებიდან გამოკითხვა 7000 ტოპ-მენეჯერთან ჩაატარა და, როგორც აღმოჩნდა, საქმიანი კლიმატი (IFO Business Climate) ივნისში ამაღლდა მაისის ნიშნულთან შედარებით 101,5 პუნქტიდან 101,8 პუნქტამდე, თუმცა, ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ის 101,2 პუნქტი იქნებოდა. გერმანელ ბიზნესმენებს შორის ასეთი მაღალი აქტივობა 2008 წლის მაისიდან არ დაფიქსირებულა. გასულ თვესთან შედარებით გაიზარდა მიმდინარე მომენტში ბიზნესის შეფასების მაჩვენებელიც (IFO Current Assessment) 99,4 პუნქტიდან 101,1 პუნქტამდე. თუმცა, უახლოეს მომავალში, როგორც ამას IFO-ს გამოკითხვები აჩვენებს, გერმანელი ბიზნესმენები პესიმიზმით უყურებენ: უახლოესი 6 თვის მანძილზე საქმიანი მოლოდინის ინდექსი (IFO Expectations) დაეცა წინა მაჩვენებლიდან – 103,7 პუნქტიდან 102,4 პუნქტამდე (მოლოდინი იყო 102,7 პუნქტის). მოულოდნელი აღმოჩნდა გერმანიაში სამომხმარებლო ნდობის გამოკვლევის შედეგები. გერმანელი მომხმარებლების განწყობა არ გაუარესებულა. ყოველ შემთხვევაში, გერმანიის სამხრეთის მოსახლეობამ უმუშევრობის შემცირებით გულდამშვიდებულებმა და მსოფლიო ჩემპიონატით გართულებმა თავიანთი ხარჯები გაზარდეს (GfK-ს გამოკვლევა). აშკარაა, რომ მათ განწყობაში პესიმიზმი არ მომატებულა, ამაზე მეტყველებს 2000 რესპოდენტის გამოკითხვის შედეგები. ასე რომ, სამომხმარებლო ნდობის ინდექსი (GfK Consumer Confidence Survey) მიმდინარე წლის ივლისში დარჩება ივნისის ნიშნულზე 3,5 პუნქტი, თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია 3,3 პუნქტამდე მაინც დაიკლოს. ამასთან ერთად, შემოსავლის მოლოდინის მაჩვენებელი მაისის 23,7 პუნქტიდან 8,2 პუნქტამდე დაეცა, ხოლო ეკონომიკური მოლოდინის ინდექსი ივნისში გაიზარდა და 5,5 პუნქტს მიაღწია (3,9 პუნქტიდან), ხარჯების ზრდის მზაობის მაჩვენებელი კი, 18,1-დან 30,4 პუნქტამდე აიწია. 
      “შრომის ბაზრიდან დადებითმა ინფორმაციებმა გერმანელ მომხმარებლებს შორის ოპტიმიზმი გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური აქტივობის აღდგენა გაიზრდება. თავიანთი ხარჯების ზრდის სურვილი გერმანელებს საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატმა გაუმძაფრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გერმანელები ძლიერ შეშფოთებულები არიან ბიუჯეტის მოსალოდნელი შემცირების გამო”” – აღნიშნულია GfK-ის ეკონომისტების რეზიუმეში. 
      ამასთან, Bundesbank-მა გამოაქვეყნა გერმანიის ეკონომიკური განვითარების პროგნოზი, რომელიც დიდი ოპტიმიზმით გამოირჩევა, ვიდრე მისი წინამორბედი. გერმანიის ცენტრალური ბანკის ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მიმდინარე წელს ევროპის ეკონომიკა გაიზრდება 1,9%-ით და 2011 წელს – 1,4%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ Bundesbank-ის პროგნოზი გაკეთდა გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც ითვალისწინებს მომავალი ოთხი წლის მანძილზე ბიუჯეტის დეფიციტის 80 მლნ ევროთი შემცირებას. როგორც სჩანს, გერმანია არა მარტო მოცემულ მომენტში გვევლინება ევროპის ეკონომიკის ზრდის ლოკომოტივად, არამედ უნარი შესწევს მომავალშიც გასწიოს ეს ტვირთი. 
      I კვარტალში აშშ-ის ეკონომიკის აღდგენის ტემპი შემცირდა 
      მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა აღდგენის ტემპებს ანელებს. მშპ-ის მონაცემებმა, რომელიც ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა, ანალიტოკოსები სახტად დატოვა – I კვარტალში აშშ-ის მშპ მხოლოდ 2,7%-ით გაიზარდა, არადა, ანალიტიკოსებს მეტის მოლოდინი ჰქონდათ. ეკონომიკის აღდგენის ასეთი შენელების მთავარი მიზეზი დიასახლისების ხარჯების შემცირება და ევროპაში გაღვივებული სავალე კრიზისია, რომელმაც ამერიკულ კომპანიებზე მკვეთრი ნეგატიური გავლენა იქონია. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ ნახსენები მდგენელების კომპენსირება მოხდა მარაგების ზრდით 34-დან 41 მილიარდ დოლარამდე. სახელმწიფო ვალების პრობლემამ ინვესტორების ტრადიციულად დაცულ აქტივებში შესვლა განაპირობა: ოქრო ლოკალურ მაქსიმუმს არღვევს. ამასთან ერთად, საფონდო ბაზრებზე ვარდნამ (S&P500 ინდექსი დახურვების მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დაეცა 5%-ით) მომხმარებლის კეთილდღეობის გაუარესება გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, აისახა სამომხმარებლო სექტორის ზრდის ტემპის დაწევაზე. I კვარტალში სამომხმარებლო ხარჯები მხოლოდ 3%-ით გაიზარდა (კვარტალურ შეპირისპირებაში). ამასთან, კვარტალურ შეპირისპირებაში კორპორაციების სუფთა მოგება 8%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც წლიურ შეპირისპირებაში ამ მაჩვენებლის ზრდამ 34% შეადგინა. შედარებისთვის, ჩინეთის ეკონომიკამ ანალოგიურ პერიოდში კორპორაციების სუფთა მოგების ზრდა აჩვენა 82%-ის დონეზე. სუფთა მოგების ზრდის ასეთი ტემპის ფონზე შეერთებულ შტატებში ბევრი ანალიტიკოსი წინასწარმეტყველებდა შრომითი ბაზრისა და საინვესტიციო მოთხოვნის აღდგენას. 
      მსოფლიოს ყველაზე მასიური ეკონომიკა ბოლო პერიოდში აზიურ შემტევ კონკურენტს პოზიციებს უთმობს: I კვარტალში ჩინეთის ეკონომიკამ ყველაზე მნიშვნელოვანი კვარტალური ზრდის ტემპი აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში – 11,9%-ის დონეზე. I კვარტალში კორპორატიულ სექტორში დადებითი ინფორმაციების მიუხედავად, 19 ივნისს დოლარი ევროსთან და სავაჭრო ვალუტებთან მიმართებაში გაიაფდა, რაც იმან განაპირობა, რომ ინვესტორებმა აირჩიეს გადაწყობილიყვნენ უფრო სარისკო აქტივებზე იმ ფონზე, რომ აქციების ბაზარზე მინიმალური დონიდან ავარდნა მოხდა. ამავე დროს, ნავთობზე ფასების ზრდამ ის შედეგი გამოიღო, რომ ის გაიყიდა ისეთ ვალუტებში, როგორიცაა ევრო, ახალზელანდიური, ავსტრალიური, კანადური დოლარი. ისტორიულად მიიჩნევა, რომ ეს ვალუტები რისკების მიმართ ინვესტორების მადის სიმბოლოებად გადაიქცნენ და მასზე მაღალი მოთხოვნა ძლიერ კორელირებას ახდენს ამერიკული საფონდი ბაზრის აღდგენის საქმეში. აშშ-ის მშპ-ის მაკროეკონომიკურ სტატისტიკამ თავისი გავლენა მოახდინა იაპონური იენის მიმართ დოლარის ვარდნაში. მსოფლიო ბაზრების ცალკეული მონაწილეების სავალუტო მანიპულაციები არ გახდა დიდი ოცეულის შეხვედრის ერთ-ერთი საკვანძო თემა (როგორც ეს აშშ-ის წარმომადგენლებს სურდათ), არამედ – მსოფლიო ეკონომიკის საერთო ძალისხმევით რეგულირების თემა. სამიტის მონაწილეების პოზიცია, რომ სახელმწიფო დავალიანების მოცულობა 2013 წლამდე ორჯერ შემცირდეს, არ იქნა გამყარებული შესაძლო იურიდიული სანქციებით. 2014 წლამდე სახელმწიფო, რომლის ვალიც 18 350, 0 მილიარდი დოლარი იქნება, საკუთარ თავს ზრდის ტემპის შემცირების უფლებას ვერ მისცემს. 
      შემობრუნება აშშ-ის უძრავი ქონების 
      ბაზარზე – ამჯერად, უარყოფითი 
      შეერთებულ შტატებში საცხოვრებელი სახლების, როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე მასიში მომხდარი ვარდნა დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ყველაზე გამოჩენილი ექპეტებისთვისაც კი. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, გაყიდვების მოცულობა პირველად ბაზარზე მაისში აპრილთან შედარებით დაეცა 32,7%-ით და ეს მას შემდეგ, როცა აპრილში ახალი სახლების გაყიდვები 14,7%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები აქტივობის 18,7%-იან კლებას ვარაუდობდნენ. გაყიდვების წლიური მოცულობა სეზონური შესწორებების გათვალისწინებით მაისში დაეცა და 300 ათას ერთეულამდე (446 ათასი ერთეულიდან). ახალი სახლების გაყიდვების შემცირება შეინიშნება აშშ-ის ოთხივე რეგიონში. ყველაზე ცოტა სახლი აშშ-ის დასავლეთით გაიყიდა, აქ კლების მაჩვენებელი 53%-ია. 
      მაისში ახალი საცხოვრებელი სახლის საშუალო ფასი წლიურ გამოხატულებაში დაეცა 9,6%-ით და შეადგინა 200 900 ათასი დოლარი. უძრავი ქონების ბაზრის 90% მეორად სახლებზე მოდის, ამიტომაც, მეორადი ბაზრის სტატისტიკა პრიორიტეტულ როლს თამაშობს, მართალია მეორადი ბაზარი ისეთ სავალალო მდგომარეობაში არ არის, როგორც პირველადი, მაგრამ არც სახარბიელო მდგომარებაა და ასევე დაღმავალი დინამიკა აჩვენა. მეორად ბაზარზე გაყიდვები მაისში აპრილთან შედარებით დაეცა 2,2%-ით, ანალიტიკოსები კი ფიქრობდნენ, რომ 8,0%-იანი ზრდა დაფიქსირდებოდა. გაყიდვების წლიური დონე 5,79-დან 5,66 მილიონამდე შემცირდა, როცა 6,12 მილიონამდე ზრდას ელოდნენ. მეორად ბაზარზე წლის განმავლობაში გაყიდვები გაიზარდა 18%-ით, ხოლო საშუალო ფასი მაისში გაიზარდა 2,7%-ით და 179 600 დოლარს მიაღწია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამერიკის საცხოვრებელი სახლების ბაზარი ისევ ძლიერად არის დამოკიდებული სამთავრობო კრედიტებზე. როგორც ცნობილია მასტიმულირებელი პროგრამა, რომელიც სახლის მყიდველებს 8000 დოლარს უხდის, დასრულდა. 30 აპრილამდე საცხოვრებელის ყიდვის კონტრაქტს ცალკეულ მოქალაქეებს ხელი უნდა მოეწერათ და ივნისის ბოლოს გარიგება დაესრულებინათ. გამოდის, რომ შეღავათიანი კრედიტები, რომელსაც სახელმწიფო გასცემდა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა გაღვივდეს. უმნიშვნელო როლს არ ასრულებს გირაოში ჩადებული ქონებაც, რომელზედაც არ ვრცელდება გამოსყიდვის უფლება, ეს კი თავის მხრივ ბაზარზე ფასებს დაბლა სწევს. 
      გარდა ამისა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ისევ რჩება სამომხმარებლო ხარჯების შემცირების მთავარი მიზეზი, გასაკვირი არ არის, რომ ამერიკელებს, როგორც ამ პლანეტის ყველა მცხოვრებს არ სურს დიდი თანხები დახარჯოს სამომხმარებლო საქონელში და გნებათ, საცხოვრებელ სახლებში, ვიდრე მსოფლიო ეკონომიკის კრიზისამდელ დონე არ დაბრუნდება. 
      ასეთ არეულ პერიოდში, როდესაც ევროპაში არ წყნარდება პერიფერიული ქვეყნების სუვერენული ვალების კრიზისი, რიგ “ცხელ წერტილებში” პოლიტიკური კონფლიქტების ესკალაცია ფიქსირდება, ხოლო ამერიკაში ჯერ კიდევ ვერ ხერხდება მექსიკის ყურეში მომხდარი ავარიის შედეგების ლიკვიდაცია, რომელმაც ამ ქვეყნის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ძნელია საშუალო ამერიკელმა ადვილად გადაწყვიტოს საცხოვრებელი სახლის ყიდვა.