ქართულმა ღვინომ საექსპორტო რესურსი ამოწურა?

მაკა ღანიაშვილი 

მართალია, დღეს ქართული ღვინო უფრო მეტ ქვეყანაში გადის, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ეს ბაზრები რუსულ მასშტაბებს ვერც კი უახლოვდება.  ემბარგომდე ექსპორტზე დახლოებით 60 მილიონი ბოთლი ღვინო გადიოდა, შარშან კი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაახლოებით 15 მილიონი ბოთლი გავიდა. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსული ბაზრის დაკარგვის შემდეგ ალტერნატიული ბაზრის მოძიება ქართველი მეღვინეებისთვის რთული აღმოჩნდა, რის გამოც ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე საკმაოდ დიდი მაჩვენებლებით განაგრძობს კლებას. როგორ უნდა დაიბრუნონ ქართველმა მეღვინეებმა გაყიდვების ძველებური მასშტაბები, რამდენად მზად არიან ისინი უპასუხონ მსოფლიოში დღეს არსებულ მოთხოვნებს და რა გზით ცდილობენ ისინი ევროპელი მომხმარებლების გულებამდე მისვლას. თუ ქართული ღვინის ინდუსტრიას ობიექტურად აღარ აქვს რესურსი, რომ ექსპორტის ერთ-ერთი ლიდერი დარგი იყოს? 

      გაყიდვების კლებასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებიც უკვე ღიად საუბრობენ. კომპანია ,თბილღვინოს” ხელმძღვანელის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის ბაზარმა საექსპორტო პოტენციალის 90% დაკარგა. შემდეგ ბაზარს კრიზისმა მოუსწრო, რომლის შედეგები ჯერ კიდევ სახეზეა. მისივე განმარტებით, ღვინის კომპანიები სიტუაციის გამოსწორებას არც უახლოეს პერიოდში ელოდებიან. ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება უკრაინის ბაზარზე ფინანსურმა კრიზისმაც განაპირობა. რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინის 40-50% ექსპორტზე უკრაინაში გადიოდა, მაგარამ ეკონომიკურმა კრიზისმა უკრაინას სერიოზული ზარალი მიაყენა, რამაც ექსპორტირებული პროდუქციის უმრავლესობაზე მოთხოვნა შეამცირა. 
      ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან ახალი ბაზრის ათვისების შესახებ საუბარი უკვე ნაკლებად ისმის. ევროპული ბაზრისკენ მიმავალი გზა, გასაგები მიზეზების გამო, ფაქტობრივად, ჩაიკეტა. ხარისხის თანამედროვე სტანდარტებისადმი შეუსაბამობა სერიოზულ დაბრკოლებად იქცა. ცალკეული ინიციატივები კი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტთანაა დაკავშირებული, ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების გვერდის ავლით ხორციელდება. 
      მაგრამ ერთია ის, თუ რას აკეთებს სახელმწიფო დარგის განვითარებისთვის და მეორე, თუ როგორ ცდილობენ საკუთარი პროდუქციის წარმოჩენას თავად მეღვინეები. საინტერესოა, როდემდე შეიძლება იყვნენ პოლიტიკოსთა სვლებზე დამოკიდებული და კრემლის ინტრიგებს შეწირული ქართველი მეღვინეები პოლიტიკური ურთიერთობების დათბობა-გაუმჯობესების იმედად? რას აკეთებენ ისინი ამ რთული მდგომარეობისგან თავის დასაღწევად? 
      ქართულ კომპანიებს ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ბაზარზე არაერთგვაროვანი პოზიცია უჭირავთ. ზოგიერთი მათგანი ბოლო პერიოდში ღვინის ექსპორტის გაუმჯობესებულ ვითარებაზე საუბრობს. ზოგიც პირიქით, ამბობს, რომ მდგომარეობა წინა წელთან შედარებით, არსებითად არ შეცვლილა. 
      როგორც კომპანია “თელიანი ველის” გენერალურმა დირექტორმა, შოთა ხობელიამ “საქართველოს ეკონომიკასთან” საუბრისას აღნიშნა: კომპანია “თელიანი ველი”-ს მენეჯმენტისათვის რუსული ბაზარი მისი დაარსების დღიდან პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. კომპანიის სტრატეგია, მისი ხედვა და გრძელვადიანი პერსპექტივა ყოველთვის იყო ახალ ბაზრებზე გასვლა, შესაბამისი პარტნიორების მოძიება და შემდგომში მისი ათვისება. აქედან გამომდინარე, რუსეთის ბაზარი, ჩვენი კომპანიისთვის არ იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სადისტრიბუციო არეალი, ის ე.წ. ერთ-ერთ მომყოლ ბაზარს წარმოადგენდა, სადაც ჩვენ სულ 2 კონტეინერი პროდუქცია გავაგზავნეთ. შესაბამისად, მენეჯმენტის სტრატეგიიდან გამომდინარე, კომპანიას  არ დასჭირვებია რუსული ბაზრის რომელიმე სხვა ბაზრით ჩანაცვლება.  
      ს.ე. – რა ძირითად დაბრკოლებებს აწყდება კომპანია ახალი ბაზრების ათვისების გზაზე? 
      შ.ხ. – მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში  გაიზარდა ღვინოზე მოთხოვნა და იგი გახდა ერთ-ერთი ელიტური სასმელი, რაც,  თავის მხრივ, ხელსაყრელი პირობაა ღვინის გაყიდვების ზრდისათვის, სამწუხაროდ, ქართული ღვინოების გაყიდვებზე ამან საგრძნობლად ვერ იმოქმედა, რადგან  ჯერ კიდევ  ძალიან მწვავეა ქართული ღვინის ცნობადობის პრობელმა. მიუხედავად ქართული მეღვინეობის  მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, რომელიც მეტყველებს ჩვენს ქვეყანაში  ღვინის კულტურის არსებობის შესახებ,  მსოფლიოს ხალხებისათვის საქართველო, ღვინის ძველი თუ ახალი  ქვეყნებისაგან განსხვავებით (მაგალითად: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩილე, ავსტრალია და ა,შ), არ ასოცირდება ღვინის სამშობლოდ. რა თქმა უნდა, ეს ადვილად გამოსასწორებელი პრობლემა არ არის, ამას სჭირდება დიდი დრო და ძალისხმევა. აუცილებელია, რომ მოხდეს საქართველოს გაპიარება, გაცნობა და მას მიენიჭოს ღვინის სამშობლოს სტატუსი. სანამ ეს არ მოხდება, ნებისმიერი ქართული ღვინის კომპანიისათვის ახალი ბაზრების ათვისების გზაზე, ეს ნომერ პირველ დაბრკოლებად დარჩება. სხვა დანარჩენი ტექნიკური პრობლემები სწორი მენჯმენტის გამოყენების შემთხვევაში, ადვილად და სწრაფად მოგვარდება.  
      ს.ე. – თქვენი გამოცდილებით, ახალი ბაზრების ათვისება სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაა თუ ძირითად როლს ცალკეული კომპანიის მარკეტინგული გათვლები ასრულებს? 
      შ.ხ. – ბაზარზე ჩვენი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე, ახალი ბაზრების შერჩევა, მოძიება, პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და შემდგომ ამ ბაზრების საბოლოო ათვისება, რომელიც არც თუ ისე ხანმოკლე  პროცესია, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კომპანიის მენეჯმენტის ერთობლივი მუშაობის შედეგია. სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ხდება ღვინის საერთაშორისო გამოფენების, ტრეინინგების, კონგრესებისა თუ სემინარების  ორგანიზება და დაფინანსება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის წარმოჩენას, მის გაცნობას, ახალი კონტაქტების დამყარებას, რაც საბოლოოდ სრულდება ცალკეული ღვინის კომპანიების მხრიდან მოლაპარაკეკბებით თუ შეთანხმებით ორმხრივი საქმიანი ურთიერთობის განხორციელებაზე. 
      ს.ე. – როგორია კომპანიის სტრატეგია და რა მეთოდებით ცდილობთ საექსპორტო არეალის გაფართოებას? 
      შ.ხ. – კომპანიის სტარეტგია და გრძელვადიანი ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ მოახდინოს სხვადასხვა მარკეტინგული საშუალებით  არსებულ ბაზრებზე პოზიციების მაქსიმალურად გამყარება, გაყიდვების გაზრდა და, ამავდროულად,  ახალი ბაზრების მოძიება და ათვისება. ამ ეტაპზე, კომპანიის მენეჯმენტი დიდ დროს და ენერგიას ხარჯავს იმისათვის, რომ მოხდეს ქართული ღვინის ექსპორტი აზიის ბაზრებზე. 2009 წლიდან, “თელიანი ველის” ღვინოები წარმოდგენილია სინგაპურის, ჰონგ კონგისა და ჩინეთის სავაჭრო ქსელებში, მაგრამ ჩვენი მიზანია, აზიური ბაზრების სიდიდიდან გამომდინარე ექსპორტის ზრდა და აზიის სხვა ქვეყნებზეც გასვლა. რაც შეეხება მეთოდებს, კომპანია იყენებს ყველა იმ საჭირო ხერხს თუ მარკეტინგულ საშუალებას, რაც ხელს უწყობს უპირველსად საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოდ გაცნობას, შემდგომ კი პროდუქციის დაგემოვნებას, წარმოჩენას, გაცნობას და მის პოპულარიზაციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულნი ყველა სახის მარკეტინგ პროგრამებში, ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსებში, გამოფენებში, სემინარებში, ტრეინიგებში და ა.შ. 
      ს.ე. – სწორ მარკეტინგულ გათვლებში მენეჯმენტის როლი ახსენეთ, საინტერესოა, რამდენად წარმატებული მენეჯერები ჰყავს კომპანიას და ჭირს თუ არა ქართული დასაქმების ბაზარზე კვალიფიციური მენეჯერების მოძიება? 
      შ.ხ. – თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანია ,თელიანი ველი” 1997 წლიდან საკმაოდ წარმატებულად არის წარმოჩენილი, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე, მისი პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ღვინის მოყვარულთა შორის და მიუღია არა ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი მაღალი რანგის ჯილდოები და მედლები. შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის ასეთი ხანგრძლივი წარმატება, სწორად შერჩეული კადრებისა და ძლიერი  მენეჯმენტის დამსახურებაა. რაც შეეხება ქართული დასაქმების ბაზარზე კვალიფიციური მენეჯერების მოძიებას, საწყის ეტაპზე, რთული იყო,  დროთა გამნავლობაში, მოხერხდა ამ პრობლემის გადალახვა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ იმატა კადრებმა, რომლებსაც განათლება და სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვთ უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში და კომპანიებში. 
      რუსულ ბაზართან დაკავშირებულ ,თელიანი ველის” პოზიციას ბევრი კომპანიის წარმომადგენელი არ იზიარებს, მათთვის რუსული ბაზარი შეუცვლელია.  რაც შეეხება ახალ საექსპორტო ბაზრებს, პროდუქციის დიდი ნაწილი უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ამერიკაში, პოლონეთში, ლატვიაში, გერმანიასა და ისრაელში, ასევე კორეაში, კანადასა და ყაზახეთში გადის. გავრცელებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე ქართული ღვინო გაიყიდება ნორვეგიაშიც. ნორვეგიის სახელმწიფო კომპანია “ვინმონოპოლეტ”-მა 2010 წლის მეორე ნახევარში ტენდერების საფუძველზე შესაძენი ალკოჰოლური სასმელების ნუსხაში ქართული ღვინოც შეიტანა, ამის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა, კოტე ზალდასტანიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სატენდერო პირობების თანახმად, ნორვეგია მხოლოდ 2007 წლიდან ჩამოსხმულ თეთრ ღვინოს მიიღებს, რომლის ღირებულებაც 300 ნორვეგიულ კრონზე ნაკლები იქნება. 
      ქართული კომპანიებისთვის ასევე იმედისმომცემია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დაცულ “ხვანჭკარას”, ,თელიანს”, ,ქინძმარაულსა” და კიდევ სხვა 18 დასახელების ღვინოს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთაღიარების შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, დაცვა ევროკავშირის ქვეყნებშიც მიენიჭება. ღვინოების ჩამონათვალს სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებიც დაემატება. ევროკავშირთან შეთანხმება ქართულ ბრენდებს ფალსიფიცირებისგან დაიცავს და, გარკვეულწილად, პროდუქციის ექსპორტსაც გააუმჯობესებს. 
      თუმცა, ევროპული ბაზრის ათვისება, როგორც ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ქართული კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, არცთუ მარტივი და ხანმოკლე პროცესი იქნება და იქ ფეხის მოსაკიდებლად მხოლოდ ღვინის მაღალი ხარისხი სულაც არ არის საკმარისი. 
      ჩვენ კომპანია ,უსახელაურის ვენახების” წარმომადგენლებს ვესაუბრეთ, რომელთა განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ,უსახელაურის ვენახების” ღვინო უკრაინულ ბაზარზე გაიყიდება. უსახელაური აბსოლუტურად ექსკლუზიური ჯიშია, რომელიც საქართველოს მხოლოდ რამდენიმე სოფელში ხარობს, ცაგერის რაიონში. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ყურძენი, 1 კილო 10-15 ლარი ღირს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, პაატა შარაშენიძემ აღნიშნა, დღეს კომპანიას 3 ჰექტრამდე ყურძენი აქვს გაშენებული. ყურძნისგან მზადდება ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელიც თავისი ექსკლუზიურობით გამოირჩევა: “წელს ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩამოვასხით ამ რაოდენობის ღვინო ამ სახეობის ჯიშისაგან, “უსახელაურის” ღვინის სერიული ჩამოსხმა დავიწყეთ პირველად, გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ. შარშან ჩამოვასხით 950 ბოთლი. მისი ექსკლუზიურობიდან გამომდინარე ჩვენი ღვინის ფასი საკმაოდ მაღალია. ერთი ბოთლი ჩვენს კომპანიაში 75 ლარი ღირს, გასაყიდი ფასი ღვინის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში მერყეობს 115-დან 125 ლარამდე, ხოლოს რესტორნებში მისი ღირებულება 150-185 ლარს აღწევს. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ამ ფასებს შარშანდელი ძალიან ცუდი მოსავალიც განაპირობებდა. წელს მოსავალი უკეთესი იქნება, რაც, სავარაუდოდ, ჩვენს ღვინოს 15-20 ლარით გააიაფებს. წელს დაახლოებით 5000 ბოთლს ჩამოვასხამთ. დაახლოებით 60% გავა ექსპორტზე, დანარჩენი დარჩება საქართველოში. რაც შეეხება გაყიდვებს, შარშანდელი 950 ბოთლიდან ახლა დარჩენილია დაახლოებით 300 ბოთლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ღვინო წარმატებით გაიყიდა, ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდით. 
      ს.ე. – თქვენი კომპანიის სტრატეგია და მთავარი უპირატესობა ახალი ბაზრების ათვისების გზაზე რა არის? 
      პ.შ. – გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ღვინო ძალიან ექსკლუზიურია და ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება, ფაქტობრივად, კონკურტენტიც არ გვყავს, ჩვენი მთავარი კოზირი სწორედ ეს ექსკლუზიურობაა. ქართულ ბაზარზე არის მაგალითად, ნახევრად ტკბილი ,ხვანჭკარა”, მაგრამ ჩვენ მას არ განვიხილავთ კონკურენტად, ვინაიდან ,ხვანჭკარასთან” შედარებით, ,უსახელაურის” ღვინო ძალიან მაღალი ხარისხისაა. 
      როდესაც ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები უკრაინელ პარტნიორებთან, მათ გვკითხეს – რატომ 5000? ჩამოვასხათ 10-20000 ბოთლი. ანუ ის, რომ ღვინო არის შეზღუდული რაოდენობით ერთგვარი სარეკლამო ხიბლიც არის. მე წელს 5000 ბოთლზე მეტს ვერ ჩამოვასხამ, იმიტომ, რომ 7 ტონა მოსავალს მივიღებ. მაშინ მე ეს ყურძენი უნდა შევიძინო ადგილობრივი მოსახლეობისაგან, რაც შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ არ გვსურს შევიძინოთ ყურძენი, რადგან ღვინის დაყენება იწყება ვენახის მოვლიდან, ყურძენს, რომლითაც უნდა დაიწუროს ღვინო, სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. გლეხი კი ცდილობს, ვაზს რაც შეიძლება მეტი ყურძენი მოასხმევინოს, რაც შეიძლება მეტად წყლიანი იყოს, ანუ ის ნაკლებად ფიქრობს მეღვინის პრობლემებზე. მეღვინეს კი, პირველ რიგში, აინტერესებს, ყურძენში რაც შეიძლება მეტი შაქრიანობა იყოს, იმისათვის, რომ მეტად ალკოჰოლური ღვინო დაუდგეს. ანუ, მევენახისა და მეღვინის ინტერესები ხშირად ძალიან ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ჩვენი ღვინის ექსკლუზიურობა ამაშიც მდგომარეობს, რომ მე ვარ მევენახე და ვარ მეღვინეც, მე ვიცი და ვუვლი ვენახს ისე, რომ მერე მისგან საუკეთსო ღვინო დავაყენო. გლეხი ასევე ცდილობს პესტიციდებით დატვირთოს მიწა, რაც შემდეგ ექსპორტზე გასვლისას,  აქ ლაბორატორიაში შემოწმებისას და, საერთოდ, ღვინის გემოზე აუცილებლად აისახება. 
      ს.ე. – ფალსიფიკაციისგან როგორ იცავთ თქვენს ღვინოს? 
      პ.შ. – ჩვენი ბოთლი არის აბსოლუტურად განსხვავებული, ეს ბოთლი არავის შეხვდებოდა მანმადე და არც ამის შემდეგ შეხვდება ვინმეს, იმიტომ, რომ მას ექსკლუზიურად ჩვენთვის ამზადებს ერთ-ერთი იტალიური კომპანია, ანუ ჩვენ ბოთლებს ვამზადებთ იტალიაში. ამ ბოთლის გაყალბება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, თანაც, როგორც უკვე გითხარით, ბაზარზე სულ 900 ბოთლია ჩვენი ღვინო, რასაც ჩვენი თვალი ჯერჯერობით წვდება. 
      ს.ე. – თუ მუშაობთ ევროპის ბაზარზე? 
      პ.შ. – ევროპის ბაზარზე არ ვმუშაობთ და არც ვფიქრობთ, რომ როდესმე ვიმუშავებთ, რადგან ევროპელები არც ფიქრობენ, რომ ნახევრად ტკბილი ღვინო შეიძლება ბუნებაში არსებობდეს. ისინი არ მიიჩნევენ ნახევრად ტკბილ ღვინოს ღვინოდ.ევროპულ გაგებაში ეს ღვინო არ არის. ჩვენზე ადრე ევროპაში “ხვანჭკარაც” ჰქონდათ წაღებული და “ქინძმარაულიც”, მაგრამ დიდი დაინტერესება არ ყოფილა. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ, რომ მათ სხვანაირი ყურძენი აქვთ, ისინი ვერ წარმოიდგენენ, რომ ყურძენს ამხელა შაქრიანობა შეიძლება ჰქონდეს. 
      როცა ჩვენი ვენახები სრულად დაიტვირთება და მაქსიმალურ მოსავალზე გავალთ (ეს იქნება დაახლოებით 2013-2014 წლებში), ვაწარმოებთ დაახლოებით 15-20 000 ბოთლ ღვინოს, მეტის საშუალებას ჩვენი ვენახები არ მოგვცემს. ჩვენი ძირითადი სამიზნე კი უკრაინა, ბელორუსია და ყაზახეთი იქნება. 
      გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ბაზარი რუსეთია, რადგან დღეს იქ ჩვენს ღვინოს ძალიან ბევრი მოყვარული ჰყავს, მოსკოვში იციან მსგავსი ღვინის არსებობის შესახებ, რადგან კუსტარული წესებით ეს ღვინო ძალიან ხშირად გადიოდა რუსეთში, ქართველი ენთუზიასტი მეღვინე შალვა ხეცურიანის ხელშეწყობით. მის კომპანია “ხეცურიანის მარანში” ყოველწლიურად ისხმებოდა 100-120 ბოთლი ,უსახელაური”, რომელიც მხოლოდ მოსკოვის რამდენიმე პრესტიჟულ რესტორანში იყიდებოდა. ანუ მოსკოველები იცნობენ ამ ღვინოს, ძალიან უყვართ და იქ ჩვენი მარკეტინგი და რეკლამა ძალიან იოლი იქნებოდა, რომ იყოს იქ გასვლის საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ეს შეუძლებელია. 
      ემბარგომ, რასაკვირველია გვაზარალა. ვფიქრობ, რომ ქართულმა ღვინომ რუსული ბაზრის ჩანაცვლება ვერ შეძლო. იმიტომ, რომ რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოს ჰქონდა საუკეთესო რეკლამა. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მარკეტინგში კი, ყველაზე მთავარი არის რეკლამა. აქედან გამომდინარე, დღეს ქართულ ღვინოს არანაირი შანსი არ აქვს, რომ მან ჩაანაცვლოს რუსული ბაზარი, რადგან მას ცნობადობა არსად აქვს. დღეს ევროპელს რომ უხსენო ქართული ღვინო, ის თავის გონებაში ამ ღვინოს დააყენებს ჩილეს ღვინოს უკან, რადგან მის ცნობიერებაში არსებობს საუკეთესო იტალიური და ფრანგული ღვინოები, მის უკან მდგომი ესპანური, პორტუგალიური და ბერძნული ღვინოები, შემდეგ მოდის ბულგარული, გერმანული, მალტური ღვინოები, შემდეგ იცის, რომ მსოფლიოში არის ავსტრალიური ღვინო, რომელსაც მოსდევს ამერიკული ღვინო და ბოლოს იცის, რომ ყველაზე უკან მდგომი არის ჩილეს ღვინო, აი ამ ღვინოს უკან დააყენებს ევროპელი ქართულ ღვინოს. 
      რეკლამირებასა და ცნობადობის მიღწევას კი წლები და დიდი თანხები სჭირდება. ჩვენ კი, არც ერთი გვაქვს და არც მეორე, განსაკუთრებით მეორე. რუსეთში ჩვენი ღვინო იყო ცნობადი და პოპულარული. რასაც ხელს ისიც უწყობდა, რომ იქ ქართული ღვინო წლების განმავლობაში იყო ექსკლუზიურად წამოდგენილი. ეს იყო ჩაკეტილი ბაზარი, სადაც იმპორტი, მით უმეტეს, ალკოჰოლური სასმელების, კატეგორიულად იკრძალებოდა. ქართველ მეღვინეებსაც ედგათ აბსოლუტურად ნეტარი ხანა. ქართული ღვინის ეტიკეტი რასაც ეკრა, ყველაფერი იყიდებოდა იმიტომ, რომ არ იყო სხვა ალტერნატივა. არაკონკურენტულმა გარემომ კი ძალიან ცუდი შედეგი იქონია ქართულ ღვინოზე, ვენახევბი იჩეხებოდა, ღვინის წარმოება კი იზრდებოდა. ბევრს ჰგონია, რომ 70-80-იანი წლები ქართული ღვინის აყვავების ხანა იყო, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია, ეს იყო ჩვენი ღვინისთვის დაღმავლობის ხანა, რადგან უკონკურენტოდ არ შეიძლება ღვინის არსებობა. დღეს ჩვენი პრეზიდენტი ხშირად იმეორებს ხოლმე და მეც ვეთანხმები ამაში, რომ დღევანდელმა ემბარგომ შეიძლება ძალიან კარგად იმოქმედოს ქართული ღვინის ხარისხსა და, შესაბამისად, ექსპორტზეც. 
      Dდღეს საქართველოში დაახლოებით 15 კომპანიაა, რომელთა ღვინის ხარისხსაც თვალდახუჭული შეიძლება ვენდოთ საერთაშორისო სტანდარტებითაც და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ დღეს საქართველოში არსებობს უფრო დიდი პრობლემა, ეს არის ხარისხიანი ვენახებისა და მევენახეობის კულტურის არ ასებობა სათანადო დონეზე. მევენახე არასტაბილურ გარემოშია, მან არ იცის რა ქნას. გამომდინარე იქიდან, რომ მე მევენახეც ვარ და მეღვინეც, ძალიან კარგად მესმის ამ ორი სფეროს პრობლემები. სანამ ღვინის ხარისხამდე მივალთ, დღეს საქართველოში, ჩვენ ვენახები გვაქვს მისახედი. ეს ცალკე საუბრის თემაა და ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს დისკუსიებისა და განხილვების საგანი. მაგრამ ხელისუფლება თავს არიდებს ამაზე საუბარს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ამ საკითხზე დისკუსიები საჭიროა, მევენახეების, მეღვინეებისა და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ექსპერტების მონაწილეობით. რადგან ეს დარგი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი” – დასძენს პაატა შარაშენიძე, კომპანია ,უსდახელაურის ვენახების”დამფუძნებელი.  
      მაგრამ ამის საპირისპიროდ, აგრარული ქვეყნის წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტში ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობა დაზარალდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებას მთავრობა პრიორიტეტად აღიარებს, მისი ბიუჯეტი თითქმის 55%-ით შემცირდა. შესაბამისად, გაუქმდა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ბევრი პროგრამა. სოფლის მეურნეობის წლევანდელი ბიუჯეტი 55.348 მილიონ ლარს შეადგენს, შარშან კი ეს მაჩვენებელი 113.248 მილიონი იყო. ამ მწირ ბიუჯეტში მცირედი აქცენტები მხოლოდ მეღვინეობის განვითარებაზე კეთდება, თუმცა, დაფინანსება ამ დარგის ხელშეწყობისთვისაც შემცირებულია. ბიუჯეტში პროგრამისთვის მეღვინეობის ხელშეწყობის ღონისძიებები” არც ერთი თეთრი არ გაიწერა, შარშან ამ მიზნით 14.7 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. დაფინანსების გარეშე დარჩა ვენახების განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 
      დასასრულს კი საინტერესო იქნება ღვინის მსოფლიო ბაზრის თანამედროვე ტენდენციებსაც გადავავლოთ თვალი. პირველ რიგში, ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი, რუსული ბაზარი მიმოვიხილოთ. 
      რუსეთს ელიტური ღვინის წარმოების საშუალება არ აქვს, ამიტომ, აქცენტს მასობრივ ღვინოზე” აკეთებს. საერთოდ, რუსული ბაზრის 80% იაფასიან ღვინოს აქვს დაპყრობილი, რომელიც ერთი ბოთლი 3-4 დოლარი ღირს. რუსეთში იმპორტირებული ღვინის მხოლოდ 15-20 პროცენტია ელიტური”. რუსულ ბაზარზე იმპორტირებული ღვინის დიდ ნაწილს ამერიკული, არგენტინული, ავსტრალიური და ესპანური იაფასიანი ღვინოები შეადგენს. გარდა ამისა, თანდათანობით მატულობს ალბანური, ბერძნული, უნგრული, რუმინული და ბულგარული ღვინის იმპორტი. აღსანიშნავია, რომ ქართული და მოლდოვური ღვინოების მოკვეთის შემდეგ, რუსულ ბაზარზე განთავისუფლებული ამ ნიშის ათვისებით განსაკუთრებით რუმინელები და ბულგარელები დაინტერესდნენ. 
      ღვინის მწარმოებელ ათი უმსხვილესი ქვეყანა: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, გერმანია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, პორტუგალია და ჩილე გახლავთ. წამყვანი ექსპორტიორები: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრალია და ჩილე, იმპორტიორები კი: დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, იაპონია და ნიდერლანდები არიან. 
      სულ გასულ წელს მსოფლიოში წარმოებულ იქნა 300 ჰექტოლიტრამდე ღვინო, საქონელბრუნვამ ჯამში 107 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპერტთა აზრით, წელს ბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება და დაახლოებით 113 მილიარდ დოლარს მიაღწევს. 
      ანალიტიკოსთა აზრით, ღვინის მსოფლიო ბაზრის ზრდას ახალი ბაზრების, განსაკუთრებით ჩინურის და ზოგადად, აზიურის, გაფართოება განაპირობებს. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ლუდის ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის მოდელის შეცვლას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ავსტრალიასა და სკანდინავიის ქვეყნებზე უნდა ითქვას. ამასთან, სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება წითელ ღვინოს, როგორც ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტს. უკანასკნელ წლებში მისმა წარმოებამ 12 პროცენტით მოიმატა. 
      აღსანიშნავია, რომ ღვინის მსოფლიო ბაზარზე ფრანგი, იტალიელი და ესპანელი მწარმოებლების წილმა მათი ამერიკელი, ავსტრალიელი, არგენტინელი, ჩილელი და სამხრეთ აფრიკელი კონკურენტების ხარჯზე იკლო. ამის ძირითადი მიზეზი, განსხვავებულ მიდგომაშია: თუ ევროპელებისათვის მეღვინეობა მთელი რეგიონების ცხოვრების სტილი, უძველესი ტრადიციებისადმი თაყვანისცემაა, ბებერი კონტინენტის ყოფილი კოლონიებისათვის მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესია და უმთავრეს მნიშვნელობას წარმოების ეფექტურობას და მარკეტინგს ანიჭებენ. 
      ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ევროპული და არაევროპული ბაზრის სტრუქტურა პრინციპულად განსხვავებულია. ექსპერტთა მონაცემებით, ღვინის ხუთი უმსხვილესი მწარმოებელი ბაზრის მხოლოდ 8 პროცენტს აკონტროლებს. და ეს მაშინ, როცა ამდენივე უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიას ბაზრის 27 პროცენტი აქვს ათვისებული. ამის მთავარი მიზეზი ევროპულ კომპანიათა დაქსაქსულობაა. მარტო საფრანგეთში 250 ათასამდე ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, ავსტრალიაში კი ბაზრის 75 პროცენტს ოთხი მსხვილი კომპანია აკონტროლებს. როგორც წესი, ევროპელთაგან განსხვავებით, ოკეანისგაღმელი კომპანიები შერწყმათა საშუალებით გიგანტი კორპორაციების შექმნისაკენ ისწრაფვიან.