მსოფლიო პურის გაძვირების მოლოდინშია ინფლაცია გარდაუვალია

ალექსანდრა ლალიაშვილი 

გაზაფხულზე მოჭარბებულმა ნალექმა და სეტყვამ, ხოლო ზაფხულში მაღალმა ტემპერატურამ საქართველოში მოსავალი თითქმის გაანადგურა. წელს ქვეყანამ ხორბლის მინიმალური ოდენობა მიიღო, ასევე, შემცირებულია ბოსტნეულის მოსავალიც. მოსახლეობას სოფლის მეურნეობის პროდუქტის ყიდვა ყოველდღიური მოხმარებისთვისაც კი უჭირს, ზამთრის მარაგებზე საუბარი უკვე ზედმეტია. თუ შარშან, ქვეყანამ 80 ათასი ტონა ხორბალი მოიწია, წელს მოსავალი დაახლოებით 40-45 ათასი ტონა იქნება. სიტუაციას ხორბლის მსოფლიო ბაზარზე არსებული ურთულესი ვითარებაც ამძიმებს. 

      გაძვირდება თუ არა პური, რთული სათქმელია, თუმცა, ცხადია, რომ ქვეყანაში, სადაც ხორბლის საერთო მოხმარების 80-85% იმპორტირებულია, გამორიცხული ნამდვილად არაფერია. საქართველოში 600-700 ათასი ტონა ხორბალი და ფქვილი შემოდის. წლეულს საქართველო ხორბლის საერთო მოხმარების კიდევ უფრო შემცირებულ მოსავალს მიიღებს, რომელიც ნაცვლად წლიური 10-15%-ისა, 8-12% იქნება. დანარჩენს კი, ქვეყანა ისევ უცხოეთში შეიძენს. 
      საქართველოში ხორბლის მოსავალი წლიდან წლამდე იკლებს და ის საკუთარი მოთხოვნილების მცირე ნაწილს დიდი ხანია ვეღარ აკმაყოფილებს. მეტად მცირემოსავლიანი აღმოჩნდა 2009 წელიც. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, შარშან ფერმერებს ერთ ჰექტარზე, საშუალოდ, 1,6 ტონა ხორბალი უნდა აეღოთ, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა და იმ გლეხთა რიცხვი, რომლებმაც ჰექტარზე ტონაზე მეტი მოსავალი მიიღეს, თითზე ჩამოსათვლელია. მეხორბლეთა ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ შარშან, დაახლოებით, 100 ათასამდე ტონა ხორბალი მივიღეთ, არადა, 200-250 ათასი ტონის მოყვანა იყო ნავარაუდევი. მაშინ, როცა ქვეყანას წელიწადში 850 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება, ჩვენ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, 200 ათას ტონას ვაწარმოებთ. 
      რატომ ვერ ხერხდება ქვეყანაში უფრო მეტი რაოდენობით ხორბლის მოყვანა? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაშინ, როცა ბოლო წლების განმავლობაში ხორბლის ნათესები თითქმის სამჯერ შემცირდა და მის მოვლა-პატრონობას სათანადო ყურადღება არ ექცევა, ამ კულტურის როლი და მნიშვნელობა სწორად არ არის შეფასებული და გაცნობიერებული. ხორბალი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი კულტურაა, სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია და მისდამი ზერელე დამოკიდებულება სრულიად გაუმართლებელია. მით უმეტეს, ამ დარგის განვითარებისთვის საქართველოში ყველა პირობა არსებობს. 
      მეხორბლეთა ასოციაციის პრეზიდენტის, არკადი მექერიშვილის განმარტებით, ხორბლის ადგილობრივი წარმოება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე მისი იმპორტი. ამასთან, ადგილობრივ მეწარმეებს აგროსესხებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ, რადგან მაღალი რისკების გამო ბანკები მათი გაცემისაგან თავს იკავებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წლეულს ადგილობრივი წარმოების ხორბლის რაოდენობის შემცირებას ხელი ხანგრძლივმა წვიმებმა შეუწყო. გარდა ამისა, წვიმების შედეგად დედოფლისწყაროში ყანებს დაავადება ჟანგა” გაუჩნდა. როგორც ფერმერებმა განაცხადეს, შირაქის ველსა და ტარიბანაში არსებული ხორბლის ნათესები მნიშვნელოვნად დაზიანდა. 
      ვითარებას კიდევ ერთი პრობლემა ართულებს: ქართული ხორბალი იმპორტირებულთან შედარებით არაკონკურენტულია. კერძოდ, გლეხს მისი მოყვანა ძვირი უჯდება, მაღალი ფასების გამო კი, წისქვილკომბინატები ქართულ ხორბალს არ იბარებენ და ურჩევნიათ, იმპორტი შემოიტანონ. მაგრამ საქართველოს აგრარული სფეროს პრობლემები ცალკე საუბრის თემა შეიძლება იყოს, ახლა კი ისევ ხორბალს დავუბრუნდეთ, რომლის ცუდი მოსავლიანობაც წელს მსოფლიოში ინფლაციას გარდაუვალს ხდის. ხორბლის ძირითადი იმპორტიორები საქართველოში რუსეთი (ხორბლის იმპორტში რუსული მარცვლეულის წილი 70%-ს შეადგენს), უკრაინა და ყაზახეთი არიან. 
      საქართველოს ხორბლის დეფიციტი და ფასების ზრდა ემუქრება. ამ საგანგაშო პროგნოზს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ ხორბლის უმსხვილესმა ექსპორტიორებმა, რუსეთმა და უკრაინამ ივლისის დასაწყისში ერთმანეთის მიყოლებით განაცხადეს, რომ საექსპორტო მოცულობებს ამცირებენ. მიზეზი ორივე ქვეყანაში სტიქიის გამო მოსავლის შემცირებაა. 
      სპეციალისტები ამ ვითარებაში არ გამორიცხავენ, რომ 2 წლის წინანდელი სიტუაცია განმეორდეს, როდესაც მოუსავლიანი წლის გამო რუსეთმა ექსპორტზე ქვოტა დააწესა, ხოლო უკრაინამ და ყაზახეთმა ექსპორტი საერთოდ შეაჩერეს. ამან კი მსოფლიო ბირჟაზე ხორბალი მკვეთრად გააძვირა. იმ ფონზე, როცა საქართველოში ხორბლის 80% იმპორტირებულია, მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდა, ქვეყანაზე პირდაპირ აისახება. 
      მხოლოდ ივლისის დასაწყისში, ორი კვირის განმავლობაში ხორბლის მსოფლიო ფასები 18%-ით გაიზარდა: გვალვა ანალიტიკოსებს აიძულებს, მოსავლის პროგნოზები კიდევ უფრო შეამცირონ. ცხელმა ამინდებმა დასავლეთ ევროპა, რუსეთის ვოლგისპირეთი და ყაზახეთი მოიცვა – ეს ის ქვეყნებია, რომლებიც თურქეთთან ერთად მსოფლიოს ხორბლის მოსავლის 45%-ით უზრუნველყოფენ. ფიუჩერსების ფასებმა ორკვირიან მაქსიმუმს მიაღწია. ექსპერტების აზრით, ფასების ზრდა მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. რუსეთში მოსავლის აღების ოფიციალური პროგნოზი 90-დან 85 მილიონ ტონამდე შემცირდა და უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ამ მაჩვენებელმა კიდევ დაიკლოს. ამავე პერიოდის განმავლობაში, რუსულ ხორბალზე ფასები 20 დოლარით გაიზარდა. რუსი ექსპერტების თქმით, საექსპორტო ფასები მარცვლეულზე შესაძლოა ასევე 20%-ით გაიზარდოს, შიდა ფასებმა კი 30%-ით მოიმატოს. 
      რუსეთს ანომალური სიცხე ახალ-ახალ პრობლემებს უქმნის. ექსპერტები შიშობენ, რომ უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურის გამო შემოდგომისთვის სურსათზე ფასები გაიზრდება. თუ ამინდი არ გამოსწორდა, რუსეთში ინფლაციამ შესაძლოა გასული წლის მაჩვენებელს გადააჭარბოს. ანალიტიკოსების პროგნოზებით, რუსეთში სურსათზე ფასების ზრდა ევროპისა და აშშ-ის ტემპებს გადააჭარბებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გვალვის გამო უკვე 9,6 მილიონი ჰექტარის მოსავალი განადგურდა, რაც მთელი სავარგულების მეხუთედია. სპეციალისტები  ამბობენ, რომ მარცვლეულის ფასი, შესაძლოა, გაორმაგდეს. ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში უკვე დათვალეს, რომ დაგეგმილზე 2, 3 და 4-ჯერ ნაკლებ მოსავალს აიღებენ. გვალვის გამო საგანგებო ვითარება ქვეყნის 17 რეგიონშია გამოცხადებული. მთავრობამ მოსავლის პროგნოზი თითქმის 6%-ით შეამცირა. ექსპერტების გათვლებით, მოსავლოანობა რუსეთის მთელ რიგ ოლქებში 1998-99 წლების შემდეგ მინიმალურია. აქედან გამომდინარე, პურზე ფასები 15-20%-ით მოიმატებს. 
      გვალვა არა მხოლოდ მარცვლეულის, არამედ ბოსტნეულის, მათ შორის, კარტოფილის მოსავალსაც აფუჭებს. ასევე დგება საქონლის საკვების პრობლემაც. ყოველივე ამის გამო საზაფხულო დეფლაციის შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება. სავარაუდოდ, 10-15%-ით გაძვირდება ბოსტნეული, რძის პროდუქტები და ხორცი. რუსი ექსპერტების გათვლებით, თუ ევროპასა და აშშ-ში უამინდობის გამო სურსათი 10%-ით გაძვირდება, რუსეთში ფასების 15%-იანი მატება დაფიქსირდება. ასეთ შემთხვევაში კი, ინფლაცია 9-10%-ს გაუტოლდება. ეს ვითარება ყველაზე მეტად განვითარებად ბაზრებს ემუქრება და ახალი შოკების საფრთხეს შეიცავს. 
      რუსეთის გარდა მარცვლეულის მოსავლის შემცირება უკრაინასაც ემუქრება, თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, ამის მიზეზი არა გვალვები, არამედ გადაუღებელი წვიმებია. შედეგად, ხელისუფლება უკვე ფიქრობს ექსპორტის შეზღუდვაზე. ქვეყნის აგრარული პოლიტიკის სამინისტრომ მოსავლის წლევანდელი პროგნოზი უკვე შეამცირა. ამინდი კითხვის ნიშნის ქვეშ მოსავლის ხარისხსაც აყენებს. თუ ამინდი არ გამოსწორდება და მოსავლის მოცულობა კვლავ შემცირდება, მთავრობა რეზერვების შეძენას და ექსპორტის შეზღუდვას დაიწყებს. 
      2010 წლის მოსავლის პროგნოზი შეამცირა ყაზახეთმაც, რომელიც მსოფლიოში მარცვლეულის უმსხვილესი ექსპორტიორების ათეულში შედის. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო მოსავალი დაახლოებით 13,5-14,5 მილიონ ტონამდე იქნება. მანამდე მოსავლის პროგნოზი 15,5 მილიონ ტონას აღწევდა, საიდანაც 6,5 მილიონი საექსპორტოდ უნდა გასულიყო. 2009 წელს ყაზახეთმა რეკორდული, 21 მილიონი ტონა მოსავალი აიღო და მსოფლიოს ბაზრებს 8,3 მილიონი ტონა მიაწოდა. 
      როგორც ვხედავთ, ხორბლის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებში ცუდი მოსავლის გამო ექსპორტის შეცირება და ფასების ზრდა გარდაუვალია, რაც საქართველოზეც, იმპორტზე დამოკიდებულების ძალიან მაღალი მაჩვენებელის გამო, აუცილებლად აისახება.