ცივილიზებულ სამყაროს რუსეთი ისევ უპირისპირდება

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ 

2010 წლის 1 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, ამერიკულ საბანკო სტრუქტურებს ეკრძალებათ ისეთ უცხოურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, რომლებიც შეხებაში არიან ირანთან. გარდა ამისა, დოკუმენტი მთლიანად კრძალავს ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ექსპორტს და კანონის დამრღვევი კომპანიების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებს ითვალისწინებს. 

      გარდა ამისა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა ექვსეულის კონსულტაციების შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც თეირანთან ურთიერთობაში ეკონომიკური სანქციების ახალ პაკეტთან იყო დაკავშირებული, რაც ირანის ხელისუფლების უარმა განაპირობა – შეეწყვიტა ბირთვული სფეროს განვითარება. ექვსეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მდგომარეობდა შემდეგში: აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ნავთობპროდუქტების ექსპორტ-იმპორტზე აკრძალვების შემოღების მცდელობაზე. ეს პოზიცია დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ ჩინეთი და რუსეთი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებოდნენ და ამიტომაც, ირანის მიმართ სანქციების მთლიანი პაკეტის მიღება ჩავარდებოდა. 
      ,ჩვენ ისე, როგორც არასდროს ახლოს ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოებრიობის კონსოლიდაციასთან” – კონსულტაციების მსვლელობისას განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რობერტ გიბსმა. ამასთან, მან უარი განაცხადა კომენტარი გაეკეთებინა სანქციების შერბილებასთან დაკავშირებით, რაც ექსპერტების თქმით, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მეტი მხარდაჭერის მოპოვებით იყო განპირობებული. 
      ისრაელის რიგი წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ ნავთობის ექსპორტსა და იმპორტზე შეზღუდვა დაეწესებინათ და თავიანთ მოსაზრებას იმ არგუმენტით ამყარებდნენ, რომ ეს სერიოზული ბერკეტია არა მხოლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკაზე, არამედ ქვეყნის ახლანელი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოსახდენად. 
      როგორც აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, ნავთობპროდუქტებით ვაჭრობზე აკრძალვებს თავისი ნაკლოვანებებიც გააჩნია – არსებობს საბოტაჟის შესაძლებლობა და გარდა ამისა, ეს აკრძალვა დარტყმას მიაყენებს მთელი ირანის მოსახლეობას, მაშინ, როცა აშშ თავისი გადაწყვეტილებებით გეგმავს ეკონომიკური დარტყმა ირანის ხელისუფლებას მიაყენოს და არა უბრალო ირანელებს. თუმცა, ვაშინგტონმა მაინც შეძლო მიეღო თავისი პოლიტიკური დივიდენდები და შედეგად, რუსეთმა და ჩინეთმაც მხარი დაუჭირეს სანქციების შერბილებულ ვარიანტს. 
      მიუხედავად ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციებისა, რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს ირანისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე და მიაჩნია, რომ ირანთან დაკავშირებული გეგმების რეალიზაციაში თეირანის წინააღმდეგ შემოღებული საქნციები ხელს ვერ შეუშლის. სწორედ ამის შესახებ განაცხადა ამ ცოტა ხნის წინ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი შმატკომ ირანის ნავთობის მინისტრ, მასუდ მირ-კაზემთან შეხვედრის შემდეგ. 
      კომერციული დაინტერესებისა და მიმზიდველი პირობების შემთხვევაში, რუსული კომპანიები მზად არიან ნავთობპროდუქტები ირანს მიაწოდონ. მით უფრო, თუკი სატრანსპორტო კორიდორის პროექტი ,ჩრდილოეთ-სამხრეთი” განვითარდება, რეგიონში გრძელვადიანი მიწოდება დაიწყება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ირანის ენერგეტიკის მიმართ რუსეთის ინტერესები მხოლოდ სანავთობე პროექტებით არ შემოიფარგლება, ისლამური რესპუბლიკა ბუნებრივი გაზის მარაგებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ და დასავლეთი სწორედ ირანზე აკეთებს გათვლებს ,ნაბუკოს” შესაძლო ჩართვისას, რომელიც ,სამხრეთის ნაკადის” პირდაპირი კონკურენტია. შმატკოსა და მისი ირანელი კოლეგის შეხვედრა შედეგით დასრულდა და ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი, ეგრეთ წოდებულ “საგზაო რუკას”, რომელიც ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობას ისახავს მიზნად. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მხარეები მზად არიან შეისწავლონ ერთობლივი ბანკის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიურ დარგებში შემუშავებული პროექტების დაფინანსებას. გარდა ამისა, განიხილება ორივე ქვეყანაში წარმოებული ნედლი ნავთობის ნაწილის თავიანთ სანავთობე ბირჟებზე გაყიდვის შესაძლებლობაც. თანამშრომლობის მიზნით შესაძლებელია ერთობლივი საწარმოების შექმნაც. 
      მიუხედავად იმ აკრძალვებისა, რაც აშშ-მ დააწესა ირანის წინააღმდეგ, შმატკო მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სანქციები ხელს ვერ შეუშლის ორ ქვეყანას შორის სათბობ-ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას. უფრო მეტიც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის სფეროში შექმნილ “საგზაო რუკას” ელექტრო და ატომურ ენერგეტიკაშიც შეიმუშავებენ. 
      რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მსუბუქგამტარი რეაქტორების აწყობაში რუსი სპეციალისტები წარმატებით იღებენ მონაწილეობას და არსებული საერთაშორისო სანქციები ხელს ვერ შეუშლის ამ მიმართულებით რუსეთისა და ირანის თანამშრომლობას.   
      ჯერ კიდევ თებერვალში, მირ კაზემმა განაცხადა, რომ ირანში აღმოჩენილია ნავთობისა და გაზის ახალი საბადოები, რომელთა მარაგები ფასდება 85 მილიარდი დოლარით. მინისტრის განცხადებით, სუმარის საბადოში 475 მილიონი ბარელი ნავთობია, საიდანაც 70 მილიონის ამოღებაა შესაძლებელი, ხოლო თუ ამ რაოდენობას გადავამრავლებთ ფასზე, ბარელზე 70 დოლარი, გამოდის, რომ ამ საბადოდან შესაძლებელია 5 მილიარდი დოლარის ამოღება. 
      ხოლო, რაც შეეხება ჰალგანის საბადოს, აქედან 20 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 50 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოპოვებაა შესაძლებელი. კუბურ მეტრზე 0,30 დოლარის ფასის პირობებში, საბადოზე არსებული მარაგები ფასდება 80 მილიარდი დოლარით. 
      მარტის ბოლოს ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომლის შინაარსიც თეირანის ვაშინგტონისადმი ულტიმატუმს შეიცავდა – “ჩვენ გვირჩევნია გაზი მიწისქვეშა საცავებში ჩავტივრთოთ ან გადავამუშავოთ, ვიდრე ფასების დაღმავალი დინამიკის პირობებში მისი ექსპორტირება მოვახდინოთ””. 
      აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ არის პირველი გაფრთხილება ირანის მხრიდან, რომ იგი ევროპაში ენერგომატარებლების მიწოდებას შეწყვეტს. მარტის დასაწყისშივე მსგავსი განცხადება გაისმა თეირანიდან, რომელიც გამოწვეული იყო მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული განხეთქილებით და აზიურ ვაჭრობებზე ნავთობის კოტირებების აწევის მიზეზი გახდა. როგორც ცნობილია, ირანი ნავთობის ექსპორტის მოცულობის მიხედვით, მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს და ამიტომაც, რუსეთის მხრიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკული პროექტებისადმი ინტერესი ნათელია. გარდა ამისა, ირანში არ არის საკმარისი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეები და ქვეყანაში ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების აშენება პრობლემატურია ისევ და ისევ იმ სანქციების გამო, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ერთ ენერგეტიკულ პროექტში 20 მილიონ დოლარზე მეტის დაბანდებას უკრძალავს. რუსეთში, როგორც სჩანს, ამ აკრძალვების შემოვლის შესაძლებობა იპოვეს. 
      ჯერ კიდევ 2007 წელს რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული კომპანია “გაზპრომ ნეფტი” სომხეთში, მეგრის რაიონში, ირანის საზღვართან ახლოს ნავთობგადამამუშავებელი ქარნის მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავდა სიმძლავრით, წელიწადში 7 მილიონი ტონა ნავთობი. სხვათა შორის, ადრე თვითონ სომხეთი სთავაზობდა რუსეთს თავის ტერიტორიაზე შედარებით ნაკლები სიმძლავრის (წელიწადში 3-დან 4 ტონამდე) ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას და სიმძლავრის გაზრდა რუსეთის იდეა იყო. ამასთან, რესპუბლიკაში ნედლეულზე მოთხოვნა წლიურად 250 ათას ტონას არ აჭარბებს. ექსპერტებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ეს იდეა უნდა განხილულიყო, როგორც წმინდა პოლიტიკური პროექტი, რომელსაც სომხეთისა ირანის ურთიერთობაში სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა და არა ეკონომიკური მიზანშეწონილობა. 
      გამოჩნდა ექსპერტების პროგნოზები, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის ნავთობის მიღება ტებრიზის (ირანი) რაიონიდან იგეგმება 200 კმ-იანი მილსადენით და უკან, ირანში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება განხორციელდება რკინიგზის განშტოებით. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს რუსული კომპანიების დახმარებითაც. ყოველ შემთხვევაში, შმატკოს ბოლოდროინდელი განცხადებები ამ რეგიონში ახალი სატრანსპორტო კორიდორის განვითარებასთან დაკავშირებით იმაზე მეტყველებს, რომ სამი წლის წინანდელი “გაზპრომ ნეფტის” პროექტი თავის აქტუალობას არ კარგავს.