შრომის ბაზარი და სიღარიბე საქართველოში: შინამეურნეობების გამოკვლევის ბაზის ანალიზი

ალექსი გუგუშვილი დოქტორანტი სტუდენტი, ევროპული უნივერსიტეტ-ინსტიტუტი პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტი 

შესავალი 
2003 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი ცვლილებეები მოახდინა შრომის ბაზრის მახასიათებლებზე. გაიზარდა მომუშავეთა მწარმოებლურობა და შრომის ანაზღაურება, შემცირდა ემიგრაციის ტემპები, მაგრამ აღნიშნულ პოზიტიურ ცვლილებებს თან არ ახლდა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესება (საქართელოს სტატისტიკის დეპარტამენტი, 2010). როგორც ეს ხშირად ხდება, ძირეული ეკონომიკური გარდაქმნების მქონე ქვეყნებში, სამუშაო ბაზრის სიჯანსაღის დამახასიათებელი მრავალი მაჩვენებელი გაუარესდა.

დასაქმებულთა აბსოლუტური რაოდენობა შემცირდა 2003 წლის 1,89 მილიონი ადამიანიდან 2008 წლის 1,61 მილიონ ადამიანამდე, რისი ახსნაც, უპირველეს ყოვლისა, ხდება დასაქმების სხვადასხვა ფორმით სამუშაო ადგილების შემცირებით სოფლის მეურნეობის დარგში და საჯარო სექტორის რეფორმირების შედეგად სახელმწიფო მოხელეთა სამსახურებიდან დათხოვნით (World Bank, 2008), ხოლო 2008 წლიდან რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის უარყოფითი შედეგებით, განსაკუთრებით საბანკო და სამშენებლო სექტორებში (ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, 2009). დასაქმების შემცირებას გავლენა უნდა მოეხდინა ქვეყანაში არსებულ სიღარიბის დონეზე, თუმცა აღნიშნული ურთიერთკავშირის გამოვლენა მნიშვნელოვნად გართულდა, მას შემდეგ რაც 2004 წლიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სიღარიბის შეფასების აბსოლუტური მაჩვენებელი, რომელიც ეფუძნება მოსახლეობაში ძირითადი საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის საჭირო რესურსების არსებობას, შეიცვალა სიღარიბის ფარდობითი მაჩვენებლით, რომელიც ასახავს მედიანური მოხმარების 60%-ზე ნაკლები შემოსავლების მქონე ადამიანების წილს ქვეყნის მთელ მოსახლეობაში (გაბიძაშვილი, კირვალიძე, 2009).  
               აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მიღებულ პრაქტიკასთან, რომლის მიხედვით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სიღარიბის შეფასება რეკომენდირებულია აბსოლუტური და არა ფარდობითი მაჩვენებლით (Brady, 2009). ეს უკანასკნელი ინდიკატორი არ იძლევა საშუალებას შეფასდეს დასაქმების და უმუშევრობის გავლენა სიღარიბის რეალურ დონეზე, რადგან მისი შემცირება შეიძლება არ იყოს განპირობებული მოსახლეობის შემოსავლების ზრდით. ფარდობითი სიღარიბის დონე შეიძლება შემცირდეს მედიანური მომხმარებლების კეთილდღეობის გაუარესებისა და ღარიბი მოსახლეობის შემოსავლების სტაგნაციის პირობებშიც კი. წარმოდგენილი კვლევა ეფუძნება 2008-2009 წლებში სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც მოხდა შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მონაცემთა ბაზის ანალიზი. აღნიშნული მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელს, გაანგარიშებულს ოფიციალური სიღარიბის ზღვრის მიმართ, პრაქტიკულად არ განუცდია ცვლილება 2005-2008 წლებში და შეადგინა 39,6%. მოცემული ტენდენცია არ იძლევა საშუალებას დავასკვნათ, თუ რატომ არ აისახა დასაქმების მკვეთრი შემცირება და უმუშევრობის ზრდა აბსოლუტური სიღარიბის დონის გაუარესებაზე. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მოცემულ სტატიაში განხილულია 2005-2008 წლებში აბსოლუტური სიღარიბის დონე და მისი ცვლილება შრომის ბაზრის განვითარების მთავარი ტენდენციების გათვალისწინებით. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ სიღარიბეში მოხვედრის განსხვავებული რისკის მქონე სამუშაო ადგილების შემცირებასთან ერთად, სიღარიბის დონის უცვლელობაში გასარკვევად მნიშვნელოვანია მოსახლეობის დემოგრაფიული შემცირების გათვალისწინება. 
               მონაცემთა წყარო და კვლევის მეთოდი 
               მოცემულ სტატიაში შრომის ბაზრისა და სიღარიბის ურთიერთკავშირის ანალიზი ეფუძნება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის შინამეურნეობების გამოკვლევის მონაცემთა ბაზას. აღნიშნული გამოკვლევა კვარტალურია, ხოლო შინამეურნეობების შერჩევა მოიცავს არაინსტიტუციონალურ მოსახლეობას და ეყრდნობა 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს. 2008 წლის აპრილამდე ყოველკვარტალური შერჩევის ზომა იყო 3351 შინამეურნეობა, ამავე წლის აპრილიდან კი შერჩევის ზომა გაორმაგდა და 6750 შინამეურნეობა შეადგინა. 2008 წლის შინამეურნეობების ბაზის გამოკვლევა და მისი შედარება 2005 წლის მაჩვენებლებთან ჩატარებულ იქნა რეგიონული განვითარების კომისიის მიერ რეგიონული განვითარების სტრატეგიის მომზადების ფარგლებში.1 ვინაიდან, სამუშაო ჯგუფის მიერ სამუშაოების ჩატარების დროისთვის, 2008 წლის მხოლოდ სამი კვარტლის მონაცემები იყო ხელმისაწვდომი, შესადარისობის დასაცავად და სეზონური განსხვავებების გამორიცხვის მიზნით, 2005 წლისთვის აგრეთვე სამი კვარტლის მონაცემი იქნა აღებული (სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების სამუშაო ჯგუფი, 2009). აღნიშნულ მონაცემებთან მოცემული სტატიის ავტორის ხელმისაწვდომობა განპირობებულია მისი ჩართულობით რეგიონული განვითარების კომისიის სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების სამუშაო ჯგუფის მიერ დიაგნოსტიკური ანგარიშის მომზადების პროცესში. 
               უშუალოდ კვლევის მეთოდი მოიცავს სიღარიბეს, დასაქმებასა და უმუშევრობას შორის სტატისტიკური კავშირის ანალიზს. დასაქმების და უმუშევრობის როლის განსაზღვრა სიღარიბის დონეზე ხდება თითოეული სახეობით დასაქმებული და დაუსაქმებელი ადამიანებისთვის სიღარიბეში მოხვედრის რისკის წარმოდგენით და შემდეგ დასაქმების მოცემული ფორმის მიხედვით არსებული დინამიკის სიღარიბეზე გავლენის ანალიზით. ვინაიდან კვლევა ეყრდნობა აგრეგირებულ მონაცემებს,  ვერ ხდება უმცირეს კვადრატთა ან ლოგისტიკური რეგრესიული ანალიზის გამოყენება, რომელიც საშუალებას მოგვცემდა განგვესაზღვრა დასაქმების გარდა სხვა ინდივიდუალური მახასიათებლების გავლენა სიღარიბეში მოხვედრის რისკზე და ამით გაგვერკვია დასაქმების უშუალო ზემოქმედება სიღარიბის დონეზე. აქედან გამომდინარე, მოცემული კვლევის მთავარი დაშვება მდგომარეობს იმაში, რომ სიღარიბეში მოხვედრის ცენტრალური დეტერმინანტი არის დასაქმების ფორმა, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია ეგზოგენური კონიუნქტურის ცვლილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაშვება მნიშვნელოვნად ამარტივებს რეალურ სურათს, აგრეგირებული მონაცემების პირობებში შერჩეული მეთოდი ალბათ ერთადერთი საშუალებაა განვსაზღვროთ შრომის ბაზრის და სიღარიბის მაჩვენებლების ურთიერთკავშირი. 
               სიღარიბის დონე ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ 
               სანამ უშუალოდ დასაქმების, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების ურთიერთკავშირს განვიხილავთ, მოცემულ ქვეთავში წარმოდგენილია საქართველოს რეგიონული განვითარების კომისიის მიერ 2005 და 2008 წლებისთვის გაანგარიშებული სიღარიბის აბსოლუტური დონე. აღსანიშნავია, რომ 2005 წლამდე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2000 წლიდან სიღარიბის აბსოლუტურ მაჩვენებელს ზრდადი ხასიათი ჰქონდა და 2004 წელს შეადგინა 52,7% (UNDP &ამპ; Government of Georgia, 2005). ფარდობით მაჩვენებელზე გადასვლის შემდეგ კი, 2005 წელს სიღარიბის დონე 24,6%-ით განისაზღვრა, შემდეგი 3 წლის განმავლობაში კლებადი ტენდენციით ხააიათდებოდა და 2008 წელს 22,1%-მდე შემცირდა (საქართელოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2010). მოცემულ კვლევაში კვლავ გამოყენებული სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი ასახავს ოფიციალური საარსებო მინიმუმის ქვემოთ მოხვედრილი მოსახლეობის წილს და უფრო რეალურ წარმოდგენას გვიქმნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. თავის მხრივ, ოფიციალური საარსებო მინიმუმი გამოითვლება ყოველთვიურად განახლებადი ფასებით, 2008 წლის 8 მაისის, საქართველოს შრომის, სოციალური დაცვის და ჯანმრთელობის სამინისტროს 111ნ ბრძანების შესაბამისად დადგენილ “მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდირებულ შემადგენლობაზე შრომისუნარიანი მამაკაცისთვის” საფუძველზე (სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების სამუშაო ჯგუფი, 2009). აღნიშნული ოფიციალური საარსებო მინიმუმის საშუალო მაჩვენებელი 2005 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით,  92,3 ლარს შეადგენდა, ხოლო 2008 წლის სამი კვარტლის მონაცემებით – 127,3 ლარს. ამრიგად, წარმოდგენილი სიღარიბის დონე ასახავს იმ ადამიანთა წილს საქართველოს მოსახლეობაში, რომელთა შემოსავალი განხილულ პერიოდში არ აღემატებოდა დასახელებულ თანხას.    
         
               შინამეურნეობების გამოკვლევის მონაცემთა ბაზის ანალიზმა გამოავლინა, რომ 2008 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 39,9%-ის სამომხმარებლო ხარჯები ოფიციალური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო. თუ გავითვალისწინებთ სტანდარტულ გადახრას, 2005 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად არ შეცვლილა. სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო სოფლად, ვიდრე ქალაქში. გარდა ამისა, სოფლად სიღარიბეს აღმავალი ტენდენცია ჰქონდა ქალაქისგან განსხვავებით, ხოლო ღარიბების წილი 7%-ით აღემატებოდა ქალაქის მოსახლეობაში ღარიბების წილს (იხ. ცხრილი 1). ერთი მხრივ, დაფიქსირებული ტენდენცია შეესაბამება 2002 წლის შედეგ არსებულ მდგომარეობას, როდესაც სოფლად სიღარიბის დონემ პირველად გადააჭარბა ურბანულ დასახლებებში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს (UNDP &ამპ; Government of Georgia, 2004), თუმცა, მეორე მხრივ, სტატისიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ბოლო სიღარიბის აბსოლუტური დონე მიუთითებდა 2003-2004 წლებში სოფლად სიღარიბის შემცირებას (UNDP &ამპ; Government of Georgia, 2005). ამრიგად, 2005-2008 წლებში, სიღარიბის უცვლელობის ტენდენცია ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით დაფიქსირებულ სიღარიბის კლებას, თუმცა მაინც ვერ გვიხსნის, თუ რატომ არ აისახა უარყოფითად სიღარიბის დონეზე ამავე პერიოდში მომხდარი დასაქმებულთა რაოდენობის 126,5 ათასიანი შემცირება და უმუშევართა რაოდენობის 19,7 ათასიანი ზრდა. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოცემული სტატიის შემდეგ ნაწილში განხილულია ერთი მხრივ, დასაქმებისა და სიღარიბის და მეორე მხრივ, უმუშევრობისა და სამუშაო ბაზრის გარეთ ყოფნის კავშირი ინდივიდების სიღარიბეში მოხვედრის ალბათობასთან.2 
               დასაქმება და 
               სიღარიბის დონე 
               ბუნებრივია, რომ მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლები უკავშირდება ქვეყანაში არსებულ სიღარიბის დონეს (საყევარიშვილი, 2009), თუმცა ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი არც ერთ კვლევაზე, რომელიც საქართველოში დასაქმების სტატუსისა და სიღარიბეში მოხვედრის ალბათობის სტატისტიკურ მონაცემებზე დაფუძნებულ კავშირის აანალიზებს. წარმოდგენილი კვლევა აღწერს დასაქმების და ქვეყანაში არსებული სიღარიბის დონის კავშირს. ამ უკანასკნელი მიზნის მისაღწევად, ქვემოთ წარმოდგენილია სიღრიბეში მოხვედრის ალბათობა სხვადასხვა ფორმით დასაქმებულ მოსახლეობას შორის და განხილულია 2005 და 2008 წლებში დასაქმების მაჩვენებლების ცვლილების შესაძლო შედეგი სიღარიბის არსებულ დონეზე. სხვადასხვა ფორმით დასაქმებულთა შორის სიღარიბის დონე გვიჩვენებს კონკრეტულად თუ როგორ მოახდინა გავლენა აღნიშნული სახით დასაქმების ცვლილებამ სიღარიბის არსებულ მდგომარეობაზე, ვინაიდად მოცემული მეთოდი საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ განსაზღვრული რაოდენობის დასაქმებულების გადაადგილებას ერთი კონკრეტული სიღარიბის რისკის მქონე დასაქმების კატეგორიიდან მეორე კონკრეტული სიღარიბის რისკის მქონე დასაქმების კატეგორიაში.    
               დასაქმების სხვადასხვა ფორმის მიხედვით არსებული მდგომარეობის განსაზღვრისთვის მოცემულ კვლევაში გამოყენებულია სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ შინამეურნეობების გამოკვლევაში ასახული დასაქმების ექვსი განსხვავებული კატეგორია: დაქირავებით მომუშავეები; დამქირავებლები; არასასოფლო თვითდასაქმებაში დაკავებულები; სასოფლო თვითდასაქმებით დაკავებულები; უსასყიდლოდ მომუშავეები; და ე. წ. დამხმარეებისა და �სხვა” კატეგორიის ქვეშ დასაქმებულები. აღნიშნული კატეგორიების გამოყენების მართებულობის განხილვის გარეშე, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 2008 წელს ათიდან ცხრა დასაქმებული მოდიოდა სასოფლო სექტორში თვითდასაქმებულებსა და დაქირავებით ან უსასყიდლო მომუშავეებზე (იხ. გრაფიკი 1). დასაქმების მოცემული სახეობები უზრუნველყოფდნენ შესაბამისად საერთო დასაქმების 29,0%, 34,9% და 24,7%-ს. განსხვავებული ტენდენცია შეიმჩნეოდა სოფელსა და ქალაქში. კერძოდ, ქალაქში დასაქმების ძირითადი სახეობები იყო დაქირავებით დასაქმება და თვითდასაქმება არასასოფლო სექტორში, ხოლო სოფლად – უსასყიდლო დასაქმება და სასოფლო თვითდასაქმება. ქალაქში, ისევე, როგორც სოფლად, უმნიშვნელო იყო დამქირავებლებისა და დამხმარეების ფორმით დასაქმებულთა რიცხვი. სიღარიბის ტენდენციების გათვალისწინების გარეშეც კი, დასაქმების სახეობების ჩამოყალიბებული ფორმა მიუთითებს ეკონომიკის ფუნდამენტურ სტრუქტურულ პრობლემებზე. 
       
               დასაქმების ჩამოთვლილ სახეობებთან მიმართებაში სიღარიბის არსებული დონე განსხვავებულ ხასიათს ატარებს. სიღარიბის დონე დასაქმებულთა მხოლოდ სამი კატეგორიის მიხედვით არის ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში სიღარიბის დონესთან შედარებით სტატისტიკურად მნიშვნელოვნად დაბალი. დამქირავებლებს შორის სიღარიბეში მოხვედრის რისკი შეადგენს 11,8%-ს, დაქირავებულებს შორის – 29,2%-ს, ხოლო არასასოფლო თვითდასაქმებით დაკავებულთა შორის – 33,1%-ს (იხ. გრაფიკი 2). ამრიგად, სიღარიბეში მოხვედრის ყველაზე დაბალი რისკის ქვეშ დამსაქმებლები იმყოფებიან, თუმცა მათი მცირე რაოდენობის გამო დასაქმების ეს ფორმა პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს სიღარიბის დონეზე. დასაქმების ფორმას, რომელსაც ყველაზე დიდ ზეგავლენა აქვს სიღარიბეზე არის დაქირავებით დასაქმება, რომელშიც სიღარიბის მოხვედრის ალბათობა ქვეყანაში არსებულ დონეზე 10,7 პროცენტული ერთეულით ნაკლებია. ცხადია, რომ სამუშაო ადგილების ნაკლებობა აღნიშნული ფორმით განაპირობებს მთლიანად ქვეყანაში სიღარიბის მაღალ დონეს. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ 2005-2008 წლებში მხოლოდ არასოსოლფო თვითდასაქმებაში შემცირდა სიღარიბეში მოხვედრის ალბათობა 4,3 პროცენტული პუნქტით. საფიქრებელია, რომ სწორედ აღნიშნული სამი ფორმით დასაქმებულთა რაოდენობამ უნდა განაპირობოს სიღარიბის შემცირება ქვეყანაში. თუმცა, დასაქმების ეს სახეობები მოიცავენ საერთო დასაქმების ნახევარზე ნაკლებს და შრომისასაკიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს. 2005-2008 წლებში სიღარიბის დინამიკასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ დასაქმების მოცემულ სფეროებში მთლიანობაში დაიკარგა 75,6 ათასი სამუშაო ადგილი, რასაც უარყოფითი გავლენა უნდა მოეხდინა სიღარიბის დონეზე. განსაკუთრებით გამოსაყოფია არასასოფლო თვითდასაქმება, რომელშიც სამუშაო ადგილების თითქმის 20%-იანი შემცირება აღინიშნა.  
               სიღარიბეზე გავლენის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია სასოფლო თვითდასაქმება და  დამხმარედ და უსასყიდლოდ დასაქმების ფორმა, რადგან მთლიანობაში ისინი ქვეყანაში არსებული დასაქმების ნახევარზე მეტს და შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით მესამედს მოიცავენ. ამ ორი ფორმით დასაქმებულად განსაზღვრულთა შორის სიღარიბის რისკი შესაბამისად შეადგენს 38,4% და 43,1%, რაც ქვეყანაში არსებულ საშუალო დონეს უახლოვდება (იხ. გრაფიკი 2). მოცემული სტატისტიკა ორ გარემოებაზე მეტყველებს: პირველი, 2008 წელს აღნიშნული სახით დასაქმებულთა სიღარიბე მნიშვნელოვნად განაპირობებდა ქვეყენაში დაფიქსირებულ სიღარიბის მაჩვენებელს; და მეორე, მოცემულ სახით დასაქმებულთა შესაძლო გადანაცვლებას სიღარიბის უფრო მაღალი რისკის სფეროებში უნდა გამოეწვია სიღარიბის ზრდა. 2005-დან 2008 წლამდე მოცემული ორი ფორმით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 50,9 ათასი ადამიანით, კლებამ შესაბამისად 26,8% და 24,2% შეადგინა. აღნიშნული ტენდენიცებიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, სიღარიბის დონე 2008 წელს 2005 წელთან შედარებით გაცილებით მაღალი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ამას არსებული მონაცემები გვიჩვენებენ. სიღარიბის დონის უცველელობაში გასარკვევად საჭიროა უფრო დეტალურად განვიხილოდ დასაქმების ტენდენციები დემოგრაფიული ცვლილებების გათვალისწინებით.    
       
               კვლავ დავუბრუნდეთ დასაქმებულთა რაოდენობას, რომელიც 2008 წელს 7,3%-ით შემცირდა 2005 წლის მაჩვენებელთან შედარებით. დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების 70% განპირობებული იყო სოფლად დასაქმებულთა რაოდენობის 88 ათასიანი შემცირებით, თავის მხრივ, ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების შემცირებამ 38 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა განაპირობა (იხ. გრაფიკი 3).3 აღსანიშნავია, რომ დასაქმების შემცირების მოცემული ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება ამ რეგიონებში დამატებული ღირებულების მოცულობის გამოშვების შეფერხების მაჩვენებლებს (საქართელოს სტატისტიკის დეპარტამენტი, 2009), რისი ერთ-ერთი მიზეზიც შრომის მწარმოებლურობის ამაღლება შეიძლება იყოს. დასაქმების დონემ, რომელიც შრომის ბაზრის დამახასიათებელი ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია და განისაზღვრება დასაქმებული მოსახლეობის შეფარდებით შრომისუნარიან მოსახლეობასთან, ვერ ასახავს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების სრულ მასშტაბს. მთლიანობაში დასაქმების დონე განხილულ პერიოდში 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2008 წელს 52,6% შეადგინა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ყოველი მეორე შრომისუნარიან ასაკში მყოფი ადამიანი საქართველოში იყო დაუსაქმებელი.4 დასაქმების დონის აღნიშნული შემცირება განპირობებული იყო შრომისუნარიანი მოსახლეობის ცვლილებასთან შედარებით სამუშაო ადგილების რაოდენობის ფარდობითად წინმსწრები შემცირებით. ამრიგად, დასაქმების დონე დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად ითვალისწინებს შრომისუნარიანი მოსახლეობის ცვლილებას, მაგრამ არ იძლევა სრულ სურათს დასაქმებულთა აბსოლუტური რაოდენობის ცვლილების და მისი მიზეზების შესახებ.  
               აღსანიშნავია, რომ 2005-2008 წლებში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა შემცირდა 94,4 ათასი ადამიანით. საფიქრებელია, რომ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის შემცირება მსგავსი პროპორციით შეეხო როგორც დასაქმებულ, ისე დაუსაქმებელ მოსახლეობას. შესაბამისად, საჭიროა დასაქმების შემცირების გადათვლა პროცენტულად შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის შემცირების ტემპის გამორიცხვით. ამრიგად, 2005 წლიდან 2008 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების ორი მეხუთედი (41,2%) სავარაუდოდ განპირობებული იყო შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირებით, ხოლო დანარჩენი სამი მეხუთედი (58,8%) აიხსნებოდა სხვა ფაქტორებით. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის შემცირების პროცენტის გათვალისწინებით დასაქმებულთა რაოდენობის აბსოლუტურ შემცირებაში. შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირებამ სავარაუდოდ განაპირობა 52,1 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა. თავის მხრივ, ეკონომიკურმა გარდაქმნებმა, საჯარო სამსახურში განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, ჯამში 74,4 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია (იხ. გრაფიკი 4). ბუნებრივია, ქალაქად სტრუქტურულ ცვლილებებს უფრო მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა დასაქმების შემცირებაზე (-4,4%), ვიდრე სოფლად (-3,8). ზემოთქმულიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სწორედ სტრუქტურილი ცვლილებების გამოწვეული დასაქმების შემცირებას ჰქონდა გავლენა სიღარიბის დონეზე, მაშინ, როდესაც მოსახლეობის შემცირება არ აისახა სიღარიბეში მოხვედრის რისკის ცვლილებაზე. ამ უკანასკნელი მოსაზრების შესამოწმებლად შემდეგ ქვეთავში განხილულია უმუშევრებისა და არააქტიური მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება, რომლებზეც უნდა ასახულიყო სტრუქტურული გარდაქმნების შედეგად ფორმალური დასაქმების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ზრდა. 
               უმუშევრები, არააქტიური მოსახლეობა და სიღარიბის დონე 
               შრომის ბაზართან მიმართებაში უმუშევრებისა და ეკონომიკურად არააქტიურთა მნიშვნელობა სიღარიბის საერთო დონეზე გადამწყვეტია, რამდენადაც ისინი მოიცავენ ქვეყანაში არსებული შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს. უმუშვრების ზრდის გავლენა სიღარიბის დონეზე ჩანს უმუშევრთა შორის სიღარიბეში მოხვედრის ალბათობით, რომელიც ყველა დასაქმების სახეობაზე მაღალია და დაახლოებით 0,5%-ს შეადგენს. სხვა სიტყვებით, ქვეყანაში მცხოვრებ ყოველ მეორე უმუშევარს გააჩნია საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სიღარიბეში მოხვედრის რისკი უმუშევრებს შორის განხილულ პერიოდში არ შეცვლილა და ქვეყნის საშუალო დონეს 24,3%-ით აღემატებოდა (იხ. გრაფიკი 5). მოცემული ტენდენცია შეესაბამება შრომის ბაზარზე მიმართულ საჯარო პოლიტიკას, რომელიც არ გულისხმობს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების პირდაპირი ფორმით დახმარებას (ISSA, 2010). აქედან გამომდინარე, უმუშევართა რაოდენობის ზრდას, სხვა თანაბარ პირობებში, უნდა გომეწვია სიღარიბის დონეზე ნეგატიური გავლენა. თავის მხრივ, უმუშევართა რიცხვმა 2008 წელს მიაღწია 298 ათასს, რაც დაახლოებით ერთი მეხუთედით მეტი იყო 2005 წლის მაჩვენებელზე. უმუშევართა აბსოლუტური რაოდენობა ორჯერ მეტად გაიზარდა სოფლად, ვიდრე ქალაქში, თუმცა ქალაქებში არსებული უმუშევრობა შეადგენდა მთლიანად ქვეყნის უმუშევრობის 75%-ს. უმუშევართა რაოდენობაში მომხდარმა აღნიშნულმა ცვლილებებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გავლენა იქონია სიღარიბის მაჩვენებლებზე, რაც ღარიბთა განაწილებაში უმუშევართა ხვედრითი წილის 11,9%-იან ზრდაში გამოიხატა. ამრიგად, უმუშევართა რაოდენობის ზრდამ ქვეყნის მასშტაბით სიღარიბის დონე ერთმნიშვნელოვნად გააუარესა. 
               შრომის ბაზართან მიმართებაში შრომისუნარიანი მოსახლეობის უმსხვილეს კატეგორიას შეადგენენ ეკონომიკურად არააქტიური ადამიანები – 15-დან და 65 წლამდე ასაკის მოსახლეობა, რომელიც არ არის დაკავებული ეკონომიკური საქმიანობით და არ მიეკუთვნება უმუშევართა კატეგორიას. აღნიშნულ ადამიანებს შორის სიღარიბეში მოხვედრის ალბათობა მხოლოდ 1,2 პროცენტული ერთეულით აღემატება სიღარიბის საერთო დონეს. სტანდარტულ გადახრის გათვალისწინებით, ეს სხვაობა არ არის მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად, ეკონომიკურად არააქტიურებს შორის სიღარიბეში მოხვედრის რისკი განხილულ პერიოდში თითქმის არ შეცვლილა, თუმცა გაიზარდა არააქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1 პროცენტული ერთეულით, რაც ჯამში 11,7 ათას ადამიანს გულისხმობდა და იმის მანიშნებელი იყო, რომ დაუსაქმებლად დარჩენილთა მხოლოდ 9,2% შეუერთდა არააქტიურთა კატეგორიას და ამით უარყოფითი გავლენა მოახდინა სიღარების დონეზე. ეკონომიკურად არააქტიური და უმუშევარი მოსახლეობის შედარება მიუთითებს, რომ ეს უკანასკნელი გაცილებით ძლიერად კორელირებს სიღარიბესთან, ვიდრე სამუშაო ბაზრის გარეთ დარჩენა. ჯერ ერთი, უმუშევართა რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ მეტად გაიზარდა, ვიდრე არააქტიური მოსახლეობა (იხ. გრაფიკი 6); და მეორე, უმუშევრებს შორის სიღარიბეში მოხვედრის ალბათობა დაახლოებით 8,5 პროცენტული პუნქტით აღემატება არააქტიურთა შორის სიღარიბის რისკს. ეს უკანასკნელი ტენდენცია შეიძლება იმით აიხსნას, რომ არააქტიურ მოსახლეობას სავარაუდოდ გააჩნია შემოსავლის სხვა წყაროები, მათ შორის, სოციალური ტრანსფერები, რაც მათ უმუშევრებთან შედარებით მეტ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. მიუხედავ იმისა, რომ სიღარიბეში მოხვედრის ალბათობა უმუშევრებს შორის, როგორც ჩანს, ბოლო წლებში არ შეცვლილა, მათი ხვედრითი წილის ზრდამ მოსახლეობის საერთო სტრუქტურაში ხელი შეუწყო სიღარიბის მაჩვენებლების გაუარესებას.      
       
               მოცემულ სტატიაში წარმოდგენილი მონაცემები დასაქმების, უმუშევრობის და ეკონომიკურად არააქტიურობის შესახებ საშუალებას გვაძლევს ავხსნათ დასაქმების კავშირი სიღარიბის დონესთან. 2005 წლიდან 2008 წლამდე 126,5 დაკარგული სამუშაო ადგილიდან მხოლოდ 31,4 ადამიანი შეურთდა უმუშევართა რიცხვს ან ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას, რამაც ბუნებრივია მოახდინა ქვეყანაში სიღარიბის დონის ზრდა. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაკარგული სამუშაო ადგილების 75,2%-მა ვერ ჰპოვა ასახვა სიღარიბის დონეზე, რამდენადაც აღნიშნული შემცირება განპირობებული იყო ქვეყნის მოსახლეობის კლებით. სავარაუდოა, რომ მოსახლეობის შემცირებამ უფრო მკვეთრი ასახვა ჰპოვა შრომისუნარიანი ასაკის დასაქმებულ მოსახლეობაზე, რაც თავის მხრივ, უკავშირდება დემოგრაფიულ დაბერებას და შრომისუნარიანი მოსახლეობის ემიგრაციას. მაშინ, როდესაც მიგრაციული სალდოს შესახებ არსებული მონაცემები საკამათო საკითხს წარმოადგენს  (Corso, 2010), მოსახლეობის დაბერების შესახებ არსებული სტატისტიკა საფიქრებელია, რომ რეალობასთან მიახლოებულ ტენდენციას ასახავს. 2005-დან 2008 წლამდე საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 60,6 ათასი ადამიანით შემცირდა, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 50,7 ათასი ადამიანით გაიზარდა (საქართელოს სტატისტიკის დეპარტამენტი, 2010), რამაც სავარაუდოდ არ მოახდინა უარყოფითი გავლენა სიღარიბის არსებულ დონეზე. ყოველივე ზემოთქმულიდნ გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სიღარიბის დონეზე დასაქმების მკვეთრი შემცირებისა და უმუშევრობის ზრდის ეფექტის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია არა მხოლოდ დასაქმების სხვადასხვა ფორმებს შორის მოსახლეობის გადაადგილება, არამედ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის ცვლილება. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ შრომის ბაზრის მახასიათებლების გაუარესებამ, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა მოახდინა სიღარიბეზე, თუმცა დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით დასაქმების შემცირების მხოლოდ ნაწილი აისახა სიღარიბის დონის გაუარესებაზე. 
               დასკვნები 
               მოცემულ კვლევაში გაანიზებული იყო სიღარიბის დონე და მისი კავშირი დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლებთან. წარმოდგენილი მონაცემები მიუთითებენ, რომ სიღარიბის დონემ 2008 წელს შეადგინა დაახლოებით 40% და მას არ განუცდია შემცირება 2005-2008 წლებში. აღნიშნული ტენდენცია ეწინააღმდეგება ამავე პერიოდში ოფიციალური სტატისტიკის მიერ წარმოდგენილ სიღარიბის ფარდობითი მაჩვენებლის შემცირებას 22,1%-მდე. სიღარიბის ყველაზე დაბალი დონის მქონე დასაქმების ფორმების მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობის საგრძნობმა შემცირებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა სიღარიბის არსებულ დონეზე. ამასთან, ანალიზმა დაგვანახა, რომ სამუშაო ადგილთა მასშტაბურმა დაკარგვამ ვერ მოახდინა ადექვატური გავლენა სიღარიბის ზრდაზე, რამდენადაც დასაქმების შემცირების მნიშვნელოვანი ნაწილი განპირობებული იყო დემოგრაფიული ცვლილებებით. თავის მხრივ, მოსახლეობის შემცირება უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რომლის კვლევაც სცდება მოცემული სტატიის ფარგლებს. მიუხედავ ამისა, შეიძლება აღინიშნოს, რომ სიღარიბის დონის შენარჩუნება შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის შემცირების ხარჯზე, არ უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან მიღწევად. რაც შეეხება უშუალოდ სიღარიბის შემცირებას დასაქმების სტიმულირების გზით, დასაქმების ცალკეული სფეროების მიხედვით წარმოდგენილი სიღარიბის რისკები მიუთითებს, რომ შრომის ბაზრის პოზიტიური გავლენისათვის სიღარიბის დონეზე საჭიროა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა დაქირავებით დასაქმების, დამქირავებლების და არასასოფლო თვითდასაქმების სახეობებში. რაც შეეხება სასოფლო თვითდასაქმებისა და დამხმარეთა და უსასყიდლოდ დასაქმებულთა კატეგორიებს, მათი სახით დასაქმების ზრდა ვერ მოახდენს სიღარიბის დონის საგრძნობ შემცირებას, სანამ პროდუქტიულობის დონე, ძირითდად სოფლის მეურეობაში, მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. მოცემული ანალიზი ასევე მეტყველებს, რომ სიღარიბის შემცირებისთვის უმნიშვნელოვანესია უმუშევართა დახმარება აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის გატარებით, რაც ხელს შეუწყობდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სიღარიბეში მოხვედრის რისკის შემცირებას და შემდგომ მათ სიღარიბის უფრო დაბალი ალბათობის მქონე დასაქმების კატეგორიებში გადანაცვლებას.           

1

2

3

4

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial