რუსეთი ნერვიულობს

რუსეთსა და ჩინეთს შორის ოფიციალური ურთიერთობა ისეთი დამთბარია, როგორც არასოდეს. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური პრობლემები თითქმის არ არსებობს. მოსკოვსა და პეკინს გლობალური მოწყობის საკითხების მიმართ ერთნაირად მიდგომა აქვთ და კორექტულობას ინარჩუნებენ მეზობელ რეგიონებში, იქ, სადაც მათი ინტერესები იკვეთება. ორმხრივი ვაჭრობა იზრდება და განიხილება ინფრასტრუქტურული პროექტებიც. 

      თუმცა, როგორც რუსი ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთის მხრიდან ფარული დაძაბულობა მატულობს. ეს დაკავშირებულია არა იმდენად ჩინეთისადმი შიშთან, რამდენადაც იმის არცოდნასთან, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ ააწყოს რუსეთმა ურთიერთობა მეზობლად მზარდ ქვეყანასთან. მით უფრო, რომ ეს ურთიერთობა მრავალშრიანია. 
      გლობალური საკითხებისადმი მიდგომა ჩინეთსა და რუსეთს ერთნაირი აქვთ, ორივე ქვეყნის დედაქალაქში 1990-წლებიდან მოყოლებული მიაჩნიათ, რომ “მრავალპოლუსიანი” მსოფლიო აუცილებელია რომელიმე ერთი სახლემწიფის ჰეგემონიის გარეშე. მოსკოვსა და პეკინს თუ როგორ წარმოუდგენიათ მსოფლიო არქიტექტურაში თავიანთი როლი, ამის გამოხატულებად შეგვიძლია ბრიკის ფორმატი მივიჩნიოთ – იმ ქვეყნების არაფორმალური გაერთიანება, რომლებიც მიისწრაფიან აამაღლონ თავიანთი წონა გლობალური საკითხების გადაწყვეტისას. 
      რასაკვირველია, მოსკოვი ბევრ რამეს თმობს ბრიკის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ჩინეთთან ურთიერთობაში, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ეკონომიკური განვითარების დინამიკასა და ხარისხთან. ეს, სხვათა შორის, არ აისახება მოცემული გაერთიანების პერსპექტივებზე, რადგან გაერთიანების მონაწილეების თვალში მას არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური აზრი აქვს. ამასთან, სამი დანარჩენი სახელმწიფოსგან განსხვავებით, რუსეთი საკუთარ თავს განვითარებადად არასოდეს გრძნობდა. პრობლემები, რომელსაც დღეს რუსეთი ეჯახება, ხარისხობრივად განსხვავებულია, ვიდრე ის, რასაც ბრიკის დანარჩენი წევრები წყვეტენ. 
      რეგიონალურ დონეზე ჩინეთი და რუსეთი ურთიერთქმედებენ შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში. იგი 1990-იან წლებში წარმოიშვა, როგორც ტერიტორიული საკითხების დამრეგულირებელი ფორმატი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მეზობლებს შორის, რომელიც სსრკ-ის დაშლის შემდეგ წარმოიშვნენ. მით უფრო, ავღანეთის კონფლიქტი, რომელიც შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ზონასთან ახლოს მიმდინარეობს, საერთაშორისო დღის წესრიგში ცენტრალურ პრობლემად იქცა. 
      ჩინეთისა და რუსეთის მიდგომა შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში მშვენივრად ახდენს ორ ქვეყანას შორის პოტენციური დაძაბულობის ხასიათის დემონსტრირებას. რუსეთი ფიქრობს რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემებზე და ალბათ სურს კიდეც, რომ შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ დიდი როლი ითამაშოს და სამხედრო-სტრატეგიულ საკითხების გადაწყვეტაში თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ ჩინეთი კონფლიქტში ჩაურევლობის ტაქტიკას ემხრობა, რადგან ეს მის ინტერესებში არ ჯდება და არანაირ აშკარა სარგებელს არ უქადის. 
      სამაგიეროდ, პეკინი აქტიურად მიისწრაფის, რომ შანჰაის ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილოს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანიზაციამ ხელი შეუწყოს ცენტრალურ აზიაში ჩინეთის ეკონომიკური არსებობის გაფართოებას. ეს უკანასკნელი რუსეთის ფარულ უკმაყოფილებას იწვევს, რომელიც ცენტრალურ აზიას თავისი ტრადიციული ინტერესების ზონად მოიაზრებს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩინეთი თითქოს არც აპროტესტებს და აღიარებს ევრაზიის ამ ნაწილზე მოსკოვის ისტორიულ უფლებებს, მაგრამ პეკინი არ ფიქრობს, რომ ეს მისი ეკონომიკური აქტივობის ხელოვნურ შეზღუდვას უნდა ნიშნავდეს, ვინაიდან აქ საუბარი მიდის ბაზრებისთვის ნორმალური კონკურენციის თაობაზე და არა ვინმეს ინტერესების განზრახ შეზღუდვაზე. 
      რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ შანჰაის ორგანიზაციაში თავიანთი დღის წესრიგი გაიტანონ და თავიანთი კონკურენტული უპირატესობების რეალიზება მოახდინონ. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთს ძველებურად მეტი სტრატეგიული შესაძლებლობები აქვს და თუ ორგანიზაციის ამ მიმართულებით ორიენტაციის შეცვლა შესაძლებელი გახდება, ლიდერის პოზიცია რუსეთს ექნება. პეკინი, პირიქით, დარწმუნებულია, რომ ეკონომიკურ შეჯიბრს მოიგებს. ორგანიზაცია ჯერჯერობით დრეიფს აგრძელებს და ორი ქვეყნის ინტერესებს შორის რეგიონალური ბალანსის ძიება არც ისე ადვილი იქნება და მათ შორის, რუსეთის შიდა მიზეზებიც გამოც. 
      როგორც ექსპერტები აცხადებენ, რუსეთში არ არსებობს განსაკუთრებული შიში იმისა, რომ ჩინეთთან საომარი კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას, თუმცა ჩინეთის საომარი სიძლიერის გაზრდას რუსეთში ყურადღებას აქცევენ. სხვათა შორის, დღეს ექსპერტები ძალიან ხშირად ამბობენ, რომ მომავალში ბირთვული შეიარაღების შემცირების პროცესი არ შეიძლება მხოლოდ ორმხირივი ოყოს – რუსეთ-აშშ და უკვე დროა ამ საკითხში სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ, პირველ რიგში კი, ჩინეთი. 
      რამდენიმე წლის წინ ძალიან გავრცელებული იყო შეშფოთება ჩინეთიდან დემოგრაფიული ზეწოლის – ციმბირისა და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის დაუსახლებელი და ეკონომიკურად ჩამორჩენილი ტერიტორიების ჩინელების მიერ ათვისების თაობაზე. ამ თემაზე დღეს უფრო მშვიდად საუბრობენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს საკითხი მოსკოვში პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს უფრო აღელვებთ, ვიდრე ჩინეთის მოსაზღვრე რეგიონებს. მართალია, ჯერ გაურკვეველია რას ნიშნავს ეს სიმშვიდე – უეცარი თავდაჯერებულობის დადგომას თუ გარდაუვალთან შეგუებას? 
      ჩინეთის მხრიდან ექსპანსიის შიში უფრო საზოგადო და ღრმა შიშმა შეცვალა – ორი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მზარდი დისბალანსი პოლიტიკურ უთანაბრობას გამოიწვევს. რომ არაფერი ვთქვათ ფედერალური ხელისუფლების გავლენის დასუსტებაზე შორეულ აღმოსავლეთში. აზიაში ძლიერი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი ფორმირდება და რამდენადაც რუსეთს არ გააჩნია ყოვლისმომცველი აზიური სტრატეგია, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს საშინაო და საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრის კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს (უფრო სწორად, დიდი ხნის დაგვიანებით ახლახან ფორმირდება), დიდი საფრთხეა, რომ რუსეთი მეორეხარისხოვან აზიურ სახელმწიფოდ გადაიქცეს. არადა, აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონს ყველა აღიარებს, როგორც XXI საუკუნის მთავარი მოვლენების მოედანს. 
      ჩინეთის ფაქტორი მზარდ გავლენას მოახდენს რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე. სავარაუდოდ, იმისდა მიხედვით, თუ როგორი ურთიერთობები დალაგდება ჩინეთთან, რუსეთი სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებთან მოახდენს ურთიერთობების კორექტირებას, პირველ რიგში, აშშ-სთან. რუსეთი საკუთარ თავს ჩინეთთან ცუდი ურთიერთობის უფლებას ვერ მისცემს, რადგან ამას ყველა მიმართულებით დიდი რისკი მოსდევს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial