ნაბუქო – ფული არის, გაზი, არა

რედაქციისგან 

მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ხელი მოაწერეს საფინანსო კონსორციუმის შექმნას, რომელიც ვალდებულებას იღებს გამოყოს თანხები “ნაბუქოს” გაზსადენის მშენებლობისთვის. შეგასენებთ, რომ პროექტში ინვესტირების საკითხი ბოლო დრომდე არ იყო გადაწყვეტილი, სექემბრის დასაწყისში კი, გაზსადენის მშენებელმა კონსორციუმმა საფინანსო ორგანიზაციების ჯგუფთან 4 მილიარდით დაფინანსების შესახებ შეთანხმება გააფორმა. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი “ნაბუქოს” პროექტში – 2 მილიარდ ევროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი – 1,2 მილიარდ ევროს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია კი – 800 მილიონ ევროს ჩადებენ. ამასთანავე, ევროკომისიამ მარტში “ნაბუქოს” პროექტისათვის 200 მილიონი ევრო გამოყო. 

      ექსპრეტები ვარაუდობენ, რომ მსხვილი საფინანსო კორპორაციების მიერ გაღებულმა თანხებმა ერთგვარი გარანტის ფუნქცია უნდა შეასრულოს და წაახალისოს სხვა ინვესტორები, რომელთაც “ნაბუქოს” პროექტის 70% უნდა დააფინანსონ. სულ პროექტის ღირებულება, 7,9 მილიარდი ევროა. გაზსადენის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაიწყოს, ექსპლუატაციაში შესვლა კი 2015 წლისთვის იგეგმება. 
      დოკუმენტის ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, რეინარდ მიჩეკმა განაცხადა, რომ გაზსადენი გაზს ორი წყაროდან მიიღებს და თურქეთში არსებულ ერზრუმის ტერმინალს საქართველოსა და ერაყთან დააკავშირებს. მაგრამ დამაიმედებელი პროგნოზებისა და გამოყოფილი მილიონების მიუხედავად, მთავარი პრობლემა – გაზსადენის ბუნებრივი აირით შევსება ჯერ ისევ გადაუჭრელია. არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, თითქმის უკვე გამოირიცხა ერთ-ერთი შესაძლო მომწოდებლის, ირანის ვარიანტი. რომელზე საუბარიც ჯერ კიდევ 2002 წელს, “ნაბუქოს” პროექტის შესახებ პირველივე განცხადებების დროს მიმდინარეობდა. მიჩეკის ოპტიმიზმის მიუხედავად, რომელიც “ნაბუქოს” ექსპლუატაციაში შევლას 2015 წლისთვის ვარაუდობს, იურიდიულ დოკუმენტებზე ხელი ჯერ არც დანარჩენ, სავარაუდო მომწოდებლებს მოუწერიათ. 
      პრობლემებია ერაყის შემთხვევაშიც, ამ ქვეყნის გაურკვეველი მომავლის გამო. “ნაბუქოს” კონსორციუმის წევრები ერაყში ამჟამად ორი დამოუკიდებელი ტრასის პროექტზე მუშაობენ. ისინი თანამშრომლობენ, როგორც ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკთან, ასევე ქურთების რეგიონალურ მმართველთან (KRG) ჩრდილო ერაყში. როდესაც 2009 წლის ივლისში მალიკმა ანკარაში ხელი მოაწერა საერთაშორისო შეთანხმებას, ის დათანხმდა “ნაბუქოსათვის” 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას. 27 აგვისტოს კი, გერმანულმა კომანიამ RWE, რომელიც არის ასევე “ნაბუქოს” კონსორციუმის წევრი, ხელი მოაწერა შეთანხმებას KRG-ს წარმომადგენელთან. მათთან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები თურქეთისავის 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, ქურთების რეგიონში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო ეჭვქვეშ დგას გაზსადენის პროექტების უსაფრთხოება. ვითარებას ართულებს ქურთებით დასახლებული რეგიონის ადგილობრივი მმართველობა, რომელიც არ ცნობს ცენტრალური ხელისუფლების უფლებებს გაზსსა და ნავთობთან დაკავშირებულ რაიმე სახის კონტრაქტზე. რაც შეეხება ქვეყნისა დასავლეთით მდებარე პროვინცია ანბარში არსებულ გაზის საბადოს, ის ასე თუ ისე ბაღდადის კონტროლქვეშაა, მაგრამ ამ შემთხევაში პრობლემას ისევ და ისევ სატრანზიტო დერეფანის არასტაბილური მდგომარეობა ქმნის. შეჩერებულია ეგვიპტიდან სირიაში გამავალი არაბული გაზსადენის გაფართოების საკითხის განხილვაც. 
      რა ხდება გაზსადენის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელმაც “ნაბუქო” ცენტრალური აზიის საბადოებთან უნდა დააკავშიროს? თურქმენეთი, რომელიც ამ დრომდე განიხილება “ნაბუქოსათვის” გაზის სავარაუდო მომწოდებლად, როგორც სჩანს, ისევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით. მაგალითად, ტრანსკავკასიური გაზსადენის თემა, რომელიც დიდი ხანია მსჯელობის თემაა და რომელმაც თურქმენული გაზის საბადოები ბაქოსთან უნდა დააკავშიროს, ჯერ ისევ მხოლოდ თეორიული განხილვების საგანია. საპირისპიროდ, თურქმენეთმა უკვე დაიწყო მოპალარაკებები და ახალი კონტრაქტების გაფორმება გაზის სხვა მყიდველებთან, ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან. აშხაბადმა TAPI-ის პროექტის განხორციელებაც კი განაახლა. საუბარია გაზსადენზე, რომელიც ავღანეთის გავლით პაკისტანსა და ინდოეთში გადის. ამ პროქტის განახლება იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნებში ექსპორტირებისათვის თურქმენეთს ნაკლები გაზი რჩება. თურქმენეთი არც ივლისში იტალიური კომპანია ENI-ის მიერ შეთავაზებულ წინადადებას შეხვდა დიდი ენთუზიაზმით, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გაზის თურქმენეთიდან აზერბაიჯანში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით აწარმოებდა. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ თურქმენეთ-აზერბაიჯანის თითქმის 10-წლიან დავას ნავთობის სამ საზღვაო საბადოსთან დაკავშირებით. შედეგი არც ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგების კიდევ ერთ მცდელობას და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკერის ასტანაში სპეციალურ ვიზიტს ჰქონია. 
      ამავე დროს, აზერბაიჯანიც, რომელიც ნაბუქოს პროექტის ყველაზე სანდო მომწოდებელად განიხილებოდა უკვე კარგავს ნდობას “ნაბუქოს” მიმართ და იწყებს გაზის გაყიდვის ალტერნატიული გზების ძიებას. სექტემბრის დასაწყისში, მედვედევის ბაქოში ვიზიტის დროს, დიდი ხნის პარტნიორებს “გაზპრომსა” და აზერბაიჯანის ნაციონალურ კომპანია “სოკარს” შორის ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ნაცვლად, რუსეთი ახლა აზერბაიჯანისაგან 2 მილარდ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს. აზერბაიჯანმა ასევე განამტკიცა თანამშრომლობა ირანთან და დაიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან. 
       თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანმა საბოლოოდ შეაქცია ზურგი “ნაბუქოს”. 2016-17 წლებისთვის, როდესაც აზერბაიჯანი დაიწყებს შაჰ-დენიზის გაზის საბადოს მეორე ეტაპის განხორციელებას, გაზის საერთო რაოდენობა ქვეყანაში 45 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. შესაბამისად, “ნაბუქოსთვისაც” გაჩნდება გაზის საკმარისო რაოდენობა, მაგრამ აზერბაიჯანელები აცხადებენ, რომ ისინი კვლავ განაგრძობენ “ნაბუქოს” სიცოცხლისუნარიანობის საკითხის შესწავლას და, ამასთანავე, ქვეყნის ხელისუფლება უარს არ ამბობს მისი ალტერნატიული ვარიანტების განხილვაზე. 
      ასეთი ვითარების ფონზე, ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილი მილიონები ჯერჯერობით ავანსს ჰგავს, რომელიც ინვესტორებისა და, რაც მთავარია, გაზის მომწოდებლების მოსაზიდად კეთდება. მაგრამ საკითხავია, საკმარისია თუ არა ეს ნაბიჯები? “ნაბუქოს” კონსორციუმის შემქმნელები ოპტიმისტურ განწყობას არ კარგავენ და მიაჩნიათ, რომ კონტრაქტებისა და იურიდიული შეთანხმებების გაფორმება 2010 წლის დასასრულსა და 2011 წლის დასაწყისისათვის უკვე დასრულებული პროცესი იქნება. მაგრამ მაინც საეჭვოა, მოხდება თუ არა ამ დროისათვის გაზსადენის პირველადი ექსპლუატაციისათვის საჭირო 18-20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივ გაზის მოიძება, რომ არაფერი ვთქვათ 31 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე, რომელიც “ნაბუქომ” სრულად ამუშავების შემდეგ უნდა გაატაროს. 
      მაგრამ “ნაბუქოს” პროექტს აქამდეც ბევრი სკეპტიკოსის პესიმისტური მოლოდინი გაუქარწყლებია. პროექტი სიცოცხლისუნარიანია, ინვესტორებმა და მსხვილმა საფინანსო ინსტიტუტებმა უკვე დაიწყეს მასში ფულის ჩადება, ახლა ჯერი გაზსადენისათვის გაზის მოპოვებასა და მომწოდებლებთან მოლაპარაკებებზეა.