განვითარებული ქვეყნების საგადასახადო სისტემათა თავისებურებანი

ბესიკ ჯობავა საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი 

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფართოდ არის აღიარებული, რომ აბსოლუტურად თავისუფალი ეკონომიკა არ არსებობს და ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკა შერეულ ხასიათს ატარებს, იმ თვალსაზრისით, რომ მასში პარალელურად მოქმედებს თვითრეგულირება და სახელმწიფო რეგულირება. დღეისათვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს საგადასახადო პოლიტიკა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ზემოქმედებას ახდენს საბაზრო ურთიერთობებზე. სწორედ საგადასახადო პოლიტიკით (გადასახადის გონივრული მანიპულირებით, სხვადასხვა შეღავათების დაწესებით) ახდენს ხელისუფლება ზეგავლენას დანაზოგებზე, ეკონომიკურ ზრდაზე, მასალების გადახდისუნარიანობაზე და ა.შ. მაგალითად აშშ-ში, ზაფხულის არდადეგების პერიოდში მოზარდთა სამუშაოზე მიღების სტიმულირებისათვის სახელმწიფოს მიერ დაწესებულია საგადასახადო შეღავათები. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში საგადასახადო შეღავათებს ავრცელებენ იმ ფირმებზე, რომლებიც საკუთარ წარმოებას განათავსებენ მაღალი უმუშევრობის დონის მქონე რეგიონებში. 

      განვითარებული ქვეყნების საგადასახადო სისტემის ქვეშ განიხილება მოცემული ქვეყნის საკანონმდებლო და ხელისუფლების ორგანოების მიერ დადგენილი გდასახადები, მათი გადახდის ფორმები და მეთოდები. საგადასახადო სისტემები, თავის მხრივ, აერთიანებს საგადასახადო ორგანოებს, საგადასახადო ურთიერთობათა მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმატივებს, გადასახადებს, მოსაკრებლებსა და სახელმწიფო ბაჟის სახით ბიუჯეტში ამოსაღებ გადასახადებს. 
      საგადასახადო სისტემები მოიცავს ელემენტთა ერთობლიობას, რომელიც წარმოდგენილია: 
      ა). გადასახადით დაბეგვრის სუბიექტი ანუ გადასახადის გადამხდელი; 
      ბ). დაბეგვრის ობიექტი: შემოსავალი, მოგება, რომლის საფუძველზეც წარმოებს გადსახადის გაანგარიშება; 
      გ). გადასახადის განაკვეთი, დაბეგვრის ობიექტის მიერ ერთეულზე წარმოდგენილი გადასახადის სიდიდე; 
      დ). საგადასახადო შეღავათები, გადასახადისაგან განთავისუფლება, გადაუხდელობისთვის ჯარიმების, საურავებისა და სხვა სანქციების დაწესება; 
      ე). საგადასახადო კონტროლი, ანუ საგადასახადო ადმინისტრირება, რომელიც მოიცავს გადასახადის ამოღების წესებსა და ფორმებს.     
      საგადასახადო სისტემა წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის თეორიულ-მეთოდოლოგიურ საფუძველს, რომლის ცვალებადობა დამოკიდებულია ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სახელმწიფოს საშინაო და საგარეო ვალის სიდიდეზე. საგადასახადო სისტემის ძირითად პრინციპებს შორის  პროფესორი ი. მესხია და ო. ნიკოლეიშვილი გამოყოფენ შემდეგს: 
      – ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს კანონით დადგენილი გდასახადი; 
      – დაუშვებელია ისეთი გადასახადის დაწესება, რომელიც არღვევს ქვეყნის ერთიან ეკონომიკურ სივრცეს; 
      – გდასახადი უნდა იყოს სტაბილური, საგადასახადო განაკვეთები და ტარიფები უნდა დადგინდეს ხანგძლივი დროისათვის; 
      – მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს გადასახადის გაანგარიშების მეთოდიკა; 
      – დაუშვებელია პარალელური (დუბლირებული) გადასახადის დაწესება; 
      – გადასახადის განკვეთები უნდა იყოს პროპორციული იმ სარგებელთან, რისი მოცემაც სახელმწიფოს შეუძლია გადასახადის გადამხდელისათვის; 
      – გადასახადის დადგენის და ამოღების წესი უნდა იყოს უნიფიცირებული საგადსახადო ბაზის გეოგრაფიული განლაგების, საკუთრების ფორმის, ეკონომიკური საქმიანობის სახეობის და შემოსავლის წყაროების მიუხედავად; 
      – მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული სამართლიანობა საგადასახადო ტვირთის განაწილების დროს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ჭრილში1;  
      წარმოდგენილი საგადასახდო სისტემის პრინციპები მისაღებია განვითარებული ქვეყნებისათვის, ხოლო განვითარებადი ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ ამ პრინციპებთან მიახლოებას. განვითარებულ ქვეყნებში გადასახადის ამოღების სამი სახის წესი გამოიყენება: 
      ა) კადასტრული; 
      ბ) გადასახადის გადახდა შემოსავლის მიღებამდე; 
      გ) გადასახადის გადახდა შემოსავლის მიღების შედეგ. 
      კადასტრული წესი ეფუძნება კადასტრის, ანუ რეესტრის გამოყენებას, რომელშიც ასახულია ტიპური ობიექტების ჩამონათვალი გარე ნიშნების მიხედვით, რეესტრი არსებობს სამეწარმეო, საჯრო და ა.შ. გადასახადის გადახდა შემოსავლის მიღებამდე ხორციელდება საწარმოში მუშა-მოსამსახურეებისათვის საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშება- დაკავებისას, ხოლო შემოსავლის მიღების შემდეგ გადასახადის გადახდას ადგილი აქვს საფინანსო ორგანოებისათვის წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე ნაჩვენები შემოსავლების პროპორციულად. 
      განვითარებულ ქვეყნებში, გადასახადები, ამოღების კრიტერიუმების მიხედვით იყოფა პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადებად. პირდაპირი გადასახადები ამოიღება გადამხდელის შემოსავლებიდან და ქონებიდნ, ხოლო არაპირდაპირი გადასახადი საქონლისა და მომსახურებიდან ამოიღება. 
      განვითარებულ ქვეყნებში საგადასახადო სისტემის ფარგლებში ერთმანეთისაგან გამიჯნულია ცენტრალური ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლები, გამომდინარე აქედან უნიტარულ სახელმწიფოებში (აშშ, გერმანია, კანდა) ფუნქციონირებს ბიუჯეტის სამი დონე: ფედერალური, რეგიონალური და ადგილობრივი. განვითარებული ქვეყნები საგადასახადო სისტემის ფუნქციონირებით გარკვეულად განსხვავდებიან ერთმნეთისაგან. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საგადასახადო რეფორმა მიმდინარეობს დევიზით “დაბალი გადასახდები ქმნიან ეფექტურ ეკონომიკას”, აშშ-ში საგადასახადო რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდა 1981 წელს და 1986 წელს. გერმანიაში საგადასახადო სისტემის რეფორმა შემდეგი პრინციპით დაიწყო: “სჯობს დაბალი განაკვეთები და ცოტა შეღავთები”. ყოველივე ზემოთაღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში საგადასახადო სისტემის ცვლილება წინასწარ გამიზნულ და თანმიმდევრულ ხასიათს ატარებს. 
      საგდასახადო სისტემის კუთხით, მეტად საყურადღებოა დიდი ბრიტანეთის  საგადასახადო  სისტემა, რომლის ძირითად გადასახადს წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც იხდის დიდი ბრიტანეთის მთელი მოსახლეობა. ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადის განგარიშებას საფუძვლად უდევს ფიზიკურ პირთა შემოსავლები, რომელიც იყოფა ექვს ნაწილად: 
      ა) შემოსავლები მიწის და შენობა-ნაგებობების საკუთრებიდან; 
      ბ) შემოსავლები კომერციული მიზნით გამოყენებული სატყეო მასივებიდან; 
      გ). შემოსავლები სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან; 
      დ) შემოსავლები სამეწარმეო-კომერციული საქმიანობიდან; 
      ე) ხელფასი, დახმარება და სხვა; 
      ვ) კომპანიის მიერ განაწილებული შემოსავლები და დივიდენდები. 
      არაპირდაპირი გადასახადებიდან წამყვანი ადგილი უჭირავს დამატებითი ღირებულების გადასახადს, მის წილად მოდის ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების 17%, მცირე ბიზნესისათვის საშემოსავლო გადასახადი მერყეობს 10-დან 20%-ის ფარგლებში. განსხვავებული მიდგომაა მცირე ბიზნესის კრიტერიუმის განსაზღვრაშიც, კერძოდ, მცირე საწარმოებს მიეკუთვნებიან საწარმოები, რომელთა მიერ წლის განმავლობაში მიღებული მოგება არ აღემატება 250 ათას გირვანქა სტერლინგს. 
      აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლებში ყველაზე დიდი ხვედრითი წილით ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადია წარმოდგენილი – 44%,  მეორე ადგილზეა გადასახადები სოციალური დაზღვევის ფონდებში – 34%.  
      ფიზიკიური პირის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნით ჯამდება მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ყველა სახის შემოსავალი: ხელფასი, შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობიდან, საპენსიო და სადაზღვევო ფონდების მიერ გაცემული პენსიები და დახმარებები, შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან და ა.შ. მოქმედებს სამი წლიური დასაბეგრი შემოსავლის საგადასახადო განაკვეთი.  (15, 28 და 33) 15%-იანი განაკვეთით იბეგრება 29750 აშშ დოლარამდე წლიური შემოსავალი, 28%-ით 29751-დან 71900 აშშ დოლარამდე,  33-%-იანი განაკვეთით. 71501 აშშ დოლარიდან 149250 აშშ  დოლარამდე, ხოლო 149251 აშშ დოლარზე ზევით წლიური შემოსავლის დაბეგვრა მცირდება 28%-მდე. საინტერესოა შტატების საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც იხდიან შტატის მცხოვრებლები და ის ფიზიკური პირები, როლებიც შტატის ტერიტორიაზე იღებენ შემოსავლებს. მაგალითად, პირები, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ არ ცხოვრობენ ვაშინგტონში, აქ იხდიან გადასახადს ხელფასიდან მიღებულ შემოსავალზე, ხოლო დანარჩენი შემოსავლიდან გადასახადს იხდიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 
      აშშ-ში მოქმედებს ადგილობრივი გადასახადები, რომლებიც წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ძირითად წყაროს. მაგალითად, ქ. ვაშინგტონი თავისი შემოსავლებით ფარავს ხარჯების 84%-ს, დანარჩენ 16-%-ს იღებს ფედერალური სუბსიდიის სახით. აშშ-ის საგადასახადო სისტემისათვის დადებით მომენტს განეკუთვნება მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. კერძოდ, მცირე ბიზნესით დაკავებული ფირმებისათვის, რომელთა გაყიდვების მოცულობა წელიწადში არ აღემატება 200 ათას Aაშშ დოლარს. დაწესებულია შეღავათები საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას. აშშ-სთან მიმართებაში შეიძლება აღინიშნოს, რომ განსხვავება სხვადასხვა შტატების გადასახადებს შორის ძალიან დიდია. გადასახადების მეშვეობით მთავრობა აწესრიგებს განსახლების პრობლემას. მაგალითად, დიდ ქალაქებში გადასახადები ძალიან მაღალია, ღარიბ მომიჯნავე შტატებში კი შედარებით დაბალია (მასაჩუტესი, ვერმონტი). 
      განვითარებული ქვეყნების საგადასახადო სისტემებიდან მეტად საყურადღებოა საფრანგეთის საგადასახადო სისტემა. საფრანგეთში ცენტრალური გადასახადებიდან მნიშვნელოვანია: სააქციო საზოგადოებების გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი. დამატებითი ღირებულების გადასახადი წარმოადგენს ძირითად არაპირდაპირ გადასახადს, რომელიც საფრანგეთის ბიუჯეტს აძლევს შემოსავლების 44,1%-ს. დღეისათვის საფრანგეთში მოქმედებს ოთხი დღგ-ს განაკვეთი, მაღალი 22%-იანი განაკვეთი, რომელიც გამოიყენება ავტომობილის, ალკოჰოლიანი სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, პარფიუმერიის, ფუფუნების ცალკეული საგნების და სხვა ძვირფასეულობის დასაბეგრად. დაბალი 7%-იანი განაკვეთი, რომელიც დაწესებულია წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებზე, ყველაზე დაბალი – 5,5%-იანი, რომელიც გამოიყენება პირველდი მოხმარების საქონლისა და მომსახურებისათვის. დღეისათვის საფრანგეთში დღგ-ს სტანდარტული განაკვეთი 18,6%-ია. დღგ-ს გადასახადისაგან გათავისუფლებულია მედიცინა  და განათლება, სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობა, რომელიც მიმართულია აღმზრდელობითი, კულტურული, ადმინისტრაციული, სოციალური და სპორტული ფუნქციების განხორციელებისაკენ. 
      ადგილობრივი გადასახადებიდან საფრანგეთის საგადასახადო სისტემაში გამოიყოფა ოთხი ძირითადი გადასახადი: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი, შენობა-ნაგებობის მფლობელთა გადასახადი, პროფესიული გადასახადი, რომელსაც ადგენს ადგილობრივი ორგანოები ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისას, მაგრამ საფრანგეთში ადგილობრივი გადასახადების განაკვეთი არ შეიძლება აღემატებოდეს კანონით დადგენილ მაქსიმუმს. 
      განვითარებული ქვეყნების მასშტაბით გატარებული საგადასახადო რეფორმის შედეგად მსოფლიოში გამოიკვეთა ორი ტენდენცია, სახელმწიფოთა ერთმა ჯგუფმა (აშშ, კანადა, იაპონია) აქცენტი გააკეთეს არაპირდაპირი გადასახადის მნიშვნელობის ამაღლებაზე. 
      დღეისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას წარმოადგენს ოპტიმალური თანაფარდობის “ოქროს შუალედის” დადგენა ფისკალურ მარეგულირებელ ფუნქციებს შორის. მართალია, საგადასახადო განაკვეთის შემცირება ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას საგადასახადო შემოსავლებით უზრუნველყოფა წარმოაგენს. 
      დღეისათვის საქართველოს საგადასახადო სისტემა არ პასუხობს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების საგადასახადო სისტემის ყველა პრინციპს,  მაგრამ ქვეყნის მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს გარდამავალი ეკონომიკის პირობებში საგადასახადო სისტემა მიუახლოვოს მოწინავე ევროპულ ანალოგებს და ჰარმონიაში მოიყვანოს დასავლეთის განვითარებული ქვეყნების საგადასახადო სისტემასთან.