ლუქი 2011 STOP!

ნინო არველაძე 

ეკონომიკის სფეროში 2010 წლის განხორციელებული რეფორმების ლიდერის პოზიცია ახალ საგადასახადო კოდექსს უჭირავს. საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას მორგებულმა საგადასახადო კოდექსმა უნდა უზრუნველყოს საგადამხდელო კულტურის ფორმირება და 2011 წლის ყველაზე სერიოზულ გამოწვევასთან გამკლავება, რომელსაც ორგანოს მიმართ ნდობის აღდგენა ეწოდება. 

      18 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია ლილოში, ახალ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზი) ექსპერტებს შეხვდა და შემოსავლების სამსახურის “ახალი კურსი” გააცნო. 
      ერთ-ერთი ახალი და ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი შემოთავაზებაა ვებ-გვერდი www.rs.ge, რომლის საშუალებითაც ბიზნესი გადადის ბუღალტერიის წარმოების ელექტრონულ ვერსიაზე, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს შეცდომის დაშვებას ბუღალტრის მხრიდან და, შესაბამისად, ამ შეცდომისთვის გადახდილ ჯარიმას, ბიზნესმენებს ასევე შეუძლიათ სურვილის მიხედვით შეამოწმონ მისი ბუღალტრის ცოდნის დონე ვებ-გვერდზე არსებული ტესტის საშუალებით. 
      გიორგი ცხაკაიას განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის მთავარი მიზანია საზოგადოებაში დამკვიდრდეს, როგორც სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო კოდექსი, ახალ საგადასახადო კოდექსში, რომელშიც საბაჟო და საგადასახადო კოდექსებია გაერთიანებული, მუშაობისას მთავრობის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცადნენ ბუნდოვანი მუხლების აღმოფხვრას, რომელთა წაკითხვაც ორმაგი სტანდარტით იყო შესაძლებელი. სწორედ, საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში ორმაგი სტანდარტების გამო, არა ერთი პატიოსანი მეწარმე დაუზარალებია საგადასახადო ინსპექტორის ან მებაჟის მიერ მუხლის არასათანადოდ წაკითხვას, რის შედეგადაც ზარალი ადგება ბიზნესს და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. 
      გიორგი ცხაკაია აცხადებს, რომ კოდექსი მაქსიმალურად გამარტივებულია, თუმცა ეკონომიკის ექსპერტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ მხოლოდ კოდექსის გამარტივება ქვენორმატიული აქტების დაკონკრეტების გარეშე, სასურველ შედეგს ვერ მოიტანს და იმ კონკრეტულ პრობლემებს გამოჰყოფს, რომელიც ბიზნესის განვითარებას სერიოზულად აბრკოლებს: ხარჯების გატარება, ვადაგასული საქონლის ჩამოწერა-განადგურება, მივლინების ხარჯები და წარმომადგენლობითი ხარჯების გაწერასთან დაკავშირებული პრობლემები და რაც ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია – სავაჭრო ობიექტების დალუქვები. გიორგი ცხაკაიამ ცალსახად განაცხადა, რომ 2011 წელს დალუქვები განსაკუთრებული შემთხვევების გარდა არ იქნება, რადგან სავაჭრო ობიექტის დალუქვა და ბიზნესის გაჩერება არ შედის არც მთავრობის, არც საგადასახადო ორგანოს და არც ბიზნესის ინტერესებში. ბიზნესს ნაშთის წარმოდგენისთვის მიცემული ექნება ორდღიანი ვადა. 
      ბიზნესისთვის ისეთი სერიოზული პრობლემა, როგორიცაა მაგალითად, ვადაგასული საქონლის ჩამოწერა და განადგურება, მეწარმეს სერიოზულ ტვირთად აწვებოდა, თუმცა შემოსავლების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ბიზნესმენს შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და ჩატარებული ექსპერტიზისა და დასკვნის შემდეგ უპრობლემოდ გაანადგუროს ვადაგასული საქონლი. 
      გიორგი ცხაკაია აცხადებს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი ხელს შეუწყობს საქართველოს დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, ქვეყნის სიღარიბის დონის დაძლევას თვითდასაქმების გზით და მცირე ბიზნესის სრულ ლეგალიზაციას, რადგან 30 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე პირი სრულიად თავისუფლდება ყველანაირი გადასახადისგან. მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით კოდექსი საყურადღებო დოკუმენტია, რადგან მცირე ბიზნესი დაიბეგრება მხოლოდ ერთი გადასახადით და ბრუნვაზე გადასახადის მოცულობა შემოიფარგლება 3%-ით ან 5%-ით, ასევე, მცირე ბიზნესს არ მოეთხოვება სხვა ბიზნესისათვის აუცილებელი საერთაშორისო სტანდარტების ბუღალტერიის წარმოება, აღრიცხვიანობა და დოკუმენტაციის წარმოება. 
      გიორგი ცხაკაია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2011 წლის საგადასახადო სისტემის მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნება საგადასახადო წნეხის შემცირება და მისი აქციზურ საქონელზე გადანაწილება. 
      შემოსავლების უფროსი ბიზნესმენებს იმპორტირებული ტვირთების განბაჟების პროცედურის მკვეთრ გაიოლებას და მისთვის საჭირო დროის მონაკვეთის შემცირებას ახალი გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზი) მეშვეობით ჰპირდება, სადაც განბაჟებისა და დეკლარაციის ამობეჭდვისთვის საჭირო დრო მინიმუმამდეა შემცირებული. ასევე, მნიშვნელოვანია “ოქროს სიის” არსებობა, რომელიც მსხვილ იმპორტიორებზე ვრცელდება და გადასახადის გადავადებით სერიოზულად ეხმარება ბიზნესს. 
      გაფორმების ეკონომიკური ზონა (გეზი) არის 12 ჰექტარზე გაშენებული კეთილმოწყობილი ტერიტორია, რომელიც 400 სატვირთო ავტომანქანაზეა გათვლილი, გეზი იმპორტიორს კვირაში შვიდი დღე 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. იმპორტიორის სრული ინფორმირება ხდება ერთ ფანჯარასთან და მას აღარ უწევს დეკლარანტისა და ბროკერის დაქირავება, უმნიშვნელოვანესია ტერმინალის მომსახურების, დეკლარაციისა და დღგ-ის გადახდის ხუთდღიანი ვადა, რომელიც დროის მნიშვნელოვანი დანაზოგია იმპორტიორისთვის. 
      გაფორმების ეკონომიკური ზონა ახალი ეკონომიკური კურსის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის შეთავაზებას ბიზნესისათვის. მსგავსი გაფორმების ეკონომიკური ზონების გახსნა იგეგმება ადლიაში, ფოთსა და ვალეში, იმპორტიორს შეეძლება იმპორტირებული ტვირთის საქართველოს ნებისმიერ ეკონომიკური გაფორმების ზონაში განბაჟება. 
      გიორგი ცხაკაია აცხადებს, რომ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას მორგებულმა საგადასახადო კოდექსმა უნდა უზრუნველყოს საგადამხდელო კულტურის ფორმირება და არა გადასახადის ამოღების ძალისმიერი მეთოდის დანერგვამ. მეწარმე, რომელიც თავისი საქმიანობით მიღებული მოგებიდან რაღაც ნაწილს რიცხავს ბიუჯეტში, სახელმწიფოსაგან უკეთეს მოპყრობას, ყურადღებასა და ხელშეწყობას იმსახურებს. გადასახადის გადამხდელსა და ამკრეფს შორის უნდა არსებობდეს წმინდა ეკონომიკური ურთიერთობები, ანუ სახელმწიფო და მეწარმე უნდა იყვნენ პარტნიორულ დამოკიდებულებაში. 
      იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი გაამართლებს და საქართველოს ბიზნეს სივრცეში მკაფიოდ ჩამოყალიბებული თამაშის წესები დამკვიდრდება, რომელიც ბიზნესს წაახალისებს და მის ლეგალიზაციას შეუწყობს ხელს, საგადასახადო ტვირთის თანაბარზომიერი გადანაწილება კი საერთაშორისო ნორმებთან და ევროდირექტივებთან მიგვაახლოვებს, რაც დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.