გზა დასავლეთისკენ საქართველოზე გადის?!

ალექსანდრა ლალიაშვილი

დაახლოებით ერთი თვის წინ დასავლურმა პრესამ საქართველო ირანის მოკავშირეობაში ”ამხილა”. პოპულარულმა გამცემებმა, Wall Street Journal-მა და Forbs-მა ვრცელი მასალები მიუძღვნეს საქართველოში ირანული ბიზნესის თემას. იყენებენ თუ არა ირანელი ბიზნესმენები საქართველოს ფულის გათეთრებისათვის და იმ სანქციების გვერდის ავლისთვის, რომელიც ირანს დასავლეთმა დაუწესა? ბირთვული იარაღის წარმოების გამო გაერომ ირანს სანქციები პირველად 2006 წლის დეკემბერში დაუწესა, რომლითაც აიკრძალა ირანში გარკვეული სახის მასალებისა და მოწყობილობების შეტანა, საბანკო ანგარიშები გაეყინა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ბირთვული იარაღის წარმოებასთან ირანში. 2010 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც გაამკაცრა სანქციები ირანისთვის. საბოლოოდ კი, გაეროს უშიშროების საბჭომ 2013 წლის 5 ივნისს მიიღო რეზოლუცია და 2014 წლის 9 ივლისამდე გაუხანგრძლივდა მანდატი ექსპერტთა იმ ჯგუფს, რომელიც ირანისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვას აკვირდება.

დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული მწვავე პუბლიკაციების ფონზე, საქართველოში საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. ფორუმზე დასასწრებად თბილისში 2-3 ივლისს 52 ირანული კომპანიის 90-ზე მეტი წარმომადგენელი ჩამოვიდა, ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად. ვიზიტის პირველ დღეს თბილისის საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით ”ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სამრეწველო თანამშრომლობის პირველი კონფერენცია და გამოფენა”, სადაც ირანელ ბიზნესმენებს თბილისში მყოფმა ირანელმა დიპლომატებმა ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში არსებული ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს შესახებ.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბიზნესის ფართო სპექტრის წარმომადგენლები, მათ შორის: საბანკო, სავაჭრო, კვების პროდუქტების წარმოების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფარმაცევტული, სამშენებლო, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ სამი ბანკის Bank Saderat Iran, Tejarat Bank და Sina Bank-ის აღმასრულებელი დირექტორები და საბჭოს წევრები. ღონისძიების ორგანიზება ირანის საელჩოსთან თანამშრომლობით განახორციელა ირანულმა ENN Complex-მა.

”შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველანაირი პირობა არსებობს, იმისათვის, რომ უცხოურმა კომპანიებმა დაიწყონ ეკონომიკური აქტივობები, განსაკუთრებით ირანულმა კომპანიებმა, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ირანული ბიზნესისათვის საქართველოში შესაფერისი ნიადაგია, არის ყველანაირი პირობა იმისათვის, რომ ირანელმა ბიზნესმენებმა განახორციელონ თავიანთი ეკონომიკური აქტივობა და ძალიან დიდი ინტერესია ქართული კერძო სექტორის მხრიდანაც, რომ გაღრმავდეს ირანთან ურთიერთობა”, _ განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა.

ირანელი დიპლომატების განცხადებით, ირანელ ინვესტორებს განსაკუთრებით აინტერესებთ ენერგეტიკის სფერო, ასევე მტკნარი წლის მარაგები და ტურიზმი. ბიზნესფორუმს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეც. მისი თქმით, როგორც ქართული, ასევე ირანული მხარე მოწადინებულია ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობა გაღრმავდეს. ”გვაინტერესებს მათი მიღწევები, მოწვეულები არიან მეწარმეები და ამის შემდეგ გარკვეული ურთიერთობები დაიგეგმება”, – განაცხადა ტყემალაძემ.
ფორუმს ფონად გასდევდა ის აჟიოტაჟი, რომელიც დასავლურ პრესაში ზემოთ ნახსენები პუბლიკაციების გამოქვეყნებას მოყვა. ”კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკური ღონისძიებების დროს პოლიტიკას გვერდს ავუვლიდით”, – განაცხადა ირანის სამრეწველო-სავაჭრო ჯგუფის ხელმძღვანელმა, სეიტ ბაბაიმ. ”მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ალბათ სხვებისთვის საზიანო იქნება. გარდა ამისა, კერძო სექტორი არანაირად არ ერევა პოლიტიკაში. იგივე დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს უწესებენ ირანს, ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ მათთვისვე შეიძლება იყოს საზიანო ირანთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე უარის თქმა”, – დასძინა მან.

თუმცა, ირანული დელეგაციის წარმომადგენლებმა იმ ფაქტსაც გაუსვეს ხაზი, რომ რამდენიმე მსხვილი ქართული ბანკი, მათ შორის, ”საქართველოს ბანკი,” ”თი-ბი-სი ბანკი” და ”ლიბერთი ბანკი”, მკაცრ კონტროლს და რეგულაციებს იყენებენ იმ ირანელი მოქალაქეების მიმართ, რომელთაც საბანკო ანგარიშების გახსნა სურთ.

შეგახსენებთ, რომ ”უოლ სტრიტ ჯორნალის” პუბლიკაციის საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ირანის მიმართ გაეროს სანქციების შესრულებას მკაცრად აკონტროლებს და ირანის დაახლოებით, 150-მდე იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საბანკო ანგარიშიც გაუყინეს. ”როგორც კი გაეროდან რეზოლუციის სახით შემოდის ეს სიები, თუ აღმოჩნდა, რომ ამ სიაში მოხვედრილ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აქვთ ჩვენთან საბანკო ანგარიშები, ეს ანგარიშები მოსამართლის გადაწყვეტილებით იყინება. ეს არის გაეროს რეზოლუციების და შესაბამისი სანქციების აღსრულების მექანიზმი, რომელიც მოქმედებდა წინა ხელისუფლების ფარგლებში და მოქმედებს ახლაც. ის ინფორმაციები, რაც ბოლო დროს გაჟღერდა ამერიკულ მედიაში, ამჟამად მოწმდება” – განაცხადა წულუკიანმა.

ყველაფერი ივნისში, Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიით (http://online.wsj.com/article/SB10001424127887323864304578320754133982778.html?KEYWORDS=iran+Georgia) დაიწყო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველო, ამერიკის სანქციების მიუხედავად, ირანულ ბიზნესს არ ზღუდავს. მოგვიანებით, Wall Street Journal-მა კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა ამ თემას – სტატიაში საუბარია, რომ ივანიშვილის მთავრობამ კონგრესზე ლობისტური შეტევა მიიტანა, რათა კარგად აეხსნა, რომ საქართველო ირანზე სანქციებს ნამდვილად ახორციელებს და პროდასავლურ კურსს ინარჩუნებს.

როგორც Wall Street Journal-ის სტატიის ავტორი წერს, ”საქართველოში თითქმის ყველგან ირანული პროდუქცია იყიდება, დაწყებული სახლის სახურავდებიდან, ჯემებითა და სხვა კვების პროდუქტებით დამთავრებული”. ”შეიძლება პროდუქციას იტალიური ეტიკეტი ეკრას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის ირანულია” _ აცხადებს Wall Street Journal-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში ერთ-ერთი ქართველი მოვაჭრე.

უწყობს თუ არა საქართველო ირანს ხელს პოდუქციის დასავლეთში გატანასა და იმ სანქციების შემსუბუქებაში, რომელიც მას ევროპამ და აშშ-მ დაუწესეს? ირანის ბირთვული პროგრამის ფარგლებში, ირანზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, ვაშინგტონმა ახალი სანქციები ირანს 2012 წლის ბოლოს დაუწესა. გამოცემის მიმომხილველები იმ ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ ირანი საქართველოს გამოყენებით ცდილობს აშშ-ის სანქციების გვერდის ავლას. ”ჩვენ ვცდილობთ, ირანმა ვერ მონახოს გზები სანქციებისათვის თავის ასარიდებლად. ამ მცდელობაში სააქართველო-ირანის ბიზნეს ურთიერთობებისთვის თვალყურის დევნებაც იგულისხმება. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ საქართველოსთან” _ აცხადებს დევიდ კოენი, აშშ-ს ხაზინის წარმომადგენელი, რომელიც ირანზე დაწესებული სანქციების სამევალყურეო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. საკითხის განსახილვევლად აშშ-დან უკვე ორი დელეგაცია სტუმრობდა საქართველოს.

ირანელები არ მალავენ, რომ საქართველო მათთვის სანქციებისთვის თავის ასარიდებელი გზაა. ჯავად გონჩილფარი, რომელიც ეხმარება ირანელ ბიზნესმენებს საქართველოში პროცედურული საკითხების მოგვარებაში, აცხადებს, რომ საბანკო სფერო განსაკუთრებით აქტუალურია და დასავლური სანქციებისათვის თავის არიდების უმნიშვნელოვანესი სექტორი. ირანელები მიიჩნევენ, რომ მათთვის დაწესებული სანქციები არასამართლიანია და ირანელ ბიზნესმენებს აქვთ უფლება ბიზნესი ყველგან აწარმოონ. ირანის ეკონომიკის მინისტრის, შამსედინ ჰუსეინის განცხადებით, ირანი კიდევ უფრო მეტად აპირებს აზიასა და კავკასიის რეგიონთან ვაჭრობის გაფართოებას.

”საქართველო ახალი დუბაია, სადაც ბიზნესის განვითარებისთვის უამრავი საშუალება არსებობს”, – აცხადებს 25 წლის ირანელი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში ირანიდან ასფალტის ექსპორტს ახორციელებს, მეორე მხრივ კი, საქართველოს შავი ზღვის პორტის საშუალებით, უკრაინიდან ირანში შეაქვს ხორბალი.

ჭშჟ-ის სტატიაში მიმომხილველი იმასაც აცხადებს, რომ ის მყარი კურსი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა დასავლეთთან მიმართებაში, ახალი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ შეიცვალა და საქართველომ დაწიყო აშშ-სგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება. სტატიის ამ ნაწილთან მიმართებაში, აშშ-ის საელჩომ განცხადებაც გაავრცელა 21 ივნისს: ”ამ სტატიაში მოცემული გარკვეული განცხადების საპირისპიროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძლიერი ურთიერთობების მიმართ საქართველოს მთავრობის ინტერესი არ განელებულა, ისევე როგორც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უწყვეტი ძლიერი სურვილი. აშშ-ის წუხილები ირანის მიერ სანქციებისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით ბოლო წლებში გაიზარდა და ეს შეშფოთება სათავეს იღებს ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში”, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ თბილისში.

თუმცა, სტატიაში ასევე აღნიშნულია ის ფაქტი, რომ საქართველო თავს არიდებს ისე მკაცრად აკრძალული საქონლის იმპორტს ირანიდან, როგორიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი. საქართველოში ძირითადად ხორციელდება საპოხი მასალებისა და ასფალტის იმპორტი.

WSJ-ს სტატიაში ირანელი ბიზნესმენების შესახებაცაა საუბარი, ისინი საქართველოში ავიაკომპანია ”ფლაი ჯორჯიას”, ”ინვესტბანკს” და სხვა ბიზნესებს ფლობენ. საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამი მსხვილი ირანელი ინვესტორის: ფურია ნაიების, ჰოუშენგ ჰოსეინფორისა და ჰოუშენგ ფარსუდეჰის შესაძლო კავშირების ძიება ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსთან (Asmy of The Guardians of The Islamic Revolution). ამ უკანასკნელს ამერიკის შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ამერიკული გამოცემა ამტკიცებს, რომ საქართველოში ირანული კაპიტალით შექმნილი 150 მცირე თუ საშუალო კომპანია, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მიერ, მიზანმიმართულად, საერთაშორისო სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით არის დაარსებული.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, თეირანელმა ფურია ნაიებმა და კანადაში მცხოვრებმა ჰოუშენგ ჰოსეინფორმა ბიზნესი საქართველოში 2011 წელს დაიწყეს. ავიაკომპანია ”ფლაი ჯორჯია” მაისში მათ, დუბაიში მცხოვრებ მოჰამად ბაგერ ნაჰვისთან ერთად დაარსეს. მოგვიანებით, ნაჰვი ბიზნესიდან გავიდა. მის ნაცვლად მეწილე ირანელი ჰოუშენგ ფარსუდეჰი გახდა. დღეს „ფლაი ჯორჯიას~ 35 პროცენტს საქართველოს ოთხი მოქალაქე ფლობს, საკონტროლო პაკეტს კი ორი ირანელი.

2011 წლის აგვისტოში, ფურია ნაიები „ინვესტბანკის~ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. საბჭოში ასევე შევიდნენ ფარსუდეჰი და ჰოსეინფორმი. ყოფილი საბჭოს დათხოვნის გადაწყვეტილება ინვესტბანკის ყველაზე მსხვილმა აქციონერმა, ლიხტენშტეინში დაარსებულმა KSN Foundation-მა მიიღო. 2011 წლის ოქტომბერში, ფურია ნაიები თეთრიწყაროს რაიონში მიწის მსხვილ ფართობები შეიძინა. სოფელ ხაიშში მან 121 ჰექტარზე მეტი, სოფელ წინწყაროში კი 72 ჰექტარზე მეტი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდა. სხვა ბიზნესებიდან, რომელშიც ეს ჯგუფი მონაწილეობს, აღსანიშნავია ბიტუმის (ასფალტის) იმპორტი ირანიდან და ცხვრების ექსპორტი საქართველოდან ირანში.

ბოლო წლებში, მათ სხვა მსხვილი კაპიტალდაბანდების რამდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. თბილისში სურდათ სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასის” შეძენა და კახი კალაძის ”პროგრეს ბანკის” აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვა. ასევე უშედეგოდ სცადეს ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში დამკვიდრება.

ჯერჯერობით, უცნობია, შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება საქართველოში ირანული ბიზნესის მიმართ, იმ ფონზე, როცა ჯერ ”უოლ სტრიტ ჯორნალმა”, შემდეგ კი „ფორბსმაც~ პრემიერ ივანიშვილის ახალი მთავრობა ფაქტობრივად პრო-ირანული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორივე პუბლიკაციას ”შეკვეთილი” უწოდა და განაცხადა, რომ „ბირთვული იარაღი საშიშია! ჩვენ ვახორციელებთ გაეროს ყველა სანქციას და ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უნდა შევძლოთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”.

1

Wall Street Journal-მა ივნისის მიწურულს კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა სათაურით ”საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებზე ლობისტურ შეტევას იწყებს”. სტატიის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის მთავრობამ კონგრესზე ლობისტური შეტევა მიიტანა, რათა კარგად აეხსნა, რომ საქართველო ირანზე სანქციებს ნამდვილად ახორციელებს და პრო-დასავლურ კურს ინარჩუნებს. ავტორი აღნიშნავს, რომ ლობის გაძლიერება, იმ ფონზე ხდება, როცა ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს მიმართ ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის შემცირებაზე ფიქრობენ. მის მთავარ მიზეზად სტატიის ავტორი საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის შევიწროვებას ასახელებს.

2

2010 წელს საქართველო, თურქეთთან და სომხეთთან ერთად შევიდა იმ მცირერიცხოვანი ევროპული ერების სიაში, რომელთაც სავიზო რეჟიმი გაუმარტივა ირანელებს. საქართველო და ირანი უვიზო მიმოსვლაზე ზუსტად ორი წლის წინ შეთანხმდნენ. საქართველომ და ირანმა შეთანხმებას 45-დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე 2010 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი, საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს. შეთანხმება ძალაში 2011 წლის იანვრის ბოლოს შევიდა, რამაც ხელი შეუწყო ირანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას – თუ 2010 წელს ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 21 300 იყო, 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 89 600-ს გადააჭარბა. მიმდინარე წლის 2 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველომ 1 ივლისიდან ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის.

ამ ხნის მანძილზე, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ფაქტობრივად გაორმაგდა. თუ 2010 წელს, საქართველოში ირანულმა იმპორტმა 55 მილიონი დოლარი შეადგინა, უკვე შარშან თითქმის 100 000 000 დოლარს მიღწია. 2013 წლის მაისის ჩათვლით კი, ირანიდან 38 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა. პარალელურად, გაორმაგდა ექსპორტიც. 2010 წლის 14 000 000-დან ქართული ექსპორტი ირანში, 2012 წელს – 20 000 000 დოლარამდე გაიზარდა.
2010 წლისთვის საქართველოში 84 ირანული კომპანია იყო რეგისტრირებული, ამჟამად კი ეს რიცხვი დაახლოებით 1 500-ია. ორმხრივი ვაჭრობა საქართველოს და ირანს შორის ”საქსტატის” მონაცემებით, 2010 წელს არსებული 70 მილიონი აშშ დოლარიდან 118.4 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა 2012 წელს. ”საქსტატის” მონაცემებით, ირანიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2012 წელს მხოლოდ 404 700 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2010 წელს ეს მაჩვენებელი 1 მილიონ აშშ დოლარს ოდნავ აღემატებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.