ვინ და რა უქმნის ქართულ ექსპორტს პრობლემებს

ნინო არველაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტი” და ჟურნალი “საქართველოს ეკონომიკა” სავაჭრო პალატასთან ერთად ახორციელებენ პროექტს, რომლის მიზანია, რომ საქართველომ თავი არ შეირცხვინოს სახელმწიფო ეკონომიკის რეგულირების კუთხით. ქვეყანას სერიოზული შანსი აქვს, სერიოზული ინტერესის ობიექტი გახდეს, იქნება ეს ინვესტორების კუთხით თუ სხვა. დერეგულირების კეთილშობილური იდეების გამო არ უნდა შეიქმნას ქაოსი ან ისეთი რეგულირება, რომელიც შეუსრულებელია.
დერეგულირების ერთ-ერთი მიმართულებაა სტანდარტიზაციის, სერთიფიკაციის და მეტროლოგიის კონტროლის პრობმებები. აქ წარმოდგენილი გვყავს ლაბორატორიები, ანუ სპეციალისტები, რომლებიც საერთოდ ყველაფრის გაზომვას ახორციელებენ, ასევე შეფუთვის დახმარებას, რათა მეწარმემ მომხმარებლის ინტერესის დაცვა შეძლოს, მას ღირებული საქონელი მიაწოდოს, ევროპის ბაზარზეც არ შერცხვეს და ფეხი მოიკიდოს. ქვეყანა სერიოზული საექსპორტო პრობლემის წინაშეა და სავაჭრო ბალანსში მილიარდ ასი მილიონი ლარის დეფიციტი აქვს. აქ არის ლაბორატორია “ნორმა”, რომელიც საქართველოში სოლიდური ლაბორატორიაა.
რა არის ლაბორატორია, რა პრობლემებს აწყდება იგი
საქართველოში, როგორ მუშაობენ ისინი დღეს და
როგორ უნდა იმუშაონ?
გიორგი მანჯგალაძე:
– “ნორმა”, როგორც ორგანიზაცია, ჩამოყალიბდა 1993 წელს. შემდგომ მან სტრუქტურული ცვლილებები განიცადა და 1997 წლის დასაწყისში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გადაკეთდა, ის ახლა სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის გამოცდების კუთხით მუშაობს. ამავე დროს მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სერთიფიკაცია და მასთან დაკავშირებული სამუშაოებია. სერთიფიკაცია და პროდუქციის გამოცდები ერთმანეთისგან გამიჯნულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული, რამდენადაც სერთიფიკაციამდე, საბოლოო ჯამში, პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის გამოცდით მივდივართ. ამიტომ ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. აქდან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები პროდუქციის ხარისხის გამოცდა და მისი უსაფრთხოების მაჩვენებლების განსაზღვრაა, ასევე სერთიფიკაცია და მასთან დაკავშირებული საქმიანობა.
ფაქტობრივად, საუბარია კვების პროდუქციაზე და ჩვენი სამუშაოს ნაწილი ამ სპექტრს მოიცავს. ესაა შესაბამისობის N1 სერთიფიკატი, რომელიც ნორმამ 1996 წელს გასცა, როდესაც კანონი შესაბამისობის სერთიფიკატის შესახებ ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული პრეზიდენტის მიერ.
– კონკრეტულად პროდუქციის რა ნორმებს იცავდით და როგორ გადადიხართ სხვა ნორმებზე?
გ.მ. – საქართველოში დღესაც საბჭოთა კავშირის დროინდელი ნორმატიული აქტები მოქმედებს. ახლა დსთ-ს სივრცეში ე.წ შიდა სახელმწიფოებრივი სტანდარტები შეიქმნა, რომელიც ჩვენთანაც მოქმედებს და ამას ემატება ეროვნული სტანდარტები. თუ პროდუქცია ამ სტანდარტებთან შესაბამისობაშია, ამის გამოვლენას ჩვენი ლაბორატორია ახდენს. შემდგომ მასალები სერთიფიკაციის ორგანოში გადადის, სადაც ექსპერტები ატარებენ ექსპერტიზას, იდენტიფიკაციასა და სერთიფიკატის გაცემას. იდენტიფიკაციამდე მთავარია ნიმუშების მართებულად აღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სამუშაო, რომელიც ჩატარდება, წყალში ჩაიყრება, ასე რომ, დიდი ყურადღება ექცევა ნიმუშის სწორად აღებას. ჩვენს სისტემაში არიან ექსპერტები, რომლებიც კონკრეტულად კვების პროდუქტებზე, თამბაქოს წარმოებაში, პარფიუმერიასა და სხვა დარგებში მუშაობენ.
– თქვენ თუ გაქვთ სერთიფიკატი და რა სერთიფიკატია ეს?
გ.მ. – ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც შესაბამისობაშია ISO 90001 სტანდარტთან. სერიააISO 9000 და მასში გამოყოფილია 90001 სტანდარტი, რომლის შესაბამისობაზეც შემდგომში სერთიფიკატი გაიცემა.
– რას ნიშნავს ეს?
გ.მ. – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სისტემაში მენეჯმენტის საერთაშორისოდ აპრობირებული სისტემაა დანერგილი, რომელიც პროდუქციის სიზუსტეს უზრუნველყოფს, რათა წუნი არ ჰქონდეს. საერთოდ, ლაბორატორია მეტროლოგიიდან იწყება, არსებული ხელსაწყოები მეტროლოგიურად გამართული უნდა იყოს. ამ საკითხს ორი კუთხიდან შევხედოთ, ერთია შიდა მეტროლოგიური შემოწმებები, მე მყავს თანამშრომლები, რომლებიც ხელსაწყოების მეტროლოგიურ უზრუნველყოფას აკონტროლებენ. ზოგი ხელსაწყო ყოველ გამოცდაზე მოითხოვს დაკალიბრებას.
– ეტალონი ხომ არ გვაქვს საქართველოში, რას ვუწოდებთ გამოცდას?
გ.მ. – თუ საუბარია სიხშირის, ზომისა და წონის ეტალონებზე, ესენი სახელმწიფო პრეროგატივა უნდა იყოს და აქ უნდა იყოს დაცული. შესაძლებელია მათი კერძო სტრუქტურებში გადატანა, მაგრამ ამას სახელმწიფო სტრუქტურა უნდა აკონტროლებდეს.
– ექსპერტებს აქვთ შემდეგი პრეტენზია. მართალია, ლაბორატორიებს მიღებული აქვთ სტანდარტიISO 90001, მაგრამ, ვთქვათ, 3 წლის წინ აპარატურა ჩამოვიტანე და მისი დაკალიბრება 1 წლის წინ მოხდა, თუმცა არ ხდება მისი პერმანენტულად გასწორება და ამიტომ არის ცდომილება. თქვენს ლაბორატორიაში როგორ ახერხებთ წუნისა და გადახრის გარეშე შემოწმებების ჩატარებას?
გ.მ. – ასეთი ტიპის დაკალიბრება დაფუძვნებულია მხოლოდ და მხოლოდ სტანდარტულ რეაქტივებზე, ანუ ხსნარებზე, რომლებიც სწორედ გაზომვის სიზუსტეს უზრუნველყოფენ და არა მის ტექნიკურად გამართულ მუშაობას. ამ ხელსაწყოების ტექნიკურ-გამართულ მუშაობას ის მეწარმეები უზრუნველყოფენ, რომლებიც აპარატურას გვაწვდიან. ავიღოთ ტელევიზორი, თუ ის ნორმალურად მუშაობს, მაგრამ კარგად არ აჩვენებს, ეს მოწოდებული სიხშირის ბრალია და ამიტომ გამოსახულებას არასწორად ვიღებთ. თუ მოწოდებული სიხშირე გასწორდება, სწორ გამოსახულებას მივიღებთ. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე ხდება. როდესაც ქრომატოგრაფებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხოლოდ მის დაკალიბრებას ვახდენთ, შემდგომში კი მისი ჩანაწერი აბსოლუტურად ზუსტად დაემთხვევა დაშვებული ეტალონური ხსნარის ჩანაწერებს. თუ არ დაემთხვევა და გადახრა მოხდება, მაშინ ის შესაბამისი რეგულატორებით რეგულირდება იმ ზომამდე, რომელიც პარამეტრების დაცვას უზრუნველყოფს.
– იმის გამო, რომ ქვეყანაში მეტროლოგიის ინსტიტუტი არ არსებობს, როგორც მეტროლოგიის სახელმწიფო ცენტრი, ნიმუშები შესადარებლად მოსკოვსა და პეტერბურგში დაგვქონდა. შედარება კი მუდმივად უნდა ხდებოდეს და ნებისმიერმა ლაბორატორიამ უნდა შეძლოს ეს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე ლაპარაკი უაზრობა იქნება, თუ ჩვენ მეტროლოგიის საკითხს არ მოვაგვარებთ. საკითხი ასე დგას – რა ვქნათ, კვლავ პეტერბურგში მოვახდინოთ შედარებები, თურქეთში, თუ საკუთარი მეტროლოგიის ცენტრი შევქმნათ? რამდენად კარგი კანონებიც უნდა მივიღოთ, თუ ქვეყანა სასწრაფოდ არ მოაგვარებს მეტროლოგიის საკითხს, მაშინ რეფორმის ჩატარებას საერთოდ არ ექნება აზრი. არის თუ არა ასე?
ჯემალ მანჯგალაძე:
– ეტალონური ერთეულიც რომ გქონდეს, ყოველ ორ წელიწადში, ზოგ შემთხვევაში კი 5 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს შედარება სხვა სახელმწიფოში არსებულ ეტალონებთან. ეს არის მეტროლოგიის პირველი პრინციპი. აპარატურა ამიტომ დაჰქონდათ ჩვენგან მოსკოვსა და პეტერბურგში. რა არის პირველადი ეტალონი. ლაბორატორიებს, რომლებიც გამოცდის ოქმების შედგენას ახორციელებენ, არ სჭირდებათ ის ეტალონური ბაზა, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. ამიტომ არის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და რა შეიძლება ჰქონდეს ლაბორატორიას. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პირველადი ეტალონები, ანუ უზუსტესი ხელსაწყოები, რომლებიც ამა თუ იმ მუშა ეტალონების ზუსტ მუშაობას განსაზღვრავენ. მუშა ეტალონი უფრო დაქვემდებარებულია პირველად ეტალონთან, ვიდრე აპარატურა, რომლის სიზუსტე პირველადი ეტალონისაზე ნაკლებია. მუშა ეტალონი იძლევა საშუალებას, აკრედიტაციის ამა თუ იმ სფეროში წარდგენილ ლაბორიატორიებში მოახდინონ სხვადასხვა აპარატურის სიზუსტის გაზომვა. ყველა აპარატურას მოსდევს შედარებით მასზე დაბალი ხარისხის ეტალონი, რომლებიც ყოველდღიურ მუშაობაში გამოიყენება, ანუ ის მუშა ეტალონთან იქნება შედარებული, ხოლო მისი მუშაობის შემდგომი განსაზღვრა ამ ლაბორატორიული ეტალონით ხდება. აპარატურის მწარმოებელი ყველა ფირმა თვითონ აღჭურვავს აპარატურას. მუშა ეტალონი ყველას უნდა ჰქონდეს ლაბორატორიაში. აკრედიტაციის პირობებში მუშაობა მუშა ეტალონით უნდა მოხდეს, მაგრამ როდესაც ხარისხის დადგენა ხდება, უნდა გამოიცადოს ქიმიური ელემენტები, ანუ დადგინდეს ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი. ეს უკვე ეტალონურ წყაროს არ განეკუთვნება და მას ქიმიური ანალიზი ადგენს. ეს ნაწილი ჩვენთან დაცულია. არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც აპარატურა აქვს და მისი გამოცდის შედეგების რაობის სიზუსტის დადგენის შესაძლებლობა არ ჰქონდეს.
– იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტროლოგიის საკითხი ჰაერშია გამოკიდებული, პრობლემები არ გექმნებათ?
ჯ.მ. – ამ მიმართულებით არ არის ჰაერში გამოკიდებული. ჩვენ სახელმწიფო ეტალონის რაობა, მისი არქონა და მუშა ეტალონის ქონა უნდა გავარჩიოთ, რომელიც ჩვენთან არსებობს. სახელმწიფოს ძირითადად 25-30 ეტალონი სჭირდება იმ ნაწილში, რომელიც აპარატურის კონტროლს ექვემდებარება.
– ჩვენთან სახელმწიფო ეტალონი არის?
ჯ.მ. – დიახ. ჩვენ ორი პირველადი ეტალონი გვაქვს. საბჭოთა კავშირის დროსაც საქართველოში ორი ძირითადი ეტალონი იყო – კონდუქტორმეტრიისა და პეაშმეტრიის. ისინი სპეციალურად აშენებულ მეტროლოგიის ინსტიტუტში ინახება და სეისმომდგრადობაზეა განსაზღვრული. ჩვენ სახელმწიფო ეტალონის შედარების საშუალება არ გვაქვს. 650-750 ათასი დოლარი რომ გვქონოდა, შეგვეძლო 16 ეტალონის დადება.
– რაში დახარჯა თურქეთმა 130 მილიონი დოლარი?
ჯ.მ. – ლაბორატორიებისათვის, მეტროლოგიისათვის, სხვადასხვა აპარატურის გამოცდისათვის. ავტომანქანას უსაფრთხოების ხუთი ძირითადი მაჩვენებელი აქვს: სამუხრუჭე სისტემა, საჭე და მისი მუშაობა, გამონაბოლქვი, მოტორის მუშაობა, განათების სისტემა. თუ იგი ჩვენი პირობებისათვის არ გამოდგება, მაშინ შეკვეთა უნდა მივცეთ, რომ განსაზღვრული ტიპისა გაკეთდეს, რადგან არ გვაქვს ისეთი პირობები, როგორიც საზღვარგარეთაა. ყოვლად დაუშვებელია საზღვარგარეთის ხარისხებისა და განსაზღვრებების გადმოღება, ჩვენ არ გვაქვს მათი კონტროლის საშუალება. ვთქვათ, არაკეთილსინდისიერ მეწარმესთან გვაქვს საქმე. მაგალითად, მრიცხველები ავიღოთ. ინგლისში შესაბამისი აღჭურვილობის სისტემა მანახეს, რომელსაც კონტროლის სისტემაც იქვე ჰქონდა, სხვათა შორის, ISO 9000. ვთქვით, რომ კარგი იყო და მას ყოყმანის გარეშე მივიღებდით, მაგრამ ტრანსპორტირების შემდეგ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიცადოს. გაირკვა, რომ თურმე იგივე ფირმა მრიცხველებს ინდონეზიაშიც ამზადებდა, რომლის აკრედიტაციის საშუალებაც ჩვენ არ მოგვცეს, რადგან იქ ომი და დაძაბული სიტუაცია იყო. ამ პერიოდში კი საქართველოში მრიცხველები შემოიტანეს, რომლის პარამეტრების დადგენაც თელასში, კერძო სისტემებში და საქსტანდარტში ხდებოდა.
– ითქვა, რომ როდესაც ყაზახები ხელს მოაწერენ თბილგაზის შეძენის ხელშეკრულებას, 40 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებენ ე.წ ოქროს მრიცხველების შესაძენად, რომელიც ფრანგული წარმოებისაა.
ჯ.მ. – ეს არის ფრანგული წარმოების მრიცხველი შლუმბერჟე. ეს იმიტომ კეთდება, რომ “ჩამოყრა” არ მოხდეს. ამ აპარატურის სისტემა პირველად მარსელში გააკეთეს, მაგრამ არ გაამართლა. რომელიც ახლა უნდა შემოვიდეს, ელსტერის ფირმისაა და იგი მთელ ევროპაში მიღებულია. ეს ფირმა მსოფლიო მარკაა და მასზე უკეთესს ჩვენ ვერ ვიყიდით. სამწუხაროდ, შემოიტანეს ჩინური წარმოების მრიცხველები, რომლებიც შლუმბერჟეს მრიცხველების ცუდ მოდიფიკაციას წარმოადგენს. მათ აქვთ სარქველი, მრომელიც სიმძიმის წყაროზე ადევს ხვრელს. მრიცხველის გასაჩერებლად საკმარისია მისი გვერდზე გადაწევა. ამის გამო საქსტანდარტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს მეთოდიკა მრიცხველის დასამონტაჟებლად. სამწუხაროდ, თავის დროზე თბილგაზმა ეს მეთოდიკა არ მიიღო და შედეგად გაზზე უზარმაზარი დანაკარგია.
– ლაბორატორიებს კონკრეტულად რაში ეშლებათ ხელი?
გ.მ. – საუბარია ლაბორატორიათაშორის კვეთაზე. როდესაც კონკრეტულ ბაზარზე მუშაობენ ლაბორატორიები, აუცილებელია, მოხდეს ლაბორატორითაშორისი შემოწმებები. უნდა არსებობდეს ორგანიზაცია, ორგანო, ან მეტროლოგიური ცენტრი, რომელიც შემოწმებებს ჩაატარებს. უნდა შემოწმდეს მისი კონფიდენციალობაც და ლაბორატორიის პერსონალის კვალიფიკაციაც, ასევე მეტროლოგიური საშუალებების გამართული მუშაობა, საუბარია ლაბორატორიებში დამონტაჟებულ ხელსაწყოებზე. მსგავსი მიდგომა მთელ მსოფლიოშია აპრობირებული.
– რამდენი ლაბორატორია მუშაობს საქართველოში?
გ.მ. – ალბათ ბევრი. დაახლოებით 56.
– არის თუ არა თქვენი ლაბორატორია ევროპაში აღიარებული?
გ.მ. – არა, ჩვენ ISO17025-ით გავლილი აკრედიტაცია არ გვაქვს. ეს საერთაშორისო სტანდარტია, რომლითაც ლაბორატორიების აკრედიტაცია ხდება.
– ვინ აკეთებს ამას?
გ.მ. – საქართველოში აკრედიტაციის სიტემა დამოუკიდებელ სისტემად ჩამოყალიბდა, ის აუცილებლად უნდა იყოს საერთაშორისო სისტემაში გაერთიანებული.
არის ევროპის ორი აკრედიტაციის სისტემა, ამერიკაში ერთია. აკრედიტაციის ეროვნული ორგანო საერთაშორისო ორგანიზაციაში უნდა იყოს გაერთიანებული, სპეციალისტები კი, რომლებიც აკრედიტაციის სისტემაში მუშაობენ, უნდა იყვნენ ატესტირებული საერთაშორისო სისტემაში, რათა მათ ჰქონდეთ უფლება, ISO 17025-ით ჩაატარონ აკრედიტაცია შესაბამის ორგანოებში. ჩემს ლაბორატორიაში ექსპერტები მუშაობენ, მათ კი ვინმემ უნდა მიანიჭოს ეს წოდება.
– რა დრო დასჭირდება ახლად შექმნილ ორგანოს ამ გზის გასავლელად?
გ.მ. – თუ არ ვცდები, ბევრი ორგანოა გაწევრიანებული საერთაშორისო სისტემაში.
შალვა მელიქიძე:
– თუ დღევანდელი გადასახედიდან განვსაზღვრავთ, ალბათ 10 წელი დასჭირდება.
ჯ.მ. – არ გვყავს ექსპერტები, რომლებმაც ლაბორატორიებ-სა და ორგანოებს უნდა ჩაუტარონ აკრედიტაცია. ჯერ მათ უნდა მიიღონ ექსპერტის წოდება.
– უნდა გამოყოს თუ არა სახელმწიფომ ფული?
ჯ.მ. – რა თქმა უნდა, უნდა გამოყოს.
– თქვენ რომ გისმენთ, ყველაფერი კარგად ყოფილა. არადა, სახელმწიფოს უნდა აღეზარდა პროფესიონალები, მიენიჭებინა ექსპერტის წოდება, სხვა შემთხვევაში ჩვენი საქონელი ევროპაში ვერ გავა. ევროპაში თქვენს მიერ გაცემული საბუთი გამოუსადეგარია. საქართველო კი WTO-ს წევრია და ტელევიზია და პრესა ირწმუნება, რომ ევროპისკენ გზა ხსნილია. მე მინდა, ისეთი სერთიფიკატი მომცეთ, რომლითაც, ვთქვათ, მიუნხენში შევალ.
შ.მ. – თუ რვა თვის განმავლობაში აკრედიტაციამ მხოლოდ დებულების დამტკიცება შეძლო, უნდა ვიფიქროთ, რომ მზად არა აქვს ნორმატიული ბაზა.
– ლაბორატორიამ სახელმწიფოს ხელშეწყობა უნდა მოსთხოვოს. ეკონომიკის მინისტრს გაწერილი უნდა ჰქონდეს სამუშაო გეგმა და 2006 წლის ბიუჯეტში უნდა ჩაიწეროს, რა გვჭირდება. 2007 წლის პროგრამაში მაინც უნდა შევიდეს გეგმა, რომელიც ლაბორატორიებს და, შესაბამისად, ექსპორტს შეუწყობს ხელს.
გ.მ. – ევროპასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც თქვენ საუბრობთ, პრობლემები ნამდვილად არსებობს და ამაზე აკრედიტაციის მესვეურებმა უნდა იფიქრონ. დსთ-ის სივრცეს რაც შეეხება, აქ ჯერ კიდევ ის სისტემები მუშაობს, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაინერგა. ეს არის შესაბამისობის სერთიფიკაციის სისტემა, რომელზეც მიღებული იყო დებულებები და გაწერილი იყო პროცედურები, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო შესაბამისობის სერთიფიკაცია და როგორ უნდა მოხდეს მისი ურთიერთაღიარება. მაგრამ ეს მხოლოდ დსთ-ის ბაზარზე მუშაობს.
შ.მ. – უკვე დსთ-ის და ჩვენს ბაზარზეც იწყება წინააღმდეგობები. უკრაინაში ქართული მანდარინი ვერ ჩავიდა, რადგან არ მიიღეს შესაბამისობის სერთიფიკატი.
ჯ.მ. – იმიტომ, რომ ისინი ფიტოსანიტარულს შესაბამისობის სერთიფიკაციად მიიჩნევენ, საზღვარგარეთ კი შესაბამისობის სერთიფიკაციას ფიტოსანიტარულად არ მიიჩნევენ.
გ.მ. – საერთოდ, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სერთიფიკაცია გადმონაშთია, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს და მხოლოდ დსთ-შია.
– მაშინ ჩვენი მთავრობა სწორი ყოფილა, როდესაც გააუქმა.
ჯ.მ. – მაგრამ არ შეიძლება კონტროლის გაუქმება.
გ.მ. – კონტროლის დასკვნების გამოტანა მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა. თუ არსებობს ეჭვი, რომ პროდუქცია, რომელიც სახელმწიფოში შემოდის, დაბინძურებულია, ანუ დასაბუთებული ეჭვი არსებობს მის უარყოფით მახასიათებლებზე, მაშინ შეიძლება მისი კონტროლის ჩატარება და კომპეტენტური მაკონტროლებელი ორგანოს გამოძახება.
– დღეს საბაჟო აცხადებს კონკურსს და იღებს ექიმებსა და ვეტერინარებს, რაც ერთი აბსურდიდან მეორეზე გადასვლაა. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში თუ არსებობს ტოტალური ფიტო და ვეტკონტროლი? საბაჟომ თავის თავზე არ უნდა აიღოს ყველაფერი, არსებობს აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც ეჭვის შემთხვევაში უნდა გამოიძახო და ფული გადაუხადო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან აკრედიტაციის სისტემა არ არსებობს.
გ.მ. – მოდით, ვთქვათ, რომ იგი ჩამოყალიბების პროცესშია.
– მე ასე ვერ ვიტყოდი. რუსეთმა ბაზარი ჩამიკეტა და სხვა ალტერნატივა კი არ გამაჩნია. იგი ღვინის ბაზარსაც ჩაკეტავს.
გ.მ. – უკვე ჩაკეტა. ახალ წლამდე რუსეთმა სააქციზო მარკების გაცემა შეაჩერა, მის გარეშე კი რუსეთში ვერაფერს შეიტან. დღემდე რუსეთის ბაზარზე ღვინის შეტანა ძველი აქციზური მარკებით ხორციელდებოდა. ეს პირდაპირი ეკონომიკური ბლოკადაა.
– ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში აკრედიტაციის სისტემა ვერ შეიქმნა და არ გვაქვს ISO 17025-ის მიღების უნარი. ეკონომიკის სამინისტროში კი არ არის გაწერილი გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს ნორმალური აკრედიტაციისათვის.
გ.მ. – დიახ, ასეა და ამის გამო მე, როგორც ლაბორატორიის მფლობელს, ხელი მეშლება. აქ მხოლოდ ჩემზე არ არის საუბარი. მთავარი ის არის, რომ ვისაც მე ვემსახურები, იმას ეშლება ხელი, ანუ მეწარმეს. საბოლოო ჯამში კი საქართველოს ეკონომიკა ზარალდება.
– თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ექსპორტისა და ბიზნესის განვითარება ISO 17025-ის გარეშე?
გ.მ. – პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს შეუძლებელია.
– გამოდის, რომ ეკონომიკის სამინისტრომ საექსპორტო წარმოება დაასამარა.
გ.მ. – მე შემიძლია აკრედიტაცია გავიარო ევროპაში.
– რატომ არ აკეთებთ ამას?
გ.მ. – ეს სიამოვნება ძალიან ძვირი დამიჯდება და იმიტომ. დაახლოებით 50-60 ათასი ევრო. ამის გამო გაძვირდება ჩემი მომსახურებაც. მაგრამ დღეს არ არსებობს ისეთი ბაზარი საქართველოში, რომ შესაბამისად გადამიხადონ და გაკოტრება მემუქრება. ევროპაში აკრედიტაციის გავლა დღეს ჩემთვის ეკონომიკურად გაუმართლებელია.
– მაშინ სახელმწიფომ 200-300 ათასი დოლარი უნდა გამოყოს, რომ რამდენიმე ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიაროს.
გ.მ. – ეს შეღავათიანი გზაა. ევროპაში ქართული ღვინო რომ შეეტანათ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ნოტიფიკაცია გააკეთებინა ორ ლაბორატორიას, რომლებშიც, რბილად რომ ვთქვათ, სამუშაოები ძნელად სრულდება. ნოტიფიკაციის სისტემამ შეუქმნა მათ პირობები.
– კიდევ რა პრობლემები არსებობს?
>გ.მ. – მთავარი პრობლემა სისტემის მოწესრიგებაა. სისტემა დაწყობილი უნდა იყოს. პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს მეტროლოგიური უზრუნველყოფა და ლაბორატორიული შედარებების ჩატარება, შესაბამისად, აკრედიტაციის სისტემა, აკრედიტაციის შიდა ბაზრის კონტროლის სისტემა და იმ უფლებების კონტროლი, რომელიც მე აკრედიტაციის გზით მექნება მონიჭებული. თუ კონტროლი არ ჩატარდება, ჩემს ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენცია იქნება, რადგან მე კონკურენციას ვერ გავუწევ არაკეთილსინდისიერ ლაბორატორიას, რომელიც შემოწმების გარეშე გასცემს დასკვნას.
– გაგიადვილათ თუ არა მუშაობა “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონმა და რა კუთხით?
გ.მ. – რეალურად არაფერი მომხდარა.
– ეს არის ერთადერთი კანონი, რომელმაც ქართულ ბაზარზე მოთამაშე ხალხს უთხრა, რომ მომხმარებლის ინტერესი უნდა დაიცვას.
გ.მ. – სწორია. თუ არ არის ბაზრის კონტროლი, ყველაფერს აზრი ეკარგება. პირველი ნაბიჯი ამ კანონის შემოტანით გადაიდგა. ძალიან კარგია, რომ არსებობს მექანიზმის სისტემა, რომელიც ამას განახორციელებს, თუ როგორ, ეს უკვე სხვა საკითხია. მე, როგორც ლაბორატორიის მფლობელს, ამ კანონით სამუშაო უნდა მომემატოს, რადგან მხოლოდ აკრედიტებულ ლაბორატორიებში უნდა მოხდეს პროდუქციის შემოწმება, ანუ, ნიმუშები უნდა აიღოს მაკონტროლებელმა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში მოიტანოს, რომლის დასკვნის საფუძველზე მოხდება მაკონტროლებლის რეაგირება. ეს ჩემთვის კარგია, მაგრამ მეორე საკითხიც არის – კეთილსინდისიერება. თუ ეს ცნება დაირღვევა და მაკონტროლებელი მხოლოდ ერთი მიმართულებით იმუშავებს, ერთ ლაბორატორიასთან ითანამშრომლებს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, მაშინ პრობლემები შეიქმნება.
– თქვენ, როგორც ბიზნესმენს, თუ გაქვთ საკანონმდებლო შენიშვნები?
გ.მ. – ვფიქრობ, რომ სერთიფიკაციის კუთხით რამდენიმე ლაფსუსია დაშვებული. საუბარია შესაბამისობის შეფასების სისტემაზე. იგი ძირითადად ორ მიმართულებას გულისხმობს – დეკლარირებას და სერთიფიკაციას. პროდუქციის დეკლარირების მიმართულება რამდენიმე სქემით ხორციელდება, კონკრეტულად ამისათვის მსოფლიოში 14 სქემა არსებობს, რომელთაგანაც საქართველოში არც ერთი არ მუშაობს. სერთიფიკაციის მოქმედი პირები კი მესამე მხარეები უნდა იყვნენ. შესაძლებელია, შეიქმნას ერთიანი სერთიფიკაციის სისტემა და მესამე მხარე მისი მონაწილე აკრედიტაციის სისტემა იყოს. მხოლოდ სამი სქემა განსაზღვრავს მეწარმის დეკლარირებას. მეწარმე თვითონ აგებს პასუხს დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებზე. ამ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს კონტროლის სისტემა, რომელიც პროდუქციის ხარისხობრივ და უსაფრთხოების მაჩვენებლებს განსაზღვრავს. აუცილებელია მიწოდების სისტემის ზუსტი და სწორი ჩამოყალიბება მიწოდების ბაზარზე, სადაც მოიაზრება მიწოდების, გასაღების, დისტრიბუციის, შენახვის და ა.შ სისტემები. თუ ეს სისტემები არ არსებობს, ლაპარაკიც კი არ არის მეწარმის მიერ დეკლარაციის წარმოდგენაზე. დღეს საქართველოში მხოლოდ ეს სამი სქემა მოქმედებს და ისიც პირდაპირ საბაჟოზე, საიდანაც პროდუქცია ბაზარზე ხვდება. არ არსებობს მიწოდებისა და გაკონტროლების სისტემები. პროდუქციის შემოსვლისას მას, სულ მცირე, ლაბორატორიული ანალიზი უნდა მოჰყვეს მომწოდებელი ქვეყნიდან. ასეთი რამ საქართველოში არც ერთ პროდუქციაზე არ ხდება და ამაში ვერავინ დამარწმუნებს.
– რას ნიშნავს OECD-ის ქვეყნების ავტომატური აღიარება?
გ.მ. – თუ აღიარებაზეა საუბარი, მაშინ აქ სერთიფიკატების ურთიერთაღიარება იგულისხმება, მისი ჩატარება კი მხოლოდ სერთიფიკაციის სისტემას შეუძლია.
ჯ.მ. – ვთქვათ, მეწარმე დეკლარირებას ახდენს. მან შემოიტანა პროდუქცია და მონაცემთა ბაზაში ჩაწერა, რომ გარკვეული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ ნორმატიულ აქტს. დავიწყოთ იმით, რომ მას არა აქვს ლაბორატორია და ამას მექანიკურად ადგენს. და თუ აქვს ლაბორატორია, მას აუცილებლად გავლილი უნდა ჰქონდეს აკრედიტაცია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არა აქვს მეტროლოგიური შემოწმება და, რეალურად თუ შევხედავთ, არაფერი არა აქვს. ის ამბობს, რომ მის მიერ შემოტანილი ძეხვი გარკვეულ მონაცემებს შეესაბამება. უნდა იყოს მაკონტროლებელი, რომელიც აიღებს ნიმუშს, აკრედიტებულ ლაბორატორიაში მიიტანს და შეამოწმებს, სადაც აღმოჩნდება, რომ მასში ბევრი რამ არის დარღვეული. მაშინ კი გაირკვევა, რომ ეს უსაფუძვლო დეკლარაცია იყო. აი, ამ გზით არის ყველა ძეხვეული, რომელიც ერთ ლარად იყიდება. როგორ შეიძლება, ძეხვი ერთი ლარი ღირდეს?! თურქეთიდან შემოტანილი საქონელი ადგილზე ორჯერ უფრო ძვირია ჩვენთან შედარებით. ჩვენი მეწარმეები თურქებს სთავაზობენ პროდუქციიდან ძვირადღირებული კომპონენტების ამოღებას და ისე შემოაქვთ ის ქართულ ბაზარზე. ამიტომ თურქეთმა დაცვითი სისტემა შემოიღო – ბაზარზე დაშვების ნიშანი, სადაც IშO 9000-ია მითითებული. მას გავლილი აქვს ლაბორატორიული შემოწმება და თუ პროდუქციას ეს ნიშანი აქვს, პასუხისმგებელი თურქეთის მხარეა. იმაზეა საუბარი, რომ დეკლარაციის შემთხვევაში მთლიანი პასუხისმგებლობა მეწარმეზეა.
– თუ შეიძლება ამის შემოღება საქართველოში და ეწინააღმდეგება თუ არა ის საბაზრო მექანიზმს?
გ.მ. – ვფიქრობ, ამის შემოღება აუცილებელია, იგი საბაზრო მექნიზმს არ ეწინააღმდეგება. მეწარმე დგება არჩევანის წინაშე. მოვიყვან მერსედესისა და BMW-ს მაგალითს. BMW ამბობს, რომ ის ხარისხის გარანტია და ამიტომ არ იღებს სერთიფიკატს. მერსედესი კომპეტენტურ ორგანოს ამტკიცებინებს, რომ ის კარგია და ამიტომ სერთიფიკატს იღებს. აქაც იგივე შემთხვევაა, შეიძლება, მეწარმემ საკუთარ თავზე აიღოს პასუხიმგებლობა. დავამატებ, რომ პოლიტიკური ნების გარეშე არაფერი შეიცვლება. კანონებისა და განაცხადების მიღება კარგია, მაგრამ ისინი უნდა შესრულდეს.
– გადავიდეთ მეორე თემაზე – ახალი საბაჟო კოდექსის ახალ ვარიანტზე.
გ.მ. – იქ არის რამდენიმე შეცდომა, რომელიც არ ვიცი, უნებლიეთ არის დაშვებული თუ შეგნებულად. ჩვენი საქონელი ექსპორტზე უბაჟოდ გადის. იქ არის ცხრილი, სადაც ღვინოზე წერია. ჩამოთვლილია ჩვენი ბრენდები: თელიანი, მუკუზანი, ხვანჭკარა და ა.შ, მითითებულია მათი პროცენტული შემადგენლობები და ისიც, რომ მათ შემოტანაზე გადასახადია დაწესებული. მივაქციოთ ყურადღება, რომ საუბარია იმპორტზე. გამაგებინეთ, ჩვენ სახელს ვყიდით? ვთქვათ, ჩემგან საზღვარგარეთ ერთი ტონა ხვანჭკარა გაიტანეს და იქ ჩამოასხეს, შემოტანისას კი იგი 5 ევროთი დაიბეგრება, მაგრამ თუ მან აქედან 1 ტონა გაიტანა და სხვაგან 10 ტონა გაყიდა, როგორ შევძლებ მე ამის გაკონტროლებას? ე.ი ეს სახელის გაყიდვა გამოდის. აქ ბრენდზეა საუბარი, საფრანგეთი ბრენდებს არ ყიდის. საბაჟოზე ყალიბდება ვეტ და ფიტოსამსახური. ვერ ვიგებ, რას აყალიბებენ. რას აკეთებენ მანქანებზე – 2006 წლიდან 2008 წლამდე ერთ კუბურ სანტიმეტრზე გადასახადი 0.5 ლარი იქნება, ანუ 5 თეთრი. სამლიტრიან მოტორზე გადასახადი 175 ლარი გამოდის, პლუს საბაჟო გადასახადის 5% ყოველ აღნიშნულ წელზე. თუ ათი წლის მანქანას შემოიყვან, გადასახადი ძალზე იაფი გამოდის. საქართველოში რაც შემოვა, მას მანქანას ვერ უწოდებ, რადგან ნაგავი იქნება. მომხმარებლისთვის კარგია, იაფი იქნება, მაგრამ ერისთვის ძალიან ცუდი. სტიმული ძველი მანქანის შემომყვანს ეძლევა.

როგორ კონტროლდება
სურსათის წარმოებები
არასამთავრობო ორგანიზაცია-თავისუფალი ეკონომიკის და ბიზნესის ინსტიტუტი აგრძელებს დისკუსიას ახალ კანონზე �სურსათის უვნებლობისა და ხარისხია შესახებ�. გთავაზობთ ინტერვიუს ამ კანონის ერთ – ერთ შემოქმედთან, სასურსათო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორ, სოფიო ქემხაძესთან.
— თუ შეიძლება გვითხარით, უშუალოდ ვინ მუშაობდა “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ კანონზე” და ვისი მხარდაჭერით მიმდინარეობდა ეს პროცესი?
– სურსათის უვნებლობა, როგორც ტერმინი, არც ისე დიდი ხანია, დამკვიდრდა ჩვენს ქვეყანაში და იგი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სურსათით გამოწვეული საფრთხეებისაგან დაცვას გულისხმობს. სწორედ ამას ემსახურება ახლახან მიღებული კანონი “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ”. ამ კანონის შექმნის იდეა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან წამოვიდა, რომელმაც თავის დროზე დახმარებისათვის თხოვნით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს. თუმცა რაც გაკეთდა, გაკეთდა არა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, არამედ ქართველი სპეციალისტების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
მინდა, დღეს ამ კანონის ღირსებებზე გესაუბროთ, იმაზე, თუ რა პოზიტიურ შედეგებს მოუტანს იგი მომხმარებელს, რათა მან თავი დაცულად იგრძნოს და როგორ გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს. ცხადია, კანონის დანერგვის პროცესში შესაძლოა, შეიქმნას გარკვეული წინააღმდეგობები და პრობლემები, რაც გარკვეულწილად ჩვენ გააზრებული და გაანალიზებულიც გვაქვს და ამ პრობლემებზეც სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს აზრს.
– კონკრეტულად, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებზეა საუბარი?
– ესენია მსოფლიო ბანკი, ევროკომისია და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). კანონის პროექტზე მუშაობა დაახოლებით ორი წლის წინ დაიწყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ერთი ან ორი ადამიანის, ან სულაც ერთი უწყების მიერ დაწერილი კანონი არ არის. ამისათვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მოწვეულნი იყვნენ წარმომადგენლები სხვა სახელმწიფო უწყებებიდან და პარლამენტიდან; კერძო სექტორთანაც გვქონდა კონსულტაციები. ამით იმის თქმა მინდა, რომ კანონის შემუშავებაში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი და ამ მუშაობის შედეგად მივიღეთ პროექტი, რომელიც შემდეგ “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კანონად” იქცა. ამ პროცესში ტექნიკური დახმარების სახით ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დაახლოებით ორ წელს გაგრძელდა, რადგან ბევრი საკითხი იყო განსახილველი და გასაანალიზებელი, მრავალი ქვეყნის გამოცდილება შესასწავლი და გასაზიარებელი. თუ შევადარებთ, რა იყო მაშინ, როდესაც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ და რა გვაქვს ახლა – კანონის მიღების შემდეგ, ვნახავთ, რომ უკვე დიდი განსხვავება არსებობს.
– რა იყო მაშინ და რა არის ახლა?
– საქართველოში სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა ჯერ კიდევ შორსაა სასურველისგან. რეფორმა ამ სფეროში იმ ფონზე დაიწყო, როდესაც არ არსებობდა მექანიზმი, რითაც გადაწყვეტილების ობიექტურობა შეიძლებოდა შეფასებულიყო, ეს კი, ცხადია, კორუფციული გარიგებების ფართო შესაძლებებეს იძლეოდა. ზარალდებოდა ყველა � პირველ რიგში მომხმარებელი, რომელიც აბსოლუტურად დაუცველი იყო, სახელმწიფო, რომელიც არამიზნობრივად და უშედეგოდ ხარჯავდა რესურსებს და ბიზნესი, რომელიც მრავალრიცხოვანი სახელმწიფო მაკონტროლებლების კორუფციულ წნეხს განიცდიდა და არასამართლიანი კონკურენციის პირობებში უხდებოდა ფუნქციობა. აი, რა იყო მაშინ და მივედით იქამდე, რომ ამ კანონით მკაფიოდ განისაზღვრა პასუხისმგებლობის საკითხი სურსათის უვნებლობის სფეროში. დღეს სურსათის უვნებლობაში პოლიტიკის განმსაზღვრელი სოფლის მეურნეობის სამინისტროა, შექმნილია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო უწყება, რომელსაც ამ კანონის აღსრულებისა და ზედამხედველობის ფუნქცია აქვს მინიჭებული.
– არის პრეტენზიები, რომ მაკონტროლებელი ფუნქცია სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს. აგრეთვე ექსპერტები ამბობენ, რომ ამ კანონში არის გაურკვეველი მუხლები და ტერმინები, რომლებიც მეწარმეებს პრობლემებს შეუქმნის.
– ამ საკითხში ვერავის დავეთანხმები. სურსათის უვნებლობის მინიმალური დონის უზრუნველყოფა ქვეყნის უმთავრესი პასუხისმგებლობა და სტრატეგიული ამოცანაა და მის ზედამხედველობაზე სწორედ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ისიც მინდა გითხრათ, რომ ეს არის ამ ტიპის კანონის შექმნის პირველი მცდელობა და იგი სრულყოფილი ვერ იქნება. ეს არის ჩარჩო კანონი, რომელიც ადგენს ძირითად პრინციპებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სისტემისათვის, ანაწილებს პასუხისმგებლობას და განსაზღვრავს, თუ რა არის სახელმწიფოსა და ბიზნესის პასუხისმგებლობა, რა მექანიზმები უზრუნველყოფს მომხმარებელთა დაცვას და ა.შ. თუმცა ეს მხოლოდ გრძელი გზის დასაწყისია და მას უნდა მოჰყვეს მთელი რიგი ქმედებებისა, რათა კანონი რეალურად ამოქმედდეს. აუცილებლად უნდა მოხდეს მასთან სხვა კანონების ჰარმონიზაცია. განვითარდეს შესაბამისი მარეგულირებელი ბაზა, გარკვეული დახმარება გაეწიოს ბიზნესს, რათა კანონში ჩადებული პირობების დაკმაყოფილება შეძლონ მეწარმეებმა და კიდევ ბევრი რამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კანონი არის პირველი სერიოზული ნაბიჯი ძალიან გრძელი და რთული გზის დასაწყისში.
შეიძლება გარკვეული ხარვეზებიც არის გაპარული და მათ დასახვეწად მიმართული ყოველნაირი კრიტიკა ჩემთვის პოზიტიური და მისაღებია. ეს არის ჩემი მიდგომა იმ კრიტიკული კომენტარების მიმართ, რომლებიც ამ კანონის გარშემო კეთდება.
– თუ შეიძლება, აგვიხსენით როგორ შეუწყობს ხელს ეს კანონი საქართველოში ბიზნესისა და სურსათის წარმოების განვითარებას, ქართველ მეწარმეებს, თუ პირიქით, ხომ არ გაართულებს ის მათ მდგომარეობას?
– კანონში ცალსახად წერია, რომ მისი მიზანია მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა სურსათთან მიმართებაში ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ბაზრის ეფექტიან ფუნქციობასა და მის მრავალფეროვნებას. ანუ, კანონის უპირველესი მიზანია, ჩემამდე და თქვენამდე მოწოდებულმა სურსათმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას. ეს კი ისე უნდა მოხდეს, რომ ბაზრის ფუნქციობას ხელი არ შევუშალოთ, ე.ი მეწარმეები და ბაზარი არ უნდა შეიზღუდოს. უკვე კანონის მიზანშია დაბალანსებული მიდგომა ჩადებული. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მაგრამ ეს მეწარმის შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ეს საკმაოდ რაციონალური და სწორი მიდგომაა ამ საკითხის მიმართ. თუმცა უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ კანონზე საუბრისას მთავარი მომხმარებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბიზნესზე ან სურსათის მწარმოებლებზე არ ვზრუნავთ. რასაკვირველია, კანონს სურსათის მწარმოებლების მიმართ გარკვეული მოთხოვნები შემოაქვს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მოთხოვნები იმ სახით არის შემოტანილი, მათი დანერგვის ისეთი სქემაა შემოთავაზებული, რომ ქვეყანაში სურსათის მრეწველობის განვითარება, წესით, არ უნდა შეფერხდეს. თუ კანონით დადგენილი მოთხოვნები სათანადოდ იქნება დაცული, ვნახავთ, რომ ბიზნესგარემო კონკურენტული და გამჭვირვალე გახდება. ამ თვალსაზრისით, ვეხმარებით ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. ეს კანონი მკაცრად განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება მეწარმეები გააკონტროლოს. ამით ჩვენ მათ მრავალჯერადი და არაეფექტური ინსპექტირებისგან ვიცავთ, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. სურსათის უვნებლობაზე იქნება მხოლოდ ერთი მაკონტროლებელი, რომელიც ამასთანავე პასუხისმგებელიც იქნება სურსათის უვნებლობის კეთილსაიმედოობაზე.
კანონში შემოტანილია რისკის ანალიზის ცნება – რომ სურსათის უვნებლობის სფეროში მიღებული ყველა გადაწყვეტილება და გატარებული ზომა უნდა იყოს დაფუძნებული რისკის შეფასების შედეგებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვერ ასაბუთებ, რატომ ატარებ გარკვეულ ზომას ან რატომ ამკაცრებ პირობებს, არ შეგიძლია მათი გამოყენება ერთი შემთხვევის გარდა, რომელსაც გაფრთხილების პრინციპი ჰქვია და დროებითი ზომების მიღება შეიძლება. ამ შემთხვევაში მეწარმე კიდევ ერთხელ არის დაცული, რადგან მასზე რაიმე სანქციების ან შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში უნდა შეძლონ, მას დაუსაბუთონ, თუ რისთვის აკეთებენ ამას. ანუ გარემო პროგნოზირებადი და მოწესრიგებული ხდება და ბოლო ეღება ქაოსს.
გარდა ამისა, კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხსაც მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. უვნებლობის მუდმივად მზარდი მოთხოვნა უდიდეს გავლენას ახდენს საერთაშორისო ვაჭრობაზე. და თუმცა საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებათა უმეტესობა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ სურსათის უვნებლობისა და სხვა მსგავსი ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ ბარიერად იქცეს ვაჭრობისათვის, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ნაკლებად განვითარებული ქვეყნების პროდუქციის შეტანას ევროპისა და ამერიკის მოწინავე ბაზრებზე. ამდენად, ამ კანონს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პოტენციალის გაფართოებაში.
ამ კანონის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ იგი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის ჩამოყალიბებას ეხმარება, რათა სურსათის უვნებლობაში იმ დონეს მივუახლოვდეთ, რაც ქვეყნისთვის მისაღებია. გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს – ინსპექტირება, ოფიციალური კონტროლი, რეგულირება. მაგრამ მას ბიზნესიც უნდა დაეხმაროს. სხვათა შორის, კანონი ამბობს, რომ მწარმოებელი არის პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ის აწარმოებს. ასევე შემოტანილია ინტეგრირებული მიდგომა – ფერმიდან სუფრამდე, აქ ჯაჭვზეა საუბარი და არა მის გარკვეულ ელემენტებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კანონს ფოკუსი საბოლოო პროდუქტის სერთიფიცირებიდან წარმოების პროცესზე გადააქვს. იგი მეწარმეებს სთავაზობს, დანერგონ თვითრეგულირების სისტემები, რათა მათ თავად შეძლონ წარმოების პროცესში რისკების მინიმუმამდე დაყვანა.
– რა იგულისხმება ამ თვითკონტროლში?
– აქ იგულისხმება შიდა კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემები. ესენი იმ სისტემების გამარტივებული ვარიანტებია, რომლებიც მსოფლიოში აპრობირებულია. მარეგულირებელი აქტები წარმოების სიდიდისა და რისკის ჯგუფის მიხედვით ცალკე განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს სისტემები მეწარმეს საშუალებას აძლევს, მის საწარმოში მიმდინარე პროცესები და შესაძლო საფრთხეები მუდმივად აკონტროლოს. ასე რომ, ამ კანონში არის ბევრი რამ, რაც ქართველ სურსათის მწარმოებლებს დაეხმარება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს შესაძლოა დასჭირდეს საწარმოსა და წარმოების პროცესის გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში უფრო ეფექტურს გახდის მათსავე წარმოებას და უზრუნველყოფს მომხმარებელთა დაცვას.

გაეროს საბჭოს დამსჯელ ღონისძიებას ირანის მიმართ რუსეთი ეწინააღმდეგება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სანქციები არაეფექტური იქნება და ვერ შეცვლის თეირანის ატომურ ამბიციებს. გაეროს გენერალურ მდივანთან – კოფი ანანთან შეხვედრის შემდეგ ლავროვმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ სამხედრო ქმედებებს გმობს. მისი აზრით, საჭიროა გადაწყვეტილება, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საფრთხეს არ შეუქმნის და ირანში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ხოლო რაც შეეხება სანქციებს, იგი ამბობს, რომ უახლეს ისტორიაში არ მოიძებნება მაგალითი, როდესაც კრიზისი სანქციების მეშვეობით გადაილახა და ამით მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდა.

საპროცენტო განაკვეთები უცვლელია
ინგლისის ბანკი აცხადებს, რომ ამ თვეში გაერთიანებულ სამეფოში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები 4.5% დარჩება. ეს გადაწყვეტილება ფულადი პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო, რომელიც ცხრა წევრისგან შედგება. ეკონომისტები ხაზგასმით აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მყარად დგას 2%-ზე.

გერმანიაში ინფლაციის მაჩვენებელი
კვლავ 2%-ს აღემატება
გერმანიაში თებერვლის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ 2%-ზე მაღალი იყო. ქვეყნის ეკონომიკისათვის კარგ სიახლეს ყოველთვიური სავაჭრო ნამატი წარმოადგენს. იანვარში ნამატმა 12.5 მილიარდი ევრო შეადგინა, დეკემბერში კი- 9.2 მილიარდი. ექსპორტი 3.3%-ით გაიზარდა და 68.6 მილიარდ ევროს მიაღწია, იმპორტი – 3%-ით და 56.1 მილიარდი ევრო შეადგინა.

ჩინეთში ორი ნავთობსადენი ამუშავდება

ჩინეთის ეროვნული საწვავის კორპორაცია წელს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ორი მთავარი ნავთობსადენის მშენებლობას დაასრულებს, რაც 2 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა, 1. 858კმ სიგრძის ნავთობსადენი მაისის ბოლოსთვის იქნება მზად, მისი მეშვეობით დღეში 200 000 ბარელი ნავთობის გადმოტვირთვა მოხერხდება, 1500კმ სიგრძის ნავთობსადენს კი 400 000 ბარელი ნავთობის გადმოტვირთვა შეუძლია დღეში და იგი ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. ორივე მათგანი ჩინეთ-ყაზახეთის ნავთობსადენს დაუკავშირდება. ახალი მილსადენი ფირმას დაეხმარება, საწვავით მოამარაგოს ქვეყანა ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან ცენტრალურ რეგიონებამდე.

გადაუმუშავებელი ნავთობის ფიუჩერსი 60 დოლარზე
ქვემოთ ჩამოვიდა
ლონდონი – OPEC-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომ ნავთობის წარმოების მოცულობა უცვლელად 28 მილიონი ბარელი იქნება დღეში, გადაუმუშავებელი ნავთობის ფიუჩერსი 60 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ნიუ იორკის ბირჟაზე Lიგჰტ სწეეტ ცრუდე-ის აპრილში მისაღები ფასი 7 ცენტით გაიაფდა და ბარელზე 59.95 დოლარი შეადგინა. Nყმეხ-ის ბუნებრივი აირის ფიუჩერსი 10 ცენტით გაიაფდა და 1 000 კუბური ფუტი გაზი 6.54 დოლარი ღირს. ბენზინი თითქმის 3 ცენტით გაძვირდა და ერთი გალონი 1.68 დოლარი ღირს.

კუვეიტმა ბუნებრივი აირის
საბადო აღმოაჩინა
OPEC-ის წევრი კუვეიტი ავრცელებს ინფორმაციას ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენის შესახებ. ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩენილი ნავთობი მარაგს 10%-ით გაზრდის. ეს ბუნებრივი აირის სერიოზული საბადოს პოვნის პირველი შემთხვევაა კუვეიტში. ნავთობის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნის მინისტრი აცხადებს, რომ კუვეიტმა ბუნებრივი აირის მწარმოებელ ქვეყანათა რიცხვში შეაბიჯა. ბოლო წლებში ის ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს ირანსა და ყატართან მართავდა.