ქართული ჩაის დაბრუნება

ნინო არველაძე 

საქართველოს ჩაის სექტორს განვითარების და უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების სერიოზული პოტენციალი გააჩნია. სექტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და განსაკუთრებით,  რეგიონის მოსახლეობის დასაქმების კუთხით, რაც საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. რამდენიმე წელია საქართველოს ჩაის ასოციაცია ცდილობს სექტორის განვითარებას, ქართული ჩაის პოპულარიზაციას, მისი ხარისხისადმი ნდობის აღდგენას და მეჩაიეობის ინსტიტუტის მნიშვნელობის ხაზგასმას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში.
 
      19 სექტემბერს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს სოფლის მურნეობის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს ჩაის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით, “ქართული ჩაის დღე” ჩატარდა. ღინისძიებაში მონაწილეობა მიიღო შემდეგმა ჩაის მწარმოებელმა კომპანიებმაშ: ინდმეწარმე “ავთანდილ ლომთათიძე”, შპს “აჭარა ინვესტ ჩაი”, ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა, შპს “არომატი”, შპს “გეოპლანტი” – საქართველოში ცნობილი ბრენდების “გურიელისა” და “რჩეულის” მწარმოებელი, შპს “აგროექსპორტი”, შპს “პროექტი 21”, შპს “აგროფირმა ქობულეთი”, შპს “თერნალი ჩაი”, შპს “ჯეოაგროპროდუქტი”, შპს “შემოქმედის ექსპერიმენტული ჩაის საწარმო”. ყველა მწარმოებელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა ქართული ჩაის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობისა და მეჩაიეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სიგელები გადასცა. 
      ბაკურ კვეზერელი: “მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დროთა განმავლობაში საქართველოში ნელ-ნელა იზრდება ჩაის მწარმოებელთა რიცხვი და ქართულ ბაზარს ახალი ბრენდები ემატება. ამასთანავე, იზრდება ქართული ჩაის ხარისხიც. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილმა კომპანიებმა შიდა ბაზარზე თავი დაიმკვიდრონ და ამისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მეორე მხრივ, უნდა განვითარდეს და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც ქართულ ჩაის გააჩნია და მოვიზიდოთ დამატებითი სახრსრები ქართული ჩაის გასავითარებლად. 
      საქართველოს ჩაის ასოციაციის პრეზიდენტი, თენგიზ სვანიძე: 
      ს.ე. – დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პირველად ჩატარდა ჩაის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რას ნისნავს ქართული ჩაის სექტორისთვის 19 დეკემბერი? 
      თ.ს. – ქრონოლოგიურად თუ გავყვებით, ჩაის მწარმოებელთა ასოციაციამ 2004 წლიდან გადაწყვიტა, ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს ქართული ჩაის ფესტივალის ჩატარება, პირველი ფესტივალი, ამ გადასახედიდან, ძალიან სასაცილოდ და მწირედ გამოიყურებოდა, რადგან რაიონებიდან გვესტუმრა მხოლოდ 3-4 კომპანია, თუმცა რამდენიმე გამოჩენილი სტუმარი 2004 წლის ჩაის ფესტივალსაც ესტუმრა და ასე თუ ისე, ღონისძიებამ რეზონანსი გამოიწვია და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ გაჩნდა მცნება ქართული ჩაი. დაბრკოლებების მიუხედავად ჩაის ფესტივალების ჩატარება მაინც გადაწყდა და მომდევნო წელს ჩაის ფესტივალზე 7 კომპანია იყო წარმოდგენილი, 2008 წელს კი ღონისძიებას ჩაის საერთაშორისო ფესტივალიც კი ვუწოდეთ, მოწვეული გვყავდა ჩაის მწარმოებელი კომპანიები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. 2009-2010 წლებში ჩაის ფესტივალმა უკვე სოლიდური სახე მიიღო. ყველა ამ ღონისძიებას წითელ ხაზად გასდევდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, თუნდაც მორალური, რადგან დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის მოადგილის დონეზე ფესტივალს სტუმრობდნენ სამინისტროს წარმომადგენლები. 2010 წელს კი ფესტივალს სოფლის მეურნეობის მინისტრიც ეწვია, დაინტერესდა და გადაწყვიტა ქართული ჩაის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა სექტორის განვითარებისთვის პროგრესული ღონისძიება. 
      ს.ე. – წელს თუ არის საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ჩაის ახალი ბრენდი? 
      თ.ს. წელს ქართულ ბაზარს ორი ახალი და მაღალხარისხნიანი ბრენდი შეემატა: ბრენდი “გურიელი” (შპს “გეოპლანტი”) და “სამაია” (შპს “აგროფირმა ქობულეთი”). ორივე ბრენდი მაღალი ხარისხით, ეკოლოგიური სისუფთავით და მშვენიერი დიზაინით გამოირჩევა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრენდები ფასითაც და ხარისხითაც აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ პროდუქტთან. ორივე კომპანია ჩაის საექსპორტოდ აგზავნის. ამჯერად საქართველოს ბაზარზე ყველაზე ძლიერი მოთამაშე მოცულობის მიხედვით – შპს “გეოპლანტია”. 
      ს.ე. – სერიოზული დაბრკოლება, ალბათ, ტექნოლოგიური გადაიარაღებაა. 
      თ.ს. – რა თქმა უნდა, შპს “გეოპლანტმა” მოახერხა ტექნოლოგიური გადაიარაღების მოხდენა და ახალი თაობის დანადგარებით ახდენს ჩაის გადამუშავებას. 
      ს.ე. – თუ იკვეთება კონკრეტული მხარდამჭერი ნაბიჯები სოფლის მეურნეობის სამნისტროს მხრიდან ჩაის სექტორისათვის? 
      თ.ს. – იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღის შემდეგ, როდესაც მინისტრმა პირადად ნახა წარმოდგენილი ბრენდები და ქართული ჩაის ახალი მწარმოებლები, დაწყებული საქმე განვითარდება, ამჯერად პირადად ჩემი და ამ სექტორში მოღვაწე ადამიანების ოცნებაა თბილისში კვლავ ვიხილოთ ქართული ჩაის სახლი. 
      ცხადია, რომ საქართველოს ჩაის სექტორის განვითარებისათვის სერიოზული პოტენციალი გააჩნია, 19 სექტემბერს წარმოდგენილ ბრენდებს შორის იყო შპს “შემოქმედის ექსპერიმენტული ჩაის საწარმოს” მიერ წარმოებული იაპონური ჯიშის ჩაის პროდუქცია, რომელიც საქართველოში 1972 წელს შემოიტანეს, ჩაი განსაკუთრებული არომატითა და გემოთი გამოირჩევა და ამას გარდა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მატარებელი პროდუქტია, თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ მიერ წარმოებული ჩაის მოცულობის გასაზრდელად და პროდუქტის ცნობადობის ასამაღლებლად სახსრები არ ჰყოფნით და ამიტომ ქართულ ბაზარზე დამკვიდრება პრობლემას წარმოადგენს.