ჩინეთი ზესახელმწიფო ხდება

რედაქციისგან 

ჩინეთის იმპერიული ზრახვების გახსენებისას, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ყველას შეიარაღებული ძალადობა ახსენდება, მაგრამ ახლა ძალთა გადანაწილებისთვის ბრძოლის მეთოდები იცვლება. XXI საუკუნეში ჩინეთს მსოფლიოში ზესახელმწიფოს სტატუსის მოსაპოვებლად შეიარაღებული კონფლიქტები სულაც არ სჭირდება. დღეს პოზიციების გამყარების საუკეთესო საშუალება ეკონომიკური მაჩვენებლებია. ჩინეთის ეკონომიკურ სასწაულზე კი ბევრი თქმულა და დაწერილა. მსოფლიოს გლობალური კრიზისის პარალელურად, როდესაც ნებისმიერი რეგიონის ქვეყნების სტატისტიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური ინდიკატორები თავქვე მიექანებოდა, ჩინური ეკონომიკის სტატისტიკოსები საწინააღმდეგო ტენდენციებს ავრცელებდნენ. 2009 წელს, როდესაც სახელმწიფოთა უმრავლესობა ჯერ კიდევ კრიზისის დაძლევის გზების ძიებაში იყო, ჩინეთის ეკონომიკამ თითქმის 9%-იანი ზრდა აჩვენა. მან წელს GDP-ს მაჩვენებლით იაპონიას გადაუსწრო და ამერიკის შემდეგ სიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკა გახდა. 

      ჩინეთი პოლიტიკურ პროცესებშიც ცდილობს აქტიურად ჩაბმას. პირველ რიგში კი, მეზობლების და მათი საშინაო თუ საგარეო კონფლიქტების მიმართ იჩენს დიდ ყურადღებას. პეკინი, UN-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სასაზღვრო დავასთან დაკავშირებულ სამშვიდობო ოპერაციებში. 
      ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ აშშ-ის ადგილს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ჩინეთი ნელ-ნელა იკავებს? საკითხავია ისიც, თუ რამდენად არის მზად ჩინეთი ზესახელმწიფოს ფუნქციების შესასრულებლად. 
      არავისთვისაა ახალი, რომ მშვიდობაზე გულანთებული ჩინეთი ხშირად უთმობს გზას აგრესიულ ჩინეთს. მაგალითად, მარტში, როდესაც ჩრდილოეთ კორეა თავს დაესხა სამხრეთ კორეის სამხედრო გემს და მოკლეს 46 მეზღვაური, ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ არანაირ სადამსჯელოს ღონისძიებებს არ მიმართა. 
      ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, სექტემბერში, როდესაც იაპონელებმა სადაო კუნძულზე სარეწი გემი და რამდენიმე ჩინელი მეთევზე დააკავეს, პეკინმა საპასუხო ზომებს ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით მიმართა. სენკაკუს კუნძულებს ამჟამად იაპონია აკონტროლებს, თუმცა მასზე ჩინეთსაც აქვს პრეტენზიები. მართალია, იაპონელებმა დაკავებულები მალე გაათავისუფლეს, მაგრამ ჩინეთისათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თავდაპირველად პეკინმა რამდენიმე იაპონელ ბიზნესმენს “შეუქმნა პრობლემები”, შემდეგ კი იშვიათი ბუნებრივი ლითონების ექსპორტი აკრძალა ამომავალი მზის ქვეყანაში. საქმე იმაშია, რომ ეს ლითონები ძალიან მნიშვნელოვანია, 17 სახის უიშვიათესი ლითონი, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობის დასამზადებლად გამოიყენება. იაპონიას კი ისინი არ გააჩნია და მთლიანად იმპორტირებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. 
      იშვიათი ლითონების ექსპორტი ჩინეთმა მხოლოდ იაპონიაში არ აკრძალა. პეკინის ეკონომიკური ბერკეტების მსხვრეპლი აშშ-ც გახდა. შეიძლება ამის მიზეზი ისიც არის, რომ ჩინეთს სურს, ამერიკული და იაპონური კორპორაციები აიძულოს საკუთარი ქარხნები ჩინეთში განალაგონ, რითაც პეკინი პირდაპირი ეკონომიკური დივიდენდების გარდა, უდიდეს კორპორაციებზე გარკვეულ ბერკეტებსაც მოიპოვებს. მართალია, აშშ-ს იშვიათი ლითონების საკუთარი რეზერვიც აქვს, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. მისი მოპოვება ადგილობრივ დონეზე გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ჩინეთიდან ექსპორტი. იაპონიას კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავსი ლითონები არ გააჩნია. 
      მსგავსი მაგალითების არსებობა ნათელს ხდის, რომ ჩინეთის მიერ ზესახელმწიფოს სტატუსის ღირსეულად ტარების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დგას. მიუხედავად ეკონომიკური სასწაულებისა, ფაქტია, რომ თავის მენტალიტეტიდან გამომდინარე ჩინეთი ჯერ კიდევ განვითარებად ქვეყნად რჩება. ბევრმა მაგალითმა ცხადყო, რომ ჩინეთი ზესახელმწიფოს როლის ჯეროვნად შესასრულებლად საკუთარ კონტინეტზეც კი არ არის ჯერ მზად. პეკინის გადაწყვეტილებებში კვლავ უპირატესად კონსერვატიული და არა გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები იკვეთება. 
      აშშ ჩინეთის წინააღმდეგ 
      კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც დღეს ბევრს აწუხებს აშშ-სა და ჩინეთის სამომავლო ურთიერთობას ეხება. ისტორია გვიჩვენებს, რომ მსოფლიოში მშვიდობა დიდწილად არის დამოკიდებული ზესახელმწიფოებს შორის ურთიერთობაზე. ორ ზესახელმწიფოს შეუძლია თანაარსებობა იმ შემთხვევაში, თუ მზარდ ძალას აქვს იმის რწმენა, რომ მის ზრდას ხელს არ შეუშლიან, ხოლო აქამდე არსებულ ზესახელმწიფოს კი უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მის ადგილს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე არ ემუქრება ფუნდამენტური საფრთხე. 
      ჯერჯერობით ჩინეთი არც საბჭოთა კავშირის მსგავსად ცდილობს საკუთარი იდეოლოგიის გავრცელებას სხვა ქვეყნებში და არც მე-19 საუკუნის ევროპული კოლონიალიზმის მგავსი ქმედებებისკენ აქვს მიდრეკილება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე უფრო მშვიდობიანი ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს აშშ-სა და ჩინეთს შორის, ვიდრე მტრობა. მით უმეტეს, რომ მათ საერთი ინტერესებიც ბევრი აქვთ. ორივე სარგებლობს გლობალიზაციის სიკეთეებით და ღია ბაზრის პრინციპით, რომლის წყალობითაც სხვადასხვა სახის ნედლეულს ყიდულობენ და შემდეგ მისგან წარმოებული პორდუქტი გააქვთ ექსპორტზე ამავე ქვეყნებში. ორივეს ხელს აძლევს მშვიდი მსოფლიო, სადაც ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავს სახელმწიფოებს რაც შეიძლება ნაკლები ბერკეტები ექნებათ მსოფლიო პროცესებზე გავლენის მოსახდენად. ამიტომაც, პეკინსა და ვაშინგტონს შორის, პატარ-პატარა ეკონომიკურ საკითხებს თუ არ ჩავთვლით, ჯერჯერობით სიმშვიდეა. 
      ეს არც არის გასაკვირი, რადგან თითოეულს ჯერ თავის ფრონტზე აქვს პოზიციები გასამყარებელი. ჩინეთი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული, ამერიკა კი – ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ერაყისა და ავღანეთის ომებზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ შორის უნდობლობის მიზეზებიც არსებობს: ჩინეთმა იცის, რომ მართალია, ცოტა დასუსტებული, მაგრამ ჯერჯერობით მაინც მსოფლიოს ზესახელმწიფო შეეცდება მისი ეკონომიკური ზრდის დაბლოკვას. ხოლო ამერიკას, თავის მხრივ, ეშინია იმ საფრთხეების, რომელიც შეიძლება არადემოკრატიული რეჟიმის მქონე ჩინეთის ეკონომიკური და სამხედრო გაძლიერებას მოჰყვეს. 
      ფაქტია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათი გულითადი მეგობრობის  არავის სჯერა, ისევე როგორც – პირველი მსოფლიო ომის წინ წლების განმავლობაში არავის სჯეროდა დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობის. 
      ჩინეთის არმიის პოლკოვნიკმა, ლიუ მინგფუმ ახლახანს გამოსცა საავტორო წიგნი “ჩინური ოცნება”, რომელშიც საუბარია ჩინეთის უპირატესობაზე სხვა ერებთან შედარებით და მსოფლიო ლიდერის კუთვნილი ადგილის დაბრუნების აუცილებლობაზე. მინგფუს აზრით, ჩინეთმა უნდა გაათავისუფლოს მსოფლიოს ერები ამერიკის ბატონობისგან. აღსანიშნავია, რომ წიგნის ტირაჟი რეკორდულია, ჩინეთში მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. 
      საერთაშორისო ურთიერთობებში უკვე გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა “ჩიმერიკა” ან “ორთა ჯგუფი”. მსგავსი ტერმინებით გამოხატავენ ჩინეთის და აშშ-ს ეკონომიკების მჭიდრო დამოკიდებულებას ერთმანეთზე და განიხილავენ ჩინეთს და ამერიკას, როგორც გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას. ამერიკელმა ეკონომისტმა, ფრედ ბერგსტენი “ორთა ჯგუფის” კონცეფციის დახასიათებისას, ხაზს უსვამს იმას, რომ აშშ არის მსოფლიოს უდიდესი მხარჯველი, ხოლო ჩინეთს აქვს უზარმაზარი ფინანსური რეზერვები; აშშ – განვითარებული, ხოლო ჩინეთი განვითარებადი ქვეყნების ლიდერია. ბერგსტენი მიიჩნევს, რომ ამ ორ ქვეყანას შეუძლია თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა ისეთ პრობლემებთან საბრძოლველად, როგორიცაა ტერორიზმი, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამები, ბირთვული და სხვა სახის იარაღის გავრცელება. 
      იუანი – მწვავე 
      დაპირისპირების მიზეზი 
      საერთო ინტერესების პარალელურად, პეკინსა და ვაშინგტონს “გასაყოფიც” ბევრი აქვთ. ნოემბრის დასაწყისში სეულში გამართული დიდი ოცეულის სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა პეკინი და მისი საექსპორტო პოლიტიკა იყო. ობამამ ჩინეთს ბრალი იუანის ხელოვნურად გაუფასურებაში დასდო, რადგან გაუფასურებული ეროვნული ვალუტა ჩინურ ექსპორტის ფასებს აგდებს და ჩინურ საქონელს კონკურენტებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აუცილებელია, ჩინეთი გადავიდეს სისტემაზე, როდესაც იუანის კურსი საბაზრო მექანიზმების საფუძველზე მოხდება. 
      ის მეთოდები, რასაც ჩინეთი სავალუტო პოლიტიკის წარმოებისას ახლა იყენებს, ახალი არ არის. გასული საუკუნს 70-იან წლებში, რამდენიმე ექსპორტიორმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ და იაპონიამ საკუთარი ვალუტები ხელოვნურად გააუფასურეს. საპასუხოდ კი, აშშ-მ იმპორტზე 10%-იანი ტარიფი დააწესა. უმსხვლესი ბაზრის დაკარგვის შიშით, იაპონიამ და გერმანიამ ისევ ასწიეს ვალუტების კურსი დოლართან მიმართებაში. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამგვარი მკვეთრი ზომების მიღება დღეს ჩინეთის წინააღმდეგ შეუძლებელია, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბაზრების დაცვის მცდელობა ეკონომიკური პროტექციონიზმით გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი შედეგის მომტანია. საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა ტარიფების, ქვოტებისა და რეგულაციების დაწესებით, საბოლოო ჯამში, არც ერთ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. ამიტომაც, დღეს ჩინეთის მთავრობას კურსის შეცლისაკენ ბევრი მოუწოდებს. 
      მაგრამ არის საკითხის მეორე მხარეც, იმ შემთხვევაში, თუ იუანის კურსი აიწევა და ჩინეთის საექსპორტო პროდუქცია კონკურენტუნარიანობას დაკარგავს, ჩინეთის საექსპორტო ინდუსტრია და მთლიანად ეკონომიკა დაზარალდება. შესაბამისად, უამრავი ჩინელი დაკარგავს სამუშაოს. 
      გასათვალისწინებელია ჩინელი მომხმარებლის ქცევაც. მიიჩნევა, რომ ჩინეთის დადებითი სალდო, დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ჩინელ მომხმარებელს ფულის ხარჯვაზე მეტად, მისი შენახვა უყვარს. ეს შეიძლება იმის გამოც იყოს, რომ ჩინეთში სათანადოდ არ არის განვითარებული ჯანდაცვის სისტემა და არ არსებობს საპენსიო გარანტიები. მსოფლიოს ხელმძღვანელები პეკინს იმაში სდებენ ბრალს, რომ ის არ დგამს ქმედით ნაბიჯებს მომხმარებლების მსყიდველუნარიანობის გასაზრდელად. სამაგიეროდ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩინური პროდუქციის კონკურენტუნარიანობა გაზარდოს. იქნება ეს, სუბსიდიები მიწებსა და ენერგორესურსებზე, იუანის ხელოვნურად გაუფასურება თუ საბანკო სესხების დაბალი საპროცენტი განაკვეთები. 
      “აშშ-ის მოწოდებები, იუანის კურსის გაზრდის მიზნით, ჩინეთზე ზეწოლა მოხდეს, ამ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა” – ასეთი კომენტარი გააკეთა სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ-ჩინური კომისიის მოხსენებაზე, რომელიც აშშ-ის კონგრესთან ფუნქციონირებს და ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. 
      როგორც ვხედავთ, მსოფლიოს ორ უმსხვილეს სახელმწიფოს დღეს გასაყოფიც ბევრი აქვთ და საერთო მიზნებიც. ამიტომაც, მსოფლიო პოლიტიკაში ჩინეთის მომავალი როლის შესახებ აზრი ორადაა გაყოფილი. ერთნი ამბობენ, რომ ჩინეთი ოციოდე წლის შემდეგ აშშ-ს ჩაანაცვლებს და მსოფლიოში მოწინავე ძალად იქცევა. ამ აზრის მომხრეები ჩინურ ასწლეულს, უფრო ზოგადად კი, აზიურ 21-ე საუკუნეს წინასწრმეტყველებენ. ამ აზრის მიმდევრები ჩინეთის ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემას ერთგვარ უპირატესობად განიხილავენ და აღნიშნავენ, რომ ერთპარტიული მმართველობა ქვეყანას საშუალებას აძლევს ერთი კონკრეტული მიზნისკენ მიმართოს ყველა რესურსი. საპირისპირო მოსაზრებით კი, ჩინეთი ვერ განავრცობს გავლენას საერთაშორისო პოლიტიკაზე, რადგან საკმარისად აქვს საშინაო პრობლემები – ტაივანი, სინძიანისა და ტიბეტის ავტონომიური რეგიონები, დემოგრაფიული პრობლემები და, რაც ყველაზე მთავარია, ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში ნაკლები შესაძლებლობები.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial