გერმანიაში ახალ სამუშაო ადგილები იქმნება, ინგლისი კი მასიური უმუშევრობისთვის ემზადება

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 2010 წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი შემცირდა 38,7 მილიარდ დოლარამდე. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 44,0 მილიარდ დოლარამდე შემცირდებოდა. აშშ-ის იმპორტის მოცულობა ოქტომბერში განისაზღვრა 197,44 მილიარდი დოლარით (-0,5% სექტემბერთან მიმართებაში), ხოლო ექსპორტის მოცულობა – 158,72 მილიარდი დოლარით (+3,2% წინა თვესთან შედარებით). ამასთან, ქვეყნის იმპორტი წლიური გამოთვლით გაზრდილია 15,8%-ით, ხოლო ექსპორტი – 14,9%-ით. გადასინჯული მონაცემების თანახმად, აშშ-ის სავაჭრო ბალანსის უარყოფითმა სალდომ სექტმბრის თვეში შეადგინა 44,6 მილიარდი დოლარი, ადრე იუწყებოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 44 მილიარდ დოლარს. 

      აშშ-ში ფასები იმპორტულ საქონელზე 2010 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 1,3%-ით გაიზარდა. წლიური გამოთვლით, აღნიშნული მაჩვენებელი 3,7%-ით არის გაზრდილი. ამასთან, აშშ-დან ექსპორტირებული საქონლის ფასები თვიური გამოთვლით ნოემბერში 1,5%-ით, ხოლო წლიურით – 6,5%-ით გაიზარდა. დაზუსტებული მონაცემებით, ოქტომბერში იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე 1,0%-ით, ხოლო ექსპორტირებულზე – 0,8%-ით გაიზარდა. 
      აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, საბითუმო ვაჭრობისთვის განკუთვნილ საწყობებში სასაქონლო მარაგები 2010 წლის ოქტომბერში გაიზარდა 1,9%-ით წინა თვესთან შედარებით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,9% იქნებოდა, რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 9,9%-ით. ოქტომბერში საბითუმო ვაჭრობის მოცულობა სექტემბერთან შედარებით გაიზარდა 2,2%-ით, ხოლო გასული წლის ოქტომბერთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 13,4%-ით. 
      აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, უმუშევრობისთვის სახელმწიფოს პირველადი მიმართვა ერთი კვირის განმავლობაში, რომელიც დასრულდა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, შემცირდა 421 ათას ადამიანამდე. დაზუსტებული მონაცემებით, 27 ნოემბერს დასრულებული კვირის შედეგებით, უმუშევრობისათვის პირველადი მიმართვა განახორციელა 438 ათასმა ადამიანმა და არა 436 ათასმა, როგორც ადრე იუწყებოდნენ.
გერმანია
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები ნოემბერში წლიური გამოთვლით გაზრდილია 1,5%-ით. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ინფლაცია იქნებოდა 1,5%. 2010 წლის ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში სამომხმარებლო ფასები გაზრდილია 0,1%-ით. 
      გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სამრეწველო წარმოების მოცულობა ოქტომბერში სექტემბრთან შედარებით 2,9%-ით გაიზარდა სეზონური რყევების გათვალისწინებით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ მაჩვენებლის ზრდა თვიური გამოთვლით 1,0%-ს შეადგენდა. 
      გერმანიის სამრეწველო შეკვეთების მოცულობა 2010 წლის ოქტომბერში წინა თვესთან მიმართებაში სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით გაზრდილია 1,6%-ით. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდებოდა 1,9%-ით. გადასინჯული მონაცემების თანახმად, სექტემბერში სამრეწველო შეკვეთების მოცულობა თვიური გამოთვლით შემცირებულია 4,0%-ით. 
      გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, 2010 წლის ოქტომბერში ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო სეზონური რყევების გათვალისწინებით შემცირდა 14,3 მილიარდ ევრომდე. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 15,0 მილიარდი ევროს დონეზე იქნებოდა. მიმდინარე წლის სექტემბერში გერმანიის სავაჭრო ბალანსის პროფიციტი გადასინჯული მონაცემებით, შეადგენდა 15,4 მილიარდ ევროს (სეზონური კორექტირების გათვალისწინებით), მაშინ, როცა ფიქრობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 15,6 მილიარდი ევრო იქნებოდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში გერმანიის ექსპორტის მოცულობამ (სეზონური კორექტივების გათვალისწინებით) შეადგინა 83,3 მილიარდი ევრო (წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 1,1%-ით), ხოლო რაც შეეხება იმპორტს, ის პირიქით, 0,3%-ით გაიზარდა და შეადგინა 69,1 მილიარდი ევრო.
საფრანგეთი
საფრანგეთის სტატისტიკური ბიუროს Iნსეე-ის მონაცემებით, ქვეყანაში სამრეწველო წარმოების მოცულობამ 2010 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 0,8%-ით დაიკლო. ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ამ მაჩვენებლის ზრდა 0,3% იქნებოდა. დაზუსტებული მონაცემებით, საფრანგეთის სამრეწველო წარმოების მოცულობა სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 0,1%-ით არის გაზრდილი, როგორც ვარაუდობდნენ. 
      2010 წლის ოქტომბერში საფრანგეთის სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო სეზონური რყევების გათვალისწინებით განისაზღვრა 3,43 მილიარდი ევროთი. ეს მონაცემები თავის ანგარიშში გამოაქვეყნა საფრანგეთის მთავარმა საბაჟო სამმართველომ. ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 4,2 მილიარდ ევროს შეადგენდა. ოქტომბერში საფრანგეთის ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 32,4 მილიარდ ევროს, ხოლო იმპორტისა კი – 35,8 მილიარდს. 2010 წლის სექტემბერში, დაზუსტებული მონაცემებით, საფრანგეთის სავაჭრო ბალანსის უარყოფითმა სალდომ შეადგინა 4,4 მილიარდი ევრო. ადრე იუწყებოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 4,7 მილიარდი ევრო იქნებოდა.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის ბანკმა საბაზისო სააღრიცხვო განაკვეთი უცვლელი დატოვა – ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე, წლიური 0,5%. ეს გადაწყვეტილება ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება ექსპერტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. 
      დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2010 წლის ოქტომბერში ქვეყანაში სამრეწველო წარმოების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,3%-ით მოიმატებდა. სამრეწველო წარმოების მოცულობას თუ შევადარებთ 2009 წლის ოქტომბერთან, ვნახავთ, რომ იგი 3,3%-ით არის გაზრდილი. სექტემბერში ეს მაჩვენებელი თვიური გამოთვლით, დაზუსტებული მონაცემებით, გაიზარდა 0,4%-ით, ხოლო წლიური გამოთვლით გაიზარდა 3,8%-ით. 
      დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, ეროვნული სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, 2010 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა და შეადგინა 8,53 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (10,15 მილიარდი ევრო). ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტი იქნებოდა 8,1 ფუნტი სტერლინგი (9,6 მილიარდი ევრო). 2010 წლის სექტემბერში, გადასინჯული მონაცემებით, სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა შეადგინა 8,4 მილიარდი ფუნტი სტელინგი (10 მილიარდი ევრო). დიდი ბრიტანეთის იმპორტმა ოქტომბერში შეადგინა 31,60 მილიარდი ფუნტი სტელინგი (37,61 მილიარდი ევრო), ხოლო ექსპორტმა – 23,07 მილიარდი ფუნტი სტერლინგი, ანუ 27,46 მილიარდი ევრო.
იაპონია
იაპონიის ხელისუფლების ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის გამოკვლევების მონაცემებით, ქვეყნის მშპ 2010 წლის III კვარტალში საბოლოო მონაცემებით, II კვარტალთან შედარებით გაზრდილია 1,1%-ით. წლიური გამოთვლით ამ მაჩვენებლის ზრდამ შეადგინა 4,5%. როგორც ადრე იუწყებოდნენ, იაპონიის მშპ მიმდინარე წლის II კვარტალში რეალურ გამოხატულებაში წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 1,5%-ით. ხოლო თავის მხრივ, I კვარტალს თუ შევადარებთ 2009 წლის IV კვარტალთან, მშპ რეალურ გამოხატულებაში გაზრდილია 5%-ით. 
      გერმანიის სამრეწველო პროდუქციაზე მოთხოვნა კვლავ გრძელდება 
      შენელების ნიშნების მიუხედავად, გერმანიაში ეკონომიკური ზრდა მაინც შეინიშნება. ეკონომიკური ზრდის პიკი უკვე გუშინდელი დღეა, მაგრამ სამრეწველო წარმოება ზრდას აგრძელებს. გერმანელ მრეწველებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის არ ეშინიათ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელება საზღვრებს გარედან შეკვეთების რაოდენობას შეუმცირებს, ხოლო სახელმწიფო სტიმულირების შეკვეცა შიდა მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს. თუმცა, მიუხედავად ამისა, სტატისტიკა უდაო დასტურს იძლევა იმისა, რომ შიდა მოთხოვნა ზრდას აგრძელებს და სხვათა შორის, საკმაოდ შთამბეჭდავი ტემეპებით. 
      დეკემბერის მეორე კვირის ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, რომელიც სამრეწველო შეკვეთებს ეხება, მიუთითებს, რომ გერმანელი მრეწველების პროდუქციაზე მოთხოვნა არ შემცირებულა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე საზღვრებს შიგნითაც. მათ შორის, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით ახალი სამრეწველო შეკვეთების მოცულობა გაზრდილია 1,6%-ით (სეზონური კორექტირების გათვალისწინებით). წლიური გამოთვლით, ოქტომბრის ზრდა განისაზღვრა 17,8%-ით სექტემბრის წლიური 14,0%-იანი ზრდის შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ სამრეწველო შეკვეთების ზრდის მთავარ წამყვან ძალად შიდა მოთხოვნა იქცა. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემების თანახმად, შიდა შეკვეთები 2,4%-ით გაიზარდა. ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით წარმოების საშუალებებზე შეკვეთები გაზრდილია 3,9%-ით. ამავე დროს, გერმანიიდან ექსპორტირებულ სამრეწველო საქონელზე მოთხოვნა სამჯერ ჩამოუვარდება შიდა მოთხოვნას. საზღვარგარეთ სამრეწველო შეკვეთები გაიზარდა მხოლოდ 0,8%-ით, ხოლო ევროზონის ქვეყნებში გერმანულ პროდუქციაზე 0,9%-ით შემცირდა. ბუნებრივია, რომ ევროზონის ქვეყნების სუვერენული ვალებისა და ევროპული ხელისუფლების პოლიტიკის პრობლემების გამო, რომელიც სახელმწიფო ხარჯების რადიკალურ შემცირებას ითვალისწინებს, ამ ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა კვლავ შემცირდება. როგორც ცნობილია, საბერძნეთის კვალდაკვალ დახმარება ირლანდიამაც ითხოვა და იმ ქვეყნების სია, რომლებსაც პოტენციურად დასჭირდებათ ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება, ამ ორი ქვეყნით არ შემოიფარგლება: დიდი სავალე ტვირთი აქვთ ესპანეთსა და პორტუგალიას და ასევე, ბელგიასაც. სწორედ ამიტომ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გერმანული ეკონომიკის აღდგენის შენარჩუნებას მომავალში, ძირითადად, განაპირობებს ქვეყნის შიდა მოთხოვნა და სამომხმარებლო ხარჯების ზრდა, რასაც, თავის მხრივ, განაპირობებს გერმანიაში ხელფასების მატება. ასე მაგალითად, 2011 წლის თებერვლიდან სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ Man SE-ს განზრახული აქვს თავის თანამშრომლებს ხელფასები 2,7%-ით მოუმატოს. გარდა ამისა, არ წყდება ქვეყანაში ახალი სამუშაო ძალის შერჩევაც. მაგალითად, სპორტული ავტომობილის მწარმოებელი Porshe SEაპირებს 100-ზე მეტი ინჟინრის ვაკანსიის გამოცხადებას იმის გამო, რომ იგი ვეისახში ქვეგანყოფილების ჩამოყალიბებას გეგმავს, ხოლო ავტოინდუსტრიის მსოფლიო ლიდერი Bayerische Motoren Werke AG მზად არის მიუნხენში 500 ახალი სამუშაო ადგილი შექმნას. ავტოწარმოებაში კიდევ ერთი ლიდერი Volkswagen AG 2015 წლამდე 50 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს, საიდანაც თვითონ გერმანიაზე 10% მოვა (დანარჩენი სხვა ქვეყნის წარმომადგენლობებში). ავტოინდუსტიის ორი გიგანტი – Bayerische Motoren Werke AG da Daimler Marsedes-Benz-ის ქვეგანყოფილება ახლ მოდელებზე დიდი მოთხოვნის გამო საშობაო არდადეგების შემცირებასაც კი აპირებენ. 
      გაგრძელდება თუ არა გერმანულ სამრეწველო პროდუქციაზე ასეთი მაღალი მოთხოვნა 2011 წელსაც თუ წინასაშობაო ფორიაქის შემდეგ გერმანიაში ისევ დადგება დღესასწაულების შემდეგი დეპრესია? ოფიციალური ბერლინი თავის პროგნოზებში ძალიან ოპტიმისტურია. Deutsche Bundesbank-ის ექსპერტებმა გერმანიის ეკონომიკის ზრდის ადრინდელი პროგნოზი ზრდის მიმართულებით შეცვალეს, მიმდინარე წლის შედეგებით, 3,6%-მდე, ასეთი მაღალი ზრდა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა 1992 წლიდან, მართალია 2011 წელი არ იქნება გამორჩეული ასეთი წარმატებით, მაგრამ რეკორდულმა წელმა კარგი საფუძველი უნდა დაუდოს მომავალში გერმანული ეკონომიკის წარმატებული ადღდგენის პროცესის გაგრძელებას. 
      ჩინეთმა განაკვეთი არ გაზარდა 
      დეკემბრის მეორე კვირას, ბაზრის მონაწილეები ჩინეთის რეგულატორის მოქმედებებთან დაკავშირებით თავიანთ მოლოდინში შეცდნენ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოულოდნელად გადადო მაკრო სტატისტიკის მორიგი სიახლეების გამოქვეყნება. ინფლაციის დაჩქარებაში ეჭვი აღარავის ეპარება (ნოემბერში 2 წლისა და 4 თვის განმავლობაში მან მიაღწია 5,1%-ს წლიდან წლამდე, ხოლო თვიდან თვემდე 1,1%-ს), ინვესტორებმა ალბათ იფიქრეს, რომ სტატისტიკური მაჩვენებლების გამოქვეყნების გადადება უკავშირდებოდა ხისტი შემაკავებელი ღონისძიებების პაკეტის მომზადებას. მოლოდინი ნაწილობრივ გამართლდა: 10 დეკემბერს ჩინეთის სახალხო ბანკმა, ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ, ბანკებისთვის სავალდებულო რეზერვი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა, ამასთან, საბაზისო განაკვეთი არ გაუზრდია. 
      ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ ოქტომბერში განაკვეთის გაზრდის შემდეგ, ნოემბერში ფულადი მასა “მშვიდად იქცევა”, აგრეგატი M1 გაიზარდა 22,1%-მდე (ისევე, როგორც ერთი თვით ადრე), ხოლო ფულადი აგრეგატის ზრდამ M2 მნიშვნელოვნად მოიმატა – 19,3%-დან ნოემბრის 19,5%-მდე, ეს არის ყველაზე მაღალი ნიშნული ნახევარი წლის განმავლობაში. 
      ნოემბერში საცალო გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18,7%-ით, რაც ექვივალენტურია იანვრის დასაწყისის 18,4%-იანი ზრდისა. დეკემბრის პირველმა ორმა კვირამ ანალიტიკოსებსა და ჩინური ბაზრების სპეციალისტებს კიდევ რამდენიმე პოზიტიური სიურპრიზი გაუკეთა: ნოემბერში ექსპორტი წლიურ შეპისრისპირებაში გაიზარდა 34,9%-ით, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ისინი ამ მაჩვენებლის ზრდას 13,6%-ის დონეზე ფიქრობდნენ. ამასთან, ჩინეთის სავაჭრო ბალანსმა ნოემბერში მიაღწია 22,89 მილიარდ დოლარს, მწარმოებელთა ფასების ინდექსმა გადააჭარბა ანალიტოკოსების ნოემბრის 1-პროცენტიანი პუნქტის მოლოდინს და 6,1% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ჩინური ეკონომიკის აქტივობის ფიქსირებას სამრეწველო წარმოების ტემპების ზრდის მიხედვით მოვახდენთ, აქ ბაზრის მოლოდინი საკმაოდ მაღალია და ოფიციალური სტატისტიკისთვისაც არ იქნება ადვილი ამ ასპექტში თავის შენარჩუნება. თუმცა, ნოემბერში ეს მოხერხდა: სამრეწველო წარმოება ქვეყანაში გაიზარდა 134,3%-ით, ეს კი, 30 საბაზისო პუნქტით მეტია, ვიდრე მოლოდინი იყო. 
      წლის დასაწყისში ჩინეთის სამრეწველო წარმოების ზრდის ტემპი 15,8%-ით განისაზღვრა, რაც შეესაბამებოდა კიდეც ბაზრის მოლოდინს. უძრავი ქონების ბაზარზე სპეკულატიური აქტივობის მოკლევადიანი ვარდნის მიუხედავად, საწამოო სექტორში გაზრდილი აქტივობა დესტიმულირებულ იქნა 2011 წლისთვის განაკვეთის ზრდის მოლოდინით. გადამღლელი მოლოდინის ფონზე გასულ თვეში ჩინურმა ბაზრებმა დაახლოებით 10% დაკარგეს. 
      CNBC, შანჰაის სამრეწველო ბანკის მთავარი ეკონომისტის, ლიუ ჩჟენვეის ციტირებას ახდენს: “ჩვენ ველოდით, რომ ბანკების რეზერვების მიმართ მოთხოვნას კვლავ გაზრდიდნენ და ეს დროულად მოხდა კიდეც, რაც ჭარბ ლიკვიდობასთან ბრძოლას შეძლებს. თუმცა, ჩინეთის სახალხო ბანკს კიდევ რჩება მანევრირებისთვის დიდი რეზერვი. რამდენიმე ეტაპს აუცილებელი რეზერვირებისთვის 2011 წლის I კვარტალში ველოდებით”. 
      აღნიშვნად ღირს, რომ რეზერვირების ნორმების გაზრდა ჩინური ბანკებისთვის ძალაში 20 დეკემბერს შევიდა. ანალიტიკოსები ელიან, რომ მთელი 2011 წელი ჩინეთში ჩაივლის ლოზუნგით: “არ მივცეთ ინფლაციას ჩვენზე გამარჯვების უფლება”. 
      ბრიტანეთის ცენტრალურ ბანკს სტიმულების პროგრამაში ცვლილებები არ შეაქვს 
      დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აღდგენას სტაბილურად განაგრძობს, რაზედაც ბოლო სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. უფრო მეტიც, ქვეყნის ეკონომიკას შესწევს ძალა დაუპირისპირდეს ისეთ სერიოზულ დაბრკოლებას, როგორიც არის ბიუჯეტის დეფიციტის უპრეცედენტო შემცირება, რომელსაც დევიდ კემერონის მინისტრთა კაბინეტი გეგმავს. ასეთ დასკვებამდე მივიდნენ ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები და სტიმულების პროგრამა ხელუხლებელი დატოვეს. 
      თავიანთი ოკენისგაღმელი კოლეგებისგან განსხვავებით, ბრიტანეთის მონეტარულმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გააფართოვონ თავიანთი სავალე ვალდებულებების გამოსყიდვის პროგრამა, რომლის მოცულობაც მოცემულ მომენტში შეადგენს 200 მილარდ ფუნტ სტერლინგს. ინგლისის ბანკმა ასევე ხელუხლებელი დატოვა რეფინანსირების საბაზისო განაკვეთი 0,5%-ის დონეზე. მერვინ კინგის უწყების გადაწყვეტილებამ, რომ არ გაეძლიერებინა ეკონომიკისთვის დახმარება, ქვეყანას საშუალება მისცა, პირველ რიგში, მიმდინარე წლის 3 კვარტალში ეკონომიკის მდგრადი განვითარება უზრუნველეყო. ბოლო ათწლეულის მანძილზე მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ნისლიანი ალბიონის ეკონომიკის ყველაზე ძლიერი ზრდის შემდეგ, ზრდის ტემპის შემცირება გარდაუვალია. ექსპერტების აზრით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სასაცილო სურათიც ამის დასტურია. Markit Economics e Chartered Institute of Purchasing and Supply-ის ექსპერტების მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები გვაჩვენებენ, რომ ბრიტანული ეკონომიკის დამამუშავებელი მრეწველობა და მისი მომსახურების სფერო თავისი აქტივობის პიკშია, სამშენებლო სექტორის მდგომარეობა სუსტი რჩება. დამამუშავებელ მრეწველობაში ასეთი აქტივობა არ დაფისქსირებულა ბოლო 16 წლის მანძილზე, ხოლო მომსახურების სფეროში აქტივობა რჩება ბოლო ოთხი თვის მაქსიმალურ დონესთან მიახლოვებული. ამასთან, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ვარდნის გაგრძელების ფონზე, აქტივობა სამშენებლო სექტორში ბოლო 8 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ინგლისში ეკონომიკური ზრდა გრძელდება. სოციალური და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (NIESR) ექსპერტების მონაცემების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მშპ აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის 0,5%-იანი ზრდის შემდეგ გაიზარდა 0,6%-მდე. ასე რომ, მოცემულ მომენტში, დიდი ბრიტანეთის მონეტარული ხელისუფლება მაღალი ინფლაციით უფრო შეშფოთებულია, ვიდრე ეკონომიკის ზრდის შენელებით. უკვე მერამდენედ, მერვინ კინგის უწყებაში არჩიეს, ჯერჯერობით არსებულის განჭვრეტის პოლიტიკაზე შეჩერდნენ, ეგრეთ წოდებული წაიტ-ანდ-სეე-ის პოლიტიკა, მანამდე, სანამ არ გახდება ცნობილი, რა შედეგებს მოიტანს ბიუჯეტის დეფიციტის რადიკალური შემცირება. 
      როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი, დევიდ კემერონმა მინისტრთა კაბინეტის წინაშე დააყენა ამოცანა, რომელიც ითვალისწინებს 2016 წლამდე სახელმწიფო ვალის განულებას. როგორც ადრე ვიუწყებდით, დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ხარჯების უპრეცედენტო შემცირება სახელმწიფო სექტორში 500 ათასი ადამიანის შემცირებას ითვალისწინებს. ასევე, გადასახადების გაზრდას ბანკებისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო შემოსავლების “მაქსიმალური მხარდაჭერა”. ფინანსთა მინისტრი, ჯორჯ ოსბორნი სახელმწიფო დეფიციტის – 156 მილიარდ ფუნტ სტერლინგის ფარგლებში (მშპ-ის დაახლოებით 11%) – შემცირებას 83 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე აპირებს, თითქმის ორჯერ. ყველა სამინისტროსა და უწყებას ხარჯები საშუალოდ 25%-ით ჩამოეჭრება. გადაწყვეტილების მიღებისას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრებს შორის შეხედულებები გაიყო. ბრიტანული ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრის, ადამ პოსენმა კოლეგები გააფრთხილა ეკონომიკის ზრდის ტემპების მნიშვნელოვანი შენელების საფრთხის თაობაზე სახელმწიფო ხარჯების ასეთი შთამბეჭდავი შემცირების ფონზე, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს სამომხმარებლო მოთხოვნის ვარდნას და ყველას მოუწოდა, აქტივების გამოსყიდვის პროგრამის გაფართოებისკენ. ამავდროულად, მისი ოპონენტი, ენდრიუ სენტანსი მიმდინარე წლის ივნისიდან კოლეგებს მოუწოდებს რეფინანსირების საბაზისო განაკვეთი გაზარდონ, რასაც ინფლაციის რისკის ზრდით ხსნის. 
      ჯერჯერობით, ცხადია, რომ პირველი სამი კვარტლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ბრიტანეთის მონეტარულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეამციროს ინფლაცია, რომელიც უკვე მიყოლებით რვა თვეა ინგლისის ბანკის მიერ დადგენილ საზღვრებს სცილდება – 3%-ს. მართალია, დიდი ბრიტანეთის სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა აპრილის 3,7%-დან ოქტომბერში 3,2%-მდე ჩამოვიდა, დაისახა ინფლაციის დაჩქარების ტენდენცია. ოქტომბრის 3,2%-იან ზრდა მოჰყვა ზედიზედ სამი თვის განმავლობაში 3,1%-იან ზრდას, ხოლო პროგნოზების მიხედვით, წლური ინფლაცია ნოემბერში ასევე 3,2% იქნება. მომავალ წელს ინფლაციური ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება, ვინაიდან იგეგმება გაყიდვებიდან გადასახადის გაზრდა, რომელიც ძალაში იანვრისთვის შევა და ნედლეულზე მაღალ ფასებთან ერთად გარდაუვლად გამოიწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპების მომატებას. 
      მერვინ კინგის უწყებამ არა ერთხელ განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების პროგნოზი უმთავრესია იმ გადაწყვეტილების მისაღებად, გააფართოვონ თუ არასავალე ვალდებულებების გამოსყიდვის პროგრამა თუ დაიწყონ სტიმულების გამოწვევა. ნათელია, ბრიტანეთის ცენტრალურ ბანკში დარწმუნებულნი არიან, რომ სტიმულების გაძლიერების საკითხი, მომავალ, 2011 წლისთვის უფრო აქტუალური გახდება, როცა გამოიკვეთება ბიუჯეტის დეფიციტის რადიკალური შემცირების შედეგები. 
      დეპარტამენტმა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტზეა პასუხისმგებელი, შემცირების მხარეს შეცვალა არსებული პროგნოზი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შესახებ – 2011 წლის ფინანსურ წელს 2,3%-დან 2,1%-მდე და 2015 წლამდე 330 000 სამუშაო ადგილის დაკარგვა ივარაუდა. 
      ამერიკელებს ხვალინდელი დღის უფრო და უფრო სჯერათ 
      მიჩიგანის შტატის უნივერიტეტისა და ღეუტერს-ის ერთობლივი გამოკვლევის შედეგად, რომელიც სამომხმარებლო რწმენის ინდექსს ეხება, ირკვევა, რომ ამერიკელებს ხვალინდელი დღის მეტად სჯერათ. ბოლო, ნოემბრის მონაცემებით, ინდექსი 71,6 პუნქტიდან 74,2 პუნქტამდე ავიდა. 
      მეორე პოზიტიური სიახლე დოლარის კონტინენტიდან ის არის, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტი იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ – 38,7 მილიარდი დოლარამდე. ანალიტიკოსები ამ ციფრს 42,4 მილიარდი დოლარის ფარგლებში ელოდნენ. ეს კი, თავის მხრივ, აზია-წყნარი ოკეანიის რეგიონის მოსახლეობის მსყიდველობითი აქტივობის ზრდით გახდა შესაძლებელი.რედაქციისგან 

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial