წლის მთავარი გამოწვევა

მაკა ღანიაშვილი

ინფლაციამ საქართველოში, გასული წლის ბოლოს პროგნოზირებული 6 პროცენტის ნაცვლად, 11,2 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ოფიციალური მაჩვენებლის მიხედვით, იანვარში საქართველოში 12,3%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. მოსახლეობისთვის რაც ყველაზე მტკივნეულია, ფასებმა მოიმატა პირველადი მოხმარების პროდუქტზე. საქართველოს მთავრობაც და ეროვნული ბანკიც უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ 2011 წელს საქართველოს მთავარი გამოწვევა ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ნებისმიერი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა კი, ჯერ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებით უნდა დაიწყოს.

დღეისათვის, საქართველოში ინფლაციის გამომწვევ ორ მიზეზზე შეიძლება ვისაუბროთ: შიდა და გარე ფაქტორებზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა (საქართველოში იმპორტირებული საქონელი ექსპორტირებულს მინიმუმ სამჯერ აღემატება), ჩვენთან არსებული ფასები დიდწილად არის დამოკიდებული მსოფლიო ფასებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით: “ჩვენი ინფლაციის 90 პროცენტი გამოწვეულია გარე ფაქტორებით, ეს ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკის ადექვატურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”.
დიდი პრობლემაა არა მხოლოდ ინფლაცია და მისი შედეგები, არამედ ქვეყანაში მისი გამომწვევი მიზეზებიც. ინფლაციის გამომწვევ შიდა ფაქტორებზე ეკონომიკის ექსპერტმა, მერაბ კაკულიამ, გაზეთ “ბანკები და ფინანსების” მიერ მოწყობილ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ექსპერტებმა საქართველოში ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს. “ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი ის მოდელი, რომელიც 2010 წელს საქართველოში განხორციელდა. იგულისხმება, ერთი მხრივ, ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება საბიუჯეტო ხარჯებით და, მეორე მხრივ, ეკონომიკის დაკრედიტების მაქსიმალური წახალისება, მათ შორის, ეროვნული ბანკის პოლიტიკის ხელშეწყობით. საბოლოო ჯამში, ფისკალურმა სტიმულირებამ და დაკრეტიტების ხელშეწყობამ გამოიწვია მიმოქცევაში გასული ფულის მასის ზრდა და ფულადი აგრეგატების მკვეთრად აღმავალი დინამიკა. ფულადი აგრეგატების ზრდას გაცილებით უფრო წინმსწრები ტემპი ჰქონდა, ვიდრე ეკონომიკური აქტივობის ზრდას. ამან ხელი შეუწყო ფასებზე გარე ფაქტორების გავლენის ნეგატიურ ზრდასაც” – აღნიშნა მერაბ კაკულიამ.
კვების პროდუქტების დეფიციტი, რის შესახებაც გაეროს ექსპერტები მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია აფრთხილებენ, მსოფლიო სასურსათო ბაზრებზე მართლაც შეიქმნა. ინფლაციის თითქმის 80%-იანი წილი მსოფლიოში სწორედ სურსათის ფასებზე მოდის. გაძვირებულია ხორბალი, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს – კვლავ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა რუსეთში, სადაც შარშანდელმა გვალვამ მარცვლეულის მსოფლიო დეფიციტის შექმნაში დიდი როლი ითამაშა. მწირი მოსავლის გამო რუსეთმა ფქვილის ექსპორტი შეწყვიტა. კვლავ მოქმედებს ექსპორტზე შეზღუდვები უკრაინაშიც. შესაძლოა, მარცვლეულის ქვეყნიდან გატანა შეზღუდოს არგენტინამაც.
ხორბლის გაძვირების კვალდაკვალ, კვების სხვა უმთავრესი პროდუქტიც ძვირდება. რეკორდსმენი კვლავაც შაქარია. წლეულს გაორმაგებულია კარტოფილის ფასიც, გაძვირდა ბრინჯი. მწვავედ დეფიციტურია წიწიბურა, რომელიც არც რუსეთში იშოვება და ვეღარც უკრაინიდან შემოაქვთ. მსოფლიო ტენდენციის გავლენით მოსალოდნელია ყავაზე ფასის ზრდაც. კოტ-დივუარიდან კაკაოს მარცვლის ექსპორტის შეფერხების გამო მსოფლიოში კაკაოსა და შოკოლადზე ფასების 10%-ით ზრდაა მოსალოდნელი. მზესუმზირის ზეთის შესასყიდი ფასი უცხოეთის ბაზრებზე 20%-ით გაიზარდა. ამას დაემატა საწვავის გაძვირება, გაიზარდა კომუნალური ხარჯებიც. ქართველმა მომწოდებლებმა ტომარა შაქარის ფასი 6 ლარით გაზარდეს, შედეგად, მისი ჩაბარების ფასი უკვე 120 ლარს გადასცდა. 6-7 ლარით მოიმატა ფქვილის ფასმაც. წისქვილკომბინატები ბითუმად ტომარას 50-52 ლარად ჰყიდიან. ზოგიერთმა მიმწოდებელმა უკვე 10 თეთრით გაზარდეს პურის საცალო ფასი ბაზარზეც.
მსოფლიოში მიმდინარე ამ ტენდენციებს უსვამს ხაზს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში: “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, სასურსათო საქონლის ინდექსი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მსოფლიო მასშტაბით. ევროკავშირის ქვეყნებში, 2011 წლის იანვარში, ინფლაციის ბოლო 2 წლის ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. აშშ-ში, ნიუ იორკის ბირჟაზე შაქრის ფასმა ბოლო 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია. იგივე მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. საქმე გვაქვს ჩვენს რეალობაში მსოფლიო ფასების ადექვატურ ასახვასთან, რადგან საქართველოში ფასები გაზრდილია იგივე სასაქონლო ჯგუფზე, რომელიც მსოფლიოში სხვაგანაც გაძვირდა. ჩვენი ინფლაცია იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათა ორიენტირებულია, ძირითადად, სასურსათო საქონელზე, მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში კალათის შემადგენლობა განსხვავებულია და 10%-ზე ნაკლებს შეადგენს… შედარებისთვის: 2007 წელს 11-პროცენტიან ინფლაციაში სურსათის გავლენა იყო 5,7%. ხოლო 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის დროს, მაშინ, როდესაც მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად გაძვირდა სურსათი, 12,8% ინფლაციაში სურსათის გავლენა იყო 7,9%. დღეის მდგომარეობით კი, 12,3% ინფლაციაში სურსათის გავლენაა 10,2%” – ვკითხულობთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრეს-რელიზსში (www.geostat.ge).
მართალია, ბუნებრივი კატაკლიზმების გამო საკვებ პროდუქტების ბევრ ექსპორტიორ ქვეყანაში მოსავალი მათლაც საგრძნობლად შემცირდა და ფასებიც გაიზარდა, მაგრამ, ეროვნული ბანკის წარმომადგენლების პოზიციას, იმის შესახებ, რომ გარე ფაქტორების წილი საქართველოში ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელში 90%-ია, ყველა არ იზიარებს.
მერაბ ჯანიაშვილი, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი: “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციას არ ვიზიარებ, რადგან მარტივი გათვლებითაც მტკიცდება, რომ ტყუილია. თუ მსოფიოში ხორბლის და შაქრის ფასების ზრდამ საქართველოში ორნიშნა ინფლაცია გამოიწვია, მაშინ რატომ არ არის ორიშნა ინფლაცია იგივე სომხეთში (2010 წელს 7,5%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა), რომელიც ამ პროდუქტების იმპორტზე ჩვენზე მეტადაა დამოკიდებული. ასეთივე მდგომარეობაა აზერბაიჯანში (5,5%), უკრაინაში (9,1%), ევროპაში (2,2%), ამერიკაში (1,6%) და სხვა ქვეყნებში. თუ ეროვნული ბანკის პოზიციას ვენდობით, შაქარს, ხორბალს და ნავთობს საქართველოში გაცხოველებით მოვიხმართ, ხოლო სხვა ქვეყნებში ამ პროდუქტებს არ მიირთმევენ.
ს.ე. – თქვენ რას მიიჩნევთ ინფლაციის მთავარ გამომწვევ მიზეზებად?
მ.ჯ. – ინფლაცია არის მონეტარული მოვლენა, რომელსაც იწვევს მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდა ან პროდუქციის რაოდენობის შემცირება, შესაბამისად მას მთავრობის და ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკა იწვევს. გასულ წელს ეკონომიკის ზრდა გვქონდა 6,5%, ხოლო მიმოქცევაში არსებული ფულის მასა გაზრდილია 20%-ით. აქედან გამომდინარე, ინფლაციაში ნომერ პირველი დამნაშავე ეროვნული ბანკია, ხოლო მეორე – ფინანსთა სამინისტრო.
2010 წლის პირველ ნახევარში სებ-მა შეარბილა მონეტარული პოლიტიკა და მკვეთრად გაზარდა ბანკების დაკრედიტება. თუ 2009 წელს რეფინანსირების სესხებით დღეში საშუალოდ 60-70 მლნ ოდენობის სესხი გაიცემოდა, 2010 წელს ამ მაჩვენებელმა 200 მლნს მიაღწია. ბანკები სებ-ისგან აღებული დაბალპროცენტიანი სესხებით მთავრობის გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს ყიდულობდნენ, 2010 წელს 463 მლნ ლარის ვალდებულება იქნა გამოშვებული. ანუ, გამოდის, რომ ეროვნული ბანკი ბეჭდავდა ახალ ფულს, რომელსაც ბანკების გავლით ბიუჯეტში დეფიციტის დასაფინანსებლად რიცხავდა და იმ ფულის მიმოქცევაში გასვლა, რომელიც ბაზრიდან არ არის ამოღებული, ინფლაციას რომ გამოიწვევდა, ეს ძალიან მარტივი ეკონომიკური თეორიაა.
ზოგადად, საერათაშორისო ბაზარზე რაიმე პროდუქტის ფასის ზრდამ არ შეიძლება, რომ ქვეყანაში ფასების საერთო დონის ზრდა გამოიწვიოს. საქართველოში ჯერ კიდევ აგვისტოში 9,5%-იანი ინფლაცია გვქონდა, როცა არც ხორბალი, არც შაქარი და არც ნავთობი გაძვირებული არ იყო. შესაბამისად, ჩვენ ჯერ ინფლაცია გვქონდა და მერე საერთაშორისო ფასების ზრდა და არა პირიქით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში გამოწვეულ ინფლაციაში მთავრი დამნაშავე ეროვნული ბანკია და მის მიერ ინფლაციის ეგზოგენურ ფაქტორებზე გადაბრალება ტყუილია და სხვა არაფერი – აღნიშნავს მერაბ ჯანიაშვილი.
ექსპერტები ინფლაციის წამახალისებელ კიდევ ერთ ფაქტორზე საუბრობენ, ეს არის ოლიგოპოლიური ბაზრები, ადამიანებისთვის მაღალი სამომხმარებლო ხასიათის მქონე საქონელზე. ეკონომიკის ექსპერტი, დავით ნარმანია: “ინფლაციის გამომწვევ მიზეზებად გვევლინებიან, როგორც საგარეო, ასევე შიდა ფაქტორები. საგარეო ფაქტორები განსაკუთრებით 2010 წლის ზაფხულიდან გაძლიერდა, ვთქვათ, როგორიც იყო ყველა ძირითადი კატეგორიის საკვები პროდუქტების ფასების ზრდა საერთაშორისო ბირჟებზე. საუბარია, შაქრის, წიწიბურას, ხორბლისა და სხვა სამომხმარებლო პროდუქციის ფასებზე. ამას დაემატა საწვავის ფასების ზრდაც. ეს იყო გარე ფაქტორები, რასაც განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში, მაღალი მოთხოვნიდან გამნომდინარე, ფასების შიდა ზრდაც დაემატა. ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გატარება ინფლაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა, მხოლოდ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არ არის საკმარისი. მთავრობას უფრო ადრე უნდა დაეწყო რეალური ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბება და საბიუჯეტო სახსრების კონიუნქტურის სხვანაირად გადანაწილება, რაც შეზღუდავდა ფასების ზრდის სწრაფ ტემპს ქვეყანაში. თუმცა, მთავრობამ ამაზე ფიქრი გვიან დაიწყო, მხოლოდ 2010 წლის დეკემბერში, როდესაც პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას ანტიინფლაციური გეგმის შემუშავება. თუმცა, ჯერჯერობით, ეს გეგმა არ არის წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ თვენახევარია გასული. ჩვენ ვერც საბიუჯეტო გეგმაში და ვერც მთავრობის პოლიტიკაში ვერ ვხედავთ მთავრობის მწყობრ ნაბიჯებს, იმასთან მიმართებაში, თუ როგორ აპირებს ქვეყნის ხელისუფლება ინფლაციასთან ბრძოლას. ეს ეხება იმავე შაქრის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებს, სადაც მონოპოლიური თუ არა, ოლიგოპოლიური გარიგებები ნამდვილად არსებობს. ყოველივე ეს იმაში გამოიხატება, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ფასების ზრდის ტემპებთან შედარებით ფასები ზრდის გაცილებით დიდი ტემპები გვაქვს ქვეყნის შიგნით. ერთი შეხედვით, ბაზარზე წარმოდგენილია ბევრი კომპანია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმპორტიორების რაოდენობა შეზღუდულია, რომლებიც საქონელს მცირე მოვაჭრეებს მაღალ ფასად აწვდიან”.
მერაბ ჯანიაშვილი, “‘ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი: “რა თქმა უნდა, ჯანსაღი კონკურენციის არარსებობა ხელს უწობს სხვადასხვა პროდუქციაზე არარეალური ფასის დადგენას, რადგან ოლიგოპოლური ან მონოპოლიური ფასი წარმოუდგენელია სამართლიანი იყოს. შესაბამისად, როდესაც ბაზარზე არ არის კონკურენცია, კომპანიები არ აწესებენ ოპტიმალურ ფასს, რაც ფასების რეალურზე მეტად ზრდას იწვევს. მაგალითად, როდესაც საუბარია ხორბლის გაძვირებაზე, რატომღაც არავინ უყურებს ხორბლის საერთაშორისო ფასის სტატისტიკას ბოლო წლებში. 2010 წელს ხორბლის ფასს ისტორიული მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია. ხორბალზე ყველაზე მაღალი ფასი 2008 წლის მარტში დაფიქსირდა, იქიდან მოყოლებული 2010 წლის ივნისამდე ხორბალი 64%-ით გაიაფდა, რის პარალელურადაც საქართველოში პური რატომღაც არ გაიაფებულა. ხოლო ივნისიდან დეკემბრამდე 94%-ით გაძვირდა, რამაც საქართველოში პურის საშუალოდ 15-20%-ით გაძვირება გამოიწვია. ანუ 2008 წლის მარტთან შედარებით 2010 წლის დეკემბრამდე ხორბლის საერთაშორისო ფასი 30%-ითაა გაიაფებული. ჩვენთან კი პური გაძვირებულია. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ სუსტ კონკურენციაზე”.
რა სტრატეგიას ირჩევს ეროვნული ბანკი და რას მოუტონს ეს ეკონომიკას?
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ მზარდი ინფლაციის მოსათოკად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას განაგრძობს. საპროცენტო განაკვეთისა თუ უცხოური კაპიტალის სარეზერვო ნორმების გაზრდით ეროვნული ბანკი შეეცდება მიმოქცევაში არსებული ფულის მასის შემცირებას, რამაც, სავარაუდოდ, ინფლაცია ერთნიშნა უნდა გახადოს, მაგრამ ამ ნაბიჯებს თან ახლავს უკუშედეგებიც. მათ შორის, კრედიტებისა და სესხების რაოდენობის კლება და გაძვირება.
“მიმაჩნია, რომ წლის პირველ ნახევარში რაღაც გარკვეული შემსუბუქება უნდა იყოს ინფლაციურ ზეწოლაში. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ეროვნულ ბანკს მოუწევს ყველა იმ საშუალების გამოყენება, რომელიც მას გააჩნია იმისთვის, რომ გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს დაკრედიტების გაძვირებას” – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 18 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის ეტაპობრივად გაზრდის შესახებ. ეროვნულმა ბანკმა 17 თებერვლიდან 15%-მდე გაზარდა სარეზერვო მოთხოვნა უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის. “იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის გაჩენის რისკი, მიზანშეწონილია გამკაცრების პოლიტიკის გაგრძელება,” – აცხადებენ ბანკში და ამბობენ, რომ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს მომავალშიც დააკვირდებიან და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. “ეროვნული ბანკი მზად არის ინფლაციური ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა,” – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსალოდნელია თუ არა კრედიტების ხელმისაწვდომობის შემცირება და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ პოლიტიკამ ბიზნეს-სექტორის განვითარებაზე? ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის ადექვატურობის შესახებ კრიტიკა გასული წლის მანძილზე არა ერთხელ გამოითქვა. თუმა, ამჯერად, ექსპერტების დიდი ნაწილი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობას აღიარებს, ინფლაციის შემცირების ქმედით მექანიზმად ეკონომისტები, უპირველესად, ბაზარზე ფულის მასის შემცირებას მიიჩნევენ. ბიზნესმენების ნაწილი კი იმ უარყოფით ეფექტზე საუბრობს, რაც უცხოური კაპიტალის ადექვატურობის კოეფიციენტის 15 პროცენტამდე გაზრდასა და საპროცენტო განაკვეთის მატებას შეიძლება მოჰყვეს.
საინტერესოა, რას ფიქრობენ ექსპერტები სებ-ის სამომავლო გეგმებზე? როგორ აფასებენ ისინი ეროვნული ბანკის პოლიტიკას?
მერაბ ჯანიაშვილი, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტი: “პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკება არ უნდა დაბეჭდოს ახალი ფულის მასა, რომელსაც მიმოქცევაში ჩაუშვებს. ამასთან, აუცილებელია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. მთავრობა უნდა ხარჯავდეს იმდენს, რამდენიც აქვს და არ უნდა ახდენდეს ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას სახაზინო ვალდებულებების მეშვეობით, თუ მიმდინარე შემოსავლებით დაიფარება მიმდინარე ხარჯები. ამასთან, თუ პრივატიზაციიდან მიღებული თანხებით მოხდება საგარეო ვალდებულებების გასტუმრება, ეს ინფლაციური პროცესების შეჩერებას შეუწყობს ხელს”.
ეკონომიკის ექსპერტი, დავით ნარმანია: “ეროვნულ ბანკს სხვა გზა არ აქვს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების გარეშე უფრო მაღალ ინფლაციის მაჩვენებელს მივიღებთ. სასწორზე მართლაც 2 რამ დევს – ერთი მხრივ, მეტი ბიზნეს-აქტოვობა და მეორე მხრივ, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი. ასე რომ, ეროვნულმა ბანკმა გარკვეული არჩევანი გააკეთა ამ შემთხვევაში და მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ ეროვნული ბანკის გამკაცრებული პოლიტიკა საკმარისი არ არის. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს ყველაფერი საკმარისი იქნება, თუ მთავრობამაც არ გაატარა შესაბამისი პოლიტიკა, იქნება ეს, საბიუჯეტო ხარჯების გადახედვა თუ რეალური ანტიმონოპოლიური ქმედებების განხორციელება, რომელიც შეზღუდავდა მონოპოლური თუ ოლიგოპოლური ბაზრების მონაწილეების ზეგავლენას ფასებზე”.
ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია, რომ მთავრობები ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ხშირად დგანან არჩევანის წინაშე- უმუშევრობის ზრდასა და ფასების მოთოკვას შორის. ეს ლოგიკურიცაა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, ბიზნეს-სექტორის გააქტიურებას შეაფერხებს. ამასთანავე, საჭიროა გარკვეული დრო იმისათვის, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა აისახოს ინფლაციაზე. ამიტომაცაა, რომ სპეციალისტების პროგნოზით, ინფლაცია რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ მოიმატებს და ფასები მხოლოდ წლის მეორე ნახევარში გახდება შედარებით სტაბილური. ამასთანავე, აუცილებლად ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების კვალდაკვალ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial