ხელფასებს გვიმატებენ?!

მაია რაზმაძე

2002 წლის მარტში მთავრობის სხდომაზე “მინიმალური ხელფასისა Dდა საარსებო მინიმუმის თანაფარდობის გაუმჯობესების 2002-2005 წლების სახელმწიფო პროგრამის” პროექტი განიხილეს. ეს პროექტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად მომზადდა და მინიმალური ხელფასის 50 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.

გვესაუბრება პროექტის თანაავტორი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, აკაკი ზოიძე.

რა გათვლებს და გაანგარიშებებს ეყრდნობა იგი?
პროგრამა მოიცავს ღონისძიებათა სისტემას, რომელიც მიმართულია მინიმალური ხელფასის ზრდისა და მთლიანობაში ხელფასისათვის სამუშაო ძალის კვლავწარმოებითი ფუნქციის მინიჭებისაკენ. მისი ძირითადი მიზანია, დაქირავებულ მუშაკთა მიხედვით სიღარიბის დონის თანდათანობით შემცირება და Dშემდგომში მისი ლიკვიდაციისთვის პირობების შექმნა. რიგი ორგანიზაციული ღონისძიებები ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების სახელმწიფო რეგულირების სისტემის სრულყოფას, შრომის ინტენსიობისა და სამუშაოს ხარისხის ამაღლებას. დიდი ყურადღება ეთმობა დასაქმების სტრუქტურის რაციონალიზაციის და ოპტიმიზაციის პროცესის ეტაპობრივ განხორციელებას და მის შესაბამისობაში მოყვანას ეკონომიკის რეალურ მოთხოვნილებებთან.

პროგრამული მაჩვენებლის გაანგარიშება მოხდა მთლიანი შიდა პროდუქტისა და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლის მოსალოდნელი ცვლილებების შესაბამისად საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს გათვალისწინებით.

პროგრამა, ძირითადად, ითვალისწინებს არსებული ფინანსური რესურსების რაციონალურ და მიზნობრივ გამოყენებას და მაქსიმალურადაა შეზღუდული იმ ღონისძიებათა რიცხვი, რომელიც დაფინანსების ახალი სფეროების შემოღებასთანაა დაკავშირებული. მასში მოცემული მინიმალური და საშუალო ხელფასის მაჩვენებლები შეიძლება მიღწეულ იქნეს ეკონომიკური ზრდის ტემპების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გარეშე. ორგანიზაციული ღონისძიებების გატარებისა და ადმინისტრირების გაძლიერების შედეგად რეალურადაა შესაძლებელი გაცილებით მაღალი მაჩვენებლის მიღწევა.

რა იძლევა საფუძველს – როცა ჩვენი ეკონომიკა არ ვითარდება და მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, პროექტი იმუშავებს და ხელფასები გაიზრდება?
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების დასაწყისში მიზნად იქნა დასახული სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ფორმირება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს შემოსავლების მიხედვით მოსახლეობის შედარებით თანაბარ განაწილებაზე.

შრომის ანაზღაურებაში დიფერენციაციის კრიტერიუმების განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. დღევანდელ სიტუაციაში მიზანშეწონილია შემოსავლების, კერძოდ კი, ხელფასების მიხედვით დიფერენციაციის შემცირება, უფრო აქტუალურია სიღარიბის დონისა და სიღრმის შემცირება, ვიდრე შრომის ანაზღაურებაში თუნდაც არგუმენტირებული დიაპაზონების ჩამოყალიბება. განვითარების თანამედროვე ეტაპზე სოციალური პოლიტიკა იქითკენ უნდა წარიმართოს, რომ სხვაობა მინიმალურ ხელფასსა და საარსებო მინიმუმს შორის იყოს, რაც შეიძლება, ნაკლები.

“საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა საშემოსავლო დაბეგვრის სისტემაში. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის გამარტივების მიზნით უნდა განხორციელდეს პროგრესული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა. ამასთან, უნდა გაუქმდეს დაუბეგრავი მინიმუმი და მის საფუძველზე დამატებით მობილიზებული შემოსავლების მეშვეობით მინიმალური ხელფასი 2002 წლის მეორე ნახევრიდან განისაზღვროს არანაკლებ 50 ლარის ოდენობით.

მინიმალური ხელფასის გაზრდა ხომ არ მოხდება შედარებით მაღალხელფასიანთა ანაზღაურების შემცირების ან მათი ხელფასების დაბეგვრის გაზრდის ხარჯზე?
იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ღონისძიებების გატარებით ვერ მოხერხდება შედარებით მაღალხელფასიანი მუშაკების ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა, დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გამო მათი ხელფასის შემცირებას ადგილი არ ექნება. ამასთან, საგრძნობლად გაუმჯობესდება დაბალანაზღაურებადი ნაწილის მატერიალური მდგომარეობა. ამდენად, აღნიშნული ღონისძიება დადებითად უნდა იქნეს შეფასებული. ამასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება მინიმალური ხელფასის უპირატესი ზრდა საშუალო ხელფასთან შედარებით.

იქნება თუ არა მინიმალური ხელფასების გაზრდა ასახული 2003 წლის ბიუჯეტში და რა სახით?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, “საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წლის მეორე ნეხევრიდან მინიმალური ხელფასი განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით, რისი რეალიზაციაც უნდა განხორციელდეს საშემოსავლო დაბეგვრის სისტემის გამარტივებისა და დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების საფუძველზე დამატებით მობილიზებული შემოსავლების მეშვეობით.

ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ექსპერტული გათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მინიმალური ხელფასის გაზრდისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საჭირო არ გახდება.

ინფლაცია ყოველწლიურად იზრდება. როცა ეს პროექტი ძალაში შევა, შესაძლებელია მსყიდველობითუნარიანობა ისეთი დაბალი იყოს, რომ ხელფასის გაზრდას მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოჰყვეს. როგორ ფიქრობთ?
მინიმალური ხელფასისა და ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის პარამეტრები 2005 წლამდე პერიოდისათვის გათვლილია ფასების ინდექსის ზრდის შესაბამისად (წლიური 5-8%-ის ფარგლებში). ამდენად, ვფიქრობთ, რომ რეალური ხელფასის კლებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

ამავე მიზნით გათვალისწინებულია საარსებო მინიმუმის საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის სრულყოფა, კერძოდ, უკვე მზადაა და პარლამენტის კომიტეტში მიმდინარეობს განხილვა საქართველოს კანონის პროექტის “საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე”, რომლითაც ამოქმედდება კონკრეტული მექანიზმი ფასების ზრდის პირობებში მინიმალური ხელფასის მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნების მიზნით.

რა არის გათვალისწინებული პროექტში შრომის და ხელფასების ლეგალიზაციის მისაღწევად კერძო სექტორში?
დღეისათვის, არასაბიუჯეტო სექტორში შრომის ანაზღაურების სფეროში სახელმწიფოს ჩარევის ერთადერთ ინსტრუმენტს საერთო ეროვნულ დონეზე დაწესებული მინიმალური ხელფასი წარმოადგენს. მინიმალური ხელფასის ეფექტურობა იზღუდება ფარული ხელფასისა და ფარული დასაქმების დიდი მასშტაბებით, რომლებიც, თავის მხრივ, ჩრდილოვანი ეკონომიკის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენენ. ამასთან, წარმოების შეკვეცის პირობებში, როდესაც გაიზარდა გაჩერებული და არასრული დატვირთვით მომუშავე საწარმოების რიცხვი, ფართო გავრცელება ჰპოვა გრძელვადიანმა ე.წ. უხელფასო შვებულებებმა. ყოველივე ეს უაღრესად ართულებს დასაქმებულებისა და უმუშევრების იდენტიფიკაციას, ამცირებს კონსოლიდირებულ ბიუჯეტში საშემოსავლო და სოციალური გადასახადების მობილიზაციის დონეს, ართულებს სოციალური დაცვის მიზნობრივი პოლიტიკის გატარებას. რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მეთოდოლოგია. აღნიშნული გადასახადისაგან საბიუჯეტო შემოსავლები უაღრესად მცირეა, რაც, ძირითადად, საგადასახადო ადმინისტრირების დაბალი დონით და შემოსავლების დეკლარირების სისტემის მოუწესრიგებლობით არის გამოწვეული. ამ მიზნით, პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი ღონისძიებების რეალიზაციას:
მუშაკთა შვებულებების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას;
საშემოსავლო დეკლარაციების საყოველთაო ხასიათის უზრუნველყოფას;
საგადასახადო ადმინისტრირების გაძლიერებას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial