რამდენი თაობა დაბერდება ღირსეულ სიბერემდე

ალექსანდრა ლალიაშვილი

აქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ განახცადა, რომ სექტემბრიდან საქართველოში მინიმალური პენსია – 100 ლარი, ხოლო მომავალი წლის მეორე ნახევრიდან 100 დოლარი გახდება. საინტერესოა, რა იძლევა ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს? მით უმეტეს, რომ საქართველოში მოქმედი გადანაწილებითი საპენსიო სისტემა დიდი ხანია რეფორმას საჭიროებს და პენსიების მხოლოდ 10-20 ლარით მატება სასურველ შედეგს, ანუ საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანთა ღირსეულ სიბერეს ვერ უზრუნველყოფს. გადანაწილებითი საპენსიო სისტემა, თაობათა სოლიდარობის პრინციპს ეყრდნობა – დასაქმებული მოსახლეობა იხდის სოციალურ გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ბიუჯეტიდან ეს სახსრები ეძლევა პენსიაზე გასულებს. თუმცა, შემცირებულმა შობადობამ და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდამ, ასევე, წინასაარჩევნო პერიოდებში პენსიებით პოლიტიკური მანიპულირების (ხშირ შემთხვევაში, წარმატებული) მცდელობამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც მოსახლეობა ბერდება, საბიუჯეტო წნეხი კი იზრდება. საპენსიო ასაკის მოსახლეობა საერთო მოსახლეობის 16.6%-ს შეადგენს. მათი რაოდენობა 2000-2009 წლებში 4%-ით გაიზარდა. ამავე დროს, გაიზარდა უმუშევრობის დონე და მიგრაციის მაჩვენებელი. 20%-ით შემცირდა 15 წლამდე ბავშვების რაოდენობა. 2010 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენსიებზე მიმართული იყო 852 მილიონი ლარი – ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 12%-ზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიუჯეტის მთლიანი მოცულობის არცთუ მცირე წილია, არსებული საპენსიო განაკვეთები ვერც პენსიონერთა ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს და სახელმწიფოსაც საოპერაციო ფულის მნიშვნელოვან რესურსს უმცირებს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ბედავს გადადგას მკვეთრი ნაბიჯები ამ მიმართულებით და აუწყოს საზოგადოებას, რომ ისინიც ვალდებულნი არიან საკუთარ სიბერეზე იზრუნონ. სამაგიეროდ ხელისუფლება არ ერიდება პოპულისტურ ნაბიჯებს და თითქმის ყველა არჩევნების წინ პენსიების მატების შესახებ აკეთებს განცხადებებს. გამონაკლისი არც 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდია.
პენსიებით პოლიტიკური ქულების დაწერა მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებული მეთოდია. პენ-სიონერები აქტიური ამომრჩეველები არიან და ხშირად. მათი ხმები გადამწყვეტია გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად. თუმცა, ისინი ხშირად არჩევანს აკეთებენ მხოლოდ იმ საპენსიო დანამატებისა და სოციალური შეღავათების შესახებ დაპირებების მიღების შემდეგ, რასაც ამა თუ იმ კანდიდატისაგან იღებენ. პოლიტიკოსთა ნაბიჯები კი, ასეთ შემთხვევაში, არა ეკონომიკურ სტაბილურობასა და წინსვლას ემსახურება, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გათვლებია და ამომრჩეველთა მაქსიმალურად მეტი ხმის მიღებას ისახავს მიზნად. ამის მაგალითი ჩვენ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი არჩევნების წინ გვაქვს.
კარგად გვახსოვს 2008 წლის მაისში საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული ხმაურიანი გეგმა 100-დოლარიანი პენსიის შესახებ. ექსპერტების ნაწილი, არაფერს ვამბობთ პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციურ ფრთაზე, მთავრობის განცხადებებს მინიმალური 100-დოლარიანი პენსიის შესახებ წინასაარჩევნო პიარ-აქციად აფასებდა. არცთუ უსაფუძვლოდ – არჩევნებმა ჩაიარა და ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წინასაარჩევნო დაპირებაც დავიწყებას მიეცა. მართალია, 2009 წლის ნოემბრიდან პენსიის მინიმალური ოდენობა 75 ლარიდან 80 ლარამდე გაიზარდა. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ასევე 80 ლარს იღებენ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები – 70 ლარს, თუმცა გეგმა 100-დოლარიანი პენსიების შესახებ ცოტა ხნით თაროზე შემოდეს. ეს “ცოტა ხანი” კი საარჩევნო ციკლებს შორის პერიოდი აღმოჩნდა. თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი არჩევნები და პენსიების კიდევ ერთი ზრდა, ოღონდ ამჯერად პენსიონერთა მხოლოდ ერთი ნაწილისათვის.
იმ მოტივით, რომ თბილისელ პენსიონერებს რეგიონელ პენსიონერებზე მეტად უჭირთ, 2009 წლის მიწურულს გიგი უგულავამ დედაქალაქში პენსიების 10 ლარით გაზრდა გადაწყვიტა. მერიის გეგმებით 10 ლარით მომატებული პენსია იანვრიდან ასაკით პენსიონერებს უნდა მიეღოთ, ხოლო მარტიდან გაზრდილ პენსიას ყველა სხვა დანარჩენი კატეგორიის პენსიონერებიც მიიღებდნენ.
საკითხავია, რატომ მხოლოდ თბილისელი პენსიონერები? მართალია, თბილისელი პენსიონერებისთვის ცხოვრება ძვირია, მაგრამ უკეთეს მდგომარეობაში არც რეგიონების პენსიონერები არიან. საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სურსათზე ფასები იგივეა (ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტიც), რაც თბილისში. ამიტომ რთული სათქმელია, რატომაა რეგიონებში ცხოვრება თბილისზე უკეთესი და რატომ დაჰპირდნენ პენსიის გაზრდას მარტო თბილისელ პენსიონერებს? იმიტომ ხომ არა, რომ რეგიონებში გამგებლებისა და მერების არჩევითობის პრინციპი არ არსებობს და ამ თანამდებობების დასაკავებლად არც ხალხის და, შესაბამისად, არც პენსიონერების ხმებია საჭირო?!
ის, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია და მათ უფლება აქვთ ერთიანი საპენსიო სქემის ქვეშ მიიღონ პენსიები, ჩვენი ქვეყნის მთავრობას მაშინ არ გახსენებია, როცა მხოლოდ თბილისში გაიზარდა პე-ნსიები. 2012 წელი კი საპარლამენტო არჩევნების წელია, პარლამენტს, მოგეხსენებათ, არა ერთი და ორი რეგიონი, არამედ მთელი ქვეყანა ირჩევს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც მან მარტის დასაწყისში გაახმაურა, დედაქალაქში პენსია 10 ლარით გაიზრდება, ხოლო რეგიონებში 20 ლარით, რადგან თბილისში მინიმალური პენსია 90 ლარია, ხოლო დედაქალაქის მიღმა 80 ლარი. “ყველაზე მეტად მოსახლეობას საქართველოს რეგიონებში უჭირს” – აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა პენსიების 100 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა შემდეგი გარემოებებით ახსნა: “დავთვალეთ შემოსავლები, შევამცირეთ სახელმწოფო ხარჯები, გვაქვს ეკონომიკური განვითარების სამომავლო იმედი”. იმ მოსაზრებას, რომ ბიუჯეტს არსებული მოცულობითაც შეუძლია პენსიების მატება უზრუნველყოს, ექსპერტებიც ეთანხმებიან. ეკონომიკის ექსპერტი, ნოდარ ხადური: “მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს ბიუჯეტი დღეს არის საკმაოდ დიდი, საქართველოს მთავრობა ხარჯავს ძალიან ბევრ ფულს, მშპ-ის დაახლოებით 30%-ს. იმ შემთხვევაში, თუ იქნება პოლიტიკური ნება, მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეამციროს გარკვეული ტიპის დაფინანსებები (მაგალითად, შეამციროს ძალოვანი უწყებების დაფინანსება, “სხვა საქონელსა და მომსახურების” თანხები და ასე შემდეგ) და ამის ხარჯზე შეუქმნას სოციალური დაცვის უკეთესი გარანტიები ჩვენი ქვეყნის 800 000 ათასამდე ადამიანს, რომლებიც პენსიონრები არიან. ჩემი აზრით, ჩვენს ეკონომიკას, იმავე გადასახადების პირობებში, რაც დღეს არსებობს, აქვს იმის საშუალება, რომ გაზარდოს პენსიები და სხვა სოციალური გასაცემლები”.
პენსიების თანხობრივ მატებასთან ერთად, სააკაშვილმა მთავრობას საპენსიო რეფორმის შემუშავება და შესაბამისი წინადადებების მომზადებაც დაავალა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის განმარტებით, საბაზისო საპენსიო თანხის მომატება არის ნაწილი იმ საერთო გეგმისა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ინფლაციური პროცესებით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად აქვს შემუშავებული. მისი თქმით, ფასების ზრდა უარყოფითად, პირველ რიგში, პენსიონერებზე და იმ ადამიანებზე აისახება, რომლებიც სახელმწიფოსგან გარკვეულ დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქცია და ხელისუფლება მინიმალური პენსიის 100 დოლარამდე გაზ-რდისთვის აქტიურ მუშაობას განაგრძობს. კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი და რა მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს რეფორმა? ამის გასაგებად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
რეფორმის აუცილებლობაზე კიდევ ერთი საკითხიც მიგვანიშნებს – რამდენად შეიძლება, თუნდაც იმავე 100 ლარს გაზრდილი ვუწოდოთ? ექსპერტების გათვლებით, მაღალი ინფლაციის ფონზე, პენსიის მსყიდველობითი უნარი 25%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 90 ლარის მსყიდველობითი დონე 67 ლარზე დავიდა. ეკონომიკის ექსპერტი, ნოდარ ხადური: “დღეს საქართ-ველოში საარსებო მინიმუმი არის დაახლოებით 160 ლარი. შესაბამისად, პენსია, რომელიც არის საა-რსებო მინიმუმზე ნაკლები ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რა ფუნქციასაც უნდა ასრულებდეს. რომ შევადაროთ წინა წლის თებერვლის ფასები მიმდინარე წლის თებერვალთან, ინფლაცია იყო 15%. სურსათი გაძვირდა 30%-ით. დამეთანხმებით, რომ პენსიონერთა თანხის უდიდესი ნაწილი მიდის სურსათის შეძენაზე. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმი საშუალებას, რომ დღეს პენსიის ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ის 100 ლარი ხდება, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მან შეასრულოს ის ფუნქციები, რომლისათვის პენსიები ზოგადად არსებობს”.
ერთ-ერთი გზა საპენსიო სისტემების რეფორმისათვის არის კერძო საპენსიო ფონდების გამოცდილების გადატანა სახელმწიფო სფეროში. დაგროვების სისტემის მოქმედების სქემა მარტივია – მომუშავე მოქალაქე თვითონ აგროვებს საკუთარ პენსიას; რამდენის დაგროვებასაც მოასწრებს საპენსიო ასაკამდე, იმდენად იქნება უზრუნველყოფილი სიბერეში. მსგავსი სქემის ერთ-ერთი უპირატესობა საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა. საპენსიო სახსრები არ იქნება განთავსებული მთლიანად განაწილებით საპენსიო სისტემაში, რაც შექმნის იმის წინაპირობას, რომ მოსახლეობის საპენსიო პორტფელი აღარ იყოს პოლიტიკური ან დემოგრაფიული რისკების მძევალი. რატომ ვერ დაინერგა ეს სისტემა აქამდე საქართველოში? “ნდობა მსგავსი ინსტიტუტების მიმართ დღეს საქართველოში ძალიან დაბალია. ჩვენთან სადაზღვევო სისტემა ზოგადად ახალი ხილია. ადამიანებს არ აქვთ გარანტია იმისა, რომ ინფლაციური პროცესები მათ დანაზოგებს არ დაემუქრება. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტებს ენდოს ხალხი დიდი დრო და ინსტიტუციური უზრუნველყოფაა საჭირო. ეს მარტივი მისაღწევი არ არის. ადამიანების ფსიქოლოგიაა შესაცვლელი. ვინაიდან ჩვენი პენსიონერები ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირის პერიოში, სადაც ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფო. ადამიანებს დღესაც ჰგონიათ, რომ ეს ისევ სახელმწიფოს გასაკეთებლია და არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათ თვითონაც უნდა მიიღონ მონაწილეობა საკუთარი პენსიის ფორმირებაში.
საპენსიო რეფორმა არის აუცილებლად განსახორციელებელია. დაახლოებით 10 წლის წინ საქარ-თველოში უკვე არსებობდა კანონი, რომელსაც შემოჰქონდა კერძო საპენსიო სისტემის ელემენტები. მათალია, დღეს არსებობს კერძო საპენსიო ფონდები, მაგრამ მათი წილი ეკონომიკაში ისეთ მცირეა, რომ არც ღირს ამაზე ლაპარაკი. საპენსიო სისტემის რეფორმირების საკითხი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის წინაშე დგას. ჩემი აზრით, საქართველოში უნდა იყოს მინიმალური სახელმწიფო სტანდარტი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს და გადა ამისა, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის საშუალებაც, რომ თვითონ დააგროვონ თანხა საკუთარი ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად. ანუ უნდა მოხდეს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე ნელ-ნელა გადასვლა. მაგრამ, დღეს, 2011 წელს რომ დავიწყოთ ამ სისტემაზე გადასვლა, იმისათვის, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდეს სრულყოფილად, დაგვჭირდება 47 წელი. ანუ ის ადამიანი, რომელიც ახალა 18 წლის არის, 47 წლის მერე მიაღწევს საპენსიო ასაკს და ის უკვე სრულად იქნება დაგროვებით სისტემის მონაწილე. მაგრამ რაც უფრო გვიან დავიწყებთ რეფორმის განხორციელებას ის უფრო გვიან დასრულდება”.
ჯერ კიდევ გასული წელს, 2010 წლის თებერვალში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო რე-ფორმის პრეზენტაცია გაიმართა. ბიზნეს ასოციაციის მიერ წარმოდგენილი რეფორმა ითვალისწინებს კერძო საპენსიო ფონდების განვითარებას, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის შექმნას. არსებული ხედვის მიხედვით, ერთი მხრივ, სახელმწიფო საგადასახადო შეღავათების სახით წაახალისებს ინდივიდუალურ შენატანებს, მეორე მხრივ კი, შემცირდება სახელმწიფოს ვალდებულება ხანდაზმულობის პენსიაზე და შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთი შემსუბუქდება.
რეფორმა ითვალისწინებს მყარი სოციალური გარანტიების შექმნას, რეალური პენსიის ზრდას, გრძელვადიან პერიოდში ინვესტირების შესაძლებლობას და მომსახურების სპექტრის გაფართოებას. ასოციაციის მიერ წარმოდგენილი სისტემის რეფორმირება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, მათ შორის: საკანონმდებლო ცვლილებებს, საპენსიო ფონდების მარეგულირებელი ნორმატივების მომზადებას, ფინანსური მაჩვენებლების დაგეგმვას და საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას.
დღეს ბევრი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ კერძო საპესიო ფონდების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში ფინანსური ბარზის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ვინაიდან კერძო საპენსიო ფონდები ყველა ქვეყანაში ფინანსური ბაზრის განვითარებისთვის მთავარი ინსტრუმენტებია. სამწუხაროდ, საქართველოში ეს სისტემა არ მუშაობს. მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში საპენსიო ფონდები ის ორგანიზაციებია, რომლებიც ფინანსური ბაზრების განვითარებას უზ-რუნველყოფენ. საქართველო საფონდო ბირჟის განვითარების კუთხითაც ჩამორჩენილია. იმისთვის, რომ ქვეყანაში ფინანსური ბაზარი განვითარდეს და კომპანიებმა საბანკო სექტორისგან ალტერნატიულად, გაცილებით იაფად შეძლონ კრედიტის მიღება, ბევრი რამაა გასაკეთებელი. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოში კერძო საპენსიო სისტემის აწყობა შესაძლებელია, თუმცა, ამას დრო დასჭირდება. ჯერჯერობით, “ალდაგი ბისიაის” საპენსიო ფონდი წარმოადგენს უმსხვილეს საპენსიო ფონდს საქართველოში, რომლის წილიც არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის ბაზარზე დაახლოებით 60%-ია, მას მოსდევს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია “იმედი L International”.
პენსიების ზრდაში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნება მხოლოდ პენსიების თანხობრივი მატება. ძალიან მნიშვნელოვანია საპენსიო რეფორმა, რომელიც გრძელვადიანი კარგად გათვლილი და უკეთესი შედეგის მომტანი იქნება. არ შეიძლება საპენსიო სისტემის რეფორმის ავტონომიურად განხილვა, რადგან ის დაკავშირებულია ფისკალური რეგულირების სისტემასთან. როცა საუბარია რეალურ შემოსავლებსა და ხელფასზე, ნათელია, რომ საპენსიო ანარიცხების ტარიფის გაზრდას წინ უნდა უსწრებდეს ხელფასის ტარიფების გაზრდაც. საპენსიო სისტემა არ იქნება ეფექტიანი, თუ, მაგალითად, ხელფასი 2-ჯერ გაიზრდება, საპენსიო ანარიცხები კი – 10-ჯერ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეთა მომატებული ხელფასი მთლიანად მოხმარდება გაზრდილ საპენსიო ანარიცხებს, რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვა სოციალურ მიზნებზე.