ფული გაძვირდა და უფრო ხელმიუწვდომელი გახდა

“მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მიერ გამოქვეყნებულმა კრედიტების ხელმისაწვდომობის რეიტინგმა, სადაც საქართველო 139 ქვეყნიდან 125-ე ადგილზე აღმოჩნდა, ქართული ბანკები აღაშფოთა და, თავის მხრივ, ოპოზიციურად განწყობილი საბანკო ექსპერტებიც კრიტიკის ტალღაზე განაწყო. ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, მეწარმისთვის “სტარტ აფის” დასაფინანსებლად თანხების მოძიება ქართულ ბანკებში თითქმის შეუძლებელია. მათ დასახმარებლად სახელმწიფო პრაქტიკულად არაფერს აკეთებს და ეროვნულ ბიზნესში ამ კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა.

ზოგადად, თემა – იოლად აკრედიტებენ თუ არა ქართული ბანკები ბიზნესს, ყოველთვის საკამათო იყო. მეწარმეები არასაკმარისი დაკრეტიდების პრობლემას უჩივიან, ხოლო საბანკო ასოციაცია და ქართული ბანკებიც მუდმივად საპირისპიროს ამტკიცებენ.
“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აღიარებს, რომ ახალი ბიზნესის და-ფინანსება მართლაც მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, რაც ბიზნესის საწყის ეტაპზე სწორი გათვლის გაკეთების სირთულეს უკავშირდება. სწორედ ამის გამო ბანკები თავს იკავებენ ამ სახის დაფინანსებისგან. მაგრამ სხვა სიტუაციაა იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებული ბიზნესი ახალ ბიზნესს იწყებს და არსებულს ახლის მომსახურება შეუძლია. ასეთ სიტუაციებში, რიკსი ნაკლებია და ახალი ბიზნესის დაფინანსება ხორციელდება კიდეც.
რაც შეეხება ბიზნესის დაკრედიტებას, ქართულ ბანკებში მიიჩნევენ, რომ მათთან სესხის აღება სავსებით შესაძლებელია და დროთა განმავლობაში ისინი პროცედურების გამარტივებასაც ცდილობენ, აუცილებელი პირობა – დასაბუთებული და სტაბილური შემოსავალია.
“პროკრედიტ ბანკ საქართველოს” განმარტებით, უგირავნო სესხის აღებას მაქსიმუმ 3 დღე სჭირდება, ხოლო გირაოთი უზრუნველყოფილი სესხები რეგისტრაციასთანაა დაკავშირებული, რაც ბანკისგან დამოუკიდებლად მოითხოვს დამატებით დროს.
“ბანკ რესპუბლიკას” შეფასებით კი, დღეს ქართულ საბანკო სექტორში ბიზნესისთვის კრედიტები საკმაოდ ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით თუ არსებობს დადასტურებული შემოსავალი. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, “ბანკ რესპუბლიკაში” მიაჩნიათ, რომ დღეს ბიზნესი არსებულ განაკვეთებს იტანს და გადახდისუნარიანობაც საკმაოდ მაღალია.
“თიბისი ბანკი” მიიჩნევს, რომ იგი ბიზნეს-სესხების გაცემის კუთხით საკმაოდ აქტიურია და შესაბამისად ბიზნესმენების დაინტერესებაც დიდია. გარდა ამისა, მათთან საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ დაბალია და იმისათვის, რომ ბიზნესმა სესხი აიღოს, საჭიროა მყარი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდეს.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია ფიქრობს, რომ თუ კომპანიას კარგი ბიზნეს-გეგმა აქვს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მისთვის კრედიტიც ხელმისაწვდომია, ხოლო აგრო-სესხებთან დაკავშირებით სხვა სიტუაციაა – აქ პრობლემები მართლაც არის და ამ საკითხზე მთავრობა, კომერციული ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ერთობლივად მუშაობენ. მისივე თქმით, საქარ-თველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით კრედიტები ძვირია, რაც განპირობებულია მოზიდული სახსრებისა და არსებული რისკების რეალური ფასით. “თიბისი ბანკი” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აგრო-სექტორის დაფინანსება მათთან არ ხორციელდება, თუმცა ეს საკითხი განხილვის სტადიაშია და, შესაძლოა, სამომავლოდ ბანკმა ეს პროცესი დაიწყოს.
ბიზნესისთვის თანხების ხელმიუწვდომლობის პრობლემა კიდევ უფრო მწვავე გახდება საბანკო სექტორში მიმდინარე ცვლილებების გამო. საუბარია, ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ პოლიტიკაზე. გიორგი ქადაგიძე (სების პრეზიდენტი): “ექვსი თვეა გადავედით გამკაცრების პოლიტიკაზე. ეს აისახება, როგორც საპროცენტო განაკვეთში, ასევე სარეზერვო მოთხოვნებში. ასევე, კაპიტალის ადექვატურობა პირველად ნორმებს დაუბრუნდა. ჩვენი ინფლაციის 90 პროცენტი გამოწ-ვეულია გარე ფაქტორებით, ეს ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ. ამიტომ ჩვენი პოლიტიკის ადექვა-ტურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”.
საპროცენტო განაკვეთისა თუ უცხოური კაპიტალის სარეზერვო ნორმების გაზრდით ეროვნული ბანკი შეეცდება, შეამციროს მიმოქცევაში არსებული ფულის მასა და ორნიშნა ინფლაცია დასწიოს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ყველაზე დიდი უკუშედეგი კრედიტებისა და სესხების რაო-დენობის კლება და გაძვირებაა, რასაც ისედაც უჩიოდა ქართული ბიზნესი. ვახტანგ ბუცხრიკიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ ბანკების მიერ სესხების გაცემის ტემპები ვეღარ შენარჩუნდება.
2010 წლის ბოლოს კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა და იგი საშუალოდ 13-15%-ით განისაზღვრა. ერთი წლის განმავლობაში ბანკების საკრედიტო პორტფელი 1,162 მილიარდი ლარით გაიზარდა და თებერვლისთვის ისტორიულ მაქსიმუმს – 6,415 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მოიმატა იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების მოცულობამაც. შესაბამისად, ბანკებმა დიდი მოგებაც მიიღეს.
სესხების გაცემის ზრდის მასშტაბები ინფლაციის ხელშეწყობის ფაქტორად იქცა და ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს დაკრედიტებაზე შეზღუდვები დაუწესა. მან კომერციულ ბანკებს მეტი ფულის დარეზერვება მოსთხოვა. უცხოური ბაზრებიდან მოზიდული სახსრების 15%-ს, ქართული საბანკო სექტორი, ადრე მოთხოვნილ 5%-ის ნაცვლად, ანგარიშებზე ხელუხლებელს ტოვებენ. ეროვნულმა ბანკმა გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც, რაც უკვე იანვარში აისახა პროცენტებზე. ამჟამად, მაქსიმალური პროცენტი უცხოურ ვალუტაში ფიზიკური პირებისთვის 20%-ია, ლარში კი 30%-საც აღწევს.
წლის დასაწყისიდან სესხებზე განაკვეთები 1,5-2%-ით გაძვირდა. ზრდა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო, ლარში გაცემულ კრედიტებზე კი მატება უმნიშვნელოა. საბანკო სფეროს ექსპეტები ამბობენ, რომ გაძვირებასთან ერთად, ბანკები უახლოეს მომავალში კრედიტების გაცემასაც შეზღუდავენ, რასაც ბანკებიც ეთანხმებიან.