დიდი მომავლის გასაღები უმაღლესი განათლების ეკონომიკური უკუგება
მაკა ღანიაშვილი
საქართველოში აბიტურიენტებსა და მშობლებს შორის ჯერ ისევ მყვირალა სახელწოდების მქონე პროფესიებია მოდაში: ეკონომიური (ძირითადად საბანკო საქმე), იურიდიული, საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროებში კონკურენცია მძაფრია და სამუშაოს პოვნის შანსიც ნაკლებია, ისინი ჯერ კიდევ არ კარგავენ პოპულარობას აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს შორის. ეს არც არის გასკვირი, ბევრ მშობელსა და სტუდენტს აინტერესებს ის ეკონომიკური უკუგება, რომელსაც უმაღლესი განათლებისაგან მიიღებს. წარმატებულ ეკონომისტს ან იურისტს კი მართლაც მაღალი ანაზღაურება აქვთ. მაგრამ მედლის მეორე მხარეა ის, რომ ე.წ. პრესტიჟული პროფესიების ფაკულტეტებს ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ამთავრებს, წარმატებული კარიერა კი მხოლოდ ერთეულების ხვედრია. შედეგად, საქართველოს შრომის ბაზარი სავსეა დაუსაქმებელი იურისტ-ეკონომისტებით, რომელთაც ვერც საკუთარი პროფესიით გამოიჩინეს თავი და არც სხვა სფეროში დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს ფლობენ. ალბათ, ამიტომაც, სახელმწიფო ცდილობს ამ ტენდენციებს სხვა მიმართულება მისცეს.
საქართველოში ნაკლებ პოპულარული პროფესიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულად, ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინები გამოცხადდა. როგორც განათლების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დღეს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესება ნაკლებია და ამან განაპირობა გარკვეული ცვლილებების აუცილებლობა. შედეგად, 2011 წლიდან მხოლოდ 100%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდება სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაციის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებები. დანარჩენი სპეციალობები კი ძველებურად დაფინანსდება, როგორც 100%-იანი, ისე 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი გრანტით.
მართლაც, წინა წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სახელმწიფო გრანტების უდიდესი ნაწილი გაიცემოდა სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნესის მიმართულებით. დღეს უკვე პრიორიტეტულად მიჩნეული დარგების მიმართულებით კი თანხის ძალიან მცირე ნაწილი მიდიოდა. თუმცა, ერთია – სახელმწიფოს, ხოლო მეორე – კონკრეტული ადამიანების პრიორიტეტები. დასაქმების სააგენტოები აღნიშნავენ და ამას დიდი კვლევა-ძიებაც არ სჭირდება, რომ დღეს დასაქმება ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში, საფინანსო სფეროში (ბანკებში) არის შესაძლებელი. მეორე საკითხია, თუ რამდენად შეუწობს ხელს ე.წ. პრიორიტეტული დარგების განვითარებას სახელმწიფოს მიერ არჩეული გზა. დაფინანსების გაცილებით დაბალი ქულების მოპოვების საშუალებამ შეიძლება დიპლომის მოპოვების მოტივით სტუდენტების ისეთ მიმართულებებზე გადინება გამოიწვიოს, რომლის მიმართაც ინტერესი არ გააჩნიათ. შეიძლება ფიზიკაზე, ქიმიასა ან ბიოლოგიურზე ჩააბაროს სტუდენტმა, რომელიც სხვა ვითარებაში იურიდიულზე ან ეკონომიურზე ჩააბარებდა. შედეგად, არც საბუნებისმეტყველო დარგების სფეროს შეემატება რამე და ვერც სტუდენტი შეიძენს ისეთ უნარებსა და ცოდნას, რომელიც მომავალში გამოადგება. ისმის კითხვა, რა უფრო უარესია – მომრავლებული იურისტ-ეკონომისტები თუ არშემდგარი ფიზიკოს-ქიმიკოსები. პრიორიტეტულ მიმართულებებზე არა უბრალოდ იაფად სწავლის მსურველი, არამედ ამ დარგით დაინტერესებული სტუდენტები მიზიდვა, მხოლოდ შრომითი ბაზრისა და მეცნიერების ადმინისტრირების გაუმჯობესებით შეიძლება. საქართველოში ბევრი დარგის განვითარების დონე საგრძნობლად დაბალია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ მიმართულებებზე არასაკმარისი სტუდენტი სწავლობს, პრობლემა მათ მიერ მიღებული განათლების ხარისხსა და შრომის ბაზარშია. ნებისმიერი ადამიანი კარიერის არჩევის დროს, პირველ რიგში, იმას ითვალისწინებს თუ სად არსებობს დასაქმების მეტი შანსი, სად შეიძლება უფრო მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის შოვნა და ასე შემდეგ.
“საქსტატის” მონაცემების მიხედვით, ყველაზე მცირე ანაზღაურება საქართველოში განათლების სფეროშია, სადაც საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის მესამე კვატალის მონაცემებით, 369 ლარს შეადგენდა. დაბალი ანაზღაურება აქვთ მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს (მიმტანებს, გამყიდველებს, დამლაგებლებს). საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები საფინანსო სფეროშია. საქართველოს სტატიტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2010 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი – 1644 ლარი – სწორედ ამ სეგმენტის წარმომადგენლებს ჰქონდათ. მაშინ, როცა ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, ბოლო მონაცემებით, 763 ლარს შეადგენს.
ხელფასის რაოდენობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, დასაქმების ქალაქი, განათლების კვალიფიკაცია, დასაქმების ინდუსტრია და სხვა. წამყვანი კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერების თქმით, ფინანსური მენეჯერი, პლასტიკური ქირურგი და საჯარო სამსახურებში მომუშავე უფროსი თანამდებობის პირები საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებია. ისინი კარიერის დასაწყისში, თვეში საშუალოდ 500-800 ლარს გამოიმუშავებენ. ფინანსურ მენეჯერებს სხვადასხვა კომპანიებში სხვადასხვა რაოდენობის ხელფასები აქვთ. ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა დირექტორის თანამდებობაა. საქართველოში წამყვანი დირექტორების საშუალო ხელფასი თვეში 5 000 დოლარიდან იწყება.
საინტერესოა რა რჩევებს აძლევენ სამუშაოს მაძიებელთ სხვადასხვა სფეროს წამყვანი კომპანიების მენეჯერები? როგორ შეიძლება მივაღწიოთ კარიერულ წინსვლას? სად უნდა მივიღოთ განათლება? რა უფრო მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტის სახელი, განათლების ადგილი თუ აპლიკანტის პიროვნული უნარ-ჩვევები?
შალვა ალავიძე, კომპანია ეკო-ფუდის პიარ-მენეჯერი: ჩვენს კომპანიაში, რა თქმა უნდა, დირექტორებისა და გენერალური დირექტორების პროფესიაა ყველაზე მაღალანაზღაურებადი. რაც შეეხება ახალი კადრების მიღებას, რომ გითხრათ, მაინც და მაინც დიპლომს და განათლების მიღების ადგილს ვაქცევთ ყურადღებას – არა. ჩვენი კომპანიის წამყვან თანამდებობებზე სულ ადგილობრივი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები მუშაობენ. მათავარია, ადამიანს ჰქონდეს საჭირო განათლება და უნარები. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელბა აქვს არა უნივერსიტეტის პრესტიჟს, არამედ იმ ერთთვიანი სტაჟირების პერიოდს, რომელიც ერთგვარი გამოსაცდელი ვადაა, სანამ ადამიანს ავიყვანთ ამა თუ იმ ვაკანსიაზე. ყოფილა შემთხვევა, რომ, მაგალითად, ESM-ის კურსდამთავრებულმა გამოსაცდელი პერიოდი წარმატებით ვერ გადალახა, სამაგიეროდ “გეპეის” სტუდენტმა გამოიჩინა თავი და ის დავასაქმეთ. გარდა ამისა, ჩვენთან არის კარიერული წინსვლის საშუალებაც. მაგალითად, ის ადამიანი, ვინც ახლა ჩვენი ქარხნის დირექტორია, მუშაობა უბრალო დისტრიბუტორად დაიწყო. ანუ მაინც ინდივიდუალური მოდგომა გვაქვს და ყურადღებას ვაქვეცთ იმას, თუ როგორ გამოიჩენს ადამიანი თავს, რა უნარებს და ცოდნას ფლობს ის და არა იმას, თუ სად რა უნვერსიტეტი აქვს მას დამთავრებული.
ს.ე. – რომელი დარგის სპეციალისტებზეა დღეს საქართველოში განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა?
შ.ა. – ყველა კომპანიას თავის სპეციფიკა აქვს. ჩვენთვის, მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგები. ჩვენ ექვსი წლის წინ ივანე ჯავახიშვლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ავიყვანეთ 60-კაციანი ტექნოლოგიათა ჯგუფი. მაშინ ისინი ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, ეს ხალხი გადავამზადეთ და დღემდე წამყვან ტექნოლოგებად მუშაობენ ჩვენთან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ისინი ახლა საუკეთესო ტექნოლოგები არიან საქართველოში. ზოგადად ბაზარს რაც შეეხება, ყოველთვის იყო მოთხოვნა ფინანსურ მენეჯერებზე და დისტრიბუტორებზე.
ზოგიერთი კომპანია კადრების გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების შიდა ხერხებს აქტიურად მიმართავს. “პროკრედიტ ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თაკო გურიელიძე: “ჩვენი საშუალო რგოლის მენეჯერთა უმეტესობა ჩვენთან 4 წელზე მეტია მუშაობს. ჩვენი საკადრო პოლიტიკა სხვა დაწესებულებების მიდგომებისგან ნამდვილად განსხვავდება. “პროკრედიტ ბანკში” კორპორატიული ღირებულებები და ბიზნეს-ფილოსოფია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველდღიურ საქმიანობაში. ამიტომ, ჩვენი მიზანია, ისეთი პროფესიონალები ავიყვანოთ სამუშაოზე, რომლებიც არა მხოლოდ სამუშაოთი და ანაზღაურებით არიან დაინტერესებულნი, არამედ საკუთარ თავს ბანკის კორპორატიულ ღირებულებებთან და ბიზნეს-ფილოსოფიასთან აიგივებენ. “პროკრედიტ ბანკში” სამუშაოდ არაა აუცილებელი კანდიდატს ბანკთან დაკავშირებული გამოცდილება ან განათლება ჰქონდეს. ვინაიდან, ჩვენ მნიშვნელოვანი რესურსების ინვესტირებას ვახდენთ თანამშრომელთა ტრეინინგში. ტრეინინგის შედეგად ჩვენს თანამშრომლებს უვითარდებათ თავიანთი სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი უნარ-ჩვევები”.
როგორც “პროკრედიტ ბანკში” აღნიშნავენ, მათი სატრეინინგო სისტემა სამსაფეხურიანია. უშუალოდ სამუშაოსთან დაკავშირებულ ტრეინინგს და ტრეინინგს ინგლისურ ენაში ატარებენ დიღომში მდებარე ბანკის სატრენინგო ცენტრში. ხოლო საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ტარდება მენეჯერულ საკითხებსა და ფინანსებთან დაკავშირებული ტრეინინგი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ აკადემიაში, მაკედონიაში და ასევე გარკვეული მენეჯერებისთვის – სამწლიანი საფუძვლიანი საბანკო განათლება გერმანიის ქ. ფიურტის აკადემიაში. “ჩვენი მენეჯერები ჩვენივე დაწინაურებული კადრებია, მენეჯერული პოზიციებისთვის კადრებს ბანკის გარედან არ ვიყვანთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე სპეციფიკურ პოზიციას ეხება, რისთვისაც შიდა კადრი არ გვყავს. დროთა განმავლობაში, ყველა რიგით თანამშრომელს აქვს შანსი გახდეს მენეჯერი ჩვენს ბანკში. ჩვენ ბაზარზე სტაბილური დამსაქმებელი ვართ, რომელიც დაინტერესებულია ჭკვიანი და მოტივირებული ადამიანების დასაქმებით. ჩვენ მუდმივად ვახდენთ ინვესტირებას კადრებში და ვაფასებთ გუნდურ მუშაობას და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ არ გვსურს სხვა დაწესებულებებიდან ადამიანების გადმობირება, რადგან ჩვენ ისეთი თანამშრომლები გვინდა, რომლებსაც სწამთ ჩვენი ღირებულებების და ბიზნეს-ფილოსოფიის და “პროკრედიტ ბანკთან” თანამშრომლობას გრძელვადიან პარტნიორობად აღიქვამენ” – ამბობს თაკო გურიელიძე.
ქართულ ბაზაზე კიდევ ერთ წარმატებულ კომპანიაში, “მაგთიკომში” აღნიშნავენ, რომ კადრების თავდაპირველი შერჩევის დროს მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ყურადღება ექცევა, თუ სად აქვს მიღებული განათლება აპლიკანტს, თუმცა “მაგთკომის” წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ გასაუბრების დროს უკეთ ვლინდება აპლიკანტის ცოდნა და გამოცდილება.
თათული ღვინიაშვილი, “მაგთიკომის” პიარ-მენეჯერი: “რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის პრესტიჟი და სახელი მნიშვნელოვანია, თუმცა ქართული უნივერსიტეტების კურსდამთავრებული კადრიც არანაკლებ ავლენს თავის პროფესიონალიზმს. ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ ტოპ-მენეჯერებს განათლება მიღებული აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ამასთანავე, ჩვენს კომპანიაში წამყვან თანამდებობებზე უმეტესწილად მუშაობენ კადრები, რომლებმაც მუშაობა დაბალი საფეხურიდან დაიწყეს, შეიძინეს უფრო მეტი გამოცდილება, კომპანიის ხელშეწყობით გაიღრმავეს ცოდნა და დაწინაურდნენ.
ს.ე. – რომელი პროფესიებია დღეს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი?
თ.ღ. – საქართველოში ნებისმიერი პროფესია შეიძლება იყოს მოთხოვნადი, მთავარია, ყურადღება ექცეოდეს მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევას. ნებისმიერ სფეროში კარგ პროფესიონალს აქვს მაღალი ანაზღაურება.
რაც შეეხება საერთაშორისო ტენდენციებს – საერთაშორისო ორგანიზაცია “Career Cast”-ის კვლევაში მოცემულია ის 10 პროფესია, რომელიც ყველაზე პოპულარული იქნება 2011 წელს: პროგრამისტი, მათემატიკოსი, სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს სადაზღვევო და სოციალური კომპანიებისთვის მიყენებული ზარალისა და კომპენსაციების აღრიცხვას, სტატისტიკოსი, კომპიუტერული სისტემის ანალიტიკოსი, მეტეოროლოგი, ბიოლოგი, ისტორიკოსი, აუდიოლოგი და სტომატოლოგის ასისტენტი.
როგორც ვხედავთ, ქართული და საერთაშორისო ტენდენციები განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ საქართველოში ისევ მენეჯერობა და ფინანსისტობაა საოცნებო პროფესიები, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უკვე რამდენიმე წელია აქტუალური გახდა ისეთი პროფესიები, როგორიცაა მაგალითად მეტეოროლოგი, ბიოლოგი და ისტორიკოსი. თუმცა ერთი რამ, ალბათ, ყველგან საერთოა, ნებისმიერ სფეროში შეიძლება წარმატების მიღწევა, შესაბამისი განათლების ქონის შემთხვევაში. განათლება კი მხოლოდ უნივერსიტეტის პრესტიჟს არ ნიშნავს. როგორც სხვადასხვა კომპანიის მენეჯერები გვარწმუნებენ, ჯერ კადრების შერჩევისას, მერე კი ამა თუ იმ კადრის დაწინაურების დროს, უნივერსიტეტის სახელზე მეტად, ყურადღება ადამიანის უნარ-ჩვევებს და ცოდნას ექცევა. ადამიანის მოტივაცია, ამბიცია და ნიჭი უფრო მეტად განაპირობებს საბოლოო წარმატებას, ვიდრე დიპლომზე ნაჩვენები უნივერსიტეტის სახელი.