სამპოლუსიანი პორტირებადი ფიჭური სიყვარული

ალექსანდრა ლალიაშვილი

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან ამოქმედდა ნომრების პორტაბელობის სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მობილური ოპერატორი სატელეფონო ნომრის გამოცვლის გარეშე შეცვალოს. გაამძაფრებს თუ არა ეს კონკურენციას და რამდენად აისახება ცვლილება ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფებზე? სიახლის შემოღებიდან ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირაა გასული, თუმცა კომპანიებისათვის გარკვეული დას-კვნების გამოტანა უკვე შესაძლებელია.

ეს, პირველ რიგში, “მაგთიკომზე” ითქმის. აღმოჩნდა, რომ მომხმარებელი ყველაზე მეტად ამ ოპერატორის ტარიფებითა და მომსახურების პირობებით არის უკმაყოფილო. როგორც პორტაბელობის სისტემის ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, ამ დროისათვის ყველაზე მეტი აბონენტი “მაგთიმ” დაკარგა.
დაახლოებით ერთ თვეში ნომრის პორტირების შესახებ განაცხადი 13 ათასზე მეტმა აბონენტმა გააკეთა. შედგების მიხედვით, “მაგთიმ” 8658 აბონენტი დაკარგა და 1605 შეიძინა. “ბილაინმა” 1617 აბონენტი მიიღო, ხოლო 2373 აბონენტმა კომპანია დატოვა. პორტაბელობის სისტემის ამოქმედებით ყველაზე მეტად “ჯეოსელმა” “იხეირა” – მან 9100 აბონენტი გადაიბირა და ჯერჯერობით მხოლოდ 1291 დაკარგა.
საქართველოში მობილური ოპერატორების არსებობის 14 წლის განმავლობაში, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენასა და კონკურენციის ზრდასთან ერთად, სერვისპაკეტები სულ უფრო მრავალფეროვანი და შედარებით იაფი ხდებოდა. 2000 წელს კომპანია “ჯეოსელმა” დანერგა ახალი ბრენდი – “ლაი-ლაი”, სადაც აბონენტს ნაკლებ ფასად საუბარი შეეძლო. 5 წლის შემდეგ, ბაზარზე მაგთის ახალი ბრენდი, “ბალი” გამოჩნდა და მომხმარებელს შედარებით დაბალი ტარიფები შესთავაზა. 2006 წელს ბაზარზე კიდევ ერთი დამოუკიდებელი მოთამაშე – “ბილაინი” შემოდის, რომელმაც ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, თავიდანვე ტარიფის დივერსიფიცირების სტრატეგია აირჩია. მან მომხმარებელს ყველაზე იაფი ტარიფი შესთავაზა და ამით საკუთარი ნაკლი – შეზღუდული დაფარვის ზონა დააბალანსა. ამის შემდეგ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი დაბალფასიანი ბრენდი, “მაგთის” “ბანი” გამოჩნდა.
საინტერესოა, გამოიღო თუ არა მომხმარებლისათვის რაიმე სასიკეთო შედეგი პროტირების სისტემის ამოქმედებამ? რას სთავაზობენ კომპანიების პორტირებულ აბონენტებს?
პორტირების ამოქმედებამდე, კომპანიებში აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი სისტემის შემოღებას არც ერთ ქვეყანაში ბაზრის მნიშვნელოვანი გადანაწილება არ გამოუწვევია და იმედოვნებდნენ, რომ დიდი ცვლილებები არც საქართველოში მოხდებოდა და რომ გადანაწილება ცალკეული კომპანიებს შიგნით, მათსავე ბრენდებს შორის მოხდება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ აქტიურ სარეკლამო კამპანიებს, რომელთაც კომპანიებმა ნომრების პროტაბელობის ამოქმედებისთანავე მიმართეს, მათი ადრინდელი განცხადებები ეჭვს იწვევს.
ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ მობილურ ოპერატორებს რეკლამებზე ამდენი თანხების დახარჯვის ნაცვლად, ერჩივნათ აქცენტი მომხმარებლების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე გაეკეთებინათ. თუმცა სარეკლამო კამპანიებზე კოლოსალური თანხების დახარჯვა, როგორ აღმოჩნდა, არც მთლად უშედეგოა. ვინაიდან, 1 თვის მონაცემებით, გადაბირებულ აბონენტთა რაოდენობის მიხედვით ის კომპანია ლიდერობს, რომელიც ჯერჯერობით ყველაზე აქტიური სარეკლამო კამპანიით გამოირჩევა.
რას ეფუძნება მომხმარებელთა არჩევანი? რითი ცდილობენ მათ გადაბირებას ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები?
ჯეოსელი
1 აპრილამდე “ჯეოსელიდან” სხვა ქსელის აბონენტებთან დარეკვა 28 თეთრი ღირდა, ხოლო შიდა ზარების ღირებულება 25 თეთრს შეადგენდა. თუმცა, შესაბამისი პაკეტის გააქტიურების შემდეგ შესაძლებელი იყო მეორე წუთიდან შიდა აბონენტებთან 2, ხოლო სხვა ქსელის მომხმარებელთან 12 თეთრად საუბარი. რაც შეეხება “ლაილაის” აბონენტებს, ყველა მიმართულებით დარეკვა მთთვის 28 თეთრი ღირდა. “ლაილაის” აბონენტებსაც შეეძლოთ 12 ან 2-თეთრიანი პაკეტების აქტივაცია, თუმცა პაკეტის თითოეულ ჯერზე ჩართვისას (30 დღით) დამატებით თანხა იყო გადასახდელი.
1 აპრილიდან კი “ჯეოსელისა” და “ლაილაის” სტანდარტული ტარიფი ადგილობრივ ზარებზე მცი-რდება წუთში 0.24 ლარამდე; ჯეოსელის აბონენტებისათვის გაუქმდება ტარიფები: 2 თეთრი მე-2 წუ-თიდან “ჯეოსელის” ქსელში და 12 თეთრი მე-2 წუთიდან საქართველოში სხვა ქსელებზე განხორციელებულ ზარებზე. ამის ნაცვლად, “ჯეოსელის” აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარ-გებლონ ახალი ფასდაკლებით – 1 თეთრი “ჯეოსელის” ქსელში და 12 თეთრი საქართველოში სხვა ქსელებზე განხორციელებულ ზარებზე. პირველი წუთის ფასი 24 თეთრი იქნება.
გარდა ამისა, “ჯეოსელის” საავანსო სისტემაში გაერთიანების შემთხვევაში, აბონენტები 5 ლარად მიი-ღებენ 5 საათს “ჯეოსელზე” და “ლაილაიზე” სასაუბროდ. აბონენტის მიერ ამ აქციის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ “ჯეოსელის” ოფისებში პორტირების განაცხადის და სააბონენტო ხელშეკრულების შევსების დროს. მიღებული სასაუბრო დროის გამოყენება შესაძლებელია დადებითი ბალანსის შემთხვევაში. გამოყენების ვადა მიღებიდან 30 დღეა. 5 საათის შეძენა შესაძლებელია 2011 წლის 15 ოქტომბრამდე ნებისმიერი რაოდენობით. საინტერესოა ის პირობა, რომლის მიხედვითაც, ამ პერიოდში სხვა ოპერატორზე პორტირების შემთხვევაში აბონენტს დაეკისრება პირგასამტეხლო 20 ლარის ოდენობით. თუმცა, ამის შესახებ “ჯეოსელის” მრავალფეროვან სარეკლამო კამპანიაში არაფერია ნათქვამი.
“ჯეოსელის” ქსელში პორტირების შემდეგ აბონენტს 1-თეთრიანი შMშ-ი ავტომატურად 30 დღით უაქტიურდება. თუმცა, ტარიფის შემდეგი 30 დღით გასაგრძელებლად ანგარიში შევსება მინიმუმ 5 ლარით არის აუცილებელი. 1-თეთრიანი SMS-ის მოქმედებს ადგილობრივ მიმართულებებზე, გარდა სპეც-ნომრებისა და ძალაში იქნება 2011 წლის 30 დეკემბრამდე.
SMS-ის სტანდარტული ღირებულება “ჯეოსელისა” და “მაგთის” ქსელშიც 6 თეთრია, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ბევრი სხვადასხვა პაკეტი მოქმედებს. მაგალითად, “ლაილაის” აბონენტებს შეუძლიათ 50 SMS – 1.5 ლარად (1 შMშ 3 თეთრი) ან 100 2.5 ლარად იყიდონ, მსგავს აქციას მომხმარებელს “მაგთიც” სთავაზობს. “ზუმში” უფასოდ გაწევრიანების შემთხვაში, “ლაილაის” აბონენტი 1000 SMS-ს 5 ლარად მიიღებს. “ბალის” აბონენტებისათვის SMS-ის ღირებულება 1 თეთრია.
მაგთიკომი
მიმდინარე წლის 1 აპრილამდე “მაგთის” აბონენტებისათვის ქსელის შიდა აბონენტებთან (“მაგთი”, “ბალი”, “ბანი”, “მაგთიფიქსი”) საუბარი 5 თეთრი ღირდა (თუმცა, ზარის წამოწყების ღირებულება, ანუ პირველი 1 წუთი 10 თეთრია, სხვა ქსელის აბონენტებთან კი 18 თეთრი), მაგრამ აპრილიდან “მაგთის” სტანდარტული ტარიფიც შეიცვალა: პირველი წუთის შემდეგ, “მაგთიკომის” ქსელში და ნებისმიერ ფიქსირებულ ქსელზე დარეკვისას წუთის ღირებულება გახდა 1 თეთრი. “ჯეოსელზე” და “ლაილაიზე” – 10 თეთრი, “ბილაიანზე” კი – 16.8 თეთრი, პირველი წუთის ღირებულება – 24 თეთრი იქნება.
კიდევ ერთი აქციაა “ერთგულების ბონუს-წუთები მაგთისგან”, მაგთის იმ აბონენტებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში არიან ქსელში ჩართულნი და კომპანიის ერთგულ აბონენტებად მიიჩნევიან. მიმდინარე თვეში ნომრის ანგარიშიდან დახარჯული თანხის 5% ბონუს-წუთების სახით, ანგარიშზე საჩუქრად დაირიცხება მომდევნო თვეში. დარიცხული ბონუს-წუთებით შესაძლებელია “მაგთის”, “ბალის”, “ბანისა” და “მაგთი ფიქსის” ნებისმიერ აბონენტთან საუბარი. ბონუს-წუთების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თანხა დაიხარჯა ნომრის ანგარიშიდან წინა თვეში და რომელი წლიდან არის ნომერი მაგთის ქსელში ჩართული. ბონუს-წუთების მისაღებად აუცილებელია ნომრის ანგარიშიდან წინა თვეში დახარჯული იყოს მინიმუმ 5 ლარი. თუმცა, დახარჯულ თანხად არ ითვლება “თანხის გადარიცხვის სერვისით” სხვა აბონენტისათვის გადარიცხული თანხა.
“ბალის” სტანდარტული ტარიფების მიხედვით, 1 წუთი 5 თეთრი ღირს “ბალის” ნებისმიერ აბონენტ-თან, ასევე 5 თეთრი – “მაგთის”, “ბალის”, “ბანისა” და “მაგთი ფიქსის” 5 საყვარელ ნომერთან და 10 თეთრი – “მაგთის”, “ბანისა” და “მაგთი ფიქის” ნებისმიერ აბონენტთან.
“ბანის” მეორე სტანდარტული პაკეტის ტარიფები შემდეგია: “ბანიდან” “ბანზე” საუბარი 2 თეთრი, “ბანიდან” “მაგთის”, “ბალის”, “მაგთიფიქსის”, “ჯეოსელის” და ფიქსირებულ ქსელებზე საუბარი 15 თეთრი, ხოლო “ბანიდან” “ბილაინზე” საუბარის ტარიფი 21.8 თეთრია. SMS-ის ღირებულება “ბანის” ქსელში 5 თეთრია.
ბილაინი
რაც შეეხება ბაზრის კიდევ ერთ მოთამაშეს, “ბილაინს”, მან თავის ტაქტიკას არც ამჯერად უღალატა და მომხმარებლის მიზიდვას კვლავაც ყველაზე დაბალი ტარიფებით ცდილობს. “ბილაინის” ახალი სატარიფო პაკეტის “ნონ-სტოპის” ფარგლებში ქსელის შიგნით საუბარი მეორე წუთიდან უფასოა (თუმცა, ზარის წამოწყების საფასური 5 თერია), ყველა სხვა ოპერატორთან კი წუთი 10 თეთრი ღირს. SMS-ი ყველა ოპერატორთან 1 თეთრი ღირს.
საინტერესოა, რას ეფუძნება იმ აბონენტთა გადაწყვეტილება, რომელთაც პროტირების სისტემის ამო-ქმედებისთანავე ერთი კომპანიიდან მეორეში გადაინაცვლეს. თუ შევადარებთ ტარიფების მიხედვით, რადიკალური სხვაობა “ჯეოსელსა” და “მაგთის” შორის არ არის. მათთან შედარებით იაფია “ბილა-ინი”. თუმცა, ამ შემთხვევაში, ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია – დაფარვის ცუდი ზონა. რაც შეეხება ბაზრის ძირძველ მოთამაშეებს – “მაგთისა” და “ჯეოსელს” მათი ტარიფები თითქმის იდენტურია, მაგრამ ერთი რამ ცხადია, პორტირების სისტემის შემოღების შემდეგ, კონკურენცია ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე უფრო გამძაფრდა, რაც ტარიფებზეც მყისიერად აისახა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial