უმუშევრად დასაქმებულები

მაკა ღანიაშვილი

ასახავს თუ არა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს საქართველოს შრომის ბაზარზეა? საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში უმუშევრობა 13-17%-ს შორის მერყეობს. ექსპერტთა შეფასებით კი, დღეს რეალურად უმუშევარი საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 60-65%-ია. რამდენად საფუძვლიანია კრიტიკა საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიმართ? რა სტანდარტებით ითვლიან უმუშევრობას საქართველოში და სხვა ქვეყნებში?

აშშ-ში დასაქმებულად მიიჩნევა 16 წელზე მეტი ასაკის ადამიანი, რომელმაც წინა კვირის უდიდესი ნაწილი გაატარა სამსახურში, იღებდა ხელფასს, ჰქონდა საკუთარი ბიზნესი ან იმუშავა უხელფასოდ ოჯახის წევრის საწარმოში. დასაქმებულად ითვლება შვებულებაში მყოფი ან ავადმყოფი, მაგრამ სამუშაოს მქონე ადამიანიც. რაც შეეხება უმუშევრობის სტანდარტებს, აშშ-ში უმუშევარია, 16 წელზე მეტი ასაკის ადმიანი, რომელსაც შეეძლო მუშაობა, სცადა მუშაობის დაწყება გასული 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ უშედეგოდ. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც დროებით დაითხოვეს და სამსახურის დაწყების მოლოდინში არიან. აშშ-ში არსებობენ აგრეთვე სამუშაო ძალას არმიკუთვნებულები – 16 წელზე მეტი ასაკის პირები, რომლებიც არც ერთ ამ კატეგორიას არ განეკუთვნებიან. ესენი არიან: სტუდენტები, პენსიონერები და დიასახლისები.
შრომის ბაზრის ტენდენციების გამოთვლის, დღეს არსებული სტანდარტები საქართველოში 1996 წელს დაინერგა, როცა საქართველო ოფიციალურად გახდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წევრი. შეიძლება ითქვას, რომ ამით საქართველოში არსებული დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები მიესადაგა საერთაშორისო კრიტერიუმებს.
ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაეროსა და ILO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, დასაქმების სტატისტიკის გამოთვლისას საქართველოში, ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული, რადგან საპენსიო ასაკის მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა, ხშირ შემთხვევაში, ძალიან მაღალია. რაც შეეხება კვლევაში ჩართული მოსახლეობის ასაკის ქვედა ზღვარს – ის 15 წლით არის განსაზღვრული. საქსტატი ყოველკვარტალურად აწარმოებს დაახლოებით 6 700 შინამეურნეობის, 15 წლის და უფროსი ასაკის წევრების გამოკითხვას.
ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად საქსტატი მიიჩნევს 15 წლის და უფროსი ასაკის პირს, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს დამსაქმებელს თავის შრომას, იმ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეროვნული ანგარიშების სისტემის ჩარჩოებში ხვდება.
დასაქმებულად მიიჩნევა პირი 15 წლის ზემოთ, რომელიც წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, ერთი საათით მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს ან რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ.
დასაქმებულთაგან დაქირავებული წარმოადგენს 15 წლის და უფროსი ასაკის პირს, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების მიღების მიზნით. აგრეთვე, პირი, რომელსაც აქვს სამუშაო, მაგრამ დროებით არ მუშაობს შვებულების, ავადმყოფობის, წარმოების დროებით გაჩერების, სამუშაოდან დროებით დათხოვნის ან მსგავსი მიზეზების გამო. დაქირავებულისგან განსხვავდება თვითდასაქმებული, რომელიც გულისხმობს მესაკუთრის საქმიანობას საანგარიშო პერიოდში მოგების ან ოჯახური შემოსავლის მიღების მიზნით, აგრეთვე, ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირს.
საქსტატის მეთოდიკის მიხედვით, უმუშევარი 15 წლის და უფროსი ასაკის პირია, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) წინა 7 დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად შემდეგი 2 კვირის განმავლობაში. 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) წინა 7 დღის განმავლობაში და არ ეძებდა სამუშაოს წინა 4 კვირის განმავლობაში, ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობას განეკუთ-ვნება. აქვე შედის პირი, რომელიც ეძებდა სამუშაოს წინა 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ სამუშაოს მოძებნის შემთხვევაში არ იყო მზად მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში.
არსებული მეთოდოლოგიის თანახმად, დასაქმებულად ითვლება არა მხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაქირავებით დასაქმებულია კერძო ან სახელმწიფო სექტორში და იღებს გასამრჯელოს ხელფასის სახით, არამედ მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მოგების, შემოსავლის ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით ეწევა გარკვეულ საქმიანობას.
თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და აქვს საკუთარი შემოსავალი. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, იმისთვის, რომ ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, არ არის აუცილებელი ჰქონდეს ხანგრძილვვადიანი შრომითი ხელშეკრულება ან დაქირავებული იყოს ვინმეს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულთა გარკვეული ნაწილის სოციალური მდგომარეობა სახარბიელო არ არის და, შესაძლოა, ისინი ეძებდნენ დამატებით სხვა სამსახურს, ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის მიხედვით, თუ ადამიანი საკუთარი შრომით შემოსავალს იღებს, დასაქმებულად ითვლება. იგივე სტანდარტები მოქმედებს საქართველოშიც.
თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სოფლად, საკუთარ ფერმერულ მეუ-რნეობაში. მაგალითად, აქვს მიწის ნაკვეთი ან ჰყავს პირუტყვი, რომლისგანაც მიღებულ პროდუქციას იყენებს, როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ასევე გასაყიდად. ამ კატეგორიაში შედიან რეპეტიტორები, კერძო ტაქსების მეპატრონეები და საცალო ვაჭრობით დაკავებული პირები.
საქართველოში დასაქმებულთა 63% თვითდასაქმებულია, 37% – დაქირავებით დასაქმებული. თვით-დასაქმებულთა 4/5 სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის, სადაც შრომის მწარმოებლურობა ეკონო-მიკის სხვა დარგებთან შედარებით დაახლოებით 5-ჯერ დაბალია.
გამოდის, რომ სოფლის მეურნეობით დაკავებული ვერც ერთი გლეხი ვერ ჩაითვლება უმუშევრად, ამიტომაც მათი რაოდენობა, ბუნებრივია უმუშევართა მაჩვენებელში ვერ ხვდება. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ამჟამინდელ დასაქმების მაჩვენებელს და ქვეყანაში უმუშევრობის დონეს შორის, მართლაც დიდი სხვაობაა. გაცილებით დიდი, ვიდრე ამას სარეთაშორისო სტანდარტებით მომუშავე საქსტატი გვიჩვენებს.
ამის ნათელი მგალითია, ისიც, რომ 2009 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება – 29,6%. ეს მაჩვენებლი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაცილებით დაბალია. რაც იმითაა გამოწვეული, რომ თვითდასაქმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგიონებში მოსახლეობის დიდი ნაწილის საკუთარ მეურნეობებში დასაქმების წილი თბილისთან შედარებით დიდია.
გარდა ამისა, საქსტატი შრომის ბაზარზე მხოლოდ დასაქმებულების და უმუშევრობის სტატისტიკას აწარმოებს. მეთოდოლოგია არ მოიცავს კონკრეტულად უმუშევრობის დაყოფას კატეგორიებად, სხვადასხვა მახასითებლების მიხედვით. მაგალითად, უმუშევართა მთლიანი რაოდენობიდან არ გამოიყოფა სამუშაო ძალის ის რაოდენობა, რომელიც კვალიფიკაციის ამაღლებას საჭიროებს ან ისეთი პროფესიის მქონე უმუშევრები, ვიზეც არსებული დასაქმების ბაზრის მხრიდან მოთხოვნა დაბალი ან, პირიქით, მაღალია. რაც იმას ნიშნავს, რომ შრომის სტატისტიკის არსებული მეთოდოლოგია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ხდებოდეს შრომის ბაზრაზე არსებული რესურსის და დასაქმებაზე არსებული მიმდინარე მოთხოვნის შედარებითი ანალიზი.
მართალია, დღეს საქართველოში სტატისტიკის მონაცემები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმებით დგინდება, მაგრამ ეს უმუშევრობის კვლევის მხოლოდ პირველი საფეხურის მონაცემებია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი უმუშევრობის გამოვლენის კრიტერიუმი მყისიერად არ რეაგირებს ცვლილებებზე. დასაქმებულად მიიჩნევა ყველა, ვინც ერთი საათი მაინც იმუშავა წინა კვირაში, თუნდაც მიწაზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სტა-ტისტიკის სამსახურებს უმუშევრობის დონის დაწვრილებით გამოკვლევასაც ავალებს, თუმცა საქართველოში მსგავსი კვლევები უკვე აღარ ტარდება ან ტარდება, მაგრამ საჯაროდ არ ქვეყნდება. ამიტომაც, უმუშევრობის დონე, რომელსაც დღეს საქსტატი გვაძლევს, უნდა განვიხილოთ, როგორც უმუშევრობის სასარგებლო და არა სრულყოფილი მაჩვენებელი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial