საინვესტიციო ფორმულის მცდარი მართებულობა

მაკა ღანიაშვილი

მსოფლიო ბანკის მოხსენების – “ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010”-ის (Investing Across Borders 2010) მიხედვით, საქართველო, მსოფლიო 87 ქვეყანას შორის, ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. კვლევის ინდიკატორები ფოკუსირებულია 4 თემატურ საკითხზე. კერძოდ: როგორ ახერხებს უცხოური კომპანია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირებას, საქმიანობის წამოწყებას, მიწის ფლობასა და ბიზნესთან დაკავშირებული დავების მოგვარებას.

მაგრამ ქვეყანაში ინვესტორის მოსაზიდად მხოლოდ ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურების გამარტივება არ კმარა. როგორც მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA) კვლევაშია აღნიშნული, პოტენციური ინვესტორები, პირველ რიგში, ისეთ ფაქტორებს აქცევენ ყურადღებას, როგორიცაა ბაზრის წვდომა, სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობა, ლიბერალუ-რი ბიზნეს-გარემო, ინფრასტრუქტურა, საყოფაცხოვრებო პირობები და კვალიფიციური ტექნიკური პერსონალი. როგორც ვხედავთ, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები ინვესტორებისათვის პრიორიტეტული საკითხების სიის სათავეში არ არის. შედეგიც სახეზეა, საქართველოს მთავრობის აქტიურობის მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში უცხოური ინვესტიციების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში მცირდება.
მნიშვნელოვანი საინვესტიციო აქტივობა საქართველოში 1997 წლიდან ფიქსირდება. ამ წელს ყველაზე მსხვილი ინვესტიცია (96,6 მლნ აშშ დოლარი) აშშ-დან შემოვიდა, რომელსაც თითქმის 25 მლნ-იანი ინვესტიციით გაერთიანებული სამეფო და 18,7 მლნიანი ინვესტიციით ავსტრია მოსდევენ. 1997-2003 წლებში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ძირითადად, შემოდიოდა გაერთიანებული სამეფოდან, აშშ-დან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ 2003 წელს 1997 წლის შესაბამის მაჩვენებლს 40,2%-ით გადააჭარბა. 2003 წლის შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც და ინვესტორი ქვეყნების არეალიც. ინვესტორთა რიცხვს შეუერთდნენ: ესტონეთი, ლიტვა, ესპანეთი, ყაზახეთი, კაიმანის კუნძულები, პანამა და სხვები; ინვესტიციებმა აქტიურად იწყო შემოსვლა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, არაბეთის გართიანებული ემირატებიდან. 2007 წელს უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ორ მილიარდს გადააჭარბა. თუმცა, 2008 წლიდან დაღმასვლის პერიოდი დაიწყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2010 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელდა 553 056 100 მილიონი ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (ცხრილი #1). როგორც ვხედავთ, მთავრობის საინვესტიციო პროგნოზი არც ამჯერად გამართლდა. 1,2 მლრდ დოლარის ნაცვლად, 2010 წელს საქართველოში სულ 553 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ასეთი დაბალი საინვესტიციო მაჩვენებელი ქვეყანას 2005 წლის შემდეგ არ ჰქონია. შედარებისათვის, 2009 წელს აზერბაიჯანში 5 მლრდ 468 მლნ 6 ათასი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რამაც ერთ სულზე 615 დოლარი შეადგინა, საქართველოში კი იმავე პერიოდში შემოვიდა წლიური 659.1 მილიონი აშშ დოლარი, რაც ერთ სულზე 149 დოლარია.
2010 წელს საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ნიდერლანდები იყო, რომელმაც ქვეყანაში 143 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა (ცხრილი #3). განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია – 108 მილიონი აშშ დოლარით. უმხვილეს ინვესტორთა სიაში მესამე პოზიციაზე რუსეთია. 2010 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 51 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 50 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციები განახორციელეს საერთაშორისო ორაგიზაციებმა, 47 მლნ აშშ დოლარის – აზერბაიჯანმა, 40 მლნ აშშ დოლარის – არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, 38 მლნ აშშ დოლარის – თურქეთმა, ხოლო 76 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციები სხვა ინვესტორ ქვეყნებზე მოდის.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე: საქართველოში საინვესტიციო ბუმი პრაქტიკულად 2008 წელს დამთავრდა. შესაბამისად, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ფიქსირდება მნიშვნელოვანი შემცირება. წლიურ მონაცემებს შორის საგრძნობი სხვაობაა, თუ 2007 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, 2008 წელს ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, 2009 წელს 658 მილიონი აშშ დოლარამდე და 2010 წელს მხოლოდ 533 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება დარგობრივ მაჩვენებლებს, ძირითადად, ბოლო წლებში ინვესტიციები განსაკუთრებულად დიდი ოდენობით უძრავ ქონებაში ხორციელდებოდა. თუმცა, აღსანიშნავია კომუნიკაციების, კავშირგაბმულობის და ენერგეტიკის სფეროებიც. ყველა ეს სფერო, ბუნებრივია, რეალური ეკონომიკის სექტორებს წარმოადგენს. თუმცა, განხორციელებული ინვესტიციის ფინანსური უკუგების და სოციალ-ეკონომიკური ეფექტის ვადების თვალსაზრისით, უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიციები, ხშირ შემთხვევაში, არ მიე-კუთვნება ხოლმე რეალური ეკონომიკის სფეროს. ბუნებრივია, სასურველია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოებაში, სოფლის მეურნეობაში და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ სექტორებში ჩაიდოს. მაგრამ ამას მხოლოდ სურვილი არ განაპირობებს. შესაბამისი პირობები და სტაბილური გარემო უნდა უწყობდეს ხელს.
დამეთანხმებით, ინვესტიციების კლების ტენდენცია ძალიან დამაფიქრებელია. რაც შეეხება მიზეზს, საქმე გვაქვს მიზეზების ორ ძირითად ჯგუფთან. პირველი, ე.წ. საგარეო ფაქტორი. საერთაშორისო საინვესტიციო რესურსების ბაზრებზე პოსტკრიზისული პერიოდები ყოველთვის ხასიათდება საინვესტიციო აქტივობის დაცემით და ინვესტორები, გარკვეულწილად, მოლოდინის და ბაზრების ანალიზით არიან დაკავებულნი. მეორე, ე.წ. საშინაო ფაქტორი. სამწუხაროდ, საქართველო საინვესტიციო კლიმატის ხელსაყრელობისა და მიმზიდველობის თვალსაზრისით ნაკლებად კონკურენტულია. აქ ძალიან მარტივი ლოგიკაა, ფული და საინვესტიციო რესურსი მიედინება იქით, სადაც მისი ზრდისა და სტაბილურობისათვის “ხელსაყრელი” კლიმატია. რადგან საქართველოში ამ თვალსაზრისით საინვესტიციო რესურსის ნაკადები მცირეა, ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენთან ყველაფერი წესრიგში არ არის. მხედველობაში მაქვს ქართული ბაზრის საინვესტიციო რესურსებისთვის მიმზიდველობა. რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური სტაბილურობის არც თუ მაღალი დონით, კონფლიქტურ რეგიონებთან სიახლოვით, ხელისუფლების მკვეთრად გამოხატული საივნესტიციო სტრატეგიისა და კონცეფციის არარსებობით, საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ხშირი ცვლილებებით და, ამ მხრივ, ბიზნესისთვის ნაკლებად პროგნოზირებადი და ნაკლებად სტაბილური სამართლებრივი ბაზის არსებობით, “ხისტი” საგადასახადო ადმინისტრირების და ექსკლუზიურად მხოლოდ მსხვილი ბიზნესის ინტერესებზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკით და კიდევ მრავალი ფაქტორით.
ს.ე. – რამდენად მაღალია რეინვესტირების მაჩვენებელი ქვეყანაში?
ლ.კ. – რეინვესტირება თავისი ეკონომიკური არსით იგივე ინვესტირებაა. უბრალოდ, გარე საინვესტიციო რესურსების მოძიების გარეშე, ინვესტორი თავისივე ბიზნესში ახდენს უკვე მიღებული შემოსავლის ინვესტირებას. შესაბამისად, შეუძლებელია ქვეყანაში საინვესტიციო რესურსების ნაკლებობის პირობებში რეინვესტირების მაჩვენებელი მაღალი გვქონდეს. ზოგადად, დღეს ქვეყანაში რთული ეკონომიკური ფონია. ამ მხრივ, მთავარია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ღრმა პოსტკრიზისულ ეტაპზე ვართ და ის ნეგატიური მოლოდინები და საინვესტიციო რესურსების ქრონიკული დეფიციტი, რომლითაც მსგავსი ეტაპები ხასიათსდება, ჯერ დაძლეული არ არის.
ს.ე. – როგორ შეაფასებდით მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკას და სტრატეგიას?
ლ.კ. – სამწუხაროდ ვერანაირად, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში მთავრობას მკვეთრად გამოკვეთილი, სისტემატიზებული და სტრუქტურიზებული საინვესტიციო პოლიტიკა უბრალოდ არ გააჩნია. ყოველი ახალი ნაბიჯი არათანმიმდევრულ და ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და უმრავლეს შემთხვევაში, ერთიანი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
ს.ე. – რა შეიძლება ითქვას წარუმატებელი (შეჩერებული) ინვესტიციების მიზეზებზე?
ლ.კ. – სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება მხოლოდ ინვესტიციის მოზიდვას არ გულისხმობს. ეს რამდენიმე ფაზას მოიცავს: ინვესტიციის მოზიდვის პროცესი, ინვესტიციის მიმდინარეობის პროცესი და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაზე სახელმწიფოებრივი მონიტორინგის პროცესი. საინვესტიციო პოლიტიკა წარმატებულია, როცა ეს სამივე ფაქტორი წარმატებულია. დღეს, ინვესტიციებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკად მხოლოდ პირველი კომპონენტი განიხილება. პრაქტიკულად, არც ინვესტიციის მიმდინარეობა და მითუმეტეს, არც ინვესტორის მიერ აღებული საინვესტიციო პირობების შესრულება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული არაა. შედეგად, გაიყიდა არა ერთი მსხვილი საინვესტიციო ობიექტი, მაგრამ მათი ამუშავების მხრივ პროგრესი არ შეინიშნება. მაგალითად, თბილისის ცენტრში, უკვე რამდენიმე წელია ჯერ კიდევ არ დაწყებულა “შეპირებული” მრავალვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა – ყოფილი “აგროპრომის” შენობა, “იმელის” შენობა, სასტუმრო “ჰაიატი”. ანალოგიური ვითარებაა ბორჯომში “ლიკანის” და რამდენიმე სხვა კომპლექსთან დაკავშირებით. გამოდის, რომ ხელისუფლებამ და მთლიანად საზოგადოებამ, საბოლოო ჯამში, ვერ მიიღო ის ეფექტი, რაც ამ ობიექტების განსახელმწიფოებრიობას უნდა მოჰყოლოდა – სამუშაო ადგილები, ინფ-რასტრუქტურა, სერვისების განვითარება, შემოსავლები ბიუჯეტში.
ს.ე. – თქვენი აზრით, რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები საქართველოს სოფლის მეურნეობით და რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით?
ლ.კ. – ქვეყანაში არ არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფოებრივი სტრატეგია და კონცეფცია, რომელიც გამოკვეთავდა სახელმწიფოს პრიორიტეტებს, დასახავდა განვითარების გეგმებს, საშუალებებს და ვადებს. აგრეთვე, განისაზღვრებოდა, რის შემდეგ რას ვაკეთებთ და ვინ არის ყოველ კონკრეტულ აქტივობაზე პასუხისმგებელი. ცალკე მსჯელობის თემაა, საგადასახადო დაბეგვრის კუთხით სასოფლო-სამეურნეო ბიზნეს-ურთიერთობების სამართლებრივი მხარის მოწესრიგება. დღეს, ყველა აქტივობა, რასაც ხელისუფლება ამ მიმართულებით ახორციელებს, არათანმიმდევრული და ფრაგმენტულია. შესაბამისად, მათი შედეგი – ნაკლებად ეფექტური. გავიხსენოთ სასოფლო-სამეურნეო არა ერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც დაიწყო და მხოლოდ იმიტომ, რომ არაეფექტურად და ფინანსური თვალსაზრისით არარაციონალად იყო დაგეგმილი, საწყის ეტაპზევე მოესპო განვითარების შესაძლებლობა. სოფლის მეურნეობა დღემდე ბიზნესის სფეროდ ვერ ჩამოყალიბდა და, ძირითადად, მხოლოდ მცირე საოჯახო მეურნეობების დონეზე რჩება. ამ სახით კი, განვითარება და, მით უმეტეს, ინვესტორების დაინტერესება ჩვენი სოფლის მეურნეობით პრაქტიკულად შეუძლებელია. მერწმუნეთ, ეკონომიკა და ბიზნესი, მათ შორის, აგრო სექტორი ფრაგმენტულ, წინასწარ დაუგეგმავ და არათანმიმდევრულ მოქმედებებს ვერ იტანს. სწორედ ესაა ინვესტორების მხრიდან ნაკლები დაინტერესების და პასიურობის მიზეზი.
რაც შეეხება ინვესტიციებს ეკონომიკის სექტორების მიხედვით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 35% ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის. ინვესტიციების მთელი მოცულობიდან 16-16% მრეწველობისა და საფინანსო სექტორებზე, 15% – უძრავ ქონებაზე, ხოლო 17% სხვა დანარჩენ სექტორებზე მოდის (ცხრილი #2). თუ გადავხედავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დარგობრივ სტრუქტურას 2007 წლიდან, აშკარად დავინახავთ, რომ უცხოელი ინვესტორები ყველაზე ნაკლებ ინტერესს ჩვენი სოფლის მეურნეობის მიმართ იჩენენ. თუმცა, განსხვავებული შეფასება აქვთ ინვესტიციების ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი: “ინვესტორთა დაინტერესება ფაქტიურად თანაბრად ნაწილდება ყველა სექტორზე, მაგრამ ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და უძრავი ქონება დღესდღეობით პრიორიტეტულია და ინვესტორების დაინტერესებაც დიდია. ამ ეტაპზე დაინტერესება, ძირითადად, ენერგეტიკაზე მოდის. კერძოდ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და მართვაზე. რამდენიმე წელია საქართველო რეგიონში ელექტროენერგიის ექსპორტს აწარმოებს. საინტერესო საექს-პორტო ბაზარია თურქეთი, რადგან თურქეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა და ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული გახდა.
ზემოხსენებულის გარდა, სასტუმროების განვითარებით სულ უფრო მეტი ბიზნესმენი ინტე-რესდება და ეს ბიზნესი დღესდღეობით მაღალმომგებიანია. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს სჭირდებათ გასაჩერებელი ადგილი, ხოლო არსებული სასტუმროები უკვე გადატვირთულია. სასტუმროებთან დაკავშირებული ამერიკული კვლევის შთღ გლობალ-ის თანახმად, მაისში მაღალი კლასის სასტუმროები, რომელთაც 100-ზე მეტი ნომერი აქვთ, სრული მოცულობით იყო დაჯავშნილი და რეალურად არც ერთ სასტუმროში არ იყო ადგილი. ტურიზმის სექტორში არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ნათელია, თუ რატომ უნდა მოხდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება. საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 35-37%-ით იზრდება.
ს.ე. – თქვენი შეფასებით, წარმატებულია თუ არა საქართველოში დღემდე განხორციელებული ინვესტიციები?
ქ.ბ. – საქრთველოში წარმატებული ინვესტიციის ძალიან კარგი მაგალითია გერმანული სამშენებლო მასალების კომპანიის Knauf Gips თბილისი-ის ქარხანა, რომელიც 2010 წელს გაიხსა 20 მილიონი ევროს ინვესტიციით და წელიწადში საშუალოდ აწარმოებს 6 მილიონ მ2 კნაუფის დაფებს, რაც იყიდება როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ხდება რეალიზაცია მეზობელ ქვეყნებში. ზოგადად საქართველოში ჩამოსულ ინვესტორთა კმაყოფილების კოეფიციენტი მაღალია. ეროვნული საინვესტიციო სააგენტო იმის გარდა, რომ პირველი უწყებაა, სადაც ინვესტორი მიდის ინფორმაციის მისაღებად, ახლა უკვე აქტიურად ახორციელებს ინვესტორთა შემდგომ მომსახურებას ე.წ ინვესტორ ცარე-ს. მიზანია, კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა დავამყაროთ უკვე არსებულ ინვესტორებთან.
ს.ე. – თუ შეიძლება ცალკე ვისაუბროთ ტურისტული ზონების მიმართ ინვესტორების დაინტერესების შესახებ. რა რაოდენობის ინვესტიციებია შემოსული ამ კუთხით და რა იგეგმება მომავალში?
ქ.ბ. – პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი ტურისტული ზონები ინვესტორებს სთავაზობს უპრეცედენტო პირობებს, როგორიცაა: მიწისა და სასტუმროს გენერალური გეგმის უსასყიდლოდ გადაცემა, საშემოსავლო და ქონების გადასახადისაგან 15 წლით გათავისუფლება, სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს კომუნიკაციების ადგილზე მიყვანას და ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორიცაა გზები და ანაკლია-ზუგდიდის აეროპორტი. დამატებით, ის ინვესტორი, ვინც ააშენებს სასტუმროს 80-ზე მეტი ნომრით, კაზინოს უფასო ლიცენზიას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს რეგიონში უმეტეს ქვეყნებში სათამაშო ბიზნესს კანონი კრძალავს, ხოლო ამ ქვეყნების მოსახლეობა 454 მილიონს აღწევს. ინვესტორთა დაინტერესება საკმაოდ დიდია, განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი ანაკლიასა და ქობულეთში, სადაც მათ თავად მოინახულეს სასტუმროების მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწები. ძალიან მალე დაიწყება ახალი სასტუმროების მშენებლობა ანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონაში და უკვე 2012 წლისათვის კურორტი უმასპინძლებს დამსვენებელთა დიდ რაოდენობას. აღსანიშნავია, რომ წელს სეზონის გახსნასთან ერთად ანაკლიაში ჩასულ დამსვენებლებს დახვდება სამი სასტუმრო, რომლებიც შესთავაზებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ს.ე. – რამდენად დიდია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან საქართველოს თავისუფალი ეკონომიკური ზონებით?
ქ.ბ. – თავისუფალი ინდუსტრიული ზონები კვლავ მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისათვის. ჩინელები გეგმავენ ახალი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გახსნას ახლო მომავალში. კარგი მაგალითია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომლის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი განთავსებულია პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ლოჯისტიკის ხარჯებს. გარდა სტრატეგიული მდებარეობისა, ფოთის თიზ-ში კომპანია “რაკიას” აქვს რეგიონში ყველაზე დაბალი ტარიფები მიწის, საწყობებისა და ოფისების იჯარაზე, შესაბამისად, ეს უპირატესობები ქმნის მნიშვნელოვან საშეღავათო პაკეტს, რაც მეტად აინტერსებთ კომპანიებს არა მარტო რეგიონიდან, არამედ შორეული ქვეყნებიდანაც. ამჟამად 54 ლიცენზიანტია, რომლებიც ეტაპობრივად იწყებენ პროექტების განხორციელებას. კომპანიები წარმოდგენილია შემდეგი ქვეყნებიდან: ინდოეთი, ირანი, ევროპის ქვეყნები – შვეიცარია, კვიპროსი. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული კომპანიები მოღვაწეობენ შემდეგ დარგებში: მძიმე მრეწველობა, მეტალურგია, სამშენებლო მასალების წარმოება, საერთაშორისო ვაჭრობა, სამაცივრე მეურნეობა ა.შ.
ექსპერტთა შეფასებით კი, თავისუფალი ეკონომიკური ზონები ჯერ ვერ ამართლებს იმ მოლოდინს, რომელსაც მთავრობა მათზე ამყარებს. ლევან კალანდაძე: “ჯერჯერობით, განსაკუთრებულ მონდომებასა და ლტოლვას ქართული თეზების მიმართ ვერ ვხედავ. ამ მხრივ, ინვესტორთა პასიურობას ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს და, ხშირ შემთხვევაში, ეს ფაქტორები ობიექტურია. არ მგონია, რომ საზოგადოებას რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინები თეზებთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ ამ ზონების გახსნისას დაანონსებული გეგმები ზომაზე მეტად გადაჭარბებული და ნაკლებად პრაგმატული იყო. შესაბამისად, როცა შედეგები ამ შეპირებების არაადექვატური აღმოჩნდა, საზოგადოებაში გარკვეული იმედგაცრუება, ნიჰილიზმი და, რიგ შემთხვევებში, გაღიზიანებაც კი გაჩნდა. მიზეზი, თავშივე არასწორი გათვლა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდება იყო. თეზ-ები საზოგადოებას ოქროს მთებს, თაფლის მდინარეებს და რძის ჩანჩქერებს არ მოგვიტანს. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, თეზ-ი არის საშუალება და არა გზა, მით უფრო, არა სტრატეგიული პრიორიტეტი”.
ინვესტიციებზე საუბრისას, პირველ რიგში, ყურადღება ყოველთვის ინვესტორების ინტერესზე მახვილდება. მაგრამ არის მეორე მომენტიც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ინცესტიციების განხორციელებისას, რამდენად დაცულია ქართული შრომის ბაზარი? ითვალისწინებენ თუ არა უცხოელი დამსაქმებლები ქართველი მუშახელის ინტერესებს? ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი: “საქართველოში არის კვალიფიციური მუშახელი და ევროკავშირთან შედარებით დაბალი ანაზღაურება, რაც მიმზიდველია ინვესტორებისათვის და ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ინვესტიციის განხორციელების დროს. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მაგ (GIZ, EPI-Economic Prosperity Initiative-USAID). დაგეგმილია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მუშახელის შესაძლებლობის და კვალიფიკაციის შესწავლა და შემდგომ დონორების დახმარებით მოხდება მუშახელის გადაკვალიფიცირება იმისათვის, რომ მათი უნარები საერთაშორისო მოთხოვნებს პასუხობდეს. დღესდღეობით საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო აქტიურადაა დაკავებული ტექსტილების სექტორის წინა პლანზე წამოწევით და ინვესტორების დაი-ნტერესებით. მაღალი ინტერესია თურქი ბიზნესმენების მხრიდან, რომლებიც განიხილავენ საქართველოში სამკერვალო ფაბრიკების გახსნისა და ადგილობრივი მუშახელის დასაქმების შესაძლებლობას. ერთი ახალი ქარხანა საშუალოდ 500 ადამიანამდე ასაქმებს. ამ ეტაპზე 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული ტექსტილის ინდუსტრიაში. საქართველოში უკვე რამდენიმე თურქული კომპანიაა, რომლებსაც აჭარის რეგიონში აქვთ ადგილობრივი კომპანიები, ამ კონკრეტულ სექტორში მუშახელისათვის, პირველ ეტაპზე, სირთულეს წარმოადგენს ახალი კომპიუტერიზირებული ტექნოლო-გიების ათვისება, მაგრამ თანამედროვე კომპანიების შემოსვლა განავითარებს ტექსტილის ინდუსტრიას და დახვეწს მუშახელის უნარებს”.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე: “უცხოური ინვესტიციების განხორციელებისას, ადგილობრივი მუშახელის ინტერესი ნაკლებად არის დაცული. რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ობიექტის შეძენის შემდგომ ეტაპზე ინვესტიციის მიმდინარეობის და ინვესტორის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის, შრომითი და საკონტრაქტო ურთიერთობების დაცვის კუთხით, სახელმწიფოებრივი მონიტორინგის პროცესი პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. არადა, ეს ეტაპები ზოგადად საინვესტიციო პოლიტიკის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს უნდა წარმოადგენდეს. საინვესტიციო პოლიტიკის საზომი მხოლოდ ის კი არ უნდა იყოს, რამდენი ობიექტი რა ფასად გაიყიდა, არამედ რამდენად ამუშავდა და განვითარდა ეს საწარმო თუ ობიექტი, რამდენად წარმატებული გამოდგა განხორციელებული ინვესტიცია ფინანსური თვალსაზრისით ინვესტორისთვის, სახელმწიფოსთვის და ამ ინვესტიციით დასაქმებულებისათვის”.
როგორც ვხედავთ, მთავრობის აქტიურობის მიუხედავად, მოსალოდნელი საინვესტიციო “ბუმი” ცოტა აგვიანებს. გადასაჭრელი პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა. თუმცა, ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არაა. როგორც 2010 წლის ივლისის ბოლოს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია (World Investment Report) აღნიშნული, 2009 წელს მსოფლიოში ინვესტიციების მოცულობა 37%-ით შემცირდა და 1.1 ტრილიონი აშშ დოლარი შე-ადგინა. ამასთან, თუ 2008 წელს განვითარებად ქვეყნებში ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა გარკვეული ზრდა ამ მიმართულებით, 2009 წელს ინვესტიციების შემცირება ყველა რეგიონზე გავრცელდა.