როგორ სტუდენტებს არჩევენ დამსაქმებლები ინვესტირებისთვის?

სალომე ძაგნიძე

საქართველოში სტუდენტთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინიც სამუშაოს მაძიებელთა რიცხვს ემატებიან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალია. გარდა იმისა, რომ სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სტაჟირება სჭირდება, ხდება ისეც, რომ სტუდენტთა დასაქმება საკუთარი შემოსავლის ქონის სურვილითაა ნაკარნახევი. ხშირ შემთხვევაში, სტუდენტები შესაფერისი სამუშაოს დაწყებას ვერ ახერხებენ. ჩვენს ქვეყანაში მცირეა იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამუშაოს სწავლას უთავსებენ. ზოგიერთი მათგანი საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე მუშაობს, თუმცა სრული განაკვეთის გამო ისინი პარალელურ რეჟიმში ვერ ახერხებენ სწავლას. ეს სურათი ბადებს კითხვას, თუ რა პერსპექტივა და შესაძლებლობა აქვს სტუდენტს, რომელსაც სამსახურის შოვნა უნდა და ვის უნდა მიმართონ საამისოდ?

თუ გადავხედავთ სტუდენტთა რიცხოვნობას ბოლო წლებში მისი სტატისტიკა ასე გამოიყურება:

Screen Shot 2015-04-23 at 6.40.15 PM

მონაცემებიდან ჩანს, რომ სტუდენტთა რიცხვი ყოველ წლიურად იმატებს და, შესაბამისად, მათთვის შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ადგილების პოვნა დასაქმების საერთო მაჩვენებლების ფონზე, რთული ხდება. სტუდენტები განათლების მისაღებად დიდი რაოდენობის ფულს იხდიან უნივერსიტეტებში, თუმცა უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა მათთვის მხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემას ახერხებს, რაც შეეხება პრაქტიკას, სტუდენტს დამატებითი კურსებისა და ტრენინგების გავლა უწევს, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. განათლების მისაღებად და სამსახურისთვის მზადყოფნისთვის ამდენი ხარჯის მიუხედავად, სტუდენტების დიდი ნაწილი ან დაუსაქმებელია ან კიდევ ანაზღაურების გარეშე სტაჟირებაზეა თითქმის უვადოდ. ამ ყველაფერს ემატება ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც სასწავლო ცხრილის მოუქნელი გრაფიკი ჰქვია. ხშირად, სტუდენტებს ლექციებს შორის საკმაოდ დიდი შუალედი აქვთ, დაახლოებით 2-3 საათიანი. ასეთი მოუქნელი სასწავლო გრაფიკის გამო ისინი პოვნის შემთხვევაშიც ვერ ახერხებენ მუშაობას ან სტაჟირების გავლას, თუ სამუშაოზე დათანხმდებიან, ბუნებრივია, სწავლაზე უწევთ უარის თქმა და ლექციების ხარჯზე მუშაობა უწევთ, რაც საკმაოდ არაეფექტიანია.

არანაკლებ საინტერესოა, რა ხდება ამ მხრივ სხვა ქვეყნებში და როგორია მათი პოლიტიკა სტუდენტთა დასაქმების კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებლებში, მაგალითად, როგორიცაა Chapman University, კარიერის სამსახური სთავაზობს სტუდენტებს ვებ-გვერდების ჩამონათვალს, სადაც განთავსებულია ვაკანსიების ჩამონათვალი. შესაძლებელია დამსაქმებლებთან შეხვედრების განრიგის ნახვა და იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ უნივერსიტეტთან. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, კარიერის სამსახურის გარდა, არსებობს დასაქმებისა და თანამშრომლობის ორგანოები – Employability and Employee Learning, რომელთა მიზანია სტუდენტისათვის საჭირო გამოცდილების შეძენა. სტუდენტები თეორიასთან ერთად ითვისებენ პრაქტიკულ უნარებს, რაც ხელს უწყობს დასაქმებას, ტარდება სხვადასხვა ტრენინგები და მიმდინარეობს ბაზრის შესწავლა. ასევე, არსებობს სერვისი, რომელიც გულისხმობს სტუდენტის მიერ საკუთარი ავტობიოგრაფიის განთავსებას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. გერმანიაში ამ მხრივ ყველაზე მოწესრიგებული სისტემაა, აქ ყველაზე მარტივად შეუძლიათ სტუდენტებს სწავლის პარალელურად მუშაობა. გერმანიაში ცდილობენ, რომ კარიერული ინფორმაციისა და სერვისების მთავარი პასუხისმგებლობა ერთ კონკრეტულ სტრუქტურას დაავალონ, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებულობას. რაც შეეხება იაპონიას, შეიმუშავეს და დანერგეს კარიერული განათლების პროგრამა, როგორც დაწყებით სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში, რათა დაეხმარონ მათ კარიერულ წინსვლაში. აღსანიშნავია, ასევე ამერიკის შეეერთებული შტატების ერთ-ერთი უნივერსიტეტი University of Wisconsin-Madison, სადაც არსებობს სპეციალური სტუდენტური სამსახურის ცენტრი ე.წ. student job center, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები იღებენ ინფორმაციას სამუშაო ადგილების შესახებ და აძლევს მათ შესაძლებლობას დასაქმდნენ, ჰქონდეთ შემოსავალი ან უბრალოდ გაიარონ სტაჟირება და მოახდინონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება.

რაც შეეხება საქართველოს, ამ მხრივ ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა გადაუჭრელი. ამ პრობლემასთან დაკავშირებით საინტერესოა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა ცხადაძის კომენტარი, რომელმაც აღნიშნა – „კარიერული განვითარების ცენტრი ემსახურება ყველაფერს, რაც გულისხმობს სტუდენტების კარიერულ განვითარებაში დახმარებას. ეს არ არის დასაქმების სააგენტო და შესაბამისად, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ადამიანი დავასაქმეთ. ამ ცენტრის მთავარი ფუნქცია არის დავეხმაროთ სტუდენტებს იმ უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომლებიც არის დასაქმებისთვის აუცილებელი, ეს არის: თვითპრეზენტაციის უნარი, სააპლიკაციო დოკუმენტების მომზადება, რა ტენდენციები და რა დინამიკაა შრომის ბაზარზე, სტაჟირებების ხელშეწყობა და ა.შ. ასევე ცენტრის ფუნქციაა დამსაქმებლებთან ურთიერთობა“.

სტუდენტთა დასაქმების პრობლემასთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „საქართველოში არსებობს დასაქმების პრობლემა, მართალია, დამსაქმებლები ხშირად ამბობენ, რომ კვალიფიციური კადრები არ არის და ეს თავისთავად მართალია, მაგრამ ის, რომ სამუშაო ადგილები ზოგადად ცოტაა და ჭირს დასაქმება, ესეც ცხადია. განსაკუთრებით როცა საქმე ეხება უნივერსიტეტდამთავრებულ სამუშაო ძალას, ის რომ მოსახლეობის აქტიური სამუშაო ძალის პროცენტს შევადაროთ, სტუდენტთა წილს საკმაოდ მაღალს მივიღებთ და ნამდვილად არ არის ქართულ შრომის ბაზარზე შემოთავაზება, რომელიც აითვისებდა ამდენ სამუშაო ძალას. ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არ არის სტუდენტებზე მორგებული სამუშაო ადგილები, მაგალითად, ჩვენთან არ არის ნახევარ განაკვეთზე მუშაობის კულტურა ან კიდევ დამსაქმებლებს არ აქვთ ასეთი საკადრო პოლიტიკა. ასევე, დიდი პრობლემაა, რომ არ არსებობს ე.წ. Task oriented – ამოცანაზე ორიენტირებული სამუშაო, რაც მოიაზრებს სამუაშოს, რომელიც არ გულისხმობს მთელი დღე ოფისში ჯდომას. მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ სტუდენტებისთვის არის ძალიან დაბალი ანაზღაურება ან კიდევ უსასრულო სტაჟირებები. ბუნებრივია, სტუდენტს ვერ ექნება ამბიცია იმისა, რომ დამწყებ ეტაპზე მას ძალიან მაღალი ხელფასი ჰქონდეს, თუმცა რა ხელფასსაც შესთავაზებენ, ეს არ უნდა იყოს ღირსების ზღვარს ქვევით. ეს საკანონმდებლო პრობლემას წარმოადგენს. რაც შეეხება დაბალ კვალიფიკაციას, ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა უნივერსიტეტს აქვს, ახლა კეთდება კვლევა, სადაც შესწავლილი იქნება თუ რამდენად არის ორიენტირებული სასწავლო პროგრამები დასაქმებაზე. ეს ძალიან კომპლექსური თემაა. განხილვის საგანია, როცა დამსაქმებლები ამბობენ, რომ არ აქვთ სტუდენტებს კვალიფიკაციის დონე, საჭიროა დაკონკრეტდეს, რაშია პრობლემა, უნდა მოხდეს მეტი სპეციფიკაცია, თუ რაში იყო ის მოუმზადებელი, რადგან არაკვალიფიცურობა ბევრ რამეს მოიცავს. ამ საკითხზე საჭიროა როგორც სტუდნეტის, ასევე დამსაქმებლის დაფიქრებაც, შემდგომ კი მათ შორის უნდა მოხდეს კომუნიკაცია, რომ ეს პრობლემა აისახოს პროგრამაში. თუმცა, ეს ბუნებრივია დროის საკითხია. ასევე მნიშვნელოვანია, დამსაქმებელთა უკმაყოფილება სტუდენტთა სოციალურ უნარებზე, რაშიც იგულისხმება მოქნილობა, გონივრულობა, სწავლისადმი მიდრეკილება და ა.შ. დამსაქმებელი ყოველთვის არჩევს ინვერსიტერება გააკეთოს ისეთ სტუდენტზე, რომელიც ამ თვისებებს ფლობს, და არა იმაზე , რომელიც შესაძლოა ძალიან კარგად სწავლობდეს, თუმცა იყოს ასოციალური.“

როგორც ვხედავთ, სტუდენტთა დასაქმება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. საინტერესოა, რა გეგმები და სტარატეგიები აქვს სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით და რა შესაძლებლობებს სთავაზობს ის სტუდენტებს? მართალია, ამ კუთხით სახელმწიფოს ერთიანი გეგმა და სტატეგია კარგად არ აქვს შემუშავებული, თუმცა აღსანიშნავია ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. უკვე მეორე წელია სახელმწიფო იმ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, აძლევს შანსს დარეგისტრიდნენ სტაჟირების პროგრამაზე და სტაჟირება გაიარონ თავიანთი პროფესიის შესაბამისად საჯარო დაწესებულებებში. ასევე მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, 2010-2011 წლებში სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამა, თუმცა სამწუხაროდ ის მალევე შეწყდა. მსგავსი პროგრამები საკმაოდ მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს, რომ მსგავსი პროექტები კვლავაც განახორციელოს.