სასათბურე მეურნეობის განვითარების პერსპექტივა საქართველოში

ალექსანდრა ლალიაშვილი

ბოლო რამდენიმე წელი, განსაკუთრებით კი 2010 წელს, აგრარული სექტორი მთელ მსოფლიოში შემცირებული წარმოებით გამოირჩევა. ამის მთავარი მიზეზი არახელსაყრელი კლიმატური პირობებია. ქვეყნები ცდილობენ აგრარული სექტორის დაფინანსების მატებით გაზარდონ წარმოება, რათა თავიდან აიცილონ საკუთარ ბაზრებზე ამა თუ იმ პროდუქტების დეფიციტი და ფასების ზრდა. საქართველოში კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა. ბოლო რამდენიმე ათწლეულია ჩვენთან აგრა-რულ სექტორში წარმოებული პროდუქციის რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. შედეგად, თუ 1990 წელს საქართველოს მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი დაახლოებით 35% იყო, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 9%-საც ვერ აღწევდა. მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის სექტორი ეკონომიკის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგად არის მიჩნეული. ამიტომაც არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი ექსპერტები აქტიურად მუშაობენ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

3 ივნისს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა ეკონომიკური აღ-მავლობის ინიციატივამ (EPI) უმასპინძლა შეხვედრას მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელიც მიეძღვნა სასათბურე მეურნეობის განვითარებას საქართველოში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კერძო კომპანიებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა.
შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 40-მილიონიანი პროგრამის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მიზანია, ხელი შეუწყოს საქარ-თველოში ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. პროექტი, რომელიც 2010 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაში პროდუქტიულობისა და დასაქმების ზრდას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ფინანსებთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ექსპორტის ზრდას.
ამჟამად საქართველოში სასათბურე მეურნეობები ნაკლებად არის განვითარებული. ამის ორი მთავარი მიზეზი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების შეფასებით, გამოცდილების ნაკლებობა და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის არარსებობაა. მაშინ როცა, EPI-ის ექსპერტთა შეფასებით, სასათბურე მეურნეობა წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს წარმოების გასაზრდელად, მეტი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და მზარდი მოგების მისაღებად სასოფლო-სამეურნეო დარგში.
როგორც პროექტის მოკლევადიანმა კონსულტატმა დეივიდ დუმარესკიმ აღნიშნა “მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასათბურე მეურნეობა საქართველოში თითქმის არ არის განვითარებული, ამის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, ვინაიდან ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მის დასავლეთ ნაწილში, არის ძალიან ბევრი ბუნებრივი ცხელი წყლები. 200-ზე მეტი ასეთი წყალია საქართველოში. ეს ბუნებრივი სიმდიდრე ბევრ ქვეყანას არ გააჩნია, რაც სათბურის გათბობის ხარჯებს დაახლოებით 50%-ით ამცირებს. ეს კი პროდუქციის თვითღირებულების საგრძნობ შემცირებას ნიშნავს. თერმული წყლებით გათბობა უფრო იაფია, ვიდრე ბუნებრივი აირით ან ნახშირით. სასათბურე მეურნეობის განვითარებას ის ფაქტორიც შეუწყობს ხელს, რომ რისკები, რომელიც სოფლის მეურნეობაში ძალიან მაღალია, პირველ რიგში, ბუნებრივი პირობების გამო, სასათბურე მეურნეობაში ძალიან მცირეა. სასათბურე მეურნეობაში რისკები დაბალია, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ გაერმო პირობები. ამიტომ ფინანსური ინსტიტუტების დაინტერესება, იმისათვის, რომ მათ ფული ჩადონ ამ საქმეში, გაცილებით მარტივია. თუმცა, სასათბურე მეურნეობის შემთხვევაში, ხარჯებია ძალიან მაღალი”. პროექტის ექსპერტებმა ისიც აღნიშნეს, რომ უცხოელმა ინვესტორებმა უკვე გამოთქვეს სასათბურე მეურნეობაში თანხების ჩადების სურვილი, მაგალითად ჰოლანდიელებმა.
გარდა ფინანსებისა, მწვავედ დგას კვალიფიციური კადრების პრობლემა, რომლის გადასაჭრელადაც ხდება სტუდენტების გადამზადება აშშ-ში. ასევე, დიდი პრობლემაა ფინანსური მენეჯმენტის კულტურის თითქმის არარსებობა ქართველ ფერმერთა შორის. ამიტომაც პროექტის ექსპერტები დაეხმარებიან ქართველ ფერმერებს ფინანსურ დაგეგმარებაში, პროექტების დაწერაში და მათ წარმართვაში. EPI-ს ფარგლებში ამსათვის შეიქმნება საკონსულტაციო კომპანია.
3 ივნისს გამართულ მრგვალ მაგიდას ამ მიმართულებით წარმატებული კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ უკვე ექსპორტზეც გააქვთ პროდუქცია. მაგალითად, კომპანია “ჰერბია”, რომელიც ევროპაში მწვანილის ექსპორტს აწარმოებს. ეს კომპანია შეიქმნა USAID-ისა და მილენიუმის დახმარებით.კომპანიის დირექტორის ზურაბ ჯანელიძის განცხადებით, სასათბურე მეურნეობების განვითარება ერთადერთი სწორი მიმართულებაა, რომელიც თვალსაჩინო ეფექტს, განსა-კუთრებულად მსხვილი დანახარჯების გარეშე, მოკლე ვადაში მოგვცემს. ექსპერტთა თქმით, მხოლოდ იმერეთის რეგიონში 800 ჰექტრამდე სასათბურე მეურნეობაა. ამ მოცულობის დაახლოებით 5-ჯერ გაზრდის შემთხვევაში, ქვეყანას შეეძლება საკუთარი მოთხოვნილება იმპორტის გარეშე დააკმაყოფილოს. ზურაბ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს სასათბურე მეურნეობების განვითარებისათვის იდეალური კლიმატი აქვს. ამ მხრივ, განსაკუთრებული დასავლეთ საქართველოა, სადაც სათბურებში მწვანილი ზამთარშიც კი ხელოვნური გათბობის გარეშე მოჰყავთ. ამიტომ, თუკი, ამ მიმართულებით ინვესტირება მოხდება, მეწარმეები არა მარტო ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას შეძლებენ, არამედ ექსპორტზეც იმუშავებენ. თუმცა, ექსპორტის განვითარებისთვის ბოსტნეულის ასორტიმენტის გაფართოება და ლოჯისტიკური ცენტრების არსებობაა საჭირო, რაც უცხოელი პარტნიორებისთვის პროდუქციის სისტემატურ მიწოდებას უზრუნველყოფს. ზურაბ ჯანელიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ქვეყანა წინ მიდის სადაზღვევო კულტურის ამაღლების თვალსაზრისით. “ჯერ კიდევ 2 წლის წინ ამაზე არავინს საუბრობდა. უკვე შარშან წლის ბოლოდან და წელს სადაზღვევო ბაზრი ამ მიმართულებითაც გამოცოხცხლდა. გააქტიურდნენ სადაზღვევო კომპანიებიც და უკვე ისეთი პრეცენდენტებიც არის, როცა თვითონ მათგან მოდის ინიციატივა თანამშრომლობაზე” – აღნიშნა ზურაბ ჯანელიძემ.
EPI-ის წარმომადგენლების თქმით, პროექტის საწყის ეტაპზე სოფლის მეურნეობის თხუთმეტამდე დარგი შეისწავლეს, სტრატეგიულ მიმართულებებად დასახელდა ღვინო, თხილი, ხილი და ბოსტნეული. ღვინო და თხილი განიხილება, როგორც მთავარი საექსპორტო პროდუქცია, ხოლო ხილი და ბოსტნეული, პირველ რიგში, როგორც იმპორტის ჩანაცვლების წყარო. სოფლის მეურნეობის ექსპერტის, ბიძინა გორახიშვილის თქმით, 2003 წლიდან 2009 წლამდე საქართველოში ბოსტნეულის წარმოება 265%-ით, ხოლო კარტოფილის 200%-ით შემცირდა (იხილეთ ცხრილები). ამის პარალელურად, ადგილობრივ ბაზარზე ბოსტნეულის იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, მაგალითად, გასულ წელს საქართველოში 35 მილიონი დოლარის ბოსტნეული შემოვიდა.
ამასთან, ექსპერტთა შეფასებით, აუცილებელია ქვეყანაში შენახვისა და დასაწყობების საშუალება გაჩნდეს. მაგალითად, სტაფილო მოსავლის აღების პერიოდში 1 ლარი ღირს, თუმცა ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში მისი ფასი 3 ლარამდე იზრდება, იგივე ითქმის კიტრისა და პომიდვრის შესახებაც. აგვისტოში პომიდვრის იმპორტი საერთოდ არ ხდება. აუცილებელია, რომ იგივე მდგომარეობა იყოს წლის ნებისმიერ პერიოდში. დასახელებულ ბოსტნეულს დიდხანს ვერ შეინახავ, ამიტომაც საჭიროა სასათბურე მეურნეობების მოწყობა, რომელიც ბოსტნეულის წარმოების მოცულობას გაზრდის და ქვეყანას ბოსტნეულის იმპორტი საერთოდ აღარ დასჭირდება. ისეთი ბოსტნეულის დასაწყობებისთვის, როგორიც მაგალითად, კარტოფილია, უნდა შეიქმნას დასაწყობების პირობები, რათა მარაგი გაჩნდეს და ზამთრის პერიოდში ბოსტნეულზე ფასი არ გაიზარდოს.